მთავარი > საცდურები, სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > ომის მიზეზები

ომის მიზეზები


7-05-2019, 00:02
 

ომის მიზეზები


 

   დედამიწაზე მშვიდობის დამყარება ყოველთვის იყო და დღემდე არის ურთულესი ამოცანა. ადამიანები, საერთაშორისო ორგანიზაციები ძალისხმევას არ იშურებენ, რათა ბოლო მოეღოს საომარ კონფლიქტებსა და გლობალური კატასტროფის საფრთხეებს. ყველა მცდელობა უშედეგო რჩება, ვინაიდან არ არსებობს მთავარი - სული მშვიდობისა.

   სერბი წმინდანი ნიკოლოზ (ველიმიროვიჩი) თავის თხზულებებში ხშირად ამხელდა თანამედროვე ცივილიზირებული სამყაროს სულიერ დაცემულობას, მავანთა სურვილს, მოიპოვონ ძალაუფლება, დაიპყრონ მათზე სუსტი ქვეყნები და ა. შ. წმინდანი ამხელს მათ იმის გამო, რომ ისინი ღმერთზე არ ამყარებენ იმედებს, უფრო მეტად ეიმედებათ სხეული, ძალა და უახლესი ტექნიკა; ამიტომ დაამზადეს ათასგვარი იარაღი მიწაზე თუ მიწის ქვეშ, წყალზე თუ წყალქვეშ და ცაში საბრძოლველად. წმ. მამა მათ ამსგავსებს ძველ აღთქმაში მოსხენებულ ყანაკის ძეთ, რომლებიც თავიანთ გოლიათურ აღნაგობასა და იარაღზე ამყარებდნენ იმედს. უფლის ნებით ისინი განადგურდნენ. იმავეს უწინასწარმეტყველებს წმინდანი თანამედროვე „დევკაცებსაც". დღეს ყველა ერი ომისათვის ემზადება. არავინ იცის, ვინ გაიმარჯვებს, მაგრამ ამგვარია ჩვენი დროის სულისკვეთება.1

   ერთი მწერალი ეკითხება წმ. ნიკოლოზ სერბს: „რა უნდა გავაკეთოთ წელს მშვიდობისათვის მსოფლიოში? რა საჭიროა სხვადასხვა ქვეყნების მინისტრთა შეხვედრა მშვიდობის საკითხებზე? დაე, აირჩიოს ხალხმა რამდენიმე წარმომადგენელი თითოეულ ქვეყანაში და ისინი გადაწყვეტენ მშვიდობის საკითხებს! იქნებ მსოფლიომ ამ გზით აიცილოს ომი და ხალხთა შორის მტკიცე მშვიდობა დამყარდეს?" წმინდანმა უპასუხა: „ვინ უხელმძღვანელებს არჩევნებს, თუ არა იგივე მინისტრები? შესაბამისად, ვინ იქნებიან არჩეულნი, თუ არა ისევ ის მინისტრები და მათი თანამოაზრეები? თქვენ რომ გეთქვათ: დაე მოიწვიონ ღვთისმსახური, დაე აკურთხოს მან ის ადგილი, სადაც გადაწყდება საკითხი მშვიდობისა, დაე გარდასახოს მან ჯვარი კედლებს, დაე ჩაატაროს მსვლელობა, და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგნენ თათბირებსა და მოლაპარაკებებს, მაშინ სამწყსო უფლისა მთელ მსოფლიოში გაიგებდა თქვენს წინადადებას, როგორც სამართლიან მიმართვას ყოვლადძლიერი შემოქმედისადმი (პოლიტიკური მშვიდობისმყოფელნი კი, ალბათ, უადგილოდ მიიჩნევდნენ ამას)."2

   მაკარი დიდი ამბობს: „ხილული სამყარო უწესრიგობისა და ომების მდგომარეობაში იმყოფება, მაგრამ ვერავინ ჭვრეტს მიზეზებს, კერძოდ, ბოროტებას, რომელიც დაცემის შემდეგ ამოქმედდა ადამიანის გონებაში. სამყარო ივნება ბოროტებისაგან, მაგრამ ვერ ამჩნევს მას; ის ცეცხლის მსგავსია, რომელიც ინთება გულში და ვრცელდება მთელ ორგანიზმში."3

   და მაინც რა არის ომების მიზეზი? რა ბოროტების მანქანა მოქმედებს ადამიანთა გონებაში? უსამართლობა, მხოლოდ საკუთარ ინტერესზე ზრუნვა, ძალადობა, ჩაგვრა, ექსპლოატაცია, ადამიანური სიხარბის სხვა გამოვლინებანი გრძელდება და გრძელდება. საუკუნოვანი გამოცდილება ცხადყოფს: არანაირ რაციონალურ მოსაზრებას, კაბინეტურ გეგმას, პოლიტიკურ ამბიციას არ შეუძლია მათი აღმოფხვრა. არ შეუძლია იმიტომ, რომ არ არის უარყოფილი მთავარი, ყველას მიერ დავიწყებული მიზეზი, რომელიც შინაგანად ანადგურებს ადამიანს და შემდგომ სხვა მრავალსაც ღუპავს.

   თანამედროვე მსოფლიოში ომების ხასიათი და მიზეზები თვისობრივად განსხვავდება ძველისაგან. ანალიტიკური თვალსაზრისით, ომები „ეთიკური" გახდა. მათი მიზანია არა ტერიტორიების მითვისება, როგორც ეს ადრე ხდებოდა (თუმცა ძველი მეთოდიც მუშაობს პერიოდულად - ავტ.), არამედ გარკვეული სულიერი (ხშირ შემთხვევაში „ჰუმანისტური") იდეებისა და ფასეულობების თავზე მოხვევა.

   გლობალიზაციის მომხრეთა აზრით, „ზესახელმწიფოს" შეხედულებები უმაღლესი ღირებულებაა. მისდამი მტრულად განწყობილი ქვეყნები გაიწირებიან. ამიტომ ომი არაა უარყოფილი; პირიქით, იგი ამა სოფლის მმართველთა მიერ ჰუმანისტური მიზნების მიღწევის უსაფრთხოებისა და მშვიდობის დამყარების საშუალებადაა მიჩნეული. დღეს მშვიდობის მტრედი თვითონ არის ჟანდარმი არა კანონდამრღვევთათვის, არამედ მათთვის, რომლებიც მის ინტერესებს არ გაიზიარებენ.4

   ამ მოსაზრების უკეთ გაგებისათვის გვინდა მოვიშველიოთ მერილენდის უნივერსიტეტის (ა. შ. შ.) პროფესორის ჯონ ხიუროს ერთი ცინიკური გამონათქვამი. ის იუგოსლავიის ომს ეხება: „გლობალისტები სერბებს რომ დაბომბავენ, ისინი „ცოცხალ კედელს" აღმართავენ ხოლმე. დაბომბვის შედეგად საზოგადოების ორი არქეტიპი ვლინდება: ერთი ორიენტირებულია მომავალზე, მეორე - წარსულზე. გლობალისტებს სჯერათ ტექნოლოგიური სიმძლავრისა და ყოველივესი, რაც მასთანაა დაკავშირებული (მსჯელობა, ლოგიკა, პრაქტიკულობა). სერბებს კი სწამთ ღვთის განგების, სამართლიანობისა და ადამიანურობისა. ისინი ირაციონალურნი არიან და ამიტომაც დასაღუპად განწირულნი. გლობალისტები პრინციპულად განსხვავებულ საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებას ქმნიან, რომლის შესახებ მსოფლიოს არანაირი წარმოდგენა არა აქვს. საუბარია პოსტჰუმანიზმის ეპოქაზე, რომლის დროსაც საზოგადოებრივი ცხოვრების ყოველი ასპექტი სტანდარტულ მოდუსამდე დაიყვანება, ადამიანთა ურთიერთობის ყოველი ნიუანსი განსაზღვრული პროცედურებით აღიბეჭდება. სერბეთისაგან, რომელიც ღრმა შუა საუკუნეებში იმყოფება, პოსტჰუმანურ ამერიკას, მილიონობით წელი აშორებს. სერბებს დაფიქრება მართებთ, ვინაიდან ისტორიის გეზს ვერ შეაჩერებენ, ხოლო საკუთარი სახის შენარჩუნების საუკეთესო გზა ცივილიზებული მეთოდებით სვლაა."5

   ეს ცინიკური გამონათქვამი ნათლად მეტყველებს, რომ იუგოსლავიაში განვითარებული ბოლო ათწლეულის ამბები ნებისმიერი „ურჩი" ქვეყნის ხვედრია. ასე გამოდის: თუ სუვერენული ქვეყნები გლობალისტების ზეწოლას ვერ მოერევიან, უნდა განადგურდნენ, რათა თავიანთი „მძიმე შუასაუკუნოვანი შეხედულებებით" არ დააფრთხონ პოსტჰუმანური „ცივილიზებული სამყარო".

   ვკითხოთ ჩვენს თავს: რა ძალგვიძს, რა გავაკეთოთ ხალხთა შორის მშვიდობისათვის? ცხადია, გამოსავალი არა პოლიტიკოსებში, არამედ მართლმადიდებელ ეკლესიაში უნდა ვეძებოთ. სწორედ მართლმადიდებელ ეკლესიას, მართლმადიდებელ ერთა სულების მცველს, მთელი გულით სურს მშვიდობა მსოფლიოში, მშვიდობა და არა ომი. ამიტომ აღევლინება ჩვენს ტაძრებში დილა - საღამოს ლოცვები მშვიდობისათვის მთელ დედამიწაზე. რატომ ლოცვები? იმიტომ რომ, ჩვენ, მართლმადიდებლებს, გვწამს, მშვიდობა დედამიწაზე საჩუქარია უფლისა, ისევე, როგორც „კეთილსურნელება ჰაერთა", სიუხვე ნაყოფთა, ისევე როგორც წვიმა, ჯამრთელობა და თვით სიცოცხლე. ამიტომაც ვევედრებით ყველა კეთილი საჩუქრის მომნიჭებელს, მოგვანიჭოს მშვიდობა დედამიწაზე.

   თვითონაც ხვდებით, რომ მშვიდობა სათნოების შედეგია, და არა ადამიანთა გამჭრიახობისა. თქვენ იცით, თუ როგორ გალობდნენ ანგელოზნი უფლისა ბეთლემის გამოქვაბულის თავზე და განადიდებდნენ უპირველესად უფალს, ხოლო შემდგომ - მშვიდობას დედამიწაზე: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა და ქვეყანასა ზედა მშვიდობა, და კაცთა შორის სათნოება" (ლუკ. 2. 14).

   ვინც იმთავითვე რწმენითა და ლოცვით არ განადიდებს თავის უზენაეს შემოქმედს, განა შეძლებს იქონიოს მშვიდობა საკუთარ სულში? შესძლებს კი იგი მისცეს მსოფლიოს ის, რაც თვითონ არ გააჩნია? შემდგომ გაიხსენეთ სიტყვები პავლე მოციქულისა: „იგი თავადი არს მშვიდობისაჲ ჩვენი" (ეფ. 2. 14). კიდევ რა გითხრათ? თქვენ იცით, რომ ქრისტეს ყველა სახარება თავისი არსით ერთადერთი მეცნიერებაა მშვიდობის შესახებ დედამიწის ზურგზე. როდესაც გაეცნობი მას, როგორ შეიძლება არ დაიჯერო, რომ მშვიდობა მხოლოდ სათნოებით მიიღწევა და არასოდეს მოხერხებულობით...

   სათნოება მთელ მსოფლიოში სათუო იყო და საეჭვო რომ არ გამხდარიყო ამდენს არ ისაუბრებდნენ მშვიდობაზე - ის სათნოებიდან მომდინარეობს.

   ამჟამად მსოფლიოში მშვიდობის შესახებ ბევრად მეტს ლაპარაკობენ, ვიდრე უწინ. ადამიანები, ვიდრე - ოდესმე მეტწილად იმას ცდილობენ, არ დაიბრუნონ სათნოება, ვით მშვიდობის პირობა, მათ სურთ შექმნან მშვიდობა გონების გამჭრიახობით. მაგრამ... ისევე, როგორც საძირკვლის ჩაყრამდე სახლის გადახურვაა შეუძლებელი, მიუღწეველია მშვიდობა სათნოების გარეშე. ჩვენთვის, ქრისტიანთათვის საფუძველი და შთაგონება ყოველგვარი სათნოებისა არის უფალი და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, რადგან სხვას ვის შეეძლო, ყოფილიყო მშვიდობის საფუძველი დედამიწაზე, თუ არა მას, ვინც სამყაროს მეუფედ იწოდება?"6

 

 

 

 

1გაზ. „ხარება". 2002. №7 (28). გვ. 15.

2მისიონერული წერილები. წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი). თბ. 2005. გვ. 182.

3Зерцала Жизни. Арх. Христодул. 2001. М. გვ. 136.

4იქვე. გვ. 136.

5გაზ. „ხარება". 2002. №3 (24).

6მისიონერული წერილები. წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი). თბ. 2005. გვ. 168.

 

 

 

 

მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ    

Xareba.net - ის რედაქცია 

 

 

 

 


უკან დაბრუნება