მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 3 იანვარი (ახ. სტ.) - ხსენება მრავალვნებულისა ანტონ II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა (1811)

3 იანვარი (ახ. სტ.) - ხსენება მრავალვნებულისა ანტონ II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა (1811)


2-01-2024, 20:21
3 იანვარი (ახ. სტ.) - ხსენება მრავალვნებულისა ანტონ II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა (1811)  
   ანტონ II, ერისკაცობაში თეიმურაზ ბაგრატიონი დაიბადა 1762 წელს. მისი ბაბუის, თეიმურაზ II-ის პატივსაცემად ნათლობისას თეიმურაზი დაარქვეს.
  თეიმურაზ ბაგრატიონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად. ერთი გადმოცემის მიხედვით მცირე ხნით იმყოფებოდა საბერძნეთში. ბერობისა და იეროდიაკონობის მიღების შემდეგ, 1773 წელს ძმასთან, მირიანთან ერთად გაემგზავრა რუსეთში. 1784 წელს ცარსკოე-სელოს ეკლესიაში იმპერატორ ეკატერინე II-სა და მისი უმაღლესი სასახლის წევრების თანდასწრებით ეკურთხა ეპისკოპოსად, გამწესებულ იქმნა მღვდელმთავრად და სახელ-დვეს „ნინოწმინდელად". იმავე წელს აყვანილ იქნა „ალავერდელ მიტროპოლიტად". მამის სურვილის თანახმად 1788 წელს დაბრუნდა საქართველოში და იმავე წლის 29 ოქტომბერს დაინიშნა მცხეთის მთავარეპისკოპოსად, ქართლისა და კახეთის კათოლიკოსის კათედრაზე (ნაცვლად 1788 წლის 29 თებერვალს გარდაცვლილ კათოლიკოს პატრიარქის ანტონ I-სა).
   1795 წლიდან ანტონი განაგებდა აგრეთვე იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის სასულიერო საქმეებს. 1801 წლის 10 მარტს იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ანტონი დაასაჩუქრა სერაფიმებით მორთული თეთრი ბარტყულათი, ზედ ბრილიანტის ჯვრით. 1801 წლის 15 სექტემბერს იმპერატორმა ალექსანდრე I-მა კათოლიკოს ანტონს უბოძა ალექსანდრე ნეველის ორდენი.
   1811 წელს კათოლიკოსი საქართველდოან ძალით პეტერბურგში გაიწვიეს, სადაც იგი სინოდის წევრი ხდება. იმპერატორმა მას მწვანე ხავერდის მანტია უბოძა, მიანიჭა ანდრია პირველწოდებულის ორდენი და ამ ორდენის ჰონორარების გარდა ჯამაგირად 54 000 მანეთი დაუნიშნა.
   კათოლიკოსი ანტონი, ვერ ეგუებოდა პეტერბურგში გადასახლებას, არ ესწრებოდა უწმიდესი სინოდის სხდომებს. ერთ-ერთი ვერსიით ამისი მიზეზი იყო ის, რომ მას არ ჰქონდა იმპერატორის მიერ დადასტურებული სინოდის ის დადგენილება, რომლის მიხედვითაც კათოლიკოსობა საქართველოში საეგზარქოსო მმართველობით იქნა შეცვლილი.
   1811 წელს კათოლიკოსი ანტონი ჩამოშორდა საეკლესიო სამსახურს, საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, ხოლო 1812 წლიდან ნაპოლეონთან ომის გამო დატოვა მოსკოვი და ტამბოვში გადასახლდა. 1819 წელს კვლავ პეტერბურგში დაბრუნდა, ბოლოს კი სახლდება ნიჟნი-ნოვგოროდის სოფელ ლისკოვოში, იმ დროისათვის იქ მცხოვრებ ქართველ მეფეთა შთამომავლის გიორგი ალექსანდრეს ძე გრუზინსკის, ლეონ გრუზინსკის ქვრივის, პრასკოვია ევგრაფის ასული ტატიშჩევის ასულისა და ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე დადიანის სიახლოვეს.
   გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა თავისი ნათესავის გიორგი გრუზინსკის მამულში, შემდეგ კი ნიჟეგოროდში, რიუმინის (შემდგომში დაშკევიჩის) სახლებში, გადავიდა ბარბარეს ქუჩაზე ბრავინის (მოგვიანებით კოტელნიკოვის) სახლებში. კათოლიკოს ანტონთან და სხვა თანმხლებ პირებთან ერთად თავდაპირველად იყვნენ მისი ნათესავი ესტატე ციციანოვი, იეროდიაკვანი დანიელი და იერობერი ფილადელფოს კიკნაძე. სამსახუროდ კათოლიკოსი ანტონი დგება ნიჟეგოროდის მიძინების ეკლესიაში. მიძინების ეკლესია იყო მუდმივი სამლოცველო ტაძარი მის მეუფებისათვის. ამ ეკკლესიაში არსებულ, წმინდა ხარლამპის ეკვდერი მიკუთვნებულ იყო ქართველთათვის, სადაც ყოველთვის ქართულად სწირავდნენ.
   საზეიმო გამოსვლებისას ქალაქში ანტონი მოძრაობდა ფრანგული წარმოების მოოქვრილი ექვსცხენიანი ეტლით, რომელიც მას საჩუქრად იმპერატორმა ალექსანდრემ უბოძა. ეს ეტლი კი მანამდე იმპერატრიცა ელისაბედ პეტრეს ასულს ეკუთვნოდა.
   სიცოცხლის ბოლოს ანტონი ცხოვრობდა ოშარის ქუჩაზე, ევფიმიევსკის (შემდგომში კი ტერსკის კუთვნილ) სახლში, სადაც მიიცვალა 1827 წლის 21 დეკემბერს, დილის 10 საათზე, 66 წლის ასაკში. ანტონის სიკვდილის შემდეგ ფულად დარჩა 400 მანეთი, რაც არ იყო საკმარისი მისი დასაფლავებისათვის. თ. გიორგი ალექსანდრეს ძე გრუზინსკიმ ივალა 6000 მანეთი ანტონის დასასაფლავებლად.
   ანტონ კათოლიკოსი 14 წლის განმავლობაში დასაფლავებული იყო სკორბიაშენსკის ტაძარში, 1841 წლის 9 სექტემბერს კი მისი ნეშტი გადაასვენეს ფერისცვალების ტაძარში და დამარხეს დიმიტრიევის ეკლესიის სავანეში.
   გადმოცემით, ნიჟნი-ნოვგოროდში მცხოვრებ ანტონს მოიხსენიებდნენ „უნეტარესად და უწმიდესად". ანტონის ჰქონდა მაღალი ტანი, ლამაზი და ცოცხალი სახე, გრძელი წვერები, ღრმა, შავი თვალები და სქელი წარბები, არ იცოდა კარგად რუსული ენა და იგი ლაპარაკობდა მთარგმნელის შემწეობით. მას არ ყოფნიდა თავისი ჯამაგირი, რადგანაც იგი უხვი და მოწყალე კაცი იყო და ბევრი მხლებლებიც ჰყვანდა. 
 
 
Xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება