მთავარი > საცდურები, რევოლუციის სახეობები, მთავარი გვედის ფოტო > სექსუალური რევოლუცია

სექსუალური რევოლუცია


17-06-2017, 00:03

სექსუალური რევოლუცია

 


   ცივილური სახის აგრესიაზე როცა ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს გარყვნილების ლეგალიზაცია - პროპაგანდა. გარყვნილების გავრცელება ძლიერ დარტყმას აყენებს ტრადიციულ მსოფლმხედველობაზე, ასუსტებს და აკნინებს ქართველი კაცის ღირსებას, შლის და ანადგურებს სოციალურ - კულტურულ ნორმებს, რომლებიც ათასწლეულების განმავლობაში აღვირს ამოსდებდა ხოლმე ადამიანის ყველაზე ბნელ და დამანგრეველ ინსტიქტებს.

   მამები მიიჩნევენ, რომ სულის მოძრაობათა და გულისთქმათა შორის სიძვის ვნება ყველაზე ძლიერი და დამატყვევებელია. ამ ვნებისადმი სწრაფვა ათასნაირად დამახინჯებულ და ავადმყოფურ ფორმებს იძენს. ვნებათა შორის სხვა რომელი ვნებაა ასე ძლიერ რომ გვართობს, გვიზიდავს და გვიპყრობს?

   ქართველთა ქცევის ნორმებს ოდითგანვე ძირითადად ტრადიციული ფასეულობები განსაზღვრავდა. უპირველესი ფასეულობა კი მართლმადიდებელი სარწმუნოებაა. სწორედ საქართველოს ორიათასწლოვანმა მართლმადიდებლურმა რწმენამ ჩამოაყალიბა მყარად ქართველი კაცის ზნეობა, სულიერება, კულტურა და ადათ - წესები. ქართველი ერის მენტალიტეტისათვის დამახასიათებელია სულიერ - ზნეობრივ საწყისებზე აგებული ოჯახი და სახელმწიფო. ეს საწყისებია უცილობელი პირობა საიმისოდ, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა.

   დღეს კი საზოგადოებას „ნორმად" უსახავენ ზნეობრიობის უგულებელყოფას, რაც კაცობრიობისათვის ყველაზე დიდი მუქარაა. დაშლა - განადგურების შემდეგი ეტაპი იმ კანონის მიღებაა, რომლის ძალითაც სახელმწიფომ უნდა დაიცვას ცოდვა, უკანონობა. ასე იქმნება საზოგადოების ტოტალური გარყვნილების პლაცდარმი. ამგვარად სურთ შეავიწროონ ყველა ზნეობრივად მოაზროვნე ადამიანი. თითქოს ცდილობენ ერთგვარი სულიერი რეზერვაცია მოაწყონ ტრადიციულად მოაზროვნეთათვის. ყოველივე ეს „თანამედროვე კულტურის" გრიფით ხორციელდება. ზოგიერთი წმიდა მამა ამ ფაქტს პირდაპირ უწოდებს „ანტიკულტურას", „რღვევის კულტურას", „თვითგანადგურებას". არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე) შენიშნავს: „უკვე ყველაზე „ცივილიზებული" და „კულტურული" ერებიც კი დარწმუნებულნი არიან, რომ, როგორც იქნა, გადააგდეს შუა საუკუნეების შავბნელი ველურობის უღელი და ურთიერთობის ახალი, უმაღლესი კულტურისაკენ გადადგეს ნაბიჯი. განსაცვიფრებელი აღმოჩენა გაკეთდა: თურმე მონოგამიური ქორწინება „ძველი გადმონაშთია", ჩვეულებრივი ოჯახური ცხოვრება და ოჯახური მოვალეობანი „ცრურწმენაა", ხორციელ გულისთქმათა მოთოკვა და ავხორცული სურვილების ალაგმვა „ფსიქიკური დამაზიანებელი სახიფათო ვარჯიშია" (ზ. ფროიდი), მორიდებულობა და კდემამოსილება „არასრულყოფილების კომპლექსია", „რომელსაც გულმოდგინედ უნდა ვებრძოლოთ და თუ საჭიროა, ექიმ - ფსიქიატრსაც მივმართოთ"; წესიერების ჩარჩოში დარჩენა „შებოჭილობა და არაკომუნიკაბელურობაა", ხოლო მოყვასისადმი ბილწ გულისთქმათა ჩახშობა, მოურიდებელი, სახიფათო და მეტისმეტი სიახლოვისათვის თავის არიდება „ცხოვრებისაგან ჩამორჩენა", „არაბუნებრიობა", „ველურობა" და ლამის „შიზოფრენიაც" კი ყოფილა."1

   ასე და ამგვარად შევედით „თავისუფალი კაცობრიობის" ხანაში. ყველგან გაისმის: ვიყოთ „თავისუფლები", „ძირს ცრურწმენა", „ძირს სირცხვილი" და ა. შ. დღეს ქალი თუ კაცი, დიდი თუ პატარა ცდილობს როგორმე ჩაიხშოს გულში სირცხვილის გრძნობა, როგორმე მიემსგავსოს „ცივილიზებულ ევროპულ" საზოგადოებას!

   ჩვენ გვაქვს ორიათასი წლით გამოცდილი ტრადიცია ვნებებთან ბრძოლისა; ჩვენ ყოველთვის ბრძნული დამოკიდებულება გვქონდა ადამიანის დაბადების საიდუმლოსთან, ქალთან, სიყვარულთან, რომლის ნაყოფი ახალი სიცოცხლის დაბადებაა. და მიუხედავად ამისა მაინც, მერამდენეჯერ ვიხედებით დასავლეთისკენ, არ ვუწყით ან არ გვინდა ვიცოდეთ რას გვთავაზობს იგი!

 

 

 

* * *

   მოდით ვთქვათ, რას გვთავაზობს დასავლეთი. ცნობილია, რომ XX საუკუნის პირველი ნახევრიდან მსოფლიოში იწყება ნამდვილი „სექსუალური რევოლუცია". მას „მეცნიერული" ფუნდამენტი დოქტორმა კინსიმ მოუმზადა. ჰ. ბეკენანი წერდა: „კინსიმ უდიდესი გავლენა იქონია თანამედროვე საზოგადოების ჩამოყალიბებაზე, რაც შეიძლება მხოლოდ ნიუტონის, გალილეის, აინშტეინის გავლენას შევადაროთ". - მისი ნამუშევრები საფუძვლად დაედო სექსუალური განათლების პროგრამათა მეთოდიკას. მაგალითად, ოკლაჰომის შტატის განათლების დეპარტამენტმა დაადგინა, რომ პირველიდან მეორე კლასში გადასასვლელად მოსწავლეს უნდა შეეძლოს ოჯახის სტრუქტურის განსხვავებული ტიპების (მონოგამიური, პოლიგამიური, არასრული) იდენტიფიცირება. ოჯახის არც ერთი ტიპი არ უნდა ხასიათდებოდეს, როგორც ერთადერთი შესაძლებელი. IX – XII კლასებში მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ საუბარი სექსუალურ ქმედებებზე რეალურ ან პოტენციურ პარტნიორთან.

   სწავლების არც ერთ საფეხურზე არ დგას მოთხოვნა - შეამოწმონ გამრავლების ტაბულის ცოდნა.

   რასაც „სექსუალური აღზრდის" გაკვეთილებზე ასწავლიან, პირდაპირ უკავშირდება იდეოლოგიას და არა ბიოლოგიასა და მედიცინას. ტრადიციული ფასეულობანი და მშობელთა ავტორიტეტი სისტემატურად განიცდის დისკრეტიზაციას. ბავშვებს მუდმივად უნერგავენ აზრს, რომ ადამიანის საქციელი უნდა ეყრდნობოდეს პირად გრძნობებს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ითვალისწინებდეს საზოგადოებაში მიღებულ ფასეულობებს, მშობელთა თვალსაზრისს...

   გერმანიის მაგალითი მოვიშველიოთ: აქ თავდაპირველი დარტყმა ზნეობას ზ. ფროიდის ფსიქოანალიზის ცნობილმა თეორიამ მიაყენა: ეს იყო ნაღმი, რომელიც პროტესტანტული ეთიკის საფუძველში ჩაიდო. ფროიდის თანახმად, ყველა პრობლემის თავიდათავი სექსუალური დაუკმაყოფილებლობაა. სინდისის ცნება უარყოფილია და დაყვანილია ფსიქობიოლოგიურ დაცვით მექნიზმამდე, რამაც დამღუპველად იმოქმედა საზოგადოების ზნეობაზე.

   სექსუალურ პრობლემებს ფართოდ განიხილავდა პრესა. ღამის კლუბებში გართობა - გარყვნილება ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. ლიტერატურული ნაწარმოებები, ილუსტრაციები თუ რეკლამები ღიად წარმოაჩენდნენ ჰომოსექსუალიზმის, სოდომმაზოხიზმის, სისხლის აღრევის თუ სხვა პათოლოგიების სცენებს. სწრაფად ძლიერდებოდა „ჰომოფობიური მოძრაობა", რომელსაც მეთაურობდა ვინმე მაგნიუს ხირშფელდი. იგი ამავე დროს იყო „სექსუალური მეცნიერების ინსტიტუტის" დირექტორი ბერლინში. ლიბერალურმა პრესამ ნამდვილი ომი გააჩაღა ტრადიციული გერმანიის წინააღმდეგ: წაქეზებული და წახალისებული იყო სექსუალური თავისუფლების იდეა თავისი ნაირსახეობებით, ხოლო გერმანული საზოგადოების საფუძვლები - ეკლესია, სახელმწიფო, ჯარი - ბინძური კრიტიკის საგანი შეიქნა.

   ტრადიციული მორალის ნგრევის ამ პოლიტიკამ კატასტროფულ შედეგებამდე მიიყვანა ნაცია. ზნეობრივ - ქრისტიანულ საფუძვლებს მოკლებულ გერმანიაში დაიბადა მსოფლიოს ისეთი მონსტრი, როგორიც ადოლფ ჰიტლერია.2

   დაპყრობილი ქვეყნების ბრძოლისუნარიანობის დაქვეითების მიზნით ჰიტლერი ავრცელებდა პორნოგრაფიას, ნარკოტიკებს.

   აღმოსავლეთ ევროპის ოკუპირებულ ტერიტორიებზე წახალისებული იყო „უსაფრთხო სექსის" პროპაგანდა, აბორტი, უფასო კონტრაცეფცია და სტერილიზაცია. ოკუპირებული პოლონეთის ერთ - ერთ დეკრეტში ვკითხულობთ: „ნებისმიერ საშუალებას, რითაც შესაძლებელია შობადობის შემცირება, მხარი უნდა დავუჭიროთ და დავუშვათ. აბორტი არ უნდა აიკრძალოს. კონტრაცეფცია შევთავაზოთ ღიად, ყოველგვარი პოლიტიკური შეზღუდვის გარეშე. ჰომოსექსუალიზმი გამოცხადდეს ლეგალურად."3

   ფაშისტები შეგნებულად ავრცელებდნენ პორნოგრაფიას აღმოსავლეთ ევროპაში, რათა ხელი შეეწყოთ ოკუპირებული ერების ყოველმხრივი გახრწნისათვის. ამით მათ საშუალება ეძლეოდათ იოლად დაემორჩილებინათ მყარ ტრადიციულ ფასეულობებს მოკლებული საზოგადოება.

 

 

* * *

   ხომ არ გვახსენებს ეს მაგალითი იმას, რაც დღეს ჩვენს თავს ხდება?!

   როგორ არ გავიხსენოთ ა. ჰიტლერის სიტყვები: „არსებობს უამრავი სისტემატური და უმტკივნეულო საშუალება, ყოველ შემთხვევაში უსისხლო (მისი აზრით. - ავტ.), რათა ვაიძულოთ არასასურველი ერები, რომ ამოიხოცონ."4

   და აი ჩვენთანაც გაშალა ფრთები სექსუალურმა რევოლუციამ. მას ემსახურება ტელევიზია მრავალნაირი გადაცემებით: სერიალებით, შოუებით, რეკლამებით; იმავე მიზნისთვის კომპიუტერს აურაცხელი არსენალი გააჩნია, მათ შორისაა ვირტუალურ „პარტნიორთან" კავშირი. იმავე მიზანს ემსახურება ხელოვნება, მოდა, პარფიუმერია...

   უკვე ნაწილობრივ დეზორიენტირებულ ქართულ საზოგადოებას არსობრივად უკვე შესთავაზეს გარყვნილების ლეგალიზება, ე. ი. კანონის სტატუსის მინიჭება ანუ „სექსუალური ხასიათის მომსახურება და პროდუქცია".

   ჩვენი ოპონენტები, როგორც წესი, სწორედ დასავლურ ქვეყნებში განხორციელებულ პროგრამებსა და კანონმდებლობებს გვთავაზობენ. ამავე დროს, მთლიანად უგულებელყოფილია სულიერ - ზნეობრივი, კულტურული და რელიგიური ტრადიციები ჩვენი ქვეყნისა.

   დღეს უკვე შეიქმნა მითები, რომ თითქოს მოზარდი თაობის უმრავლესობა 17 წლამდე იწყებს სქესობრივ ცხოვრებას, შესაბამისად თურმე ჩვენს შვილებს სჭირდება „სქესობრივი აღზრდა - განთლება".

   ახალი სქესობრივი აღზრდის მიზანია - შეიქმნას ფასეულობათა ახალი სისტემა, სტილი თუ ცხოვრების წესი; შეიცვალოს ზღვარი სექსუალური ნორმისა და პათოლოგიის განსაზღვრაში; ყოველმხრივ წახალისდეს „თავისუფალი" წესით ცხოვრება. იგეგმება სექსუალური ნაირსახეობების პროპაგანდა - ე. წ. ტრენინგები სხვადასხვა სფეროში, რათა სოციალურ ნორმად აღიარონ და დააკანონონ ყოველგვარი სქესობრივი პათოლოგია.

   გახრწნის ეს პროგრამები გათვლილია სირცხვილის გაქარწყლებაზე... ერთი სიტყვით: სურთ დააკანონონ ის, რაც მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის ყოველთვის იყო, არის და იქნება მრუშობა, სოდომია, აღვირახსნილობა.

   დავასკვნით: აღნიშნული პროგრამის არსია ბავშვობიდანვე გაირყვნას ადამიანი, გაუქარწყლდეს მას სირცხვილის გრძნობა, ჩამოუყალიბდეს უბიწოებისადმი დამცინავი დამოკიდებულება, მრავალშვილიანი ოჯახი უსარგებლო მძიმე ტვირთად წარმოიდგინოს და სიყვარულის ალტერნატიულ ვარიანტად კი „უსაფრთხო სექსი" და სქესობრივ გარყვნილებათა ნაირსახეობანი დაისახონ. ბუნებრივია, შედეგად მივიღებთ ზნეობრივი პრინციპების მოშლას, რაც იწვევს ოჯახის შექმნის შეუძლებლობას, უშვილობას, ცხოვრების არსის დაკარგვას, რასაც მოსდევს ნარკომანია, ლოთობა, ვენერიული და ფსიქიური დაავადებანი და ადრეული სიკვდილი.

   აქვთ კი გააზრებული ჩვენს „განმანათლებლებს" თავიანთი ვაი მისია თუ ფუნქცია? ეს ხომ ომია არა მარტო ცალკეული პიროვნებების, არამედ მთელი ქვეყნის, ერის წინააღმდეგ.

   შევახსენებთ მათ მაცხოვრის სიტყვებს: „რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი ჩემდა მომართ მორწმუნეთა, უმჯობეს არს მისა, დამოთუ - იკიდოს წისქვილი ვირით საფქველი ქედსა და დაინთქას იგი უფსკრულსა ზღვისასა." (მათ. 18. 6).

 

 

 

1არქ. ლაზარე (აბაშიძე). ბაბილონის სახმილში. თბ. 1996 წ.

2Антихрист в Москве. 1997. გვ. 44.

3იქვე გვ. 45.

4იქვე გვ. 60.

 

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება