მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ნარკომანიის სულიერი ასპექტი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ნარკომანიის სულიერი ასპექტი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


22-06-2022, 00:00

 

 

 

   XVII  საუკუნიდან ევროპაში აღმოსავლურ კულტურასთან ერთად აღმოსავლური ნარკოტიკული საშუალებებიც შევიდა. „ცივილიზებულმა სამყარომ" მშვენივრად გამოიყენა, ერთი მხრივ, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი, კერძოდ ქიმიური მეცნიერების მიღწევები, ხოლო მეორე მხრივ, აღმოსავლური მცენარეული ნივთიერებები და  სინთეტიკური ნარკოტიკი გამოიგონა. სამყაროში მასთან ერთად განახლებული სახით შეიჭრა ალქიმია.  იგი  ნივთიერებათა თვისებების შესწავლის გზით სამყაროს შეცნობას ისახავდა მიზნად.  უზარმაზარ პერსპექტივას უსახავდნენ მას მიმდევრები. ალქიმიკოსები ადამიანებს ჰპირდებოდნენ უკვდავებას, სხვადასხვა ნივთიერების ოქროდ გადაქცევას, სამყაროზე, ადამიანებსა და მატერიაზე სულების ძალაუფლებას, ავადმყოფობების განკურნებას და ა.შ.
   მეცნიერებისა და ოკულტიზმის შერწყმამ დავიწყებული ალქიმიის „რენესანსი" გამოიწვია. ერთი შეხედვით, რა საერთო შეიძლება ჰქონდეს თანამედროვე მეცნიერებას ძველ მაგიასთან?   დაკვირვებული თვალი შეამჩნევს მათში საერთო სულისკვეთებასა და მიზანს - მიაღწიოს სრულყოფილებას ღვთის გარეშე, ქიმიური და ბუნებრივი ნივთიერებების შერწყმის მეშვეობით. თანამედროვე ქიმიამ თავისუფალი გასაქანი მისცა  ისეთ ნივთიერებათა გამოგონებას, რომელსაც ძველად ალქიმიკოსები ფარულად, ბნელ სარდაფებში ამუშავებდნენ, შემდეგ კი მაგიური წრეები აქტიურად იყენებდნენ. შედეგმაც არ დააყოვნა: დღეს მისტიური მაგისტერიუმი, მისი ოკულტური სიბრძნე მილიონობით ადამიანს იზიდავს. იგი ეზოტერიკოსებს არაამქვეყნიურ ნეტარებას, მწერლების ნაწილს შედევრების თხზვას,  ზოგიერთ კომპოზიტორსა და მუსიკოსს ჯადოსნური მელოდიების შექმნას, ფილოსოფოსებსა და მეცნიერებს სამყაროში ახალი კონცეფციების აღმოჩენას, რელიგიურ და პოლიტიკურ ლიდერებს „ღვთაებრივ ჭეშმარიტებათა" შთაგონებას ჰპირდება.
   პირველი ცნობილი ალქიმიკოსი, რომელმაც ოპიუმზე ექსპერიმენტები განახორციელა, შვეიცარიელი ფილიპე პარაცელსი გახლდათ. მან შეადგინა ოპიუმზე დამზადებული პრეპარატი „ლაუდანუმ პარაცელსი", რომელსაც „უკვდავების ქვა" უწოდა.
   1805 წ. ფრანგმა ქიმიკოსმა ზესტურნერმა გამოჰყო ოპიუმიდან ერთი ნივთიერება, რომელსაც ბერძნული სიზმრის ღმერთის სახელი მორფეა - „მორფინი" უწოდა. 
   ოპიუმი და მორფინი, როგორც შთაგონების წყარო, ფართოდ გამოიყენებოდა ინგლისისა და საფრანგეთის ელიტურ წრეებში. მაგალითად, მწერალი და პოეტი მარკის დე გუატა ძალიან აქებდა ნარკოტიკებს. მისთვის ეს იყო საუკეთესო მაგიური საშუალება, რომელიც მიწიერიდან ამაღლებასა და მისტიური სფეროს გამოკვლევაში ეხმარებოდა. ცნობილია, რომ ეს ექსპერიმენტები მან თვითმკვლელობით დაასრულა.
   ნარკოტიკების ფართოდ გამოყენებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ცნობილი ოკულტისტი თეოსოფი ელენე ბლავაცკაია. მის წიგნებსა და ლექციებში წახალისებული იყო როგორც ოკულტურ-მედიუმური „აღმოსავლური სიბრძნე", ისე ნარკოტიკების გამოყენების პრაქტიკა. თავის ერთ-ერთ წიგნში ბლავაცკაია წერდა: „მცენარეები დიდი დოზით შეიცავენ მისტიურ თვისებებს. მათი საშუალებით მიიღწევა ხილვები და სულების გამოძახება. ეს, ჰაშიშსა და ოპიუმს თუ არ ჩავთვლით, დაკარგულია, უცნობია ევროპელი მეცნიერებისთვის."
   როგორც ჩანს, თავად ე. ბლავაცკაიასთვის, ხოლო შემდეგში მის მემკვიდრეთათვის – ანი ბეზანტისა და ჩარლზ ლედიტერისათვის, ეს საიდუმლოებები ცნობილი იყო. მათ მიერ დაარსებულ ოკულტურ სკოლაში ნორჩ აღსაზრდელებს სხვადასხვა ნარკოტიკულ სასმელს აძლევდნენ მედიუმური უნარების განვითარებისათვის.
   1853 წელს ედინბურგელმა ექიმმა ა. ბუდმა ინექცია (კანქვეშ ნემსის შეშხაპუნება) გამოიგონა. თანამედროვე მედიცინის ამ უმნიშვნელოვანესმა გამოგონებამ ნარკოტიკის ახალი ფორმით მიღებას დაუდო საფუძველი.
   1858 წელს ალბერტ ნიმანმა კოკის ფოთლებიდან ალკალოიდი კოკაინი გამოჰყო. შემდგომში ამ ნივთიერებას დიდი რეკლამა გაეწია, როგორც შესანიშნავ მატონიზირებელ საშუალებას. მისი გამოყენების მნიშვნელობაზე დიდი აღფრთოვანებით საუბრობდა ფსიქოანალიზის მამა ზიგმუნდ ფროიდი: „ის (კოკაინი-ავტ.) სულიერი სარგებლობისთვის, როგორც „სასწაულთმოქმედი წამალი", განსაკუთრებით დეპრესიის პერიოდში, უნდა გამოვიყენოთ. ამ წამლის მცირე დოზებმა აღმიტაცა ზეცად."
   XX საუკუნეში მეტად და მეტად გაიზარდა მცენარეული, ჰალუცინაციების მომგვრელი ნარკოტიკებისადმი (მარიხუანა, მესკალინე, ფსილოციბინე) ინტერესი.
   შედეგად, ნარკოტიკების გამოყენებამ უძლიერესი ზემოქმედება მოახდინა მეცნიერების, კულტურის, რელიგიის, პოლიტიკის სხვადასხვა სფეროებზე - თითოეულს ოკულტური სულისკვეთების დაღი დაასვა.
   ნარკოტიკებს, როგორც „მტერზე ზემოქმედების" მძლავრ საშუალებას, პოლიტიკური ლიდერებიც იყენებდნენ. ცნობილია, რომ ადოლფ ჰიტლერი ახალგაზრდობიდანვე ეტანებოდა მას. ფიურერის ბავშვობის მეგობარი ვალტერ შტაინი იხსენებდა: „ჰიტლერი ოცი წლიდან ნარკოტიკული მისტიციზმის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა. ამის მეშვეობით იგი უმაღლესი საიდუმლოებების შეცნობას ლამობდა." ჰიტლერი იხსენებდა ალპებში მოგზაურობას ვალგალის სულებთან დასაკავშირებლად. ასევე ცნობილია ნაცისტების კავშირი ტიბეტის საიდუმლო ბუდისტურ საზოგადოებებთან.
   აღვნიშნავთ ერთსაც: ფსიქოაქტიური ნივთიერებები აქტიურად გამოიყენებოდა ომების პერიოდშიც.  XX საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან, შეიძლება თამამად ითქვას, რომ საზოგადოებაზე ნარკოტიკების ზეგავლენამ ეპიდემიური ხასიათი მიიღო. ნარკოტიკს, როგორც წამახალისებელ, მასტიმულირებელ, მუზის თუ იდეების მომგვრელ საშუალებას, საზოგადოების სხვადასხვა ფენის, ასაკისა თუ სქესის წარმომადგენლები იყენებდნენ. სიამოვნება და „სულიერი" ზემოქმედება ცხოვრების არსად, ჭეშმარიტ სასწაულად მიიჩნეოდა. ამან დემონური ხასიათით განმსჭვალა ფსევდო კულტურა, ფილოსოფია თუ სხვა სფეროები.
   ნარკომანიის სულიერი ასპექტების ძირითადი კონტურები ვგონებ, მოვხაზეთ. ის აშკარად დემონური ხასიათის მოვლენაა.  არაფერს ვამბობთ მის სხვა უარყოფით, მავნებელ მხარეებზე.
   გვინდა  ვაცნობოთ მკითხველს, რომ დემონები ამ კუთხითაც ცდილობენ ადამიანი ილუზიების, ცრუ სასწაულების სამყაროში ამყოფონ. ეს ეშმაკისეული ხიბლის მორიგი სახეობა გახლავთ.(გაგრძელება...)   
 
                                         
 

1 გამოყენებული ჟურნალი „Праваславния  Беседа"  2002 (3). „Духовные  основы наркомании". Н. Никонов. გვ. 47.
 
 
 
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 
Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება