მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 19 ოქტომბერი (ახ. სტ.) - ხსენება წმიდისა თომა მოციქულისა

19 ოქტომბერი (ახ. სტ.) - ხსენება წმიდისა თომა მოციქულისა


18-10-2023, 21:58

19 ოქტომბერი (ახ. სტ.) - ხსენება წმიდისა თომა მოციქულისა

 

 

 

   წმიდა მოციქული თომა, მარჩბივად (ტყუპისცალად, ბერძნულად - დიდიმად) წოდებული, დაიბადა გალილეის ქალაქ პანეადაში, რომელსაც შემდეგში ჰეროდეს ძემ - ფილიპემ რომის იმპერატორის ტიბერიუსის პატივად კესარია უწოდა  (ფილიპეს კესარია). ეს ქალაქი მდებარეობდა ერმონის მთის ძირას, მდინარე იორდანეს აღმოსავლეთ სათავეში, იქ, სადაც მთავრდებოდა ნეფთალემის ტომის სამკვიდრებელი. როცა უფალი ჩვენი ქრისტე ამქვეყნად ადამიანთა შორის საზოგადო მსახურებისას გალილეა-იუდეის ქალაქებსა თუ დაბა-სოფლებს მოვლიდა, ასწავლიდა რა ერს და განკურნავდა რა ყოველგვარ სნეულებათ, თომამაც მოისმინა მისი ღვთებრივი ქადაგება და იხილა საკვირველი სასწაულები. ამის გამო იგი მთელი არსებით მიეკრა უფალს და აღარასოდეს მოსცილებია. სხვა უახლოეს მოწაფეებთან ერთად, თომაც დასტკბებოდა იესო ქრისტეს სიტყვებით და მისი ყოვლად წმიდა პირისახის ჭვრეტით, იგიც განუყრელად დაჰყვებოდა უფალს და ღირს-იქმნა თორმეტ მოციქულს შორის შერაცხილიყო. იგიც თვითმხილველი მოწმე იყო უფლის ყველა ქვეყნიური საქმისა, მისი ჯვარზე ვნებისა და ნებაყოფლობითი სიკვდილისა. იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ წმიდა თომამ, თავისი დაუჯერებლობით სხვა მოციქულთა სიტყვებისა, კიდევ უფრო გააძლიერა ეკლესიის რწმენა უფლის მკვდრეთით აღდგომაში. რამეთუ როცა ქრისტეს სხვა მოწაფეები ეუბნებოდნენ - „ვიხილეთ ჩვენ უფალი"-, თომას არ უნდოდა ამის დაჯერება და ასე ეუბნებოდა მოციქულებს: - „უკეთუ არა ვიხილო ხელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთაი და დავსხენ თითნი ჩემნი ადგილსა მას სამსჭვალთასა და დავსდვა ხელი ჩემი გვერდსა მისსა, არასადა მრმწმენეს" (იოანე 20, 25). იმდენად დიდია უფალი იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის საიდუმლო, რომ თომას ეს ურწმუნოებაც" საღმრთო განგებულებით იყო დაშვებული, რათა ჩვენ ყველას ღრმად და შეუეჭვებლად გვერწმუნა უფლის ადამიანური ბუნების მკვდრეთით აღდგომა და ამ ადამიანური ბუნების ზეცად ამაღლება და მამის მარჯვენით დაჯდომა სამარადისოდ. ამ საღმრთო საიდუმლოს დასტურად, რითაც ყოველ ადამიანს მოენიჭა განღმრთობის და ზეცად დაბრუნების შესაძლებლობა, რვა დღის შემდეგ თავისი ბრწყინვალე მკვდრეთით აღდგომიდან, უფალი კვლავ გამოეცხადა თავის მოწაფეებს, რომელთა შორის ამჯერად თომაც იყო და უთხრა მათ: - „მოყვენ თითნი შენნი და იხილენ ხელნი ჩემნი და მოიღე ხელი შენი და დამდევ გვერდსა ჩემსა, და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ!" (იოანე 20, 27). მაშინ, მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს დანახვაზე, როცა მის ცხოველმყოფელ გვერდსაც შეეხო და ხელსაც, თომამ შეჰღაღადა: - „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!" (იქვე, მუხლი 28). ეს მოვლენა ცხადზე უცხადესად გვარწმუნებს ჩვენ ყველას უფალი იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის ჭეშმარიტებაში, რამეთუ იგი თავის მოწაფეებს აჩრდილივით კი არ გამოეცხადა და არც სხვა რამ სხეულით, არამედ სწორედ იმ სხეულით, რომლითაც ჯვარზე ევნო ჩვენი ხსნისათვის. უფლის ზეცად ამაღლებისა და მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ, მათ, როგორც ცნობილია, წილი ჰყარეს, თუ ვის რომელ ქვეყანაში ექადაგა ღვთის სიტყვა. წმიდა თომას წილად ინდოეთი შეხვდა, რათა აზიის ამ შორეულ მხარეში გაენათლებინა წარმართობით დაბნელებული პართიელები და მიდიელები, სპარსელები და გირკანელნი, ბაქტრიელები და ბრაჰმანები და ინდოეთის ყველა უშორესი კუთხის მკვიდრნი (ძველად ინდოეთს უწოდებდნენ სამხრეთ აზიის ყველა ქვეყანას, საკუთრივ დღევანდელი ინდოეთის ჩათვლით). თომა ძალზე წუხდა, რომ ესოდენ შორეულ ქვეყნებში და ველურ ხალხებთან უხდებოდა წასვლა, მაგრამ ჩვენებაში მას უფალი გამოეცხადა, განამტკიცა და უბრძანა, ყოველთვის მხნედ იყავი და ნურაფრის გეშინის, რადგან მეც მარადის შენთან ვიქნებიო. მალე თომამ ისიც შეიტყო უფლისაგან, თუ როგორ უნდა მიეღწია ამ ქვეყნამდე...

   და იმ დროს, როცა თომა მოციქული სახარების ქადაგებით ინდოეთის ქვეყნებს განანათლებდა, დადგა ჟამიც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის აღსრულებისა, და უფლის ყველა მოციქული სხვადასხვა ქვეყნებიდან სულიწმიდის მიერ იქნა ზეცად აღტაცებულნი და ერთ წამზედ გეთსიმანიის ბაღში გადმოყვანილნი ყოვლადკურთხეული მარადის ქალწული მარიამის სარეცელთან (საეკლესიო გადმოცემით, ეს მოხდა მე-15 წელს უფლის ზეცად ამაღლებიდან), ანუ 48 წელს ქრისტეს შობიდან, როცა ღვთისმშობელი 64 წლისა იყო. მაშინ თომა ინდოეთში მყოფი მოციქულიც იქმნა აღტაცებული ზეცად სულიწმიდის მიერ და გადმოყვანილი იერუსალიმში, მაგრამ მან მაინც ვერ ჩამოუსწრო ღვთისმშობლის წმიდა სხეულის დაკრძალვას. ეს საღმრთო განგებულებით აღსრულდა იმისთვის, რომ მორწმუნენი ცხადლივ დარწმუნებულიყვნენ ღვთის დედის ზეცად აყვანაში სხეულითაც. რამეთუ როგორადაც უფალ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომაში ჩვენ კიდევ უფრო მტკიცედ დავრწმუნდით სწორედ წმიდა თომა მოციქულის მაშინდელიურწმუნოებით", ასევე ამ შემთხვევაშიც, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის - მარად ქალწულ მარიამის ზეცად აყვანაც სწორედ თომა მოციქულის დაგვიანების შედეგად შევიტყვეთ. წმიდა თომა ღვთისმშობლის დაკრძალვიდან მხოლოდ მესამე დღეს ჩამოვიდა და დიდად მწუხარებდა იმის გამო, რომ არ იმყოფებოდა გეთსიმანიის ბაღში დაკრძალვის დღეს, რათა სხვა მოციქულებთან ერთად საფლავამდე მიეცილებინა უფლის დედის სხეული და ამქვეყნად უკანასკნელად ეხილა მისი ყოვლადნეტარი პირისახე. მაშინ წმიდა მოციქულებმა საერთო შეთანხმებით გადაწყვიტეს გაეხსნათ თომასათვის ღვთისმშობლის საფლავი, რათა მას ენახა მისი ყოვლადპატიოსანი სხეული, თაყვანი ეცა მისთვის და ნუგეშცემულიყო თავის მწუხარებაში. მაგრამ, აი, როცა საფლავი გახსნეს, ვერაფერი ნახეს იქ ღვთისმშობლის მოსასხამის გარდა. ამით ყველანი მტკიცედ დარწმუნდნენ იმაში, რომ დედა ღვთისა, თავისი ღვთაებრივი ძის მსგავსად, მკვდრეთით აღდგა მესამე დღეს და სხეულით იქნა აყვანილი ზეცად, სადაც ჰგიებს აღმატებულად ყოველთა ზეციურ ძალთა ზედა და ილოცავს უფლის წინაშე ჩვენთვის ყველასათვის... ამის შემდეგ წმიდა მოციქული თომა კვლავ ინდოეთის ქვეყანაში გაემართა ღვთის სიტყვის საქადაგებლად და მრავალთ მოაქცევდა იქ ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე ნიშებისა და სასწაულების აღსრულებით. ქალაქ მელიაპორში ჩასული (ინდუსტანის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე), იგი იქაურ მცხოვრებთაც განანათლებდა სახარების ქადაგებით.

   თომა მოციქულის თავის ქალა საქართველოში, თბილისის სიონის საკათედრო ტაძარშია დასვენებული. უფლის ამ წმიდა მოციქულის ლოცვით მრავალი სასწაული აღესრულებოდა და კვლავაც აღესრულება შეწევნად ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტიანთა და პატივად და სადიდებლად ჩვენი უფლისა და ღმერთის იესო ქრისტესი, რომელსა შვენის თაყვანისცემა თანა მამით და სულით წმიდითურთ საუკუნოდ. ამინ.

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება