მთავარი > ქრისტიანული ოჯახი > ქრისტიანი ქალის სახე წმ.გაბრიელის (ქიქოძე) ქადაგებების მიხედვით
ქრისტიანი ქალის სახე წმ.გაბრიელის (ქიქოძე) ქადაგებების მიხედვით3-08-2012, 22:36 |
გაბრიელ ეპისკოპოსის ქადაგებები, განსაკუთრებით ხარების დღესასწაულთან დაკავშირებული, თითქმის მთლიანად ქალთა საკითხს ეხება. განა ეს შემთხვევითია? წმინდანი თავისი ღვთივგანბრძნობილი თვალით ამჩნევდა, რომ ქართველი ქალი ნელ-ნელა კარგავდა ქრისტიანულ სახეს, რომ მისთვის აღარ იყო მისაბაძი წმინდანთა ხატება _ თამარის, ქეთევანისა და შუშანიკის ცხოვრება. სავალალო სახეცვლას მრავალი სენი მოჰყვა: ოჯახური სიყვარულის უგულებელყოფა, სიზარმაცე, თვალთმაქცობა, თავის გამოჩენის წადილი, გარეგნული განშვენებისა და შემკობის უზომო ტრფიალი და ა. შ.
ამიტომაც, ვფიქრობთ, აუცილებელია, შევახსენოთ თანამედროვეთ, როგორია ქრისტიანი ქალის სახე წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის ქადაგებათა მიხედვით.
* * *
ყოვლადწმიდა, რომელმაც დღეს მიიღო ხარება მთავარანგელოზისაგან, ღირსი შეიქმნა მსახურებად ღვთის განხორციელებისა. მან თავისი წმიდა ცხოვრებით გვიჩვენა ჩვენ, როგორი უნდა იყოს ყოველი ქრისტიანი ქალი.
რა სიახლე მოიტანა ახალმა დროებამ ჩვენში? ის, რომ ცოტ-ცოტა იცვლება სახე საზოგადოებრივი ცხოვრებისა, უმეტესად კი იცვლება აღზრდა, მდგომარეობა და ყოფაქცევა ქალებისა. ჩვენ ყველამ ვიცით, რანაირად ზრდიდნენ წინათ ქალებს. უწინ უმეტესად ქალის აღზრდა წარიმართებოდა ოჯახში. ქალი იზრდებოდა შინ, დედ-მამის მზრუნველობის ქვეშ. მას მისცემდნენ ხელში საღმრთო წერილს, ასწავლიდნენ დავითნს და ჟამს, საეკლესიო გალობას, მიაჩვევდნენ ოჯახის მოვლას, ასწავლიდნენ შინაურ ხელოვნებას. ვფიქრობ, რომ ასეთი აღზრდა უმჯობესად და კეთილგონიერად ამზადებდა ქალს მომავალი შინაური ცხოვრებისათვის. დღეს კი სხვანაირად მიმდინარეობს აღზრდა, სწავლა და ცხოვრება ქალებისა. ნუთუ ასეთ პირობებში აღზრდილი ქალი უმჯობესი იქნება უწინდელ დედებზე? ღმერთმა ინებოს და ჩვენს ქალებს არასდროს არ დაეკარგოთ ფრიად საქები და საყვარელი თვისებები, რომლებიც ამკობდნენ ძველებურად მცხოვრებ ქალებს, ესოდენ ძვირფასებს ქრისტიანობისა და საზოგადოებისთვის.
რომელია ეს თვისებები და ღირსებები ძველებურ ქალთა?
დანიშნულება ქალისა, რომელიც მას ღმერთმა მისცა, კეთილად სრულდებოდა ძველებურად მცხოვრებ ოჯახებში. პირველად უნდა ავღნიშნოთ საკვირველი სიყვარული და ერთგულება ცოლისა ქმრისადმი, რომელიც ადრინდელ ოჯახებში სუფევდა. უმეტესად ის იყო საქები და საკვირველი, რომ როგორიც უნდა ყოფილიყო ქმარი, ღირსი თუ უღირსი, კარგი თუ ცუდი, მაინც უყვარდა იგი ცოლს. დღეს ხშირად გვესმის, რომ ბევრი `განათლებული~ და `განსწავლული~ ქალი ხშირად შეურაცხყოფს ქმარს, მოიშლის ერთგულებას.
ძველებურად გაზრდილ ქალთა თვისება იყო გამოუთქმელი სიყვარული შვილებისადმი. ეს სიყვარული ისეთი დიდი იყო, რომ დედა მთელ თავის ცხოვრებას უძღვნიდა შვილების აღზრდას. ვის არ ახსოვს, ძმანო ჩემნო, მანუგეშებელი დ განმაცხოველებელი სიყვარული თავისი დედისა, ვინ არ ინუგეშებს თავს მწუხარების დროს დედის სიყვარულით?
M ძველად ქალებს სიმდაბლე და სიმშვიდე ამშვენებდა. ზოგიერთი მათგანი ისეთი თავმდაბალი იყო, რომ თვითონაც არ იცოდა თავისი თავის ფასი. ისინი სიცოცხლეს შესწირავდნენ თავის მახლობელ და საყვარელ ადამიანებს და არაფერს ხედავდნენ ამაში განსაკუთრებულს. ამას უნდა დავუმატოთ მათი დაუცხრომელი შრომა, დაუძინებელი ზრუნვა ოჯახისათვის. ერთი სიტყვით, განსხვავებული და მოსაწონი შინაური ცხოვრება, ნამდვილი ქრისტიანული ყოფაქცეა _ აჰა ღირსება ძველებურად განსწავლულ ქალთა.
მაგრამ, რას ეძებენ აწინდელნი ქალნი და რაში მდგომარეობს მათი სასოება? რის შეძენას ცდილობენ ისინი, შინაგანთა სათნოებათა, თუ გარეშეთა ღირსებათა თავის გამოსაჩენად? სამწუხაროდ ჩვენდა, უნდა ითქვას, რომ ახლანდელნი ქალნი სრულიად არ ემსგავსებიან ამასობაში ღვთისმშობელსა; ყოველი მათი მცდელობა და მისწრაფება მდგომარეობს გარეშეობისა თვსისა შემკობასა და განშვენებასა შინა. ყოველი მათი ნუგეში და აზრი არის ტანის შემკობა და თავის გამოჩენა. ნაცვლად აზრის გამდიდრებისა, გონების განშვენებისა, სულის შემკობისა კეთილთა და საქებელთა თვისებათაA მიერ, იგინი მხოლოდ მას ცდილობენ, რომ შეამკონ ტანი მდიდრითა შესამოსლითა. პირველი მათი ნუგეში არის რაიმე უბრალო ბრწყინვალე სათამაშო ნივთი...
ქრისტიანო ქალი! შენ უნდა პოულობდე ბედნიერებასა შენსა აღსრულებას შინა დიდისა და პატიოსნისა მოვალეობისა შენისა, ვითარცა დედისა, ვითარცა მეუღლისა, ვითარცა შვილთა აღმზრდელისა, ოჯახის მმართველისა, საზოგადოებასა შინა კეთილ ზნეობის განმავრცელებელისა; ხოლო დაგიტევებიეს შენ ესე ყოველი და ხედავ შენსა ნუგეშსა და ბედნიერებასა ამაოთა შინა სამკაულთა...
დასასრულ სიტყვისა ჩვენისა კვალადა მივაქციოთ გული და გონება ჩვენი ყოვლად წმინდისა ღვთისმშობლისადმი. როგორ ცხოვრებას ატარებდა იგი? მშვიდსა, დაფარულსა, თავდაბალსა. სამკაულნი, ძვირფასნი ტანსაცმელი უყვარდა მას, თუ არა? სრულიად არა! წმინდა მამანი მოგვითხრობენ ჩვენ, რომელ ყოვლად წმიდის ღვთისმშობლისაგან დარჩა ერთი მისი საკუთარი სარტყელი, იგი იყო უბრალო, იეფი და მისი ხელით ნაქსოვი. უყვარდა მას, თუ არა უქმად ჯდომა, ჭორი და განკითხვა? სრულიად არა! იგი ან ლოცულობდა, ან ქსოვდა მატყლს, ან სხვა ხელსაქმეს აკეთებდა. კვართი ძისა მისისა, იესო ქრისტესი, რომლის გაყოფა დაეზარათ და წილი ჰყარეს მას ზედა მისთა ჯვარის მცმელთა, იყო მისი დედის ხელით ნაქსოვი. აღარ ვიტყვი მისსა სიწმიდესა, უმანკოებასა, ღვთაებრივსა ხასიათსა და ღვთისმოყვარეობასა. ესე ყოველი საკმაოდ ვიცით და გვასმიეს ჩვენ ყოველთა. აჰა სახე და მაგალითი, თუ როგორ უნდა იქცეოდეს ყოველი ქალი!
შეეწიე ყოვლადწმიდაო ქალწულო და დედაო ყოველთა ქრისტიანე ქალთა, რათა იყვნენე შენნი მობაძავნი. ამინ.
უკან დაბრუნება |