მთავარი > საცდურები, მაგია, მისნობა, ჯადოქრობა, მთავარი გვედის ფოტო > კოშმარების ინდუსტრია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

კოშმარების ინდუსტრია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


19-06-2023, 00:00

კოშმარების ინდუსტრია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

 

   გნებავთ ნამდვილი ჯადოქარი ნახოთ, არა გადატანითი, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით? არაა აუცილებელი ტყე-ღრეში ხეტიალი. საკმარისია ჩართოთ ტელევიზორი ან კომპიუტერი და იხილავთ ყველანაირი მოთხოვნა-გემოვნების ჯადოქრობას, დიდი რაოდენობითა და ფართო ასორტიმენტით. ზოგიერთი ტელეარხის მეშვეობით "ჯადოსნური მზერის საიდუმლოს" ჩაწვდებით. დანარჩენი კი გასწავლით, თუ როგორ დავჯაბნოთ მეტოქე, ან მეზობელი, როგორ მოვაჯადოვოთ სხვისი ცოლი თუ ქმარი, სხვა კი მომავალს "გიწინასწარმეტყველებთ" და ა.შ.
   მკითხველი ნუ იფიქრებს, ვხუმრობდეთ ან ვაჭარბებდეთ მოვლენათა შეფასებისას. ჯადოქრები სოციალურად ფლობენ "გასაიდუმლოებულ ცოდნას", დემონებთან ამყარებენ კავშირს და ამ გზით ახდენენ ე. წ. "სასწაულებს."    
   დღევანდელ ტექნოლოგიურ ეპოქაში ადამიანი მაგიას, მისტიკას ძირითადად კინოფილმებით ("ჰარი-პოტერი" - ავტ.), სატელევიზიო სანახაობებითა და კომპიუტერული თამაშებით ეცნობა. მუდამ უნდა გვახსოვდეს: მსგავსი ფილმებისა თუ გადაცემების ხილვით ადამიანი ნებსით თუ უნებლიეთ დემონურ ძალებთან შედის კონტაქტში. შედეგად, ადამიანის ცნობიერება რადიკალურად ნეგატიურისკენ იცვლება. მასობრივმა კულტურამ სიმბოლიკებისა და მხატვრული სახეების მეშვეობით "უსჯულოების საიდუმლოებანი" განავრცო. წინათ ეს მკაცრად გასაიდუმლოებული გახლდათ.
   მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ძალადობასა, მაგიასა და გარყვნილ თემატიკაზე აგებული ფილმები პირდაპირ მოქმედებს ადამიანის ქვეცნობიერზე. ნანახი სახეები, განცდილი ემოციური მუხტი, რიტუალები ისეთი გრძნობით აღავსებს მაყურებელს, რომ შემდგომში, შესაძლოა, ყოველივე წარმოუდგენელ მოქმედებებში გამოვლინდეს. ასეთი ფილმები ჯადოქრობის შესწავლის სურვილს აღუძრავს, უამრავი მანკიერებისკენ უბიძგებს ადამიანს, რაც ნამდვილად დანაშაულის პროპაგანდაა.
   ათასგვარი ოკულტური გადაცემა, საშინელებათა ჟანრის ფილმი, ვირტუალური თამაშობანი არა მარტო სანახაობრივად "გვატკბობს", არამედ პირდაპირ და უშუალოდ გვკარნახობს გრძნობათა მოზღვავების გარკვეულ შაბლონს, განსაზღვრულ ფსიქიკურ და სოციალურ  რეაქციას! ამ ტიპის ძალადობრივი მეთოდები ახალგაზრდებში აღვივებს ინტერესს, თანაგრძნობას, მეტიც - უნერგავს სიყვარულს ბნელი, სატანური ძალებისადმი!    
   ეკრანულმა ხელოვნებამ დიდი ხნის წინათ გადააბიჯა მორალურ ზღვარს. გადაცემების, კინოფილმების უმრავლესობა ძალადობასა და გარყვნილი ცხოვრების რიტმზე, ე.წ. "უსჯულოების საიდუმლოზეა" აგებული.
   მასობრივი კულტურა დღეს ღიად წარმოგვიდგა. იგი ჩვენი საუკუნის პათოლოგიაა, აშკარად თანაზიარი ბნელი ძალებისა, რომელიც ცდილობს საზოგადოების გადაგვარებას, რათა როგორმე ცრუ ფასეულობების, ცრუ სასწაულების მოტრფიალედ იქცეს კაცობრიობა. ამით საფუძველი ეყრება საზოგადოების შემზადებას ანტიქრისტეს ცრუ სასწაულებისათვის; ამ გზით ხომ საუკუნოდ წარიწყმიდება ადამიანის სული! (გაგრძელება...)
 
 
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 
Xareba.net - ის რედაქცია 



უკან დაბრუნება