მთავარი > საცდურები, ანტიქრისტე, მთავარი გვედის ფოტო > ანტიქრისტეს ცრუ სასწაულების შესახებ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ანტიქრისტეს ცრუ სასწაულების შესახებ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


25-06-2023, 00:00


 

 
 
"ჰყოფდენ სასწაულებსა დიდ-დიდსა და ნიშნებსა ვიდრე ცთუნებამდე, უკუეთუმცა ვითარ შეუძლეს, რჩეულთა მათცა" (მათ. 24,24).
 
 
    ჩვენ მიერ ზემოთ განხილული ცრუ სულიერების, ცრუ სასწაულების ფენომენს ჯერ არ უთქვამს ბოლო სიტყვა. კაცობრიობას მოელის თავის ისტორიაში უკანასკნელი განსაცდელის გადალახვა, რომლის შესახებაც წერს იოანე ღვთისმეტყველი. აპოკალიფსში საუბარია ანტიქრისტეს გამოჩენასა და მის მიერ აღსრულებულ ცრუ სასწაულებზე.
  წმინდა მამათა სწავლების თანახმად, ანტიქრისტე აქამდე არნახულ ცრუ სასწაულებსა და ნიშნებს აჩვენებს კაცობრიობას. იგი საამო შეგრძნებებით თავბრუს დაახვევს ადამიანებს. მათ გულებში დიდი ჯადოქრისადმი აღტაცებისა და მოწიწების გრძნობას დათესავს, გონებას კი გამაოგნებული სასწაულებით დაატყვევებს. ანტიქრისტე შეითავსებს დედამიწის ზურგზე არსებულ ყოველგვარ "ფარულ ცოდნას", რაც კი გაჭაჭანებულა ჯადოქრებისა და მოგვების, გრძნეულებისა და მისნების, მედიუმების, ფაკირებისა თუ შამანების სამყაროში. ეშმაკის მეშვეობით ანტიქრისტე ცრუ სასწაულების "ფეიერვერკებს" მოუწყობს კაცობრიობას. მას ხომ საამისოდ უზარმაზარი გამოცდილება გააჩნია! წმ. ანდრია კესარიელის სიტყვით, "დემონები ხშირად ქანდაკებებისა და გამოსახულებების, წყლისა და ხეების, აპოლონის ქანდაკებისა და სხვათა მეშვეობით ლაპარაკობენ; ვფიქრობ, მკვდარი სხეულების მეშვეობითაც, როგორც, მაგალითად, სიმონ მოგვმა მოციქული პეტრეს თანდასწრებით აჩვენა რომაელებს მკვდარი, რომელიც მოძრაობდა. მოციქულმა ამხილა იგი, აჩვენა, როგორ აღდგებოდნენ მკვდრები, რომელნიც თვითონაც აღადგინა".1
   წმინდა ეგნატე (ბრიანჩანინოვი) თავის თხზულებებში "სასწაულების შესახებ", წმ. ეფრემ ასურის სიტყვაზე დაყრდნობით, შესანიშნავად განგვიმარტავს ანტიქრისტეს ცრუსასწაულების ფენომენს, მათი წარმოშობის წყაროსა და დემონურ ხასიათს.
   "საშინელი უბედურებაა, როცა კაცი მოკლებულია ღმრთის ჭეშმარიტ ცნობას. მას ეშმაკის საქმე ღმრთისად ეჩვენება. ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ, როდესაც თვით ქრისტიანობა, სულიერი ცოდნა და განსჯის უნარი უკიდურესად დაეცემა, "აღდგნენ ქრისტემტყუარნი და ცრუწინასწარმეტყველნი და ჰყოფდნენ სასწაულებს დიდ-დიდსა და ნიშნებსა ვიდრე ცთუნებამდე, უკუეთუმცა შეუძლოს, რჩეულთა მათცა" (მათ, 24.24). ყველაზე მეტად თვით ანტიქრისტე გაირჯება, უხვად მიმოაბნევს სასწაულებს, რითაც მოხიბლავს და დააკმაყოფილებს უმეცრებსა და ხორციელ ზრახვას აყოლილთ. ანტიქრისტე მოუვლენს მათ ზეციურ სასწაულებს, ასე რომ სწყურიათ და ასე რომ ეძიებენ. წმ. პავლე მოციქული ამბობდა: "რომლისა  იგი მოსვლაც არს შეწევნითა ეშმაკისაითა, ყოვლითავე ძალითა და ნიშნებითა და სასწაულებითა ტყუილისათა, და ყოველივე საცთურისათა წარწყმედულთა მათ შორის. რამეთუ, ვინაითგან საყუარელი იგი ჭეშმარიტებისა არა შეიწყნარეს, რაითამცა ცხოვნდეს იგინი” (2 თეს. 2.9-10) უმეცარნი და ხორციელი ზრახვით შეპყრობილნი არც კი შეყოყმანდებიან, ისე მიიღებენ ამ სასწაულებს, რამეთუ ანტიქრისტეს სული მათ სულს დაენათესავება. თავიანთი საბრმავის გამო ისინი სატანის ძალას ღვთაებრივი ძალის უდიდეს გამოვლინებად აღიარებენ, გამოაცხადებენ და  განუსჯელად მიიღებენ ანტიქრისტეს (წმ. ეფრემ ასური, სიტყვა 106, ანტიქრისტეს შესახებ). ვაი რომ, მთავარს ვერ გულისხმაჰყოფენ კაცნი — სატანის სასწაულებს არავითარი კეთილი მიზანი არ გააჩნია, მისთვის უცხოა ჭეშმარიტება, ის ტყუის, ესაა თავიდან ბოლომდე რაღაც საზარელი, უბოროტესი, უაზრო სპექტაკლი, რომელსაც მიზნად დაუსახავს მაინცდამაინც გააოცოს, თავდავიწყებაში ჩააგდოს, მოხიბლოს, მოატყუოს ადამიანი, გაიტაცოს იგი ფუჭი, მდიდრული, სულელური ეფექტებით.
   გასაკვირი ის კი არაა, რომ ანტიქრისტეს სასწაულებს უყოყმანოდ და აღტაცებით მიეგებებიან ქრისტესაგან განდგომილნი, ჭეშმარიტების, ღმერთის მტრები. ისინი მზად არიან მიიღონ სატანის მოციქული ისედაც და იარაღი, მისი სწავლება, მათ უკვე სულიერი კავშირი აქვთ სატანასთან.
   გულისშემძვრელი და განსაცვიფრებელი ისაა, რომ ანტიქრისტეს სასწაულები თვით ღმერთის რჩეულებსაც კი აცთუნებს. ადამიანებზე ანტიქრისტეს ესოდენ ძლიერი გავლენა ემყარება მის ჯოჯოხეთურ მზაკვრობასა და ფარისევლობას (რითაც კარგად ინიღბება უსაშინელესი ბოროტება), მის მოუთოკავ და უტიფარ კადნიერებას, დაცემულ სულთაგან შემწეობას და ბოლოს, სასწაულთქმედების უნარს. ეს ცრუ სასწაულები მეტისმეტად შთამბეჭდავია. კაცის გონება უძლურია ანტიქრისტეს წარმოსადგენად, რამეთუ გული კაცისა, თუნდაც სიბილწით სავსე, ვერ დაიჯერებს, რომ ბოროტებას შეუძლია ასეთ ხარისხს მიაღწიოს...
   ანტიქრისტე კაცობრიობას უჩვენებს თეატრის მსგავს სანახაობას: გასაოცარ სასწაულებს, რომელსაც თანამედროვე მეცნიერება ვერ ახსნის; იგი ძრწოლას მოჰგვრის ადამიანებს ამ სასწაულებით, დააცხრობს უგუნურთა ცნობისმოყვარობასა და უმეცრებას, კაცობრივ სიამაყესა და დიდებისმოყვარებას; დააკმაყოფილებს ცრუმორწმუნეებს, გააოცებს განსწავლულებს. ყველა ადამიანი, ვინც თავისი დაცემული ბუნების ნათელსაა მინდობილი და უცხო-ექმნა ნათელს ღმრთისას, თაყვანსა სცემს ანტიქრისტეს მაცდურ ძალას (გამოცხ. 13.8). ანტიქრისტეს სასწაულები უფრო მეტად ჰაერში მოხდება, რადგან სწორედ ჰაერში ბატონობს სატანა (ეფეს. 2.2; 6,13). სასწაულები განსაკუთრებით მხედველობის არეზე მოქმედებენ, ხიბლავენ და ატყუებენ თვალს (სიკეთის მოყვარეობა; ნაწ. 1.) როდესაც წმ. იოანე ღმრთისმეტყველი თავის გამოცხადებაში აღწერს ქვეყნიერების აღსასრულის წინამორბედ მოვლენებს, ამბობს, რომ ანტიქრისტე "იქმს სასწაულთა დიდთა, და რათა ცეცხლი გარდამოხდეს ზეცით წინაშე კაცთა" (გამოც. 13.13). ამ ნიშანზე წმ. წერილი მიუთითებს, როგორც ანტიქრისტეს უდიდეს სასწაულზე. ესეც ჰაერში მოხდება და იქნება დიდებული, საშინელი სახილველი. ანტიქრისტეს სასწაულები დააგვირგვინებს მის მზაკვრულ საქმეებს. მათი გავლენით მრავალი კაცი სცემს თაყვანს ანტიქრისტეს. მის მოწინააღმდეგეებს განხეთქილების შემომტანებად, საყოველთაო წესრიგისა და კეთილდღეობის მტრებად გამოაცხადებენ აშკარა და ფარულ დევნას დაუწყებენ, ათასგვარ სასჯელსა და წამებას შეამთხვევენ. ქვეყნად გაიფანტება მრავალი ბოროტი სული. ისინი ხალხში საუკეთესო აზრებს დათესავენ ანტიქრისტეს შესახებ, საერთო აღტაცებასა და დაუძლეველ ლტოლვას გამოიწვევენ მისკენ. (ღირსი ეფრემ ასური, სიტყვა 106-ე)."
  ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ "იყო სასწაული მზესა შინა და მთვარესა და ვარსკვლავთა..." (ლუკ. 21.25) როგორ გავარჩიოთ ეს ნამდვილი ნიშნები ანტიქრისტეს ნიშნებისაგან? როგორ განვასხვავოთ, თუკი ანტიქრისტეც ახდენს სასწაულებს მზით, მთვარით, ვარსკვლავებითა და ჰაერით? ქრისტეს სასწაულები ჭეშმარიტნი იქნებიან და ამით განირჩევიან ანტიქრისტეს მაცთური სასწაულებისაგან. ანტიქრისტეს სასწაულებს მოახდენენ თვით ანტიქრისტე და მისი მოციქულები, ხოლო ქრისტეს სასწაულები, "მზესა შინა, მთვარესა და ვარსკვლავთა", ქრისტეს მეორედ მოსვლის მომასწავებელნი, თავისთავად, ყოველგვარი შუამავლის გარეშე მოგვევლინებიან. ციური მნათობნი შეასრულებენ თავიანთ დანიშნულებას, რომელიც მათ შემოქმედმა დააკისრა (შსქ. 1.14). ეს ერთხელ უკვე მოხდა ქრისტეს შობის ჟამს, როდესაც ვარსკვლავმა გზა უჩვენა მოგვებს (მთ. 2, 2) და მეორედ – ქრისტეს ჯვარცმისას, როდესაც მზე დაბნელდა შუადღისას (მთ. 27.45). წმ. მათე მახარებელი ამბობს, რომ ანტიქრისტეს მეფობის დასასრულს ქრისტეს მეორედ მოსვლის დრო დადგება. მასზე ისევ მნათობები მოასწავებენ: "მზე დაბნელდეს და მთვარემან არა გამოსცეს ნათელი თვისი, და ვარსკვლავნი დამოცვივენ ზეცით" (მათ. 24.29) ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი ამბობს, რომ ეს მნათობები თავთავის ადგილას დარჩებიან, მაგრამ ჩაქრებიან და კაცთა თვალისათვის უხილავნი გახდებიან, თითქოს მოსწყდნენო ცას, რადგან ქვეყანას გაანათებს ზეციური ნათელი, რომელიც უფლის დიდებით მოსვლას მიეგებება.
   ჭეშმარიტი სასწაულები უფლის ჭეშმარიტ ცნობას, უფლის მიერ მონიჭებული ცხონების დანახვას შეეწევა, ცრუ ნიშნები კი — ცოდვასა და მისგან გამომდინარე წარწყმედას. ანტიქრისტეს სასწაულების უმძიმესი შედეგი ის იქნება, რომ ბედკრული კაცობრიობა სატანის მოციქულს ღმერთად აღიარებს. ჭკუის სასწავლებელი, ნუგეშისმცემელი, მაცხონებელია კაცისათვის უფლის ჭეშმარიტი სასწაულები. უბრალონი არიან ისინი! იოლია მათი მეშვეობით ღმერთის შეცნობა! რაოდენი სახიერება, სიმდაბლე, შთამაგონებელი ძალაა მათში! ქრისტეს სასწაულების განხილვას მივყავართ ქრისტემდე, რომელიც თავად ღმერთია.2
 
 
 

1 "ანტიქრისტეს მოსვლის ნიშნები" საქ. საპატრ. 1996 გვ. 25.
2 წმ. ეგნატე (ბრიანჩანინოვი) "სასწაულების შესახებ" გვ. 406 - 433. 2001. Аскетическая проповедь. Т. 4.
 
 
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 
Xareba.net - ის რედაქცია

უკან დაბრუნება