მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ლიტურგიაზე მოხსენიება სარგოა განსვენებულთა სულებისთვის
ლიტურგიაზე მოხსენიება სარგოა განსვენებულთა სულებისთვის29-01-2014, 00:01 |
წმინდა გრიგოლ დიოლოღოსის მიერ თქმული ამბავი შესახებ ბერისა, ვინც ეპიტიმიაში გარდაიცვალა და ოცდაათდღიანი მოხსენიების შემდეგ მიეტევა
შესვენებულთა სულებისათვის, ვინც რწმენით გარდაიცვალნენ, მაგრამ ვერ მოასწრეს, გამოეღოთ ნაყოფი, ღირსი სინანულისა, მეტად მაცხოვნებელია ლოცვა, რწმენით აღვლენილი მათი ქველმოქმედების სახსოვრად; ხოლო განსაკუთრებით მარგებელია მათ სახელზე ქრისტეს ხორცისა და სისხლის უსისხლო მსხვერპლის შეწირვა. მიცვალებულთათვის უსისხლო მსხვერპლის შეწირვის განსაკუთ-რებული კეთილმყოფელობის შესახებ წმ. კირილე იერუსალემელი ამბობს: „სულებს, რომელთათვისაც ლოცვა აღევლინება, უდიდესი სარგებელი მიეცემათ, თუკი შეწირული იქნება წმინდა და საშინელი მსხვერპლი." ამასვე გვასწავლის წმინდა ოქროპირიც: „ნუ დავი-ზარებთ, - ამბობს იგი, - დავეხმაროთ წასულებს და ვილოცოთ მათთვის, რამეთუ გველის მთელი ქვეყნისთვის საერთო განმწმენდი მსხვერპლი... და, უეჭველია, შესაძლებელია, მათთვის მიტევება გამოვითხოვოთ მათ მაგიერ შეწირული ძღვენით და მათთან ერთად დასახელებულთა წყალობით." და, ბოლოს და ბოლოს, იგივეს გვეუბნება მაგალითებიც. „ცხოვრობდა ბერი, - მოგვითხრობს წმინდა გრიგოლ დიოლოღოსი, - ვინაც, სასიკვდილოდ სნეულმა, გაუმხილა ღვიძლ ძმას, რომ ოქროს მალავდა თავის სენაკში. უნდა აღვნიშნოთ, რომ მონასტერი, სადაც ხსენებული ბერი ცხოვრობდა, საერთო საცხოვრებელი იყო, და, მისი წესდების თანახმად, საძმოს ყველაფერი საერთო უნდა ჰქონოდა, არავის გააჩნდა უფლება, რამე საკუთრად თავისად ჩაეთვალა და, მით უმეტეს, დაეფარა. მოგვიანებით ბერის ამ საქციელის შესახებ სხვა ბერებმაც შეიტყვეს, შემდეგ კი მომახსენეს მეც, როგორც უფროსს. იმისათვის, რათა ბერს შეეგრძნო საკუთარი ცოდვის სიმძიმე, მე ავუკრძალე ძმებს მისი მონახულება. ხოლო როდესაც გარდაიცვალა, ვბრძანე, მონასტრის სასაფლაოს მიღმა დაემარხათ იგი, ხოლო საფლავზე მის მიერ დამალული ოქრო დაეყარათ. ყოველივე ეს აღასრულეს. მაგრა აი, გავიდა ოცდაათი დღე მისი სიკვდილის შემდეგ და მე ძლიერ შემებრალა იგი. რაკი ვთვლიდი, რომ გარდაცვლილი იტანჯება საიქიოში, დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა მისი ხვედრის შემსუბუქება, და შევჩერდი შემდეგზე: მოვუხმე ეკონომოსს და ვუბრძანე, მიცვალებულისათვის ოცდაათი განსასველებელი ლიტურგია ეწირა და ყველა ძმასაც აგრეთვე დავავალე მისთვის საერთო ლოცვის აღვლენა. ჩემი ამგვარი გადაწყვეტილება ძლიერ სარგო იყო მიცვალებულისათვის. სწორედ იმ დღეს, როდესაც მისთვის ბოლო, ოცდამეათე, ლიტურგია გავასრულეთ, იგი გამოეცხადა თავის ღვიძლ ძმას და უთხრა: - აქამდე, ძმაო, სასტიკად და საზარლად ვიტანჯებოდი; ახლა კი კარგად ვარ და ნათელში ვიმყოფები. შესვენებულის ძმამ ბერებს მოუთხრო თავისი ხილვის შესახებ და ყველანი დარწმუნდნენ, რომ მიცვალებული ტანჯვას დაეხსნა მისთვის შეწირული მხსნელი მსხვერპლის წყალობით." ამგვარად, ძმანო, ჩვენთვის წამებული და მოკვდინებული უფლის უდიდესი ღვაწლის რწმენით, რაც შეიძლება, ხშირად გაიხსენეთ ლოცვით თავად და საკურთხევლის მსახურებსაც შესთხოვეთ, უსისხლო მსხვერპლის შეწირვის ჟამს ღვთის საყდრის წინაშე მოიხსენიონ თქვენი გარდაცვლილი ძმები. ამ მსხვერპლის კეთილ-ყოფელი ძალა, როგორც ხედავთ, ამა სოფლის საზღვრებს მიღმაც ვრცელდება და, ცხადია, თქვენს მიერ მოხსენიებულ სულებს შვებასა და მშვიდობას მიანიჭებს. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი I.
უკან დაბრუნება |