მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, შეიცანი ჟამი, სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > მოუსვენარი დრო და მშვიდობა ქრისტესი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

მოუსვენარი დრო და მშვიდობა ქრისტესი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


21-05-2020, 00:02

 

მოუსვენარი დრო და მშვიდობა ქრისტესი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   დღეს მართლმადიდებელ ქრისტიანს მოუსვენარ და მშფოთვარე დროში უწევს ცხოვრება. წმ. მამები გვასწავლიან შევიცნოთ დროის სული. როგორია თანამედროვე ცხოვრების სულისკვეთება?

   სწორ სულიერ ორიენტირებს მოკლებული ადამიანი ხან მარცხნივ მიიდრიკება - ლიბერალიზმისკენ, ხან კი - მარჯვნივ „ზემართლობისკენ". ამჯერად მარჯვნივ გადახრილ უკიდურესობაზე ვისაუბრებთ. სიმართლის ნიღბით შემოსილი ტყუილი ადვილად აღწევს ასეთი მიდრეკილების ადამიანთა სულში. მშვიდობადაკარგული გული და გონება კი უუნაროა ლოცვისა და სწორი სულიერი ცხოვრებისათვის.

   დატყვევებული ადამიანი პირველ ხანებში ცდილობს აზრით შეეწინააღმდეგოს თავის მდგომარეობას: „იქნებ ვილოცო უფლის წინაშე? იქნებ დაველოდო მას და არ გავაკეთო ნაჩქარევი დასკვნები?!" მაგრამ ეშმაკები უპასუხებენ: „რას ამბობ? რა დროს ლოცვაა, როცა საქმე ეკლესიის გადაუდებელ საკითხებს ეხება. იმოქმედე, ამხილე მტრები, ეცადე არ დაინდო ისინი, ნუ გამოავლენ უსუსურობას!" მოჩვენებითი სიმართლისმამიებლობით შეპყრობილი ადამიანი ვერც ამჩნევს, თანდათან როგორ განეშორება ღმერთს.

   ქრისტესთან ყოფნა ნაყოფით იცნობა. თუკი ადამიანი თავმდაბალი, მშვიდი, მოწყალე, მომთმენი, ალერსიანი და მოსიყვარულეა, მაშინ ქრისტე არის მასში. თუ პირიქითაა - ადამიანი მოუთმენელია, მრისხანე, გაბოროტებული, ეჭვიანი, გულქვა, ქრისტე არაა მასში. შესაძლოა ადამიანი გარეგნულად მართალი ჩანდეს, მაგრამ ეს ფარისეველთა სიმართლე იყოს და არა მართლმადიდებელი ქრისტიანისა.

   მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი) მრავალი წლის მოღვაწეობის შემდეგ დარწმუნდა, რა მწარეა „ზემართლობის" სენი. იგი მიხვდა, რომ ადამიანებს რაღაც უფრო მნიშვნელოვანი სჭირდებათ, რადგან დგება ის ბოლო ჟამი, როცა „განხმეს სიყვარული მრავალთა". (მათ. 24. 12).

   მამა სერაფიმე გულისმიერი მართლმადიდებლობის მქადაგებელი გახდა. ეს იყო მისი სიცოცხლის ბოლო წლების მთავარი არსი.

   „ჭეშმარიტი ქრისტიანობა" მართალი შეხედულებისა და აზრების ნაკრები კი არაა; ეს არ კმარა სულის გადასარჩენად", - წერდა მამა სერაფიმე. იგი ეყრდნობოდა წმ. ტიხონ ზადონელის გამონათქვამს: „მავანმა რომ თქვას, ჭეშმარიტი რწმენა სწორი სწავლებისა და წმინდა დოგმატების აღმსარებლობააო, მართალს იტყვის, რადგან ეკლესიის ერთგული უთუოდ უნდა აღიარებდეს მართლმადიდებლური დოგმატების შინაარსის ჭეშმარიტებას; მაგრამ მხოლოდ ამის ცოდნითა და აღიარებით ვერ გახდება ადამიანი ჭეშმარიტი ქრისტიანი. მართლმადიდებლური დოგმატებისა და სწავლების აღმსარებლობა ჭეშმარიტი ქრისტიანული სარწმუნოების აუცილებელი ნიშანთვისებაა, მაგრამ ჭეშმარიტი ქრისტიანული სწავლება ყოველთვის არ მდგომარეობს მხოლოდ მართლმადიდებლურ აღმსარებლობაში. გონება იტევს მართალი დოგმატების წყებას - ცოდნას, რომელიც ხშირად უნაყოფო, ქედმაღალი და ამპარტავნულია.

   ქრისტეს ჭეშმარიტი რწმენა კი გულშია და ნაყოფიერი, მოსიყვარულეა და მომთმენი, ლმობიერი, მშვიდი და კაცთმოყვარე, თანამგრძნობი, სიმართლეს მოწყურებული და სიმართლით გაუმაძღარი. ამსოფლიურ ვნებას მოშორებული ერთ ღმერთს ესწრაფვის, ყოველთვის ზეციურსა და უკვდავს მიელტვის და ეძებს, ყოველგვარი ცოდვის საპირისპიროდ იღვწის, ღმერთს ევედრება და განუწყვეტლივ შეწევნას სთხოვს".

   მამა სერაფიმე საკუთარ აზრს ნეტარი ავგუსტინეს სიტყვებითაც ამტკიცებდა: ქრისტიანული რწმენა სიყვარულით აღსრულდება. სარწმუნოება სიყვარულის გარეშე - ეშმაკისგანაა! წმ. იაკობ მოციქული ეპისტოლეში მიუთითებდა: „ეშმაკთაც სწამთ და სძრწიან მისგან" (იაკ. 2. 19).

   მამა სერაფიმეს სხვა ციტატა ქადაგებიდან ასეთია: „ამგვარად, წმ. ტიხონი გვაძლევს მართლმადიდებლობის საწყისის განმარტებას. ის „ცხოველი და სულის განმატფობელი" უნდა იყოს და არა აბსტრაქტული, ცივი თეორია. სარწმუნოებას ცხოვრება ასწავლის და არა სკოლა".

   მამა სერაფიმე შინაგანი „გულისმიერი" მართლმადიდებლობის ქადაგებისას ყველას აფრთხილებდა, რომ თავი დაეცვათ „შინაგანი სიბრძნით გატაცებისაგან". იგი წერდა: „გერქვას მართლმადიდებელი და შენი ცხოვრების წესით ქრისტიანი არ იყო, - ფარისევლობაა (ამას სხვა ვერაფერს დაარქმევ), რომ ჩაეჭიდო საეკლესიო კანონის ბწკარებს და ჭეშმარიტი ქრისტიანობის ცხოველმყოფელი სული კი დაკარგო".

   ამგვარ დაშტამპულ, შეზღუდულ შეხედულებებს მამა სერაფიმემ „წესდების მონობა" და „სიმართლის დაავადება" უწოდა. ეს სენი, მისი აზრით, გადამდები იყო ახალმოქცეულებში, ასევე ძირძველ მართლმადიდებლებში. „ზემართალი" მოძღვრები რთულ კითხვებზე უბრალო პასუხებს იძლევიან, რითაც ფრიად იზიდავენ მათ, ვინც რწმენაში ჯერ არ განმტკიცებულა. ბევრი ახალმოქცეული „სიმართლისკენ" ისე ისწრაფვის, როგორც ჩვილი - საწოვარასკენ. ჩემი აზრით, სულის გადასარჩენად მათთვის უფრო სასარგებლო იქნება, თავი შეიკავონ „წესდების ავადმყოფური დაცვისაგან" და აქცენტი სიმდაბლეზე გადაიტანონ. „ეკლესიაში მათ კარიერა მერყევ, თუმცა გარეგნულად ლამაზ საძირკველზე გაიკეთეს, იმ წინაპირობაზე, თითქოს ეკლესიისთვის მთავარი საფრთხე უფრო ღრმადაა დაფარული - ეს მართლმადიდებლობის სურნელის დაკარგვაა, რასაც ისინი, მიუხედავად თავიანთი სიმკაცრისა, თვითონვე უწყობენ ხელს. სიმკაცრე ვერ გადაგვაჩენს, სანამ არ „შევეხებით" და „გემოს არ გავუგებთ", არ შევიგრძნობთ მართლმადიდებლობას".

   მამა სერაფიმეს წინაშე თანამედროვეობის მწვავე საკითხი იდგა: „როგორ უნდა დარჩე მართლმადიდებელ მორწმუნედ, მოიპოვო ქრისტესმიერი შინაგანი სიმშვიდე და არ ჩავარდე საკუთარი სიმართლით ტკბობაში? იგი თავად შეეჯახა „მართალთა" ექსტემიზმს ცხოვრებაში. ალბათ, ამანაც განაპირობა, რომ ასეთი დამაჯერებელია, ასეთი სასრგებლოა მისი სტატიები. ჟღერს თანამედროვეთადმი მიმართვაც: თავი შორს დაიჭირეთ მერყევი განმაახლებლებისაგან, კანონის ბრმად აღსრულებისაგან, ოდენ შინაგანი „ტრადიციონალიზმისაგან", რომელსაც ძირითადი არსი - სიყვარული აკლია! „ნებისმიერი საბურველის ქვეშ შეიძლება იმალებოდეს სიყალბე".

   მამა სერაფიმემ შეძლო ამ პრინციპებით ცხოვრება. იგი გახდა ჭეშმარიტებისათვის შეუპოვარი მებრძოლი, ამასთან შეინარჩუნა თანაგრძნობით სავსე, კეთილი, მშვიდობისმყოფელი მართლმადიდებლური გული. სწორედ ეს თვისებები განასხვავებენ ერთმანეთისაგან „მკვდარი წესდების მოშურნეებსა" და ცოცხალი ტრადიციის ჭეშმარიტ მატარებლებს, როგორებიც იყვნენ მღვდელმონაზონი სერაფიმე, არქიეპისკოპოსი იოანე (მაქსიმოვიჩი).

   მამა სერაფიმე წერდა: „ჩვენ, ვისაც ტრადიციული ბიზანტიური ხატწერა მოგვწონს, შეიძლება თანამედროვე სტილის ხატები ავითვალისწინოთ. ეს ეხება საეკლესიო გალობასაც, არქიტექტურასაც, შეუგნებლად მარხვის შენახვასაც, მეტანიებსაც და ა. შ. ხშირად გვიზიდავს გარეგნული მხარე, და ვკარგავთ კავშირს ტრადიციასთან, წინაპრებთან, ჩვენამდე მოიტანეს მართლმადიდებლობა!"

   „გარეგნული სიბრძნე" ჩასაფრებული გვყავს ლოცვის, სასულიერო წიგნების კითხვის დროსაც, რაზეც მომდევნო თავებში კიდევ ვისაუბრებთ. თუ სარწმუნოების გარეგნული მხარე მხოლოდ „ფიცხელ გრძნიბას" გვიღვივებს, საბოლოოდ ქრისტესთან კი არა, ანტიქრისტესთან მიგვიყვანს ის.

   მამა სერაფიმე იზიარებდა წმ. ეგნატე (ბრიანჩანინოვის) შეხედულებებს: „მხოლოდ ის, ვინც გრძნობს ცათა სასუფეველს, იცნობს ანტიქრისტეს დედამიწაზე მოსვლისას: „ზემართალნი" კი პირიქით, იოლად ემსხვერპლებიან". ანტიქრისტე უნდა აღვიქვათ როგორც სულიერი მოვლენა. რატომ მოუნდება სამყაროს მისი თაყვანისცემა? იმიტომ, რომ მასში არის ის, რაც გამოხმაურებას ჰპოვებს თითოეულის სულში, იქ, სადაც ადგილი არ ექნება ქრისტეს".1

   ამრიგად, უდავოა, რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ სიმართლისათვის, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, ქრისტეს სიმართლე ნათელი, მშვიდობისმოყვარე, მდაბალი, ღრმად სულიერი და, რაც მთავარია, დაუმარცხებელია. მისთვის ბრძოლა, უპირველესყოვლისა, საკუთარ თავში, საკუთარ ვნებებთან უნდა დავიწყოთ.

   „მდაბალი და მშვიდი გული" ქრისტიანული ბრძოლის მიზანია. თუკი ჩვენთვის და მამულის სასარგებლო სხვა მიზნების მიღწევაც მნიშვნელოვანია, მაშინ შევიძინოთ ეს სათნოებები და აუცილებლად მივიღებთ ნაყოფს.

 

 


1Серафим (Роуз). Не от мира сего. გვ. 637-640.

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე  

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება