მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 27 თებერვალი (ახ. სტ.) - ხსენება ღირსისა ილარიონ ქართველისა (ყანჩაველი), საკვირველთმოქმედისა, ახლისა (1864)

27 თებერვალი (ახ. სტ.) - ხსენება ღირსისა ილარიონ ქართველისა (ყანჩაველი), საკვირველთმოქმედისა, ახლისა (1864)


26-02-2021, 16:18

 

27 თებერვალი (ახ. სტ.) - ხსენება ღირსისა ილარიონ ქართველისა (ყანჩაველი), საკვირველთმოქმედისა, ახლისა (1864)

 

   ღირსი მამა ილარიონი კახელი აზნაურის შვილი იყო, დონაურთა გვარიდან. ექვსი წლის ყრმა სასწავლებლად ღირსეულ და ღმრთისმოყვარე ბერს მიაბარეს. ილარიონი განსაკუთრებული ნიჭიერებით გამოირჩეოდა. როცა მამამ იხილა შვილის გულმოდგინება და ღვთის სიყვარული, იქვე, სოფელში, ააშენა მონასტერი.

   თოთხმეტი წლის ილარიონმა გადაწყვიტა, განრიდებოდა მამის ზედმეტ ყურადღებას, დატოვა მონასტერი, გარეჯის უდაბნოს მიაშურა, ჰპოვა პატარა გამოქვაბული და იქ დაეყუდა.

   ილარიონი საოცარ მოღვაწეობას შეუდგა. „მარხვითა და მღჳძარებითა ჰასაკსა მას სიჭაბუკისასა და დააჭკნობდა, ლოცვითა და მარადის ღმრთისა ხედვითა უჴორცოთა მიემსგავსებოდა, ვიდრეღა წარემატებოდა მოღუაწებითა ყოველთავე მყოფთა მის ადგილისათა უდაბნოსა მას შინა, რამეთუ ყოველთავე უკჳრდა ეგეოდენი შრომაჲ მისი და მოთმინებაჲ".

   ახალგაზრდა მონაზონმა მეუდაბნოეთა სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. „აღეშენებოდეს ყოველნი იგი ძმანი სწავლითა მისითა და შეუვრდებოდეს მას, რათა იყოფებოდიან მის თანა". ასე დაემკვიდრნენ ღირს ილარიონთან „ათერთმეტნი ძმანი მოღუაწენი მშჳდნი და მდაბალნი".

   ანგელოზებრ მმარხველი და დაუცხრომლად მლოცველი ბერის ამბავი მთელმა ქართლმა და კახეთმა გაიგო. მის სანახავად, ლოცვა-კურთხევისა და რჩევა-დარიგების მისაღებად უამრავი ხალხი მიდიოდა. როდესაც მასთან მისულმა რუსთველმა ეპისკოპოსმა ფერმკრთა-ლი, თავმდაბალი, შეურაცხ სამოსელში ჩაცმული ბერი იხილა, მოწიწებით სთხოვა, მისი ხელიდან მიეღო მღვდლობის პატივი. მიწიერი დიდების უარმყოფელი ილარიონი ევედრებოდა მღვდელმთავარს, არ დაემძიმებინა იგი მღვდლობის პატივით, მაგრამ ბოლოს მაინც დაემორჩილა.

   კურთხევის შემდეგ ახალი დიდებით შეიმოსა ღირსი მამის სახელი. მან გადაწყვიტა, განრიდებოდა სამშობლოს, მონასტრის წინამძღვრად ერთი ძმათაგანი დატოვა, თვითონ კი იერუსალიმს გაემგზავრა წმიდა ადგილების მოსალოცად.

   გზაში ღირს ილარიონს ავაზაკები დაესხნენ თავს და მახვილები იშიშვლეს მის მოსაკვდინებლად. მოულოდნელად მათ ხელები გაუშეშდათ. შეშინებული და გაოცებული ავაზაკები მიხვდნენ, რომ ღვთის სასჯელი დაატყდათ თავს, ფეხებში ჩაუვარდნენ წმიდანს და შენდობა სთხოვეს.

   წმიდა მამამ ჯვარი გადასახა ავაზაკებს, განკურნა და მშვიდობით განუტევა. განკურნებულებმა კვლავ შენდობა ითხოვეს ღირსი მამისგან, ერთმა მათგანმა კი თაბორის მთამდე გააცილა წმიდანი.

   ილარიონმა მოილოცა იერუსალიმი, შემდეგ იორდანეს უდაბნოს მიაშურა და ერთ გამოქვაბულში დაეყუდა (გადმოცემით, ეს იყო ის გამოქვაბული, სადაც თავს აფარებდა წმიდა ელია თეზბიტელი (ხს. 20 ივლისს)). ერთ ღამეს მან ჩვენებით იხილა, თითქოს ზეთისხილის მთაზე, სადაც უფალი დიდებით ამაღლდა, თორმეტი კაცის თანხლებით მდგარი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წინაშე წარდგა და მარადის ქალწულმა უთხრა: „ჰოი, ილარიონ, წარვედ და მიისწრაფე სახედ შენდა და უმზადე სერი უფალსა და ძესა ჩემსა". გამოღვიძებულმა წმიდა ილარიონმა გულისხმაჰყო ჩვენება, მადლობა შესწირა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს და სამშობლოში გამოეშურა.

   საქართველოში დაბრუნებულ ღირს ილარიონს მამა და ძმები აღსრულებული დახვდა. დედამ მამის მთელი საგანძური შვილს გადასცა და უთხრა: „წარაგე ესე, შვილო, ვითარცა სათნო გიჩნს". ნეტარმა ილარიონმა დედათა მონასტერი ააშენა, შესწირა მას სოფლები და განუჩინა წესი, შემდეგ სამოცდათექვსმეტი ღირსი და მოღვაწე ბერი შეკრიბა და მამათა მონასტერიც ააგო, დანარჩენი ქონება კი გლახაკებს და უპოვრებს გაუნაწილა.

   კეთილისმოძულე ეშმაკმა ღირსი მამის ბიძა აღძრა მონასტრის დასაწვავად და მოძღვრის მოსაკლავად. ილარიონის ბიძას ეგონა, რომ ნათესავის ქონება თვითონ დარჩებოდა, მაგრამ როცა კეთილი ბერის ხელგაშლილობა იხილა, გაცოფდა და ერთ დღეს მონასტრის კარებზე ნახშირით მიაწერა: „ესრეთ იხილონ ყოველთა ესე მონასტერი სამ დღემდე". განთიადისას მამა ილარიონმა იხილა წარწერა და დიდად შეწუხდა ბიძის სულის წარწყმედის გამო. მთელი ღამე ლოცულობდა და მხურვალედ ევედრებოდა უფალს განსაცდელის თავიდან აცილებას. როცა თვალი მილულა, მას გამოეცხადა ბრწყინვალე კაცი, რომელმაც უთხრა: „ნუ გეშინინ, ჰოი ილარიონ, რამეთუ დღესვე განისწავლოს მტერი იგი შენი და შეგივრდეს ფერჴთა შენთა". მართლაც, როცა გათენდა, ილარიონის ბიძა მიწაზე დაეცა, გორავდა და საოცარი ხმებით გოდებდა. მსახურებმა წმიდანს მიჰგვარეს ბოროტისაგან გვემული. წმიდა ილარიონმა მას ჯვარი გადასახა და განკურნა. ბიძა გონს მოეგო, სინანულით ატირდა, აღსარება თქვა, მთელი ქონება მონასტერს შესწირა და თვითონაც მონაზვნად აღიკვეცა.

   წმიდა ილარიონის სახელი მთელს საქართველოს მოედო, მრავალს სურდა, ეხილა წმიდა ბერი და მისი რჩევა-დარიგება მიეღო. მალე მისი ეპისკოპოსად კურთხევაც განიზრახეს. მყუდროებისმოყვარე ღირსმა მამამ გაიფიქრა: „დიდებაჲ ესე ამის სოფლისა მომატყუებელ არს საუკუნოჲსა მის შეურაცხებისა", მონასტრის ძმათაგან ერთი სიბრძნითა და სიწმინდით გამორჩეული ბერი დაადგინა სავანის წინამძღვრად, უფალს შეავედრა ყველა და ორ ძმასთან ერთად კონსტანტინოპოლს გაემართა.

   ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ ილარიონმა და მისმა თანამგზავრებმა ულუმბოს მთას მიაღწიეს, ერთი მცირე მიტოვებული ეკლესია იპოვეს და შიგ დაბინავდნენ.

   ყველიერის შაბათის მწუხრზე დიდი ლავრიდან ერთი ბერი მივიდა კანდელის ასანთებად, ნახა ეკლესიას შეხიზნული ძმები და მცირეოდენი საჭმელი მიუტანა.

   შემდგომ შაბათს, წმიდა თეოდორე ტირონის ხსენების დღეს, მოწესე ისევ მივიდა პატარა ეკლესიაში და ნახა, რომ ძმებს მთელი კვირა უჭმელად გაეტარებინათ, მხოლოდ მცირედ ცერცვი ეხმიათ. ბერმა წმიდა ილარიონს ჰკითხა, რა სჭირდებოდა. მან მხოლოდ სეფისკვერი და ზედაშე ითხოვა. დიდი ლავრის მამასახლისმა გაიგო, რომ ეკლესიაში ვიღაც უცხო და ბერძნული ენის უმეცარმა კაცმა სწირა, გულისწყრომით აღივსო და იკონომოსს და რამდენიმე ძმას უბრძანა, უცხოები მონასტრის ტერიტორიიდან გაეძევებინათ. 

   ეკლესიაში მისულ იკონომოსს წმიდა ილარიონი ბერძნულად გამოელაპარაკა და ღამის გათენების ნებართვა სთხოვა, თან აღუთქვა, რომ მეორე დღესვე ეკლესიას დატოვებდა. 

   იმ ღამეს მამასახლისმა ჩვენება იხილა: ყოვლადწმიდა ქალწული რისხვით დაადგა თავს და უთხრა: „ჰოი, უბადრუკო, რაჲსა ინებე განძებაჲ უცხოთაჲ მათ, რომელნი მოსრულ არიან სიყუარულისათჳს ძისა და ღმთისა ჩემისა და დაუტეობია ქუეყანაჲ მათი და არა დაიმარხე მცნებაჲ იგი უცხოთა და გლახაკთა შეწყნარებისათვის, ვითარ-ეგე ეტყჳს მდიდარსა მას უფალი ჩემი და ძე ჩემი. ანუ არა უწყია, ვითარმედ მრავალნი დამკვიდრებულ არიან მთასა ამას მათისა ენისა მეტყუელნი და ცხოვრებად არიან ღმრთისა მიერ? და რომელნი მათ არა შეიწყნარებენ, მტერ ჩემდა არიან, რამეთუ ჩემდა მონიჭებულ არს ძისა მიერ ჩემისა ნათესავი იგი შეურყეველად მართლმადიდებლობისათჳს მათისა, ვინაჲთგან ჰრწმენა სახელი ძისა ჩემისაჲ და ნათელ იღეს". შეშინებული მამასახლისი ფეხებში ჩაუვარდა წმიდა ილარიონს, კადნიერებისათვის შენდობა სთხოვა და შეევედრა, დარჩენილიყო და ყოვლადწმიდა დედოფლის რისხვა აერი-დებინა მისთვის. წმიდა ილარიონი ხუთი წელი ცხოვრობდა ულუმ-ბოს მთაზე, შემდეგ კონსტანტინოპოლში წავიდა, მოილოცა წმიდა ადგილები და რომს გაეშურა წმიდა პეტრე და პავლე მოციქულთა საფლავების თაყვანსაცემად.

   რომს მიახლებულმა ილარიონმა ვენახის ძირთან მჯდარი დავრდომილი ნახა და ერთი მტევანი ყურძენი სთხოვა. დავრდომილმა უთხრა: „აჰა, მამაო, ვენახი, რაც გსურთ, მიირთვით, მე კი „ვერ შემძლებელ ვარ აღდგომად ცოდვათა ჩემთაგან".

  ღირს ილარიონს შეეცოდა დავრდომილი, ილოცა და ავადმყოფს უთხრა: „აღდეგ, ძმაო, უფალსა უბრძანებიეს და ჴელითა შენითა მომართუ ნაყოფისაგან სამოთხისა მაგის". განკურნებული კაცი მყისვე წამოდგა, ვენახში შევიდა და მტევნით გამოვიდა, მაგრამ წმიდა ილარიონი იქ აღარ დახვდა. ვენახის პატრონი ქალაქისკენ წავიდა თავისი კეთილისმყოფლის მოსაძებნად, თან ყველას უყვებოდა სასწაულს.

   წმიდა ილარიონი ორი წელი ცხოვრობდა რომში ანგელოზებრივი ცხოვრებით. შემდეგ კვლავ კონსტანტინოპოლში დაბრუნდა.

   გზად წმიდა ილარიონმა თესალონიკში გაიარა, თაყვანი სცა წმიდა დიდმოწამე დიმიტრის (ხს. 26 ოქტომბერს) სამარტვილეს და ქალაქის მთავრის კართან შეისვენა. სახლიდან მხევალმა ოთხი წლის დამბლადაცემული ყრმა გამოიყვანა და მზის გულზე დააწვინა. ღირსმა მამამ ქალს წყლის მოტანა სთხოვა. როცა ქალი წავიდა, წმიდა ილარიონმა ჯვარი გადასახა ყრმას და თქვა: „სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა შენ გეტყჳ, ყრმაო, აღდეგ ცოცხლებით". ყრმა სასწრაფოდ წამოხტა ფეხზე და დედასთან გაიქცა. წმიდა ილარიონი კი იქაურობას გაშორდა, რომ არავის ეხილა.

   როცა განკურნებული ყრმის მამამ, ქალაქის მთავარმა ეს სასწაული იხილა, ბრძანა, ჩაეკეტათ კარები და ეძებნათ სასწაულთმოქმედი, რომ თაყვანი ეცათ მისთვის. მართლაც მოძებნეს წმიდა ილარიონი, ფეხებში ჩაუვარდნენ და ლოცვა-კურთხევა გამოსთხოვეს. შემდეგ მთავარი შეევედრა წმიდანს, თესალონიკში დარჩენილიყო და სამოღვაწეო ადგილი თვითონ აერჩია.

   წმიდანმა მთავრის ღვთისმოყვარება რომ იხილა, თხოვნა შეუსრულა - სამოღვაწეოდ გამოირჩია მყუდრო ადგილი, სადაც მთავარმა ეკლესია ააშენა.

   მთელმა თესალონიკმა გაიგო წმიდა ილარიონის მოღვაწეობის ამბავი, მრავალი მოდიოდა მასთან ლოცვა-კურთხევის მისაღებად თუ ღვთივსულიერი საუბრის მოსასმენად. მისმა სათნო ცხოვრებამ ბევრს გაუღვიძა საღვთო შური და ღირსი მამის ხელით მონაზვნობა მიიღო.

   ერთხელ წარმართებმა ერთი თესალონიკელი დიაკონი შეიპყრეს. ტყვექმნილი ღვთისმსახური ლოცვით შეევედრა წმიდანს შეწევნას. იმავე ღამეს დიაკონს ძილში წმიდა ილარიონი ეჩვენა და უთხრა: „აღდეგ, ჰოი, დიაკონ და ნუ გეშინინ, რამეთუ მე ვარ, რომელსა იგი მევედრებოდე". გამოღვიძებულმა დიაკონმა იხილა, რომ ბორკილებისგან განთავისუფლებულიყო, შეუმჩნევლად გაიარა წარმართთა შორის და თესალონიკში ჩავიდა. ქალაქში ჩამოსვილსთანავე მან წმიდანი მოინახულა და ფეხებში ჩაუვარდა მადლიერების ნიშნად. წმიდა ილარიონმა უთხრა: შვილო! ენება ღმერთსა ჴსნაჲ შენი. ამისთჳსცა ანგელოზი თჳსი მოავლინა ხატითა ჩემითა, ვინაჲთგან შენ სარწმუნოებით ჩემ ცოდვილისა სახელსა ხადოდე და გამოგჴსნა მწარისა ტყუეობისაგან. ამისთჳსცა ჰმადლობდი ღმერთსა მოქმედსა საკჳრველებათასა".

   წმიდა ილარიონმა მთელი ცხოვრება თესალონიკში გაატარა. თავისი აღსასრული მას წინასწარ ეუწყა უფლისაგან, ქალაქის მთავარი დაიბარა, მადლობა უთხრა ყველაფრისათვის და ანდერძად გლახაკთა და მონაზონთა სიყვარული, სამართლიანობა და მოწყალება დაუტოვა.

  დამწუხრებულმა მთავარმა მარმარილოს ლუსკუმა გაამზადებინა წმიდანის ნეშტისათვის. წმიდა ილარიონის სამარხთან სარწმუნოებით მისულნი ყოველგვარი სენისგან იკურნებოდნენ. ამ სასწაულების შესახებ ბიზანტიის კეისარს, ბასილი მაკედონელს (867-886) აცნობეს თესალონიკის მთავარმა და მთავარეპისკოპოსმა. კეისარმა ულუმბოდან მასთან ჩამოსულ მამებს თესალონიკის ამბები მოუთხრო. მამათა შორის ის მამასახლისიც აღმოჩნდა, რომელმაც წმიდა ილარიონს განდევნა დაუპირა ულუმბოს მთიდან, იგი დაწვრილებით მოუყვა კეისარს ნანახსა და გაგონილს. ბასილი დაინტერესდა ილარიონის თანამემამულე მოწაფეებით. მას მიჰგვარეს სამი მოხუცებული ბერი. მამების სიწმიდით გაკვირვებულმა კეისარმა კონსტანტინოპოლის პატრიარქთან გაგზავნა ისინი ლოცვა-კურთხევისათვის.

   პატრიარქმა ძმური სიყვარულით მოიკითხა სტუმრები, აკურთხა და მათი ლოცვაც მიიღო. ის მიხვდა, რომ ამ სამ მოხუცში დიდი მადლი ტრიალებდა და კეისარს ურჩია, პატივი მიეგო მათთვის.

   კეისარმა წმიდა ილარიონის მოწაფეებს შესთავაზა: „გამოირჩიენ ღი-რსებამან თქუენმან მონასტერი, სადაც გენებოს, თქუენთჳს და ნათესავისა თქუენისათჳს". მამებმა უარი შეჰკადრეს, რადგან სხვის აშენებულში შესახლება არ იყო სწორი საქმე. მაშინ ბასილი კეისარმა თვითონ შეარჩევინა მამებს სამონასტრი ადგილი და მალე დიდი ტაძარი ააშენა. იქვე თავისთვის ერთი სენაკიც მოიწყო: „ესე იყოს საყოფელი ჩემი მახლობელად ღირსთა ამათ მამათა, რაჲთა ლოცვითა მათითა ინებოს ღმერთმან ჴსნაჲ ჩემი მოსაგებელისაგან ცოდვათა ჩემთაჲსა". მონასტერს რომანა-წმიდა უწოდეს. კეისარმა თავისი ძე, ლეონი და ალექსანდრე მიჰგვარა ღირს მამებს აღსაზრდელად.

   ბასილი კეისარმა წმიდა ილარიონის ნაწილების გადასვენება ინება სატახტო ქალაქში, თესალონიკში თავისი ხალხი გაგზავნა და თან წერილიც გააყოლა: „ბასილი მეფე, ცოდვილი მონაჲ ცათა მეუფისაჲ, გევედრები, წმიდაო მამაო ილარიონ, აღმოვედ ქალაქად სამეუფოდ, დაღაცათუ არა ღირს ვიქმენ პირისპირ ხილვად შენდა, გარნა აწ ღირს მყავ ამბორისყოფად წმიდათა ნაწილთა შენთა და იხაროს ქალაქმან ამან სამეუფომან შემთხუევითა მათითა და მადლი შენი იყავნ ჩუენ თანა, ამინ". 

   თესალონიკელები არ დათანხმდნენ წმიდა ილარიონის ნაწილების მიცემაზე. კეისრის კარისკაცები იძულებულნი გახდნენ, ღამით მალულად გაეხსნათ ლუსკუმა და წმიდანის ნაწილები ჩუმად წაესვენებინათ.

   კეისარმა, პატრიარქმა, მთელმა ერმა გალობით, ლიტანიობით, საკმევლის კმევით მიიღეს წმიდა ილარიონის ნაწილები. კეისარმა ის დროებით თავის პალატში დაასვენა, სანამ განსაკუთრებულ საძვალეს ააშენებდა მისთვის.

  მესამე ღამეს მეფე კეთილსურნელებამ გამოაღვიძა. როცა მეფემ კვლავ მილულა თვალები, სამღვდელო სამოსში ჩაცმული წმიდა ილარიონი გამოეცხადა და უთხრა: „კეთილად ჰყავ შეწყნარებაჲ ჩემი, ჰოი, მეფე, უცხოჲსა ამის და გლახაკისაჲ, გარნა სულნელებაჲ ესე, რომელ იყნოსე, არა მომიგიეს მე იგი ქალაქთა შინა, არამედ უდაბნოთა. აწ უკუეთუ გნებავს, რაჲთა სრულებით მადლი გაქუნდეს, წარმიყვანე მე უდაბნოსავე ადგილსა".

   კეისარმა პატრიარქს და მთავრებს აუწყა ყოველივე, შემდგომ დიდი პატივით წაასვენა წმიდა ილარიონის ნაწილები რომანა-წმიდის მონასტერში და მის მოწაფეებს ჩააბარა. 

   ღირსი მამა ილარიონის ლოცვით ღმერთმა გააძლიეროს სრულიად საქართველო. ამინ! 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება