მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > სათნოებები ზეცისაკენ ამყვანი კიბის საფეხურებია

სათნოებები ზეცისაკენ ამყვანი კიბის საფეხურებია


16-02-2014, 00:01

სათნოებები ზეცისაკენ ამყვანი კიბის საფეხურებია

 

სულის სარგო იგავი პატერიკიდან

 

   წმ. მამების რჩევებსა და დარიგებებს თან ფრიად ჭკუის სასწავ-ლებელი და სულისათვის მეტად სასარგებლო იგავებიც ახლავს. გავეცნოთ ერთ მათგანს.

   ერთი მდაბიოთაგანი, მეტად ღვთისმოსავი კაცი, ერთხელ, ბევრ სხვა ქრისტიანთან ერთად, ღირს პიმენთან მივიდა და მისგან რჩევა - დარიგება ითხოვა. პიმენმა კი უთხრა:

   - მოდი, დღეს შენ თვითონ უქადაგე საძმოს.

   - ეს როგორ?! - შეჰყვირა მოსულმა - მე, ღვთის პირისაგან შეჩვე-ნებულმა უნდა ვილაპარაკი, მამაო?!

   - დიახ, შენ! - პიმენთან ერთად შეუძახა ყველამ და დაჟინებით მოსთხოვეს, ელაპარაკა. მაშინ ამ უკანასკნელმა თქვა:

   - მე ერთი უწიგნური კაცი ვარ და ვერაფერს მოგიყვებით, ერთი იგავის გარდა, რომელიც ერთი უდიდესი წმ. მამისაგან მოვისმინე. აი, ეს იგავიც: მავანმა კაცმა მეფის ხილვა მოისურვა და თავის ერთ - ერთ მეგობარს სთხოვა, თან გაჰყოლოდა. მეგობარი დათანხმდა, მაგრამ უთხრა:

   - კარგი, წამოვალ, ოღონდ მხოლოდ შუა გზამდე გამოგყვები.

   მაშინ ამ კაცმა მეორე მეგობარსაც მიმართა თხოვნით, თან ხლებოდა. ისიც დათანხმდა და უთხრა:

   - კარგი, სასახლემდე მიგაცილებ.

   ბოლოს, მეფის ნახვის მსურველმა მესამე მეგობარსაც სთხოვა, მისთვის თანამგზავრობა გაეწია, და დაითანხმა, რომ თვით მეფის ტახტამდე მიჰყოლოდა.

   - რას ნიშნავს ეს იგავი? - ჰკითხეს მთხრობელს და მანაც აუხსნა:

   - პირველი მეგობარი - ეს მარხვაა, რომელიც ცხონების გზის ნახე-ვარს გაგვატარებს. მეორე - უმწიკვლეობაა, რომელსაც ზეცაში ავყავართ და მესამე კი - მორჩილება, რომელიც თვით უფალთან მიგვიძღვება კადნიერად.

   ამის გამგონეთ, სულიერი სარგებელი მიიღეს და უფალიც ადიდეს.

   ალბათ იკითხავთ, თუ რით არის ეს იგავი ჭკუის სასწავლებელი? ის გვიჩვენებს, რომ სხვადასხვა სათნოება ერთმანეთთან განუყოფლად არის დაკავშირებული, ისინი თითქოს ზეცისაკენ ამავალი კიბის საფეხურებია და რომ, ერთ საფეხურს მიღწეულებმა, უკვე შემდეგის მოპოვებაზეც უნდა ვიზრუნოთ და ა. შ. ამ იგავში ნათქვამია, რომ ცხონებისაკენ, სხვა სათნოებებთან ერთად, მარხვას, უბიწოებასა და მორჩილებას მივყავართ. განა შეიძლება ცხონება რომელიმეს გარეშე?

   რა თქმა უნდა, არა. მარხვა და მორჩილება რომ უბიწოების გარეშე შევინახოთ, დავიღუპებით. მხოლოდ მარხვითა და უბიწოებით, მორჩილების გარეშე, მხოლოდ საკუთარ გონებაზე დაყრდნობით - შედეგი იგივე იქნება. ასე რომ, ძმანო, საკუთარ ცხონებაზე ზრუნვისას არ უნდა გვეგონოს, რომ ამისათვის ჩვენი მხრიდან მხოლოდ ერთი სახის ღვაწლი იქნება საკმარისი. ერთ ღვაწლს მეორეც უნდა მივაშველოთ, როდესაც ერთ სათნოებაში წარვემატებით, მეორის მოპოვებაზეც უნდა ვიზრუნოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ჩვენი ცხონების საქმე კეთილსაიმედო. ამინ.

 

„სვინაქსარი". ტომი I.


უკან დაბრუნება