მთავარი > წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > მონაზვნური ცხოვრების მეტრფეთ
მონაზვნური ცხოვრების მეტრფეთ9-01-2014, 01:06 |
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტის, წმინდანთა შორის მამისა ჩვენისა ფილიპე სასწაულმოქმედის ხსენება
მრავალია ისეთი ადამიანი, ვისაც მონაზვნურად ყოფნა სურს, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ შორის ცოტა თუა ისეთი, რომ შეესმოდეთ ჭეშმარიტი მონაზვნების არსი, და შეეძლოთ მისთვის თავის მომზადება. ეს ადამიანები უპირველესად ამგვარ შეცდომაში ვარდებიან მონაზვნებობის არსის თაობაზე: ისინი ფიქრობენ, რომ ბერული ცხოვრება იოლი და სასიამოვნოა და რომ მონასტრებში მხოლოდ ილოცონ უნდა, სხვა არაფრის გაკეთება არაა საჭირო. და თუნდაც მხოლოდ ეს ერთი შეცდომა მომავალში მათთვის ფრიად სავალალო მოვლენათა მიზეზი შეიქნება ხოლმე. მონასტერში მოხვედრის შემდეგ, ამ თავიანთი „უსაქმურული" წარმოდგენის წყალობით ყველაზე უბადრუკი მონაზვნები დგებიან და მხოლოდდამხოლოდ აბუჩად აგდების საგანი და ცდუნების მიზეზი ხდებიან როგორც მათთან ერთად მცხოვრები ბერებისათვის, ასევე ერისკაცთათვის. განა კარგია ეს? როგორც ხედავთ, ფრიად ცუდია. როგორ მოვიქცეთ? აი, რას ვიზამთ: უპირველეს ყოვლისა ყველას, ვისაც მონაზვნობა სურს, მაგრამ არ ესმის მისი ნამდვილი არსი, მივუთითებთ თუნდაც ერთ მაგალითს იმისა, როგორ ემზადებოდნენ ჭეშმარიტი ღვთის მონები და როგორ იქცეოდნენ ისინი აღკვეცის შემდეგ. წმინდა ფილიპე, მოსკოვის მიტროპოლიტი, წარჩინებულის შვილი იყო და სიჭაბუკეში მეფის სამსახურში მისცეს. ცხოვრების ოცდამეათე წელს, ერთხელ, როდესაც ეკლესიაში იმყოფებოდა, მასზე განსაკუთრებით ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა სიტყვებმა: ვერვის ჴელ - ეწიფების ორთა უფალთა მონებად,და მალე მას ბერად შედგომის აზრი გაუჩნდა. რაც დრო გადიოდა, ეს აზრი უფრო და უფრო მტკიცდებოდა მასში და მან, ბოლოს და ბოლოს, გადაწყვიტა მისი ასრულება. რით დაიწყო? უპირველესად, გაემართა წმინდა ადგილებისკენ და გულმხურვალედ შესთხოვა ღმერთსა და მის წმინდანებს, მისი შემწენი ყოფილიყვნენ ახალ ცხოვრებაში. შემდეგ, რათა უკეთ დასჩვეოდა შრომას, რომელიც მონასტერში მოუწევდა, წმინდა ფილიპე ნოვგოროდის მხარეში მცხოვრებ ერთ გლეხთან დასახლდა და ცხვრის მწყემსად დაუდგა. ასე იცხოვრა კარგახანს, შემდეგ კი გაემართა თავის საყვარელ სოლოვეცის მონასტერში და აქ უკვე საბოლოოდ შეუდგა მონაზვნური ცხოვრებისთვის მზადებას. როგორ? „შეშასაც აპობდა," - მოგვითხრობს მისი ცხოვრების აღმწერელი, - „საბოსტნე მიწასაც ამუშავებდა, ქვებსაც ზიდავდა, ზოგჯერ ნაკელიც გადაჰქონდა ზურგით და სხვა მრავალ მძიმე სამუშაოსაც ასრულებდა. მრავალჯერ დამცირებული და გვემული უგუნურთა მიერ, არ განრისხდებოდა, არამედ სიხარულით და მორჩილებით დაითმენდა ყოველივეს, და არავინ უწყოდა, თუ ვინ იყო და საიდან. ამგვარ ღვაწლში საკმაოდ დიდი ხანი გაატარა და შემდგომ ამისა იღუმენს აღკვეცა სთხოვა. იღუმენმა აასრულა მისი სურვილი. ამის შემდეგ წმინდა ფილიპესთვის ახალი ცხოვრება დაიწყო, და ამ ცხოვრებას იგი ამგვარად ატარებდა: იღუმენმა იგი სამზარეულოში გაამწესა, ფილიპეც უსიტყვოდ მუშაობდა იქ საძმოსთვის, ცეცხლს აჩაღებდა, შეშას აპობდა. მრავალი დღე ამგვარად იშრომა და შემდეგ საცხობში გაგზავნეს. არც ამ საქმეში გაზარმაცებულა, იქაც შეშას იკიდებდა საკუთარ ქედზე, წყალსაც ზიდავდა. საკმაო ხანს იშრომა ასე, შემდეგ კი ახალაღკვეცილი ბერი იმისათვის, რომ ლოცვას და ღვთივმზრახველობას დაუფლებოდა, ერთხანს უდაბნოში განმარტოვდა, შემდეგ კი კვლავ მონასტერს დაუბრუნდა. აქ, როგორც საუკეთესო ბერი, წმინდა ფილიპე იღუმენის თანაშემწე გახადეს, ცხრა წლის შემდეგ კი იღუმენად დაადგინეს." აი, როგორ ემზადებოდნენ მონაზვნობისთვის ღვთის ჭეშმარიტი მონები და როგორ ირჯებოდნენ აღკვეცის შემდეგ! მათი მაგალითი მონაზვნური ცხოვრების ქარაფშუტა მეტრფეებს ცხადად უჩვენებს, რომ მონაზვნური ცხოვრება არ არის უქმი ცხოვრება, არამედ მძიმე გარჯაა და აღსავსეა შრომასთან დაკავშირებული ყოველგვარი საცდურით, გაჭირვებითა და ჭმუნვით! დაე, მონაზვნობის მსურველებმა გაიაზრონ ეს, შეიცვალონ თავიანთი უგუნური წარმოდგენა სამონასტრო ცხოვრების თაობაზე და მისთვის, გარდა ლოცვისა, თავი შეიმზადონ გარჯის, თავმდაბლობის და მორჩილების გზითაც. ეს იქნება მათთვის საუკეთესო და უწმინდესი საქმე. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი I.
უკან დაბრუნება |