მთავარი > თანამედროვე მამები, მარხვა, მთავარი გვედის ფოტო > მარხვა
მარხვა28-11-2013, 00:03 |
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა! ჩვენთან არს ღმერთი! დღეს იწყება შობის მარხვა. გილოცავთ ამ დიდებულ დღეს. მარხვა არის დიდი ძალა და ღმერთმა მშვიდობიანი შობა ახალი წელი გაგვითენოს! მარხვის მნიშვნელობა სახარებაში დამოწმებულია თავად მაცხოვრის სიტყვებით, რომელიც ბრძანებს, რომ ეშმაკი ლოცვითა და მარხვით განიდევნება. ამიტომაც მართებს ყოველ ჩვენგანს მარხვა და ლოცვა, რათა უფლის შეწევნით ვძლიოთ ბოროტს. ფსალმუნში ვკითხულობთ: ,,წყალობაი შენი, უფალი, თანამავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა’’. თუკი მადლი და წყალობა ღვთისა აკლია ან არ აქვს ადამიანს, იგი არ არის ბედნიერი. ეს კი იმიტომ ხდება, რომ იგი არ არის მზად, მიიღოს ეს წყალობა ღვთისა. ბედნიერია ადამიანი, თუკი იგი ახლოსაა ღმერთთან, ყოველ დღე ლოცულობს და აქვს სულიერი შეხვედრა უფალთან. ეს კავშირი აუცილებელია ადამიანისათვის და ეს ხდება ლოცვის საშუალებით; მაგრამ ადამიანის გული, მისი გონება, მუდამ უნდა ლოცულობდეს. ჩვენ უნდა ვლოცულობდეთ სახლშიც, გზაშიც, სამსახურშიც, დასვენებს დროს - ყველგან და ყოველთვის. არასოდეს უნდა გაწყდეს კავშირი უფალსა და ადამიანს შორის. არ უნდა მოხდეს ისე, რომ ადამიანმა, გავა თუ არა ეკლესიიდან, მაშინვე დაივიწყოს ყოველივე სულიერი, კვლავ ჩაეფლოს ყოველდღიურ ცხოვრებაში და ისევ ჩაიძიროს თავის ვნებებსა და ცოდვებში. ადამიანი ყოველდღე უნდა სთხოვდეს უფალს, რომ წყალობა ღვთისა თანამავალ ეყოს მას. ღმერთმა მოგვცა ჩვენ თავისუფალი ნება და ჩვენ თავად უნდა ავირჩიოთ ის გზა, რომელიც უფლისკენ მიდის. უფალი ბრძანებს: ,,მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე". ეს არის უფლის გზა, ეს არის გზა ბედნიერებისაკენ. უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დალოცვას. სასულიერო პირის დალოცვა ღვთის ლოცვა - კურთხევაა. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლის დალოცვას. ყოველი თქვენგანი ყოველდღე უნდა მივიდეს მშობლებთან, დაიჩოქოს და დალოცვა სთხოვოს და ბედნიერი იქნებით. როცა დაგლოცავთ დედა და მამა, ხელზე ემთხვიეთ მათ. და საერთოდ, მინდა ვისაუბრო ხელზე მთხვევაზე. როცა ხელზე ემთხვევით მოძღვარს, ამით თქვენ მას კი არ მიაგებთ პატივს, არამედ ღებულობთ მადლსა და ძალას ღვთისაგან. მოძღვრის ხელი განასახიერებს ღვთის მაკურთხებელ მარჯვენას, იგი არის დიდი მადლის მქონე და ამგვარი ქმედებით მადლი ღვთისა თქვენზე გადმოდის. დღეს განსაკუთრებით გვჭირდება ღვთის მადლი, რომელიც დაიცავს, დაიფარავს და გაამთლიანებს სრულიად საქართველოს; დაიცავს ყოველ ადამიანს, მკვიდრსა საქართველოისა და საზღვრებს გარეთ მყოფს. ღმერთმა მოგვცეს თავმდაბლობა, განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩვენისა! ღმერთმა მოგვცეს სიყვარული და სასოება, იმედი ღვთისა და ადამიანისა! ღმერთმა მოგვცეს სიყვარული ღვთისა და სიყვარული მოყვასისა! ღმერთმა დალოცოს ჩვენი ოჯახები, ჩვენი შვილები! ღმერთმა გაამრავლოს საქართველო და ქართველი ერი! ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო, სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ! ჩვენთან არს ღმერთი!
საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი ილია II
უკან დაბრუნება |