მთავარი > საცდურები > სათნო მრისხანება (ნაწილი I)

სათნო მრისხანება (ნაწილი I)


25-12-2013, 00:03
 

სათნო მრისხანება (ნაწილი I)

 

 

   მოყვასთან ურთიერთობა არ გამორიცხავს მრისხანებასა და მხილებას, როცა ამას სიმართლე და თავად მოყვასის კეთილდღეობა ითხოვს. მაცხოვარი უსაზღვრო კეთილგანწყობით მიმართავდა ყველას, ვინც მასთან უბრალო გულისხმიერებით მიდიოდა, მაგრამ... მას არც მრისხანე საყვედურები დაუშურებია, თანაც მრავალგზის, მწიგნობართა და ფარისეველთა მხილებისას. გავიხსენოთ ქრის-ტესმიერი მხილების რამდენიმე ნიმუში: „გუელნო" (მათ. 23, 33), „ნაშობნო იქედნეთანო" (მათ. 12, 39), „ნათესავი ბოროტი და მემრუშე" (მათ. 12, 39), „ცოფნო, ბრმანო, ორგულნო" (მათ. 23. 19-27).

    ამგვარი მხილებითი მრისხანება იმავე სიყვარულის გამოვლინება იყო, რომელიც სხვა შემთხვევაში მოფერებითა და კურნებით ვლინდებოდა. ადამიანის სიყვარული ნიშნავს, უსურვო მას ზნეობრივი კანონების შესაფერისი ცხოვრება. რაც უფრო მეტად გიყვარს ადამიანი, მით უფრო მეტად გვაწუხებს მისი უზნეო საქციელი, ვინაიდან ბოროტების სიძულვილი ისეთივე სათნოებაა ადამიანში, როგორც სათნოების სიყვარული; და პირიქით - წარმოუდგენელია გვიყვარდეს ყოველივე წმინდა, სათნო, მშვენიერი და არ გაწუხებდეს ადამიანთა უარყოფითი დამოკიდებულება ჭეშმარიტებისა და სიკეთისადმი. ამ შემთხვევაში ინდიფე-რენტულობა ზნეობრივი გრძნობების გაქვავებაზე მიგვანიშნებს.

   ამრიგად, ერთმანეთისაგან უნდა განვასხვავოთ სამართლიანი და უსამართლო მრისხანება. ეს უკანასკნელი ყოველთვის შელახული თავმოყვარეობისაგან მომდინარეობს და დაკავშირებულია მოუთმენ-ლობასთან, მოყვასის მიმართ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებუ-ლებასთან და ა. შ. სამართლიან მრისხანებას საფუძვლად უდევს ადამიანის სიყვარული და კეთილგანწყობა. ამიტომ, მაცხოვრის მიერ ფარისეველთა მხილება და მისი მრისხანება მწუხარებასთან არის შერწყმული: „და მიმოიხილა მათა რისხვით და მწუხარედ სიბრმავისათვის გულთა მათთასა" (მარკ. 3. 5).

   ქრისტიანს არა თუ შეუძლია, არამედ მოვალეცაა განრისხდეს, შეწუხდეს სიკეთისა და სიმართლის კანონდამრღვეველთა გამო... ჩვენ უნდა ვამხელდეთ მათ მაცხოვრის სიტყვისამებრ: „ხოლო უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ მარტონი. უკუეთუ ისმინოს შენი, შეიძინე ძმა იგი შენი" (მარკ. 18. 15). ასეთი მრისხანება და მხილება „მოყვასის მოპოვებას" ისახავს მიზნათ. წმ. ბასილი დიდი ამბობს: „მშვიდობისმ-ყოფელიც უნდა წუხდეს... თავმდაბალიც კეთილგონიერებით განრისხდეს, მაგრამ არ დააზიანოს საკუთარ თავში სრულყოფილი სიმშვიდე. საჭიროების დროს უმოქმედება უდებების ნიშანია და არა სიმშვიდისა".1

   აქვე უნდა ითქვას, რომ ძმური მხილება გვმართებს უკიდურესი სიფრთხილით, განსაკუთრებით მაშინ, როცა გვაწევს აღმზრდელისა და ხელმძღვანელის პასუხისმგებლობა.

   ასე რომ, კეთილგანწყობა არ ნიშნავს ვიყოთ დამთმობნი ადამიანთა ნაკლოვანებებისა და უკეთური საქციელის მიმართ. (ლუკ. 6. 26), ბოროტებასთან გულგრილი და ინდიფერენტულნი არ უნდა ვიყოთ, არამედ უნდა მოვიქცეთ ქრისტიანული კეთილგონიერებისამებრ. (საქმე. 2. 1-4).

   იმავეს ვიტყვით შეურაცხმყოფელთა მიმართაც. პირად წყენინების დროს ქრისტიანმა სულგრძელად უნდა დაითმინოს წყენა, ისე, როგორც მაცხოვარმა მთაზე ქადაგებისას ბრძანა (რაც ხშირად არასწორად ესმით ხოლმე ადამიანებს): „მესმა, რამეთუ თქმულ არს: თუალი თუალისა წილ და კბილი კბილისა წილ. ხოლო მე გეტყვი თქუენ: არა წინა - აღდგომად ბოროტისა, არამედ რომელმან გცეს შენ ყურიმალსა შენსა მარჯუენესა, მიუპყარ მას, ერთკერძოცა. და რომელსა უნდეს სასჯელად და მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი". (მათ. 5. 39-40).

   ზემოთქმული არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს ქრისტიანს ბოროტის წინააღმდეგობა ეკრძალებოდეს. საუბარია არა ზოგადად ბოროტე-ბაზე, არა აშკარად მტრულ მოქმედებაზე, არამედ პირად შეურაცხყოფასა და წყენაზე. ამით მაცხოვარი გვასწავლის, რომ პირად შეურაცხყოფას ქრისტიანები სიმშვიდითა და მოთმინებით მოვე-კიდოთ. „არა წინა - აღდგომად ბოროტისა" - ამ სიტყვებში არ იგულისხმება და არც შეიძლება იგულისხმებოდეს დანაშაულებრივი ქმედებები, ყოველგვარი ბოროტება. აქ საუბარია შეურაცხმყოფელ საქციელზე, უსამართლო გამოძალვაზე. სახარებისეული მცნება შედარებულია ძველი აღთქმის ფარისევლურ - მწიგნობრულ დაშვებასთან, სადაც შურისძიება ნორმაა. (მათ. 5. 43). მაგრამ შურისძიებას ხომ ყოველთვის დაჩაგრულის გაღიზიანება და მრისხანება აღმოაცენებს ხოლმე. სწორედ ამ განწყობილებათა საპირისპიროდაა მიმართული მაცხოვრის სიტყვები. კანონმდებ-ლობითი შურისძიებით შეპყრობილი სული - ამის სიმეტოქედ, საპირწონად მაცხოვარი გვირჩევს ქრისტიანული ზნეობის იდეალს - სიმშვიდისა და თავშეკავების, აუმღვრევლობის მაგალითს ბოროტი ადამიანისაგან პირადი შეურაცხყოფის შემთხვევაში. მეტიც: ბორო-ტებას სიკეთე შეაგებეო, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ.

 

 

 

 

 

1Св. Василий Великий. Бес. 10. На Гневливых. Т IV. გვ. 173.

 

 

 

 

 

მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ    

 

 

 

 


უკან დაბრუნება