მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 4 იანვარი (ახ. სტ.) - სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის ილია - II-ს დაბადების დღეა
4 იანვარი (ახ. სტ.) - სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის ილია - II-ს დაბადების დღეა3-01-2023, 20:28 |
4 იანვარი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორეს დაბადების დღეა. უწმიდესი და უნეტარესი (ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) 1933 წლის 4 იანვარს ქ. ვლადიკავკაზში დაიბადა. კათალიკოს-პატრიარქის მშობლები საქართველოდან, ყაზბეგის რაიონიდან იყვნენ: მამა - გიორგი სიმონის ძე შიოლაშვილი - სოფელ სნოდან, დედა - ნატალია იოსების ასული კობაიძე კი - სოფელ სიონიდან. 1927 წელს მათ ვლადიკავკაზში სახლი შეიძინეს, სადაც შემდეგ საქართველოს მომავალი პატრიარქი დაიბადა. მშობლებმა სამი დღის ახალშობილი ქრისტეშობის დღეს ქართულ ტაძარში მონათლეს და ყრმას ერეკლეს II პატივსაცემად ირაკლი უწოდეს. 1952 წელს ირაკლი შიოლაშვილმა დაამთავრა ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა და ჩააბარა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ კი სწავლა განაგრძო მოსკოვის სასულიერო აკადემიაში. 1957 წელს სასულიერო აკადემიის II კურსის სტუდენტი ირაკლი შიოლაშვილი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III ლოცვა-კურთხევით ბერად აღიკვეცა და სახელად წმიდა ილია წინასწარმეტყველის საპატივცემულოდ ილია ეწოდა. მალე იგი ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, 1959 წელს კი - მღვდელმონოზვნად. მღვდელმონოზონმა ილიამ 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია. მას სთხოვეს, გაეგრძელებინა სამეცნიერო მოღვაწეობა, მაგრამ სასულიერო კადრების სიმცირის გამო, სამშობლოში დაბრუნდა და დაინიშნა ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად. ერთგული მოღვაწეობისათვის იგი 1961 წელს აღყვანილ იქნა იღუმენის, შემდეგ კი არქიმანდრიტის ხარისხში; ხოლო 1963 წლის 26 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ეფრემ II მიერ ხელდასხმულ იქნა შემოქმედის ეპისკოპოსად და დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპოსკოპოსად. 1963 წლიდან 1972 წლამდე იგი იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის - იმ დროისათვის ერთადერთი სასულიერო სასწავლებლის - პირველი რექტორი. 1967 წელს ეპისკოპოსი ილია გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში. 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. 1977 წლის 9 ნოემბერს კი უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ დავით V გარდაცვალების შემ-დეგ წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით დადგინდა პატრიარქის მოსაყდრედ, ხოლო 1977 წლის 23 დეკემბერს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. იმავე წლის 25 დეკემბერს მოხდა მისი ინტრონიზაცია. პატრიარქს მიეკუთვნა სახელი ილია II (ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 1600 წლის წინ 390-400 წწ). 1978-1983 წწ. კათალიკოს-პატრიარქი ილია II იყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი. იგი დაჯილდოვებულია მსოფლიოს საპატრიარქოს, ანტიოქიის, იერუსალიმის, ალექსანდრიის, რუსეთის, საქართველოს, საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის პატრიარქების, პოლონეთის, ჩეხოსლოვაკიის და თითქმის ყველა სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი. ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიამ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა. 1997 წელს მისი უწმიდესობა კრეტის სასულიერო აკადემიამ თავის საპატიო წევრად აირჩია. ამ წელსვე იგი არჩეულ იქნა გაეროსთან არსებულ ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილ წევრად; 1998 წელს კი ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. ტიხონის საღვთისმეტყველო სემინარიამ ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა. 1988 წელს უწმიდესისა და უნეტარესის თაოსნობით მცხეთის სასულიერო სემინარია გადმოტანილ იქნა თბილისში და დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარია. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიხსნა სასულიერო სასწავლებლები: ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში სასულიერო სემინარიები, ხულოში სასულიერო სასწავლებელი და მასთან არსებული გიმნაზია, გიმნაზიები დაარსდა თბილისში, ბათუმში, ზესტაფონში. საუკუნეთა შემდეგ აღდგა გელათის სასულიერო აკადემია და ეკლესიის ეგიდის ქვეშ მყოფი გელათის მეცნიერებათა აკადემია. უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, საღვთისმეტყველო კრებულები, ბროშურები და წიგნები, ჟურნალები, სამი სახის კალენდარი, დაარსდა გაზეთები. მისი ინიციატივით საპატრიარქოსთან შეიქმნა ხუროთმოძღვრების ცენტრი, ხალხური რეწვის და მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილება, საგამომცემლო და სიწმიდეთა მოძიებისა და დაცვის ცენტრი, შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ დაწესებულებებთან ურთიერთობის განყოფილება, ასევე საგარეო და საფინანსო-ეკონომიკური განყოფილება, საინფორმაციო სამსახური, ჩამოყალიბდა ახალგაზრდული ცენტრი "ძლევაი", ჰუმანიტარული სამსახური, მომლოცველობის სამსახური და სხვა.
ამ წლების განმავლობაში საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა რიცხვი 15-იდან 33-მდე გაიზარდა, მონასტრებისა - 53-მდე, სასულიერო პირთა - 1000-მდე. მოხდა კანონიზება ახალი წმინდანებისა. აშენდა საქართველოში ყველაზე დიდი ეკლესიის - წმ. სამების სახელობის საკათედრო ტაძარი.
2008 და 2011 წელებში საქართველოს კათალიკოს პატრიარქს ”ოქროს პერგამენტი” მიენიჭა.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |