მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > დათმენის შესახებ
დათმენის შესახებ14-03-2014, 01:02 |
წმიდა ღირსი მამის პალადის მიერ თქმული
უფალი ამბობს: მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი (ლუკ. 21, 19), სხვაგან კი ბრძანებს: (მათ. 10, 22). ჩვენი მხსნელის სიტყვებიდან ნათელია, რომ ზეცისაკენ მიმავალი გზა განსაცდელებით არის აღსავსე და ამ გზაზე მოთმინებით სიარულია საჭირო. იბადება კითხვა - გველოდება ჯილდო ამ დათმენისათვის? აქვს კი აზრი მოთმინებას? რა არის მიზანი ბოლომდე დათმენისა? ღირსი მამა პალადი მასთან შეკრებილ ძმებს ასწავლიდა: „ვიღვა-წოთ, რათა უდიდესი სიკეთით საუკუნოდ დავტკბეთ. შეხედეთ წამებულებს, შეხედეთ მმარხველებს, რა მამაცურად იღვწოდნენ და როგორ შეიმოსნენ ისინი გვირგვინით უფლის მიერ. როგორ ფიქ-რობთ, მათი ძალა ადამიანურ ძალებს აღემატებოდა? მათ თვალებს თხრიდნენ, ხელ - ფეხს კვეთდნენ, სხვებს ცეცხლზე წვავდნენ, ზღვაში აგდებდნენ, ზოგიერთი მდინარეში შეეგება სიკვდილს, ზოგს სიცოცხლე ისე წაართვეს, როგორც ბოროტმოქმედს, ზოგი მხეცებს დააგლეჯინეს და ყველაფერი ეს მათ უფლის დიდებით გადაიტანეს და დაითმინეს. რაც უფრო აღიძვროდა მათ წინააღმდეგ ეშმაკი, მით უფრო აღიჭურვებოდნენ ისინი სიმამაცით და ბოროტს აწბილებდნენ. იმედი იმისა, რომ უფალი დააჯილდოებდა დათმენის გამო, ამაო არ აღმოჩნდა. მათი ტანჯვა მაცხოვარმა არ დაივიწყა და ზეცაში ქება, ხოლო სააქაოს სახელი და დიდება მოიხვეჭეს. უფალმა ამგვართ სასწაულთქმედების ძალა უბოძა. მათ შეძლეს ბრმათათვის თვალის ახელა, კეთროვანთა განკურნება, ეშმაკის განდევნა. უფალმა განუხვნა მათ ზეციური კარიბჭე, მიანიჭა მარადიული სიცოცხლე და შეიყვანა ზეციურ იერუსალიმში, იქ სადაც მარადიული სიხარულია." როგორც ვხედავთ, დათმენისათვის არსებობს ჯილდო. უფლის გამო მოთმინებას აქვს აზრი, არსებობს მიზანი, რისთვისაც ბოლომდე უნდა ითმინო. ვინც დაითმენს, ცრემლის ნაცვლად სიხარულს მოიმკის. რა უნდა მოვიმკათ და რისთვის? სიკვდილისათვის სამუ-დამო სიცოცხლეს მოვიმკით, მწუხარების სნაცვლოდ - დაუსრუ-ლებელ სიხარულს, წყვდიადის ნაცვლად - ნათელსა და დაუღამებელ დღეს, ტანჯვის ნაცვლად - დიდების გვირგვინს, ბორკილების ნაცვლად - სამუდამოდ თავისუფლებას. ასეთი მოთმინებით აღჭურ-ვილ ადამიანებზე იოანე ღვთისმეტყველი იტყვის: ვიხილე ერი ფრიადი, რომლისა აღრიცხუვად ვერვინ შემძლებელ იყო, ყოველთაგან წარმართთა და ტომთა და ერთა და ენათ მდგომარენი წინაშე საყდრისა და წინაშე კრავისა, შემოსილნი სამოსლითა სპეტაკებითა, და ხელთა მათთა აქუნდა ფინიკები... და ვარქუ მას, უფალო ჩემო, ვიეთნი არიან?... და მრქუა მე - ესენი არიან, რომელნი მოსრულ არიან ჭირისა მისგან დიდისა, და განრცხნეს მათ სამოსელი მათნი და განსპეტაკნეს სისხლითა მით კრავისაჲთა. ამისთვის არიან წინაშე საყდარსა ღმრთისასა და ჰმსახურებენ მას დღე და ღამე ტაძარსა შინა მისსა. და მჯდომარემან მან საყდართა ზედა დაიმკვიდროს მათ შორის... და აღხოცოს ღმერთმან ყოველივე ცრემლი თუალთაგან მათთა (გამოცხ. 7, 9-17). აი, ასეთია ჯილდო დამთმენთათვის. გავითვალისწინოთ ეს და ბოლომდე დავითმინოთ, ძმანო, რადგან ნათქვამია: გადარჩება არა მცირედის დამთმენი, არამედ ბოლომდე მოთმინებით აღჭურვილი. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი 2.
უკან დაბრუნება |