მთავარი > მნიშვნელოვანი თემები > კომპრომისის გამოვლინებანი ღვთისმეტყველებაში (ნაწილი I)

კომპრომისის გამოვლინებანი ღვთისმეტყველებაში (ნაწილი I)


1-11-2013, 00:04

 კომპრომისის გამოვლინებანი ღვთისმეტყველებაში (ნაწილი I)   თვითგანდიდებით შეპყრობილ მრა-ვალ ადამიანს არ სურს გაწყვიტოს კავშირი ზნეობრივ ვალდებულებებსა და სინდისს შორის, სურს შექმნას კომპრომისი. ანუ: მას სურს ემსახუროს ორ უფალს (მთ. 6, 24) - ნაწილობრივ ზნეობრივი ვალდებულება უნდა შეასრულოს, ნაწილობრივ - საკუთარ მიდრეკილებებს აამოს. ასეთი ადამიანები მთელ ცხოვრებას სინდისსა და ცოდვას შორის შეთანხმებაში ატარებენ. შედეგად, სინდისის ხმა სულ უფრო ქვეითდება და იხშობა.

   თავდაპირველად ადამიანი ცდილობს დაარწმუნოს საკუთარი თავი, რომ ზნეობრივი კანონის მოთხოვნები ძალიან მძიმე შესასრულებელია ჩვეულებრივი მოკვდავისათვის. რაკი ზნეობრივი პრინციპების უგულებელყოფას ვერ ახერხებს, ანვითარებს აზრს, რომ არ უნდა შეუდგეს გადაჭარბებული იდეალური მოთხოვნების შესრულებას; საკმარისია საშუალო მდგომარეობის შენარჩუნება, როდესაც მცირე ცოდვაში ყოფნა მისაღებია. შემდეგ ადამიანი ითავისებს ცოდვისმიერ მოსაზრებას და ასკვნის, რომ არ არის აუცილებელი ცოდვასთან განშორება, ვინაიდან ზნეობრივი პრინციპები მოძველებული და უსარგებლო გადმონაშთია. სკეპტიციზმი*, რომლითაც ადამიანი ცდილობს გაექცეს სინდისის ქენჯნას, ნელ - ნელა დოგმატიზმში გადადის, ანუ იგი იზიარებს განსაზღვრებათა ისეთ სისტემას, რომელიც უარყოფს ზნეობრივ კანონს და მის ნაცვლად ფიზიკურ კანონს ცნობს. ზნეობრივი ვალდებულებები ინსტიქტებითა და ბუნებრივი მოთხოვნილებებით იცვლება; ცხოვრების არსი უფრო მეტი სიამოვნების მიღებით განისაზღვრება. ურთიერთდაპირისპირებული ცნებები - სიკეთე და ბოროტება იცვლება სასიამოვნო და უსიამოვნო, სასარგებლო და საზიანო ცნებებით. უმაღლესი ზნეობრივი პრინციპი ხდება: გიყვარდეს საკუთარი თავი ყველაზე მეტად, სხვა ყველაფერიც - მხოლოდ საკუთარი თავისთვის (მარტენსენი).

   ასეთი ადამიანები ხშირად იგონებენ თეორიებს, რათა თავისუფლად სცოდონ. ამგვარი შემართება არა უმეცრებისაგან, არამედ ადამიანის ცოდვისმიერი ნებისაგან მომდინარეობს (1 ტიმ. 1, 19). პავლე მოციქული აფრთხილებს მათ, ვინც უარყოფს ზნეობრივ კანონს: „ნუ სცთებით, ღმერთი არა შეურაცხ - იქმნების" (გალ. 6, 7). იმავე აზრს ავითარებს იოანე ღვთისმეტყველიც: „უკუეთუ ვთქვათ, ვითარმედ ცოდვაჲ არა გუაქუს, თავთა თვისთა ვაცთუნებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩუენ თანა" (1 იონ. 1, 8). გარდა ამისა, პავლე მოციქული გვასწავლის, რომ ცოდვისა გამო „მოუვლინოს მათ ღმერთმან შემწე საცთურებისა (ძლიერი საცთური - ავტ.) რაითა ჰრწმენეს მათ ტყუილისა" (მათეს. 2, 11)1.

   განსაკუთრებით რთული განსასჯელია ადამიანის ზნეობრივი ქმედება ე. წ. ვალდებულებათა შეჯახებისას, ანუ ისეთ ვითარებაში, როდესაც ერთი ვალდებულების შესრულებას იმავდროულად მოსდევს მეორე ვალდებულების შეუსრულებლობა. მორალისტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სინამდვილეში ამ დროს ვალდებულება და მიდრეკილება ეჯახება ერთმანეთს. მაგალითად, ვერცხლის-მოყვარე ხშირად ნიღბავს თავის ცოდვას ოჯახზე ზრუნვის ვალდებულებით; ქურდი თავს იმართლებს უსახსრობით და ა. შ.

   მართლმადიდებელი ღვთისმეტყველები ამგვარი ვითარების თავიდან ასაცილებლად გვირჩევენ, სახარებისეული კანონების მიხედვით დავალაგოთ ჩვენი ცხოვრება. ყველა ჩვენგანი უნდა ვზრუნავდეთ, რომ მოვიხვეჭოთ ქრისტიანული სიბრძნე და მისი მეშვეობით ზნეობრივი ცხოვრებაც. „და ნუ თანა ხატ ექმნებით სოფელსა ამას, არამედ შეიცვალენით განახლებითა მით გონებისა თქუენისათა" (რომ. 12, 2). ყველანი უნდა ვცდილობდეთ, რომ „გონებანი წურთილნი ჰქონედ განრჩევად კეთილისა და ბორო-ტისა" (ებრ. 5, 14).

   როდესაც ადამიანი ამგვარ ჩვევას მოიპოვებს, ნებისმიერ სიტუაციაში იპოვის სწორ გამოსავალს. მიზნის მისაღწევად თავად მიზანიც, საშუალებებიც და შედეგიც ერთნაირად წმიდა უნდა იყოს.

 

 

 

 

*სკეპტიციზმი - ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომელიც ობიექტური ჭეშმარიტების ცოდნის არსებობაში დაეჭვებას გამოხატავს. სკეპტიკოსებს დაეჭვება პრინციპად აქვთ მიჩნეული.

1Нравственное Богословие. Прот. Н.Степлецкий. М. 2009. გვ. 324.

 

 

მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ 

 

 

 


უკან დაბრუნება