მთავარი > წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > წმინდა ღვთივსათნონი სიყვარულით იღებენ მათთვის განკუთვნილ შესაწირს - წმინდა გიორგის პირველი სასწაული
წმინდა ღვთივსათნონი სიყვარულით იღებენ მათთვის განკუთვნილ შესაწირს - წმინდა გიორგის პირველი სასწაული22-11-2020, 22:14 |
მრავალ ქრისტიანს განსაკუთრებული სიყვარულით უყვარს ზოგიერთი წმინდა მოწამე და ამ სიყვარულის გამო ტაძარში მათ სახელზე სხვადასხვა საჩუქარს სწირავს. ძმებო, აქვს თუ არა რაიმე სარგებელი ასეთ მსხვერპლშეწირვას, სიამოვნებთ თუ არა წმინდანებს ასეთი ძღვენი? რა გითხრათ ამის შესახებ? სირიაში იყო ერთი ქალაქი, სადაც წმინდა მთავარმოწამე წმინდა გიორგის სახელზე ეკლესია შენდებოდა. ტაძარი საკმაოდ დიდი უნდა ყოფილიყო და საჭირო გახდა მრავალი საყრდენი ბოძის შედგმა. ბოძების საშოვნელად და მშენებლობაზე მისატანად ქრისტიანები ზრუნავდნენ. ამ დროს ერთმა ქალმა, რომელსაც ძალიან უყვარდა მთავარმოწამე გიორგი, ნახა ერთი ბოძი, ეკლესიისათვის გამოსადეგი. ქალმა არ იცოდა, როგორ მიეტანა იგი მშენებლობაზე. მან საკუთარი სახსრებით ბოძი ზღვის ნაპირზე მიიტანა და შემდეგ ერთ კაცს სთხოვა, სატვირთო გემით იგი მშენებლობაზე წაეღო. კაცს ბევრი ბოძი ჰქონდა ჩასატვირთი, მან გემში მხოლოდ თავისი ტვირთი აიტანა და ზღვაში გასცურა. დადარდიანებული ქალი მიწაზე დაემხო და მწარედ ატირდა. იგი მხურვალედ ევედრებოდა მთავარმოწამეს ტვირთის ადგილამდე ჩატანაში დახმარებოდა. წმინდანმა შეისმინა მისი ვედრება. ქალმა სიზმრად მხედრულად გამოწყობილი წმინდა გიორგი იხილა, რომელმაც ჰკითხა: -რისთვის ზრუნავ და რა არის შენი მწუხარების მიზეზი? ქალმა მთავარმოწამეს უპასუხა, რომ სიკეთის გაკეთება სურდა, მაგრამ არ შეეძლო. მაშინ წმინდა გიორგი ცხენიდან ჩამოქვეითდა და კვლავ ჰკითხა: -სად გსურს ამ ბოძის დადგმა? -ეკლესიის მარჯვენა მხარეს,-უპასუხა ქალმა. მთავარმოწამემ ბოძს თითით წააწერა, რომ იგი უნდა ყოფილიყო ეკლესიის მეორე საყრდენი ბოძი-მარჯვენა მხარეს. შემდეგ დედაკაც-საც იგივე უთხრა და მასთან ერთად ბოძი ზღვაში გადააგდო. ამით სიზმარი დასრულდა. მეორე დღეს ბოძი დანიშნულების ადგილზე იყო. ამ სასწაულის შემყურე ხალხი შეძრწუნდა და განცვიფრდა. მათ ადიდეს უფალი და ბოძი იქ დადგეს, სადაც წმინდა გიორგიმ მიუთითა. ამგვარად, ნათელია, რომ ჩვენს მიერ მირთმეული ძღვენი საამოა წმინდანებისთვის, იგი უკვალოდ არ დაიკარგება. უფლის მადლით გაბრწყინებული წმინდანები გვიმზერენ ჩვენ და იციან, რას ვგრძ-ნობთ მათ მიმართ. უეჭველად მიიღებენ ჩვენს ძღვენს, სიყვარულზე სიყვარულით გვიპასუხებენ და ჩვენთვის ლოცვას აღავლენენ უფლის წინაშე. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი II. უკან დაბრუნება |