მთავარი > კითხვა-პასუხი > კითხვა - პასუხი

კითხვა - პასუხი


26-10-2013, 00:02

კითხვა - პასუხი

 

 

 

   ნიკოლოზის შეკითხვა: მოძღვარო გთხოვთ განმარტოთ რა შინაარსობრივი განსხვავებაა ამ ორ ტერმინს შორის: „უფლისგან დაშვება" და „უფლის ნებელობა", იგივე უფლის ნება... ეს ტერმინები ერთი და იგივე აზრს გამოხატავს თუ სხვადასხვა ცნებებია?

   პასუხი: ადამიანის ცხოვრებაში მრავალი სასიხარულო და მწუხარების შემცველი ეპიზოდები ანაცვლებს ერთმანეთს. წმ. მამები უფლისაგან დაშვებად მიიჩნევენ ისეთ ცხოვრებისეულ ვითარებებს, როდესაც ადამიანის, ოჯახის, საზოგადოების თუ სახელმწიფოს გარკვეულ პერიოდში განსაცდელები ეწვევა. განსაცდელი სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ის პიროვნებისა თუ საზოგადოების გამოსწორებისა და განმტკიცები-სათვის არის დაშვებული. ეს განსაცდელებია: სნეულება, ახლობლის გარდაცვალება, ომები, უმუშევრობა და სხვა. 

   სასიხარულო თუ სხვა ცხოვრებისეული მოვლენების შემთხვევაში ჩვენ ვამბობთ, რომ ყოველივე ღვთის ნებით განხორციელდაო.

დაგლოცოთ ღმერთმა.

 

 

   თეკლას შეკითხვა: დამლოცეთ მამაო. როგორც ეკლესიური სწავლებიდან ვიცით, ძველი აღთქმის პერიოდში მართალი ადამიანებიც კი ხვდებოდნენ ჯოჯოხეთში, ოღონდ არაგეენიურ (არა - სატანჯველ) ადგილას, ანუ როგორც შემდგომ ეწოდა აბრაამის წიაღში. ხოლო ქრისტეს აღდგომის შემდეგ, სამოთხის კარი გაიღო კაცობრიობისათვის. ჩემი შეკითხვა შემდეგში მდგომარეობს: დღესდღეობით, ახალი აღთქმის პერიოდში, როდესაც ადამიანი გარდაიცვლება შესაძლებელია თუ არა ზემოხსენებული აბრაამის წიაღში მოხვდეს მისი სული? ხდება თუ არა დღესდღეობით, ქრისტეს აღდგომის შემდეგ არაგეენიურ ადგილას ადამიანთა სულების მოხვედრა, რა კატეგორიის ადამიანები შეიძლება მოხვდნენ არაგეენიურ ადგილას?

   პასუხი: აბრაამის წიაღი, როგორც ბრძანეთ ჯოჯოხეთში არსე-ბობდა. ეს იყო ადგილი, სადაც მართალნი ელოდნენ გამოსყიდვას უფლისაგან. ისინი არ იტანჯებოდნენ, მაგრამ არც ნეტარებაში იმყოფებოდნენ.

   ქრისტე ღმერთის განკაცებისა და აღდგომის შემდეგ, ამ მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდნენ ის პიროვნებები თუ ჩვილები, რომლებიც ვერ გახდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები, ანუ ვერ მოინათლნენ და ამავე დროს არ გააჩნდათ პირადი ცოდვა და სათნო ცხოვრებით ცხოვრობდნენ.

   წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, რომ „უნათლავი ჩვილები არც ნეტარებაში იქნებიან და არც სატანჯველში. მაგრამ თუ ადამიანი ღმერთთან ნეტარებაში არ იმყოფება, ეს უკვე გახლავთ ერთგვარი სატანჯველი. ანუ ეს ადგილი ჯოჯოხეთში არსებობს და არა სამოთ-ხეში".

ღმერთმა დაგლოცოთ.

 

 

   მურთაზის შეკითხვა: განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში ხშირად ხდება სასულიერო პირთა განკითხვა, განქიქება და აუგი სიტყვის თქმა ამა თუ იმ მოძღვარზე ზოგჯერ უსაფუძვლოდ და ზოგჯერ არგუმენტირებულად... მამაო, გთხოვთ განგვიმარტოთ, სასულიერო პირი, თუნდაც რაიმე უკეთურებაში იყოს შემჩნეული, მასზე ისევ გადმოდის სულიწმიდის მადლი? სად გადის ზღვარი მადლსა და უმადლობას შორის? მღვდლის ცოდვები ახდენენ თუ არა გავლენას მის ხელდასხმაზე?

   პასუხი: აქ რამოდენიმე შეკითხვაა.

   მოძღვრის განკითხვა ცოდვაა. ამის გამო ადამიანი ხშირად ამქვეყნადაც ისჯება. ამისი არა ერთი თვალნათელი მაგალითი არსებობს.

   სულიწმიდის მადლი წყვეტს მოქმედებას მოძღვარში მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ერეტიკული სწავლების გამზიარებელი და მქადაგებელი ხდება. შეიძლება სასულიერო პირს, როგორც ადამიანს, აქვს თავისი ნაკლი, თუგინდ მძიმე იყოს ის, წმ. სინოდის განჩინებამდე, მის მიერ შესრულებული ეკლესიის ყველა საიდუმლო ქმედითია.

   მოძღვრის ხელდასხმის დროს კომისიის მიერ გათვალიწინებული უნდა იყოს პიროვნების ცოდვის სიმძიმე.

 

 

   გიორგის შეკითხვა: დამლოცეთ მამა კონსტანტინე. მოძღვარო, რა განსხვავებაა განკითხვასა და მხილებას შორის, როგორ უნდა გაარჩიოს ადამიანმა განკითხვა მხილებისაგან? ზოგადად სად გადის ზღვარი მოყვასის განკითხვასა და მხილებას შორის? როგორ უნდა იგრძნოს ადამიანმა რა შემთხვევასთან აქვს საქმე?

   პასუხი: ადამიანი თუ კარგად დააკვირდება თავის თავს, შენიშნავს, სინდისი მიუთითებს მას განიკითხა თუ ამხილა მან კონკრეტული პიროვნება. განკითხვას თან ახლავს სიძულვილის სულის გამოვლინება: უსიყვარულობა, მრისხანება, ბილწსიტყვაობა თუ სხვა. ერთი სიტყვით ადამიანი მშფოთვარე მდგომარეობაში იმყოფება.

   მხილებას თავის წესი და რიგი გააჩნია.

   თუ ჩვენი შეგონება მოყვასის გამოსწორების მიზნით იქნება ნათქვამი, ე. ი. ადამიანი მშვიდად, სიყვარულით, თავმდაბლობით იტყვის სათქმელს, მაშინ ჩვენ მივიღებთ სასურველ შედეგს. მხილებას თავის თანმიმდევრობა გააჩნია. შერჩეულ უნდა იქნეს დრო, ადგილი თუ ვითარება საამისოდ. თავდაპირველად ცალკე უნდა ითქვას სათქმელი, ვინაიდან ხალხში ნათქვამი მოყვასის პატივმოყვარებაზე მოქმედებს და მხოლოდ უკუ რეაგირებას გამოიწვევს. შემდეგ, ორი ან სამ ადამიანთან ერთად, ხოლო თუ მაშინაც არ შეიგონა, საჯაროდ უნდა იქნეს მხილებული. როგორც ვთქვით დიდი სიყვარულით, თავმდაბლობით, პიროვნების დადე-ბითი თვისებების წარმოჩენით.

   შევეცადოთ ამ სახარებისეული სწავლების შესრულება და დავინახავთ, რომ არც თუ ისე იოლია ადამიანის მხილება.

ღმერთმა დაგლოცოთ!

 

 

 


 

 


 


უკან დაბრუნება