მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 7 დეკემბერი (ახ. სტ.) - ხსენება წმიდა დიდმოწამე ეკატერინესი
7 დეკემბერი (ახ. სტ.) - ხსენება წმიდა დიდმოწამე ეკატერინესი6-12-2024, 18:46 |
7 დეკემბერს, ეკლესია წმინდა ეკატერინეს ხსენების დღეს აღნიშნავს. საეკლესიო სწავლების მიხედვით, წმიდა ეკატერინე დაიბადა ალექსანდრიაში, სახელგანთქმულ ოჯახში, გამოირჩეოდა გონიერებით, განსწავლულობითა და სილამაზით. ეკატერინემ განდეგილი ბერი გაიცნო, რომელმაც ღვთისმშობლის ხატი გადასცა და უთხრა, ევედრე და დაგეხმარება შენი შესაფერისი საქმროს პოვნაშიო. ღამით ეკატერინემ სიზმარში უცნაური ჩვენება იხილა. ანგელოზებით გარშემორტყმულ ზეციურ დედოფალს ხელთ ყრმა ეპყრა, რომელიც მზესავით ბრწყინავდა. ყრმას პირი მიებრუნებინა ეკატერინესგან და ქალწულმა ვერ შეძლო მისი სახის დანახვა. დედა ღვთისა ევედრებოდა თავის ძეს, ესწავლებინა ეკატერინესთვის, რა უნდა მოემოქმედებინა, რომ მისი სახის ხილვის ღირსი გამხდარიყო, მან კი მიუგო: "წავიდეს განდეგილთან და შეიტყობს მისგან". ეკატერინე მეორე დღესვე გაიქცა ბერთან, მუხლებში ჩაუვარდა და რჩევა ჰკითხა. მაშინ ბერმა უქადაგა მას ქრისტიანობა. ეკატერინემ აშკარად დაინახა ქრისტიანობის უპირატესობა წარმართობასთან შედარებით, ირწმუნა ყოვლადწმიდა სამება და მოინათლა. შინ დაბრუნებული დიდხანს ლოცულობდა უფლის წინაშე. იმ ღამით, ძილში კვლავ იხილა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ყრმით ხელში. ახლა ყრმა მოწყალედ უყურებდა ქალწულს. ღვთისმშობელმა ეკატერინეს მარჯვენა ხელი აიღო, ყრმამ კი თითზე ბეჭედი შეაცვა და უთხრა: "ნუ ეძებ მიწიერ სასიძოს". ეკატერინე მიხვდა, რომ ამიერიდან იგი ქრი-სტეს სასძლო იყო და უდიდესი სიხარულით აღივსო. ამ დღიდან ქალწული სრულიად შეიცვალა, გახდა თავმდაბალი, თვინიერი და მოწყალე.
მალე ალექსანდრიაში იმპერატორ დიოკლეტიანეს თანამმართველი მაქსიმიანე ჩამოვიდა და შეკრიბა ხალხი, რათა წარმართული ღვთაებებისთვის თაყვანი ეცათ. წმინდა ეკატერინე უშიშრად წარდგა მეფის წინაშე, დაგმო კერპების თაყვანისცემა და მაქსიმიანეს გაქრისტიანებისკენ მოუწოდა. განრისხებულმა მაქსიმიანემ წმინდანი საპყრობილეში ჩააგდო და ქურუმები მიუჩინა, რომელთაც წმინდა ეკატერინე "გონს უნდა მოეყვანათ". მაგრამ ეკატერინეს სიბრძნის წინაშე ქურუმები უძლურნი აღმოჩნდნენ. საპყრობილეში წმინდანი მაქსიმიანეს მეუღლემ, ავგუსტამ მოინახულა, რომელსაც ეკატერინემ ქრისტიანობა უქადაგა და მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.
მაქსიმიანემ წმინდანის წამება გადაწყვიტა, მოატანინა ბორბალი, რომელსაც ალესილი დანები ჰქონდა დაკრული და ბრძანა ამ საშინელი იარაღით დაესერათ ეკატერინეს სხეული, მაგრამ დაიწყო თუ არა წამება, ბორბალი გატყდა და ეკატერინე უვნებელი დარჩა. წამებისას ეკატერინეს ავგუსტა გამოესარჩლა, რის გამოც განრისხებულმა მაქსიმიანემ სიკვდილით დასაჯა მეუღლე. მეორე დღეს მეფემ ცოლობა შესთავაზა ეკატერინეს და ყოველგვარ სიკეთეს დაჰპირდა, რაზედაც უარი მიიღო. მაშინ მაქსიმიანემ ბრძანა, წმინდანისთვის თავი მოეკვეთათ. აღსასრულის წინ წმიდა ეკატერინემ შემდეგი ლოცვა წარმოთქვა:
- უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო! მადლობელი ვარ შენი, რომ მოთმინების ლოდზე დასდევ ფერხნი ჩემნი და წარმართე სვლანი ჩემნი. აწ გამომიწოდე უწმიდესი ხელნი შენნი ოდესღაც ჯვარზე მიმსჭვალული და მიიღე ჩემი სული, მსხვერპლად მოძღვნილი შენი სიყვარულისთვის. გაიხსენე, უფალო, რომ მე ხორცი და სისხლი ვარ და არ დაუშვა, რომ სასტიკმა განმკითხველებმა საშინელ სამსჯავროზე უმეცრებაში ჩადენილი ჩემი ცოდვები წარმოაჩინონ. არამედ განბანე ისინი სისხლით, რომელსაც დავსთხევ შენთვის და ქმენ, რომ ეს სხეული, შენი გულისთვის ტანჯვისგან ნაიარევი და მახვილით განკვეთილი, იყოს უხილავი ჩემი მტრებისა და მდევნელებისაგან. მოხედე, უფალო, შენი სიმაღლიდან დამსწრე ადამიანებს და გაუნათე გონება შენივე შეცნობისათვის, მიუტევე მათ, რომლებიც ჩემი მეოხებით მოუხმობენ შენ წმიდა სახელს და აღავსე სიკეთით, რათა ყველანი უგალობდნენ შენს დიდებას უკუნითი უკუნისამდე.
ლოცვის დამთავრებისას წმიდანმა ჯალათს მიმართა, აღესრულებინა განაჩენი.
მაშინ ჯალათმა მოჰკვეთა პატიოსანი თავი ეკატერინეს და ჭრილობიდან სისხლის ნაცვლად რძემ გადმოსჩქეფა. მისი პატიოსანი ნაწილები კი, როგორც იქ მყოფმა მორწმუნეებმა იხილეს, იმწამსვე აიტაცეს წმიდა ანგელოზებმა და გადაიტანეს სინას მთაზე სადიდებლად ქრისტე ღმერთისა, რომელიც თანა მამით და სულიწმიდითურთ ერთ ღვთაებად სუფევს უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ეს მოხდა 304 წელს. მოგვიანებით, წმინდა ეკატერინეს ნაწილები სინას მთაზე მო-ხვდა, სადაც დღემდეა დასვენებული მისსავე სახელობის მონასტერში.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |