მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 29 ნოემბერი (ახ. სტ.) - ხსენება წმიდა მოციქულისა მათე მახარებელისა (+60)

29 ნოემბერი (ახ. სტ.) - ხსენება წმიდა მოციქულისა მათე მახარებელისა (+60)


29-11-2024, 09:47

 

 
   29 ნოემბერს, ეკლესია მათე მახარებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოციქული და მახარებელი მათე, ძე ალფესი, თორმეტ მოციქულთაგანი, წარმოშობით გალილეის ქალაქ კაპერნაუმიდან იყო. 
  მათე მოციქული სახარების პირველი წიგნის ავტორია. გადმოცემით ცნობილია, რომ მან სახარება უფლის ზეცად ამაღლებიდან 8 წლის შემდეგ დაწერა (დასრულებულია დაახლოებით 41 წელს ქრისტეს შობიდან). მათეს სახარება დაწერილია ებრაული ენის ასირიულ-ქალდეურ, ანუ არამეულ დიალექტზე, რომელიც მაშინ საერთო-სახალხო ენას წარმოადგენდა მთელ პალესტინაში. პირვანდელი სახით არამეულად დაწერილი ჩვენამდე მოღწეული არ არის, არამედ გვაქვს ბერძნული თარგმანი. 
  სახარებიდან ცნობილია, რომ მათე იყო მეზვერე ანუ გადასახადების - ბაჟის ამკრეფი იყო. სულთმოფენობის შემდეგ მათე მოციქულმა 15 წელიწადს იქადაგა იერუსალიმში, შემდეგ წავიდა მაკედონიაში, სირიაში, სპარსეთში, პართიაში, მიდიაში და ბოლოს ეთიოპიაში. 
   60 წელს ქრისტეშობიდან წმინდა მოციქულმა თავისი მოღვაწეობა ეთიოპიაში დაასრულა. ეთიოპიის ქალაქ მირმენში ააშენა ტაძარი და ეპისკოპოსად თავისი მეგზური პლატონი დაადგინა. ერთხელაც ლოცვაში მყოფმა მოციქულმა იხილა უფალი ჭაბუკის სახით, რომელმაც გადასა კვერთხი და უთხრა: "დაასე ეს კვერთხი ტაძრის კარიბჭესთან, გაიზრდება ხე, რომელიც მრავალ კეთილ ნაყოფს გამოიღებს, ხოლო მისი ფესვებიდან გამოედინება წყარო. ამ წყაროს დამლევი და ნაყოფის მიმღები ეთიოპიელები კი გახდებიან თვინიერნი და მორჩილნიო". 
   მოციქულმა აიღო კვერთხი და გაემართა ტაძრისაკენ, რომელსაც გზად ეშმაკისგან შეპყრობილი მმართველ ფულბიანეს ცოლ-შვილი შეხვდა. მოციქულმა გაათავისუფლა იგი ეშმაკის ტყვეობისგან. ამის შემხედვარე ხალხი გაოცდა და ადიდებდა ჭეშმარიტ ღმერთს. ფილვიანეს არ სურდა, რომ მისი ხალხი ქრისტიანი ყოფილიყო, არამედ უნდოდა, ყოფილიყვნენ კერპთმსახურები. ამიტომ მოციქული ჯადოქრობაში დაადანაშაულა და ბრძანა მისი მოკვდინება. წარმართებმა მოციქული პირაღმა დააწვინეს, დააყარეს თივა და სცადეს მისი დაწვა, მაგრამ იგი არ დაიწვა, უვნებლად გადარჩა. გაცოფებულმა ფულბიანემ ბრძანა თივის დამატება, ზედ ზეთი გადაასხეს და ირგვლივ კი 12 კერპი დაუყენეს. აგიზგიზებულმა კოცონმა თორმეტივე კერპი დაადნო. შეშინებულმა ფულბიანემ მოციქულს შენდობა სთხოვა. 
   მიუხედავად ამისა, მოციქულმა მაინც მიაბარა ღმერთს სული. ამის მომსწრე ბევრი ურჯულო მოექცა. ფულბიანემ შეინანა, მაგრამ ეჭვები მაინც ღრღნიდა და ბრძანა, რომ თუ მათე მართლაც ღმერთის მოციქული იყო, მას არა მარტო ცეცხლის, არამედ წყლისაც არ უნდა შეშინებოდა. ამიტომ მოციქულის წმინდა სხეული ჩაასვენეს რკინის კიდობანში და ჩაუშვეს ზღვაში. იმ ღამესვე წმინდა მოციქული მათე გამოეცხადა თავის მოწაფე პლატონს და უთხრა, რომ მისულიყო ზღვის ნაპირას და აეღო მისი ნაწილები. ზღვის ნაპირზე პლატონთან ერთად ფულბიანეც გამოცხადდა. მათ ერთად აიღეს მოციქულის ნეშტი და გადააბრძანეს მოციქულის აშენებულ ტაძარში, სადაც ფულბიანე მოინათლა მათეს სახელით. შემდგომში ფულ-ბიანემ, აწ უკვე მათემ, გააგრძელა მოციქულ მათეს მიერ დაწყებული საქმე ეთიოპიაში. 
   ცნობილია, რომ მოციქულ მათეს წმინდა ნაწილები იტალიის ქალაქ სალერნოში X საუკუნეში გადაასვენეს.
 
 
Xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება