მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია > ქრისტეს ხორცთან და სისხლთან ზიარების გარეშე ხსნა შეუძლებელია

ქრისტეს ხორცთან და სისხლთან ზიარების გარეშე ხსნა შეუძლებელია


3-01-2014, 00:01

 

ქრისტეს ხორცთან და სისხლთან ზიარების გარეშე ხსნა შეუძლებელია

 

 

განდგომილთა შორის მცხოვრებ მრევლის წევრებს

 

   სვინაქსარში იანვრის მესამე დღისთვის, სხვა მრავალს შორის ნათქვამია: „წმინდა ზიარება დაულეველი სიმდიდრეა... და ქვეყნად არაფერია უპატიოსნესი ღვთის ძის ხორცისა და სისხლისა". რას ნიშნავს ეს სიტყვები? ჩვენი აზრით, იმას, რომ თუკი ხორცი და სისხლი უფლისა ამ ქვეყნის ყველა სიკეთეზე უპატიოსნესია, მაშასადამე, ქრისტიანისთვის სწორედ ისინი უნდა იყოს ყველაფერზე უფრო ძვირფასი და აუცილებელი და რომ მათ გარეშე შეუძლებელია სულის ხსნა. მაგრამ თქვენ შემედავებით: მაშ, რად ამბობენ განდგომილები - უმღვდელონი, რომ პატრიარქ ნიკონის დროის მერე აღარ არსებობს ჭეშმარიტი ზიარება და ამიტომ მხოლოდ სულიერად უნდა ვეზიარებოდეთ: ვიკითხოთ წმინდა წერილი, ვილოცოთ, ვიმარხულოთ და კეთილი საქმენი ვაკეთოთ. რა გიპასუხოთ ამაზე?

   მოციქული პავლე ამბობს: რამეთუ რავდენ გზისცა სჭამდეთ პურსა ამას და ჰსუმიდეთ სასუმელსა ამას, სიკუდილსა უფლისასა მიუთხრობდით, ვიდრემდის მოვიდეს (1 კორ. 11, 26). რა პურსა და სასმელზეა საუბარი? ცხადია, ქრისტეს ხორცსა და სისხლზე. რას ნიშნავს: ვიდრემდის მოვიდეს? მანამ, ვიდრე სამსჯავროზე არ მოვა მაცხოვარი. ამგვარად, უკვე აქვე ჩანს განდგომილთა პირველი სიცრუე, რომ თითქოსდა პატრიარქ ნიკონის შემდეგ აღარა გვაქვს ჭეშმარიტი ზიარება. იგი, როგორც ხედავთ, ქრისტეს საშინელ სამსჯავრომდე იარსებებს და ამიტომ საჭირო არაა რაღაც განსაკუთრებული, სულიერი ზიარების გამოგონება. ახლა ესეც ვნახოთ: შესაძლოა თუ არა სულის ხსნა ქრისტეს ხორცსა და სისხლთან ზიარების გარეშე.

   ქრისტე მაცხოვარი ამბობს: ამინ, ამინ გეტყვი თქუენ: უკუეთუ არა სჭამოთ ჴორცი ძისა კაცისაჲ და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხორებაჲ თავთა შორის თქუენთა (იოან. 6, 53). გესმათ განა? თავად უფალი ამბობს, რომ შეუძლებელია ხსნა ზიარების გარეშე. რას გვეტყვიან ეკლესიის მამანი და მასწავლებელნი? იმავეს, რასაც ქრისტე მაცხოვარი. „საუკუნო ცხოვრებისათვის, - ამბობს წმინდა ბასილი დიდი, - აუცილებელია ქრისტეს ხორცსა და სისხლს ზიარება."

წმინდა ოქროპირი: „განა ვის შეუძლია, არად ჩააგდოს (არ გამოიყენოს) ამგვარი საზარი საიდუმლო, თუ არა იმ ადამიანს, ვინც სავსებით დაცლილა გონისა და გრძნობებისაგან?"

   და ბოლოს, წმინდა კირილე ალექსანდრიელი ამბობს: „ვინც ღვთის ეკლესიას და წმინდა საიდუმლოთა ზიარებას განეშორებიან, უფლის მტრები და ეშმაკის მეგობრები არიან ისინი."

   ალბათ, კმარა. დიახ, განდგომილებთან ერთობაც კმარა. გავისიგრძეგანოთ წმინდა ოქროპირთან ერთად, რა პატივის ღირსი გავმხდარვართ, რაგვარი ტრაპეზით ვტკბებით! ამ ტრაპეზს მოწიწებით უმზერენ ანგელოზნი და თვალი ვერ შეუდგამთ ძრწოლის გარეშე, - მისგან გამოსული ბრწყინვალების გამო. მით ვიკვებებით ჩვენ, მას ვეზიარებით და ერთსხეულ, ერთხორც ვხდებით ქრისტესი.ვინ - მე იტყოოდის ძლიერებათა უფლისათა, სასმენელ - ყვნეს ყოველნი ქებულებანი მისნი? (ფსალ. 105, 2). ამინ.

 

 

 

"სვინაქსარი". ტომი I.  

 

 


უკან დაბრუნება