მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > შენც ასე უნდა მოიქცე, ქრისტიანო ქალო!

შენც ასე უნდა მოიქცე, ქრისტიანო ქალო!


3-11-2013, 00:09
შენც ასე უნდა მოიქცე, ქრისტიანო ქალო!

   კეთილგონიერი და ღვთისმოყვარე ქალი განანათლებს და მოაქცევს გარშემო მყოფებს. იგი მოაქცევს და განამტკიცებს სათნოებაში მის ახლობლებს. ამის დასტურად ერთ კარგ მაგალითს მოგითხრობთ: ჩვენ ყველამ ვიცით, რაოდენ დიდი მნათობი იყო მღვდელმთავარი გრიგოლ ნაზიანზელი, ღვთისმეტყველად წოდებული. ამ წმიდა მწყემსმთავრის დედა იყო სათნო და პატიოსანი ქრისტიანი. მისი მამა ადრე იყო კერპთმსახური, რომელსაც ძალიან სძულდა ქრისტიანები. ძალიან ეცადა და გონიერება გამოიყენა ამ კეთილმა ქალმა თავისი მეუღლის მოსაქცევად: ,,არ დასცხრებოდა იგი დღე და ღამე ვედრებად და მხილებად მისა’’. მოფერებით, საყვედურით და მრისხანებით მოაქცია, გააქრისტიანა იგი. პირველ საუკუნეებში ბევრი იყო ასეთი ქალი. ბევრმა განათლებულმა და კეთილგონიერმა ქალმა თავისი ხასიათით და ყოფაქცევით მოაქცია და აცხოვნა თავისი მეუღლე, ძმები, შვილები, ნათესავები. შენც ასე უნდა მოიქცე, ქრისტიანო ქალო! როდესაც ხედავ რომელიმე ცუდ ჩვეულებას ანუ  ყოფაქცევას შენი მეუღლის, ან შვილის, ან ახლობლის, უნდა ეცადო და მოაქციო იგი. ცნობილია, რომ ჩვენს ქალაქში ზოგიერთი ოჯახის პატრონი თამაშობს ქაღალდს და ბევრ ფულს აგებს. სამარცხვინოა შენთვის, ჰოი, ქრისტიანო ქალო, თუკი შენი მეუღლე აგებს ქონებას, რომელიც შენ და შენმა შვილებმა უნდა მოიხმაროთ! როგორ უნდა მისცე ნება, რომ მან ქაღალდი ითამაშოს? რასაკვირველია, შენს მეუღლეს უყვარხარ, ამიტომაც შენც შეგიძლია მასზე ზეგავლენა. ისარგებლე ამით, რათა მოაქციო იგი ცუდი ჩვეულებისაგან და ასე კეთილად აღასრულო ის დიდი დანიშნულება, რომელიც მოგცა შენ ქრისტემ. ამინ.

                                                                             

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი 


უკან დაბრუნება