მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > სათნო უთანხმოება და დამღუპველი ერთობა

სათნო უთანხმოება და დამღუპველი ერთობა


3-12-2013, 00:06
სათნო უთანხმოება და დამღუპველი ერთობა   მშვიდობის დამყარებისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ ჩვენ განვერიდოთ უთანხმოებისა და შუღლის საბაბს. შეძლებისამებრ, უნდა ვეცადოთ, სხვასაც არ ჰქონდეს ჩვენთან მტრობის სურვილი. როგორ მოვიქცეთ ამ შემთხვევაში? არა მხოლოდ ჩვენ არ ვიძიოთ შური ბოროტებაზე ბოროტების მიგებით, არამედ გულწრფელი კეთილგანწყობა უნდა ვაჩვენოთ არამშვი-დობისმყოფელებსაც. ე. ი. პირადი შურისძიება თვისობრივად მიუღებელია ქრისტიანისათვის. სიკეთის ნაცვლად ბოროტების მიგების მაგალითებს ჩვენ ვხედავთ წარმართებში, მათთვის შურისძიება ზნეობრივი ვალდებულებაა. „ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ სძლე კეთილითა მით ბოროტსა მას." - გვმოძღვრავს პავლე მოციქული (რომ. 12. 21).

   მშვიდობისმყოფელებს თავად მაცხოვარი უწოდებს ნეტარებს: „ნეტარ იყვნენ მშვიდობის მყოფელნი, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ" (მათ. 5. 9). ჭეშმარიტი მშვიდობისმყოფელნი თავად მაცხოვრის ღვაწლის თანამუშაკნი ხდებიან, როდესაც ადამიანთა შორის მტრობის ჯებირებს ანადგურებენ: „რამეთუ იგი თავადი არს მშვიდობაჲ ჩუენი, რომელმან შექმნა ორივე ერთად და შუა კედელი ზღუდისა მის დაჰხსნა" (1 ეფ. 2. 14).

   რაც არ უნდა დიდი წყალობა იყოს მსოფლიოში, არა ვართ ვალდებულნი მის შესანარჩუნებლად ნებისმიერ გზას დავადგეთ.

   ზოგიერთი ადამიანი, ორგანიზაცია თუ სახელმწიფო, მშვიდობის დასამყარებლად მშვიდობისმყოფელთაგან მოითხოვს უმაღლესი ფასეულობების (სიწმინდის, ღირსების, ოჯახის) მსხვერპლად გაღებას (მათ. 5. 10-12); ასევე - მოყვასის ყველაზე მიუღებელი ქმედებებისა და მიდრეკილებებისადმი კეთილ განწყობას. ამ სახით მოპოვებული მშვიდობა ამაზრზენი რამ გახლავთ. მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე ამგვარი მშვიდობის არა დასამყარებლად, არამედ გასანადგურებლად მოევლინა კაცობრიობას, ამიტომ ბრძანებს მაცხოვარი: „ეგრე ჰგონებთ, ვითარმედ მშვიდობისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა? არა, გეტყვი თქუენ, არამედ განყოფად." (ლუკ. 12. 51).

   მათე მახარებელიც წერს: „ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშვიდობისა ქუეყანასა ზედა; არა მოვედ მიფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა." (მათ. 10. 34). სახარების ეს სიტყვები წმ. ნიკოლოზმა (ველიმიროვიჩი) შემდეგნაირად განმარტა: „წაიკითხე ეს ამგვარად: იმისთვის კი არ მოვსულვარ, რომ ჭეშმარიტება და სიცრუე, სიბრძნე და უგუნურება, სიკეთე და ბოროტება, სიმართლე და ძალადობა, ზნეობა და უხამსობა, კეთილგონიერება და გარყვნილება, ღმერთი და ბომონი შევარიგო; არა, მოვიტანე მახვილი, რათა განვკვეთო და გავაცალკევო ერთი მეორისაგან, რათა არ მოხდეს აღრევა".

   რით განკვეთ, უფალო? სიმართლის მახვილით, თუ ღვთის სიტყვის მახვილით?! თუმცა ეს ხომ ერთი და იგივეა. პავლე მოციქული გვირჩევს: „მახვილი იგი სულისაჲ, რომელ არს სიტყუა ღმრთისაჲ" (ეფ. 6. 17). წმიდა იოანე ღვთისმეტყველმა გამოცხადებაში იხილა ძე კაცისა, მჯდომარე შვიდ ლამპარს შორის, ხოლო მისი პირიდან გადმოდიოდა ორპირი მახვილი (გამოცხ. 1. 12-16). პირიდან გამომავალი მახვილი სხვა არაა, თუ არა - სიტყვა უფლისა, სიტყვა ჭეშმარიტებისა? სწორედ ეს მახვილი მოიტანა იესო ქრისტემ მიწაზე, მოიტანა ქვეყნის გადასარჩენად და არა - კეთილისა და ბოროტის შესარიგებლად აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

   ამგვარი განმარტების მართებულობას ამტკიცებს ქრისტეს შემდეგი სიტყვები: „რამეთუ მოვედ განყოფად კაცისა მამისაგან თვისისა და ასული - დედისაგან თვისისა და სძალი - დედამთილისაგან თვისისა" (მათ. 10. 35). და, თუ ძე გაყვება ქრისტეს, მამა კი ბნელში დარჩება, ქრისტეს ჭეშმარიტების მახვილი გაყოფს მათ. განა ჭეშმარიტება მამაზე ძვირფასი არაა?! და თუ ასული გაყვება ქრისტეს, ხოლო დედა გაჯიუტდება ქრისტეს უარყოფაში, რა საერთო შეიძლება ჰქონდეთ მათ?! განა ქრისტე დედაზე უტკბესი არაა?!... იგივეა რძალსა და დედამთილს შორისაც.

   მაგრამ ეს ისე არ გაიგო, რომ ის, ვინც შეიმეცნებს და შეიყვარებს ქრისტეს, მაშინვე ხორციელად უნდა გაემიჯნოს თავის ნათესავებს. ეს არასწორია. ასე არაა ნათქვამი. საკმარისია სულიერად გაემიჯნო და არ შეიწყნარო ურწმუნოთა საქმე და განზრახვა. თუკი მორწმუნენი მყისიერად გაემიჯნებოდნენ ურწმუნოთ, ქვეყნად ორი მტრული ბანაკი წარმოიშობოდა. მაშინ ვინღა ასწავლიდა და გამოასწორებდა ურწმუნოებს? თვითონ უფალი სამი წელი ითმენდა მის გვერდით ურწმუნო იუდას. ბრძენი მოციქული პავლე წერს: „განიწმინდების ქმარი იგი ურწმუნო ცოლისა მისგან მორწმუნისა და განწმინდების ცოლი იგი ურწმუნო ქმრისა მისგან მორწმუნისა" (1. კორ. 7. 14).

   დასასრულ მოვიყვანთ ქრისტეს ამ სიტყვათა თეოფილაქტე ბულგარელისეულ სულიერ განმარტებას: „მამასა, დედასა და დედამთილში იგულისხმება ყველაფერი ძველი, ხოლო ძესა და ასულში - ყველაფერი ახალი. უფალს კი სურს, რომ მისმა ახალმა საღმრთო მცნებებმა გაიმარჯვოს ჩვენს ძველ ცოდვილ წესებსა და ჩვეულებებზე."

   ამრიგად, სიტყვა მიწაზე მოტანილი მახვილის შესახებ, სრულიად შეესაბამება ქრისტეს, როგორც მშვიდობის შემოქმედსა და მშვიდობის მომნიჭებელს. იგი თავის ზეციურ ზეთს აძლევს ყველას, ვისაც გულწრფელად სწამს მისი. მაგრამ ის არ მოვიდა იმისთვის, რომ სინათლის შვილები ბნელეთის შვილებთან შეარიგოს.1

   პავლე მოციქულიც ყოველთვის ვერ ითხოვდა მორწმუნეთაგან, რომ მათ ყველა ადამიანთან, უნდოდათ თუ არ უნდოდათ, ჰქონოდათ მშვიდობა. თუმცა მოციქული აქებდა მშვიდობისმოყვარებას და შთაგვაგონებდა კიდეც ამას: „უკუეთუ შესაძლებელ არს თქუენ მიერ, ყოველთა კაცთა თანა მშვიდობასა ჰყოფდით." (რომ. 12. 18).

   მშვიდობისმყოფელობა ჭეშმარიტებასთან, სიკეთესა და სიმართლესთან ადამიანის დამოკიდებულებით უნდა განისაზღვროს. სიწმინდისა და ყოველი ძვირფასის უარყოფის ხარჯზე რომ გქონდეს მშვიდობა ახლობელთან, ნიშნავს აკეთო ბოროტება. მართებული უთანხმოება ადამიანებთან არასამართლიან მშვიდობაზე უკეთესია.

   „დაე, ნუ იფიქრებენ, - წერს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, - თითქოს ვამბობდე, რომ ყოველგვარ მშვიდობას უნდა გავუფრთხილდეთ. ვინაიდან უწყი, რომ არსებობს სათნო უთანხმოება, და ყველაზე დამღუპველი ერთობა; უნდა გვიყვარდეს სათნო მშვიდობა, რომელსაც კეთილი მიზანი აქვს და გვაკავშირებს ღმერთთან".2 ანუ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის თქმით, არსებობს სათნო უთანხმოება, რაც შეიძლება მრისხანების, მოუთმენლობის, მხილების, წუხილისა და ბოლოს ომის სახითაც კი გამოვლინდეს. ჩვენ ვერ ვიქნებით მომთმენნი, როდესაც გვიგინებენ სარწმუნოებას, ოჯახს, ღირსებასა და ქვეყანას.

   სათქმელს დავასრულებთ პავლე მოციქულის ბოლო ჟამის განმარტებითი ეპისტოლის ყურადსაღები სიტყვით: „რამეთუ რაჟამს თქუან: „მშვიდობა და კრძალულება", მაშინ მეყსეულად მოიწიოს მათ ზედა მომსრველი, ვითარცა სალმობაჲ შობადისა, და ვერ განერნენ." (თეს. 5. 3).

   ვინ იტყვის ბოლო ჟამს „მშვიდობა და კრძალულება" მსოფლიოს? ანტიქრისტეს წინამორბედნი გამალებით ცდილობენ „მშვიდობისა და პროგრესის" სახელით განახორციელონ ერთიანი გლობალური პროგრამა, რომლის მიხედვით ყველა ქვეყანა ერთი მმართველობის ქვეშ უნდა გაერთიანდეს; სადაც საერთო ფინანსები, ჯარი, კანონები, რელიგია და კულტურა ექნებათ; სადაც სახელმწიფოებრივი, ნაციონალური, ტრადიციული რელიგიური ცხოვრება ბუტაფორიად იქცევა; სადაც ამ კოსმოპოლიტურ „მშვიდობას" მოჰყვება ანტიქრისტეს გამეფება. ეს გზა, წმ. მამათა თქმით, გაუთავებელი კომპრომისების გზაა.

   მართლმადიდებელი ქრისტიანის მოვალეობაა დაიცვას ჭეშმარიტი სწავლება, თავისი იდეალები, ფასეულობები. ჩვენთვის მიუღებელია ყოველგვარი მშვიდობა, ის აუცილებლად ქრისტესმიერი მშვიდობის სულით უნდა იყოს გაჯერებული.

 

 

 

 

1წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი). მისიონერული წერილები. თბ. 2005. გვ. 19-20.

2Св. Григорий Богослов. Слово о Мире. Т1. გვ. 237.

 

 

მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ   

 

 

 

 


უკან დაბრუნება