მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ვნებები - მშვიდობის მტრები (ამპარტავნება)
ვნებები - მშვიდობის მტრები (ამპარტავნება)24-11-2013, 06:59 |
ქრისტე
ღმერთი აძლევს ეკლესიას თავის მშვიდობას, მაგრამ ხშირად ჩვენ არ ვართ ამ მადლის
მიღების ღირსნი. წმ. იოანე ოქროპირის თქმ-ით, „ვით მდინარე დუნაი იყინება ზამთარში,
ასევე იყინება ჩვენი სუ-ლიც - ის უხეშდება, ქვავდება, სიცივესა და სიკვდილის შიშს
ავრცელებს. ამის შედეგად ადამიანი იწყებს დემონურ აქტიურობას - მტრობას, კამათს,
შურსა და ცილისწამებას". სულში ამგვარი ვნებების აღძვრაზე საუბრობს წმ. გრიგოლ
ნოსელიც: „არა აქვთ ერთმანეთის ხილვის სურვილი, ერთმანეთისთვის სიძულვილს,
სისასტიკეს, უგუნურ სიტყვებს არ იშურებენ. მეტიც: შურთ ერთმანეთის და ეპირფერებიან
ერთმანეთს. აშკარაა მზაობა - მოისმინონ მოყვასზე ცილისწამება.
ამგვარად უარვყავით ჩვენ ღვთის მადლი და საპირისპირო ცხოვრების წესი ავირჩიეთ, რაკი მოყვასი მოვიძულეთ, რაკი შეგვშურდა მისი, ვაწყენინეთ, პირფერული სიყვარული ვაჩვენეთ; მშვიდად ვიყავით ქრისტეს, ქრისტეში კი მოყვასის ვნების დროს. ეს პირველი ომია. ის იწყება მაშინ, როდესაც ვზრუნავთ მხოლოდ გარეგნულზე და არა იმაზე, რაც ხდება ჩვენი გულის სიღრმეში". ამრიგად, წმიდა მამათა აზრით, ჭეშმარიტი შინაგანი, სულიერი მშვიდობის მოპოვებისთვის საჭიროა ისეთ ვნებებთან ბრძოლა, როგორიცაა: მრისხანება, შური, პირფერობა, ცილისწამება, ამპარტავნება და მისთ. წმიდა მამები ამბობენ, რომ ყველა ცოდვის დედა ამპარტავნებაა. სწორედ ის იწვევს ყველაზე ძლიერ სულის გაცივებას. ამიტომ, მშვიდობის მტრებზე საუბარი სწორედ ამპარტავნების ცოდვით დავიწყოთ.
ამპარტავნება. ამპარტავნება უკიდურესი ინდივიდუალიზმია, რომლის გამო ადამიანი ქმნილებათა ცენტრად მიიჩნევს თავს. ამპარტავანი ცდილობს თავისი აზრები მოახვიოს მოყვასს, ყველაფერში თავი გაიმართლოს. იგი საერთოდ ვერ ხედავს ვერანაირ ნაკლს საკუთარ თავში. ამგვარი თვითგანდიდების შედეგად ადამიანებს ეწყებათ სულიერი სტრესი, შიში, გაბოროტება და გამუდმებული შინაგანი ბრძოლა. უფრო ვრცლად და საფუძვლიანად ამპარტავნების მწარე ნაყოფის შესახებ წმ. მღვდელმთავარი ტიხონ ზადონელი განგვიმარტავს. აი, რა ირკვევა: ა) ამპარტავანი კაცი ყოველი ხერხით ეძებს პატივს, დიდებას და ქებას. მას ყოველთვის სურს რაიმე ასწავლოს და მიუთითოს სხვას, იბრძანებლოს, იუფროსოს. ვინც მის სურვილს ეწინააღმდეგება, იგი ურისხდება და ემტერება. ბ) პატივისა და უფროსობის დაკარგვისას ის დრტვინავს, შფოთავს და გმობს ბედს: როდის შევცოდე? რა დავაშავე? ნუთუ ამის ღირსია ჩემი შრომა და დამსახურება? ხშირად ასეთი კაცი თავს იკლავს. გ) იწყებს საკუთარ შესაძლებლობებზე აღმატებულ საქმეებს, რომელთა აღსრულება არ ძალუძს. ჰოი, კაცო! რატომ იდგამ უღელს, რომლის ზიდვაც არ შეგიძლია?! დ) სხვის საქმეებში თვითნებურად ერევა, ყველას სწავლება სწადია, თუმცა თავისი საქმეც არ იცის. ასე აბრმავებს კაცს ამპარტავნება. ე) ურცხვად აქებს და ადიდებს საკუთარ თავს: მე ესა და ეს საქმე გამიკეთებია, საზოგადოების წინაშე ასეთი და ასეთი დამსახურებები მაქვს... ჰოი, კაცო! დამსახურებებს რომ ითვლი, შენს ცოდვებზე რატომ არაფერს ამბობ? თუ მათი გაცხადებისა გრცხვენია, მაშ, თავის ქებისაც შეგრცხვეს. ვ) სხვა ადამიანებს შეურაცხყოფს და ამცირებს: ის ფრიდი კაცია, ის უვარგისია და ა. შ. ადამიანო! ის ისეთივეა როგორც შენ, ჩვენ ყველანი კაცნი ვართ. ის ცოდვილია, მაგრამ, ვფიქრობ, არ უარყოფ, რომ ეს სახელწოდება შენც გეკუთვნის. ზ) ხელისუფლებასა და მშობლებს არ ემორჩილება. ამპარტავანთ ფიცხელი და უდრეკი ბუნება აქვთ. მათი მუდმივი სურვილია, თავიანთი ნება დააწესონ და დაამტკიცონ. თ) რაც კი სიკეთე აქვს, საკუთარ თავს თავის მონდომებას, შრომასა და თავის გონებას მიაწერს და არა ღმერთს. ჰოი, კაცო! საკუთარი თავისგან რა შეიძლება გაგაჩნდეს, როცა დედის მუცლიდან შიშველი გამოხვედი? რა გვექნება თუკი არ მოგვცემს ღმერთი, წყარო ყოველივე კეთილისა? ი) მხილება და დარიგება არ უყვარს, თავი სუფთა ჰგონია, თუმცა მთლიანად გასვრილია. კ) წარუმატებლობის, დამცირების, განსაცდელისა და უბედურების დროს მოუთმენელია, შფოთავს, დრტვინავს და ხშირად ხვედრს გმობს კიდეც. ლ) სიტყვასა და საქმეში ზვაობასა და მედიდურებას ავლენს და ა. შ... შევიცნოთ, საყვარელნო, რომ ქრისტიანები ვართ, მშვიდი და გულით მდაბალი მორწმუნენი ქრისტესი. სასირცხვილოა ამპარტავნება მონებისა, როცა მათი უფალი მდაბალია. არაფერია ქრისტიანისათვის ისეთი შეუფერებელი და უღირსი, როგორც ამპარტავნება, და ისე არაფერი წარმოაჩენს ქრისტიანს, როგორც სიმდაბლე. სიმდაბლით შეიცნობა კაცი, რომ ჭეშმარიტი მოწაფეა მშვიდი და გულით მდაბალი ქრისტესი. თუ გვინდა დავამტკიცოთ, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები ვართ, ვისწავლოთ ქრისტესგან სიმდაბლე, როგორც თავად მოგვიწოდებს: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა". (მთ. 11, 29). ღრმად ჩავიბეჭდოთ ჩვენს მეხსიერებაში მოციქულის სიტყვები: „ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცეს მადლი". (იაკ. 4. 6). როგორც ვხედავთ, ამპარტავანს არ შეუძლია მშვიდობის დამყარება არც ღმერთთან, არც მოყვასთან და არც საკუთარ თავთან. ამბა პაფნუტი ამბობს: „მამები მხოლოდ ერთს მირჩევდნენ: სადაც არ უნდა წახვიდე, ნუ ოცნებობ საკუთარ ღირსებეზე და იქნები მშვიდი. ჭეშმარიტი თავმდაბლობაა, როდესაც საკუთარ თავს ღვთის ნებას მიანდობ, ხოლო სადაც თავმდაბლობაა, იქ ღვთაებრივი სიმშვიდეა."
მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ
უკან დაბრუნება |