მთავარი > საცდურები > რატომ არსებობს მოდა? რა არის მოდა?

რატომ არსებობს მოდა? რა არის მოდა?


3-08-2012, 22:38
  "დედათა წესიერებისა სამკაულითა მორცხუელ და ღირსებით შემკობად თავთა თვისთა, არა განთხზვითა, ანუ ოქროითა ანუ მარგალიტითა ანუ სამოსლითა დიდფასისაითა, არამედ, რომელი იგი ჰშვენის დედათა, რომელთა აღეთქუას ღმრთის მსახურება საქმეთა მიერ კეთილთა" (1 ტიმ. 2. 9-10).
   
  ლექსიკონი განმარტავს, რომ მოდა `ჩვევებისა და გემოვნების კავშირია, რომელიც გავრცელებულია საზოგადოებრივ წრეებში განსაზღვრულ დროს~.
   მოდა ეხება ნივთებსაც და მოქმედებებსაც. გამოდის, რომ მისი გავლენისამებრ შეიძლება შეიცვალოს ტანსაცმელიც, საკვებიც, მუსიკაც, ხელოვნებაც, ლიტერატურაც, ცხოვრების წესიც და ა.შ.
 
   რა არის მოდის უმთავრესი თვისება? ეს გახლავთ თანადროულობა, ძველი მოდა უკვე ანტიმოდაა. რაც უფრო ახალია მოდა, მით უფრო მეტად აფასებენ მას თაყვანისმცემლები.
   მოდის მიმდევარნი ორ ურთიერთდაპირისპირებულ სურვილს ისრულებენ. პირველი: მათ სურთ განსხვავდებოდნენ სხვებისგან (მაგლითად, ე.წ. ელიტარული საზოგადოებისათვის მოდა საკუთარი თავის უფრო წარმოჩენის, სხვა მრავალთაგან გამორჩევის საშუალებაა). მეორე: ისინი ესწრაფვიან ჰგავდნენ სხვას (რა თქმა უნდა, არა ყველას, არამედ საუკეთესოს, მათი შეხედულებით).
  მოდის სხვა მახასიათებელი დემონსტრაციულობაა. ერთმა თანამედროვე ფსიქოლოგმა აღნიშნა, რომ ტერმინი `იყო~ და `მოაჩვენო~ მოდაში არსით  ერთი და იგივეა. არა საჭიროების, არამედ ამპარტავნების გამო შეძენილი მოდური ნივთები (მაგ. ტანსაცმელი, ავტომობილი…), იმის საბუთია, რომ მფლობელს სურს გამოირჩეს თავისი ფუფუნებით, იმით, რომ ის ელიტარული საზოგადოების წევრია და ა.შ. ნივთები მოდაში შემოდის საზოგადოებაში გამეფებული შურის ფონზე. დემონსტრირების მასშტაბი კი სხვადასხვაგვარია _ ტელევიზიის ფართო ეკრანით დაწყებული და ნათესავ-მეგობართა ვიწრო წრით დამთავრებული.
  მოდის განვითარების პროცესი გაუთავებელი შეჯიბრია. კუმირები გაურბიან ბრბოს, რომელიც ცდილობს დაეწიოს მათ. ორივენი თითქოს წრეში ტრიალებენ. აი, მასაში გამოჩნდა სქელქუსლიანი ტუფლები. ამ დროს მოდის პიონერებს `შპილკები~ აცვიათ. ბრბო ლამობს თავისი ჯიბის კვალობაზე როგორმე მისწვდეს ახალს. თუმცა იგი ვერ ასწრებს შეძენილი სიახლით გახარებას, რადგან ეტალონად დასხულმა ადამიანებმა კვლავ სქელქუსლიანები ჩაიცვეს, ის, რაც მასის წარმომადგენლებმა, არიქა, მოდას არ ჩამოვრჩეთო, უკვე გადააგდეს და ა.შ.
  საერთოდ, გამდიდრების ვნებით შეპყრობილი ადამიანები მოხერხებულად იყენებენ სისტემატურ ცვალებადობას, ახლის შეძენის ტენდეციას.
  კაპიტალისტური წარმოება, რომელიც თავისი ბუნებით მასობრივი ხასიათისაა, ნორმალურად მხოლოდ მასობრივი მოხმარების შემთხვევაში ვითარდება. სწორედ მასობრივი წარმოებაა მოგების წყარო. იქ, სადაც ნივთს ადამიანები გაცვეთამდე ხმარობენ, წარმოებას არა აქვს წინსვლის სტიმული. ამიტომ მოდა იწვევს მოთხოვნილების ხელოვნურ ზრდას, ვინაიდან მოხმარებიდან გამოდის არა ფიზიკურად გაცვეთილი, არამედ მოდიდან გასული. ასეთი რამ კი, შესაძლოა, ყოველწლიურად ან უფრო ხშირად მოხდეს.


უკან დაბრუნება