მთავარი > მნიშვნელოვანი თემები > კომპრომისის გამოვლინებანი ღვთისმეტყველებაში (ნაწილი II)

კომპრომისის გამოვლინებანი ღვთისმეტყველებაში (ნაწილი II)


2-11-2013, 00:09

 

კომპრომისის გამოვლინებანი ღვთისმეტყველებაში (ნაწილი II)

 

კათოლიკური პრობაბელიზმი 

 

   განსხვავებული ვითარებაა დასავლურ ღვთისმეტყველებაში. ე. წ. ვალდებულებათა შეჯახებისას ადამიანების დახმარების სურვილმა ჩამოაყალიბა კაზუისტიკური ხედვა. მისი ამოცანა იყო გადაეწყვიტა რთული და ჩახლართული საკითხები სინდისთან დაკავშირებულ ზნეობრივ ვალდებულებათა შესრულებისას. რომაულ - კათოლიკურ ეკლესიაში ეს დებულება განსაკუთრებული გულმოდგინებით არის შემუშავებული. მოგეხსენებათ, კათოლიციზმი გარეგნულ მოქმედებას უფრო დიდ უპირატესობას ანიჭებს, ვიდრე შინაგანს. შედეგად, კაზუისტიკამ მორალურზე მეტად იურიდიული ხასიათი მიიღო. კაზუისტიკა, აგრეთვე, პროტესტანტმა მორალისტებმაც შეიმუშავეს.

   კაზუისტიკური სწავლების გულმხურვალე დამცველები არიან იეზუიტები*. მათი მსოფლმხედვის თანახმად ნებისმიერი საშუალება, გნებავთ ცოდვის შემცველი, მისაღებია მიზნის მისაღწევად. ასე ააღორძინა იეზუიტთა დოქტრინამ მაკიაველისებური - „მიზანი ამართლებს საშუალებას". XVI ს - ის ბოლოდან კაზუისტიკაში ძლიერდება მისი ყველაზე სახიფათო მიმართულება - პრობაბელიზმი. ეს შეხედულება XVII ასწლეულიდან იეზუიტური ორდენის ძირითადი სწავლება შეიქმნა. მისი ყველაზე გამოჩენილი დამცველი იყო იტალიელი მორალისტიეზუიტი ალფონს ლიგუორი (1696 – 1785 წ.). კაზუისტიკური მორალით ადამიანის შეხედულებათა შეფასების საზომი გარეგანი მოღვაწეობაა. ეს აშკარად ეწინააღმდეგება ქრისტიანულ სულს. პრობაბელიზმში ყოველივე ზემოთქმულს ფართო გასაქანი მიეცა. მაგალითად, ა. ლიგუორი ასწავლის: სიტყვები და გამონათქვამები შეგვიძლია სულ სხვა მნიშვნელობით გამოვიყენოთ, ვიდრე ამას ოპონენტი გულისხმობს. საამისოდ საჭიროა ისეთი სიტყვები და გამონათქვამები შევარჩიოთ, რომლებსაც ორგვარი შინაარსი გააჩნიათ. ამრიგად, ფრაზა His Liber est Petri შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ეს წიგნი ეკუთვნის პეტრეს და იმასაც, რომ ის მისი დაწერილია.

   „ჩვენ შეგვიძლია, ამბობს ლიგუარი, - გამოვიყენოთ მსგავსი ორაზროვნება, ვინაიდან ამ შემთხვევაში ჩვენ კი არ ვატყუილებთ მოყვასს, არამედ მხოლოდ ვუშვებთ აზრს, რომ ის მოტყუვდება; მეორე მხრივ ჩვენ ვალდებულნი არ ვართ გამოვიყენოთ სიტყვა იმ შინაარსით, რა შინაარსითაც გულისხმობს მას მოყვასი".1

   ამრიგად, პრობაბელიზმი ეწოდება მეთოდს, რომლის თანახმადაც საყოველთაოდ მიღებული ზნეობრივი ნორმის საწინააღმდეგო ქმედებისას, საკმარისია მხოლოდ ერთი ავტორიტეტული გამონათქვამი მიუთითო, რომ თავი გაიმართლო, საჭირო ციტატის მოძიება და საკუთარი მოსაზრების სასარგებლოდ გამოყენება არც თუ ისე რთულია.

   ამ მეთოდს კათოლიკები როგორც ყოფითი პრობლემების გადაჭრისას, ასევე საღვთისმეტყველო პოლემიკაშიც იყენებენ. მაგალითად: თუ ცოლმა უღალატა ქმარს, შემდეგ აღიარა თავისი ცოდვა მოძღვართან და შენდობა მიიღო, მაშინ შეუძლია უთხრას მეუღლეს, რომ ის უდანაშაულოა, რადგან იყენებს სიტყვას „უდანაშაულო" ასეთი მნიშვნელობით - ის უკვე განიწმინდა ცოდვისაგან აღსარების მეშვეობით და ა. შ.

   მას შემდეგ, რაც ა. ლიგუარე პაპმა გრიგორი XVIწმინდანად შერაცხა (1839 წ.), იეზუიტების პრობაბელისტური კაზუისტიკა მთელმა კათოლიკურმა ეკლესიამ საზეიმოდ მიიღო. სანამ პაპი არ იტყვის უარს თავის უცდომელობაზე, იეზუიტური პრობაბელიზმის პრინციპი კათოლიკურ სწავლებად დარჩება.

   ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით პრობაბელიზმს, როდესაც რეფორმატორების მიერ მართლმადიდებელ ეკლესიაში ამ მეთოდის გამოყენებას განვიხილავთ. მანამდე კი ამ საკითხთან მჭიდროდ დაკავშირებულ ერთ თეორიაზე ვისაუბრებთ. ეს გახლავთ ე. წ. ზნეობრივად არასავალდებულო, უმნიშვნელო, უსარგებლო შეხე-დულებად მიჩნეული აზრი.

 

 

 

*იეზუიტი (ლათ. Susus - იესო ქრისტე) - კათოლიკური ეკლესიის ყველაზე მეტად რეაქტიული ორდენის, ე. წ. იესოს საზოგადოების წევრი. გადატ. ფარისეველი, ვერაგი, ორპირი ადამიანი, რომლისაგანაც მოსალოდნელია ყოველგვარი სისაძაგლე. იეზუიტთა ორდენი შექმნა ეგნატე ლოილომ მე - 16 საუკუნეში.

1Нравственное Богословие. Прот. Н.Степлецкий. М. 2009. გვ. 327.

 

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება