მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ღმერთზე „მოწყალე“ ქრისტიანები (ნაწილი 1)

ღმერთზე „მოწყალე“ ქრისტიანები (ნაწილი 1)


5-02-2018, 00:07
 

ღმერთზე „მოწყალე“ ქრისტიანები (ნაწილი 1)

 

 

   ლიბერალების საღვთისმეტყველო ფანტაზიას, როგორც ჩანს, საზღვარი არა აქვს. ეკუმენისტური (პანეკუმენისტური) იდეოლოგიის თანახმად, ყველა რელიგია ღმერთამდე მიდის, თავისი წილი „ჭეშმარიტება" ყველას გააჩნია; შესაბამისად, ყველას აქვს ცხონების საშუალება. საყოველთაო ცხონების თეორია ღრმადაა ფესვგადგმული. მას საღვთისმეტყველო ენაზე აპოკატასტასისი* ეწოდება. ამ სწავლებას მრავალი განშტოება გააჩნია, მაგრამ მისი ძირითადი სათქმელი ის გახლავთ, რომ თითქოს ცოდვილების ტანჯვა მარადიული არ იქნება და, საბოლოო ჯამში, ყველა ცხონდება.

   აპოკატასტასის ცალკეულ შეხედულებებს ერთ - ერთმა პირველმა წმ. კლიმენტი ალექსანდრიელმა მიაქცია ყურადღება. ადამიანის მარადიული ხვედრის განსაზღვრისას იგი ღვთის ერთგულ ადამიანს განასხვავებდა მათგან, რომლებიც ეკლესიის წიაღში იმყოფებოდნენ, მაგრამ შესაბამისად არ ცხოვრობდნენ. თუმცა, ალექსანდრიელის აზრით, „განმწმენდელი ტანჯვები... დასრულდება" ერთისთვისაც და მეორესთვისაც. მეორენი, პირველთაგან განსხვავებით ნაკლებ დიდებაში იქნებიან და დაიტანჯებიან იმის გამო, „რომ ვერ იქნენ თანამოძმეთა სრული დიდებისა და ბრწყინვალების თანაზიარნი". (Стоматы. Св. Климент Александрийский. გვ. 729).

   აპოკატასტასისის სწავლება განაგრძო და სრულად ჩამოაყალიბა ორიგენემ. კლიმენტი ალექსანდრიელის მოწაფის თხზულებებში უამრავი დოგმატური და ზნეობრივი ხასიათის ერესია თავმოყრილი. ჩვენ მის ძირითად ცდომილებაზე ვისაუბრებთ.

   არქიმანდრიტი რაფაელი შენიშნავს: „ორიგენემ თავის ღვთისმეტყველებაში შეიტანა წარმართული სწავლება ციკლებისა და აპოკატასტასისის (საყოველთაო დაბრუნება პირვანდელ მდგომარეობაში) შესახებ. მან დაამახინჯა ქრისტიანული შეხედულება მარადიულობაზე - სამოთხესა და ჯოჯოხეთზე, - სადაც ქრება თვით დროის ცნებაც. კლიმენტი ალექსანდრიელის მოწაფემ მარადიულობა ჩაანაცვლა დაუსრულებელი ციკლებით, რომლებშიც დასასრული ერთვის დასაწყისს, დასაწყისი კი - დასასრულს. ორიგენეს თანახმად, ჩვენ ერთ - ერთ ასეთ ციკლში ვცხოვრობთ, არ ვიცით, რა იყო ადამის შექმნამდე და რა იქნება იოანე ღვთისმეტყველის აპოკალიფსის შემდეგ; ადამიანები რომლებმაც შესცოდეს, დასჯისა და გამოსწორების მიზნით მატერიალურ სხეულებში იგზავნებიან. განწმენდილები ღმერთთან ბრუნდებიან, მაგრამ მათ შეიძლება კვლავ შესცოდონ. ამდენად, ერთი და იგივე სული არაერთგზის იგზავნება სხვადასხვა სხეულში. ციკლის დასასრულს ყველა ქმნილება ბრუნდება ღმერთთან და სრულდება აპოკატასტასისი. ორიგენე დემონების ცხონებაზეც საუბრობდა. მისი აზრით, არსებობს მრავალი სამყარო, რომლებიც იყო, არის და იქნება".1

   აპოკატასტასისის იდეები წმ. გრიგოლ ნოსელის თხზულებებშიც შეინიშნება. (თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამის შესახებ საფუძვლიანი ეჭვი წმ. პატრიარქმა ფოტიმ და წმ. მარკოზ ეფესელმაც გამოთქვეს), „ბოროტებას არსი არა აქვს, ის მხოლოდ სიკეთის ნაკლებობაა, თავისი აგრესიულობის მიუხედავად, - შენიშნავს წმინდანი, - უძლურია სიკეთესთან ბრძოლაში. ამდენად, ცოდვა არ მიჰ-ყვება ადამიანის სულს უსასრულობაში. მიაღწევს რა „ზღვარს", ის გაქრება და დაუთმობს ადგილს სიკეთეს".2

   საყოველთაო ცხონების სწავლების პარალელურად წმ. გრიგოლ ნოსელი თავის თხზულებებში ეწინააღმდეგება აპოკატასტასისის სწავლებას. კერძოდ: ეკლესიიდან განყენებულ ადამიანზე საუბრისას, წმიდა მამა შენიშნავს, რომ მისი სული „დახშულ წყვდიადში დარჩება დაუსრულებელ და უკუნისამდე შეუწყვეტელ გლოვასა და ტანჯვაში".სიტყვაში „მევახშეობის წინააღმდეგ", წმინდანმა ამხილა მევახშენი, რომლებსაც მოელით „მარადიული სატანჯველი".იგი ხშირად მიმართავს ასეთ გამონათქვამებს: „მარადიული ცეცხლოვანი ტანჯვა", „მარადიული წარწყმედა".5

   ყოველივე ეს კიდევ ერთხელ ამყარებს აზრს, რომ წმ. გრიგოლ ნოსელის თხზულებებში, დიდი ალბათობით, აპოკატასტასიური შეხედულებები ერეტიკოსების ან გადამწერების ჩამატებულია. ასეც რომ არ იყოს, არ უნდა დავივიწყოთ მამათა აზრი: ეს მაშინ იყო, როცა სწავლება ჯერაც კამათის საგანი გახლდათ, სანამ საკითხს საეკლესიო კრება განიხილავდა. ამის შემდეგ ყველა წმ. მამა ეთანხმებოდა საეკლესიო კრების დოგმატურ გადაწყვეტილებას.

   აღსანიშნავია, რომ ნეტარი ავგუსტინე კრიტიკულად ეხმიანებოდა საყოველთაო ცხონების სწავლებას. ამ სწავლების მომხრეებს იგი ირონიით ეძახდა „მოწყალეებს", ორიგენეს კი - „სხვაზე მოწყალეს".6

   ზემოთქმულიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ: ეკლესიის ისტორიაში აპოკატასტასისის პრობლემა ყოველთვის არ რჩებოდა პიროვნების კერძო აზრად. ვიდრე ეს ასე იყო, ეკლესია მოძღვრული შემწყნარებლობით ეკიდებოდა ამ საკითხს და კრებით ხედვას არ გამოხატავდა. ამიტომ, ორიგენეს ერეტიკული შეხედულებები ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ იყო ანათემიზირებული. ხოლო როდესაც მცდარი შეხედულებები მიმზიდველი გახდა მრავალი ქრისტიანისათვის, მაგალითად ორიგენისტი ბერებისათვის, დედაეკლესიამ კრებითად გამოხატა თავისი აზრი ამის შესახებ.

   ორიგენეს სწავლება ალექსანდრიის კრებაზე (399 წ.) ამხილეს თავდაპირველად. შემდეგ მეხუთე მსოფლიო საეკლესიო კრებამ ის ანათემას გადასცა. მეექვსე და მეშვიდე მსოფლიო კრებებმა კი ორიგენეც შეაჩვენა და მისი სწავლებაც.

   მრავალი საუკუნის განმავლობაში ორიგენეს სწავლება შხამნარევი ღვთისმეტყველებით კვებავდა სხვადასხვა ერესებსა და ოკულტურ სექტებს. შემდეგ ის კვლავ მიუახლოვდა ეკლესიის კედლებს, იქნებ სულაც შემოიჭრა შიგნით, რადგან მართლმადიდებლური სწავლების დამახინჯებით დღესაც გვემუქრება იგი.

 

 

 

 

*აპოკატასტასისი (ბერძ. - დაბრუნება, აღდგენა, პირველსაწყის მდგომარეობაში მოყვანა) - ტერმინი, რომელიც გამოიყენა ორიგენემ და მასში იმ მნიშვნელობას დებდა, თითქოს ღვთისაკენ მოქცევით, მასთან მიერთებით ცხონდება ყველა ქმნილება, მათ შორის ეშმაკიც. ეს სწავლება, როგორც ერესი, უარყოფილ იქნა ეკლესიის მიერ VI საუკუნეში.

1Karelin-r.ru. Об Оригене.

2Творения. Св. Григория Нисского. М. 1998. გვ. 160.

3Творения. Св. Григория Нисского. Т 7. გვ. 480.

4იქვე გვ. 400.

5იქვე გვ. 402.

6Журн. Православная Беседа 2002. №3. М. ИВАНОВ. გვ. 4.

 

 

 

 

 

მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ 

 

 


უკან დაბრუნება