მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > აღსარება ბავშვებთან
აღსარება ბავშვებთან10-12-2013, 00:07 |
მღვდელმსახურისათვის განსაკუთრებულ სიძნელეს წარმოადგენს მცირეწლოვანი ბავშვების აღსარება. ეს სიძნელე თავს იჩენს სხვადასხვა მიზეზის გამო. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ბავშვებთან სწორი, მართალი და ბუნებრივი ტონით საუბარი - განსაკუთრებული ნიჭია, რომელიც ნებისმიერ ადამიანს არ ეძლევა. მეორე მიზეზი ისაა, რომ მშობლები ოჯახში ყოველთვის ვერ აძლევენ ბავშვს შესაბამის აღზრდას, არ ცდილობენ მის ინტერესებს მისცენ სწორი მიმართულება, არ ავითარებენ მასში ეკლესიურობას. აღსარებისა-თვის, განსაკუთრებით კი პირველი აღსარებისათვის მომზადება ოჯახში ძნელია და ყველა მშობელს არ ძალუძს. ამიტომაც სწორედ მღვდელზეა დამოკიდებული, როგორ მოაწყოს სწორად ბავშვის ეკლესიური ცხოვრება, ანუ ადრეულ ასაკშივე დაიწყოს მასთან საუბარი სინანულის თემაზე, აუხსნას ყოველივე ის, რაც ამასთანაა დაკავშირებული, გაუღვიძოს ბავშვს შესაბამისი განწყობილება. ბავშვის აღსარებისას სიძნელეს ქმნის მისი ფსიქოლოგიის თავისებურება, რაც ზრდასრული ასაკის ადამიანების ფსიქოლოგიი-საგან მკვეთრად განსხვავდება. გარდა ამისა, მღვდელმსახურმა შეიძლება შეცდომით ბავშვებთან საუბარი დაიწყოს რაღაც არაბუნებრივი, გამოგონებული ტონით და ეცადოს საუბრები წარმართოს თავის მიერვე წარმოსახული ბავშვის სულიერი სამყაროსა და შეხედულებების მიხედვით. ბუნებრიობასა და გულწრფელობას ბავშვები ბევრად უფრო ძლიერად შეიგრძნობენ, ვიდრე ზრდასრული ადამიანები. ამიტომაც ყალბი ტონი ბავშვის სულისადმი არასწორ მიდგომას ქმნის. მღვდელმსახური განსაკუთრებით უშუალოდ უნდა მიუდგეს ბავშვს, ყოველგვარი ზედმეტი განსჯისა და განკეროძოების გარეშე. უნდა იმოქმედოს სინდისზე, გააღვიძოს იგი მათში, მოუწოდოს, იყვნენ გულწრფელნი საკუთარი თავის წინაშე. „დასაბამი სიბრძნისა არის შიში ღვთისა". ეს ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე უნდა ჩაუნერგოთ. ღვთის შიშს ბავშვი უნდა აცნობიერებდეს არა როგორც მონურ პანიკურ გრძნობას, არამედ როგორც შვილის მოწიწებით თაყვანისცემას ზეციური მამისადმი. მღვდელმსახურმა არ უნდა გააღვიძოს ბავშვში ცოდვისა და სათნოებისადმი უტილიტარული დამოკიდებულება, ანუ მან ბავშვის სულის აღზრდა არ უნდა ააგოს იურიდიულ ცნებათა რაღაც შეფარდებით პრინციპებზე: თუ კარგად მოიქცევი, ღმერთი ყოველივე კარგს გამოგიგზავნის, ხოლო თუ ცუდად მოიქცევი, ღმერთი ამასა და ამას გიზამს. ასეთი რამ ღირსეული არაა სიყვარულისა და მორალის ქადაგებისათვის. სახარებისეულ მორალში ძალიან ხშირად სწორედ ეს თანაფარდობა და, ჩვენეული გაგებით, სამართლიანობა არ ჩანს (მაგალითად, მევენახეებს ჯილდო არა ადამიანური სამართლიანობის, არამედ ღვთის წყალობისა და სიყვარულის მიხედვით მიეგოთ). მღვდელმსახურმა ბოროტად არ უნდა გამოიყენოს მუქარა: „ღმერთი დაგსჯის". ბავშვებში ადრეული ასაკიდანვე უნდა აღვზარდოთ სიყვარულის და არა შიშის პრიმატი; ღვთის შვილობა და არა მონობა. სულიერი მოძღვარი უნდა ეცადოს, ბავშვის სულში განავითაროს სახარებისადმი სიყუვარულის ჭეშმარიტად ქრისტიანული გრძნობა, ეკლესიისადმი ერთგულება, სიწმიდეების სიყვარული. მას უნდა მოუყვანოს წმიდანთა მაგალითები, რომლებმაც ყოველივე, საკუთარი თავიც კი უფალს მიუძღვნეს. განსაკუთრებით დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვის სიცრუისადმი მიდრეკილებას, სხვისი ნივთებით სარგებლობის სურვილს, სუსტების დაცინვისა და გამასხარავების მცდელობას, ცხოველთა წვალებით სიამოვნებას, არაგულწრფელობას, უხეშობი-საკენ მიდრეკილებას და ა.შ. მღვდელმსახურმა ბავშვს ადრეულ ასაკშივე უნდა ასწავლოს სწორი აღსარება და ჩაუნერგოს ეკლესიაში სიარულის, წირვა - ლოცვაზე დასწრებისა და ზიარების აუცილებლობა.
არქიმანდრიტი კვიპრიანე (კერნი)
უკან დაბრუნება |