მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 13 ოქტომბერი (ახ. სტ.) - ხსენება წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლ ეპისკოპოსისა, სომხეთის განმანათლებელისა (+დაახლ. 335)

13 ოქტომბერი (ახ. სტ.) - ხსენება წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლ ეპისკოპოსისა, სომხეთის განმანათლებელისა (+დაახლ. 335)


12-10-2021, 15:25
13 ოქტომბერი (ახ. სტ.) - ხსენება წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლ ეპისკოპოსისა, სომხეთის განმანათლებელისა (+დაახლ. 335)   მღვდელმოწამე გრიგოლ ეპისკოპოსი, სომხეთის განმანათლებელი, 257 წელს დაიბადა. იგი პართთა სამეფო გვარის, არშაკუნიანთა ჩამომავალი იყო. წმიდანის მამამ, ანაკმა სომხეთის სამეფო ტახტისთვის ბრძოლაში თავისი ნათესავი, მეფე კუსარი სიცოცხლეს გამოასალმა. ამისთვის მთელი მისი საგვარეულო ამოჟლიტეს. გადარჩა მხოლოდ ანაკის ორი ჩვილი ძე, „რომელნი ჯერეთ სახუეველთა შინა ძუძუჲს-მწოვარნი იყვნეს". მათგან ერთი სპარსეთში გახიზნეს, მეორე - გრიგოლი კი ერთმა ნათესავმა კესარიის კაბადოკიაში გადაიყვანა და ქრისტეს მცნებების ერთგულებით აღზარდა. როცა მოიწიფა, გრიგოლი დაქორწინდა, ორი ვაჟიც შეეძინა, მაგრამ მალე დაქვრივდა. წმიდანი ძეებს კეთილმსახურებით ზრდიდა. ერთი მათგანი - ორთანე შემდგომში მღვდელი გახდა, მეორე - აროსტაკე კი ბერად აღიკვეცა და უდაბნოში გავიდა სამოღვაწეოდ. მამის ცოდვა რომ გამოესყიდა, გრიგოლი კუსარის ძის - თრდატის ამალას შეუერთდა და ერთგულად ემსახურებოდა მეფისწულს. თრდატს გრიგოლი უყვარდა, როგორც მეგობარი, მაგრამ მის აღმსარებლობას ვერ გუობდა. სომხეთის ტახტზე ასვლის შემდეგ მან ნეტარს ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. გრიგოლმა მტკიცე უარით უპასუხა. ამით განრისხებულმა მტარვალმა ერთგული მსახური საშინლად აწამებინა: მას ყელზე ლოდი გამოაბეს, თავდაყირა დაკიდეს, ტერფებში ლურსმნები ჩააჭედეს და აიძულეს, ერბინა, დაუნდობლად გვემეს, თავზე ნაღვერდლით სავსე ტყავის ტომარა ჩამოაცვეს... გრიგოლი, ღვთის შეწევნით, მოთმინებით იტანდა ამ და სხვა სატანჯველებს. წმიდანის კადნიერებით კიდევ უფრო გამძვინვარებულმა თრდატმა გაამძაფრა წამება და ხორცდაფლეთილი და გასისხლიანებული მარტვილი საპყრობილეში ჩააგდო. ღმერთმა აქ წყლულებათაგან განკურნა თავისი რჩეული, მაგრამ უსჯულო თვითმპყრობელმა სასწაული ვერ გულისხმა-ყო და კვლავ საწამებლად გადასცა იგი. მარტვილი უდრეკი რჩებოდა და „სიცილით ეცინოდა სატანჯველთა მათ და მტანჯველთა მისთა". 

   გრიგოლს გამლღვალი ტყვია ჩაასხეს პირში, რაც, სულიწმიდის მადლით დაცულმა, გრილი წყალივით მიიღო და ღვთის სიტყვის ქადაგება განაგრძო. გაკვირვებულმა თრდატ მეფემ გადაწყვიტა წმინდა გრიგოლის შეწყალება, მაგრამ ერთმა მოთმინებადაკარგულმა კარისკაცმა ხმამაღლა შესძახა: „არა ღირს-არს ეგე ცხორებასა და არცა ყოვლად მზისა ამის ხილვასა", რადგან პართი ანაკის - მამაშენის მკვლელისა და სომხეთის ამაოხრებლის ძე არისო. მეფე ამ სიტყვებმა შურისძიების წყურვილით აღავსო და ბრძანა, ხელფეხშებოჭილი გრიგოლი არარატის ბნელ, გესლიანი ქვეწარმავლებით და მატლებით სავსე ჯურღმულში ჩაეგდოთ. უფალმა დაიცვა ნეტარი: ქვემძრომები მას არაფერს ვნებდნენ, ერთი კეთილმსახური ქალი პურს უზიდავდა, წმიდა ანგელოზი კი ძალებს უცხოველებდა და განამტკიცებდა. ასე განვლო თოთხმეტმა წელმა. ამ ხნის მანძილზე თრდატმა კიდევ ერთი უსჯულოება ჩაიდინა: წამებით ამოჰხადა სული წმიდა რიფსიმეს, გაიანეს და მათთან ერთად ოცდათხუთმეტ ქალწულს. 

13 ოქტომბერი (ახ. სტ.) - ხსენება წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლ ეპისკოპოსისა, სომხეთის განმანათლებელისა (+დაახლ. 335)   ღვთის რისხვა არ ასცდა უსჯულო თრდატსა და იმ კარისკაცებს, რომლებმაც ქრისტეს მხევლები დახოცეს: ბოროტით შეპყრობილები, ტყეებში დაძრწოდნენ, ტანსაცმლებს იფლეთდნენ და საკუთარ სხეულებს იგლეჯდნენ როცა სომხეთი „ესევითარითა ვნებითა მწარედ განილეოდა", თრდატის დას, კუსაროდ-უხტს სიზმრისეული ჩვენებით ეუწყა, რომ თუ „ძუელ ოდესმე" არარატის ჯურღმულში ჩაგდებულ გრიგოლს აღმოიყვანდნენ, დაიხსნებოდა მათი განსაცდელი. ჩვენება რამდენჯერმე განმეორდა. მაშინ მეფის ერთი წარჩინებულთაგანნი, სახელით ავტაიასი, მიეახლა ორმოს პირს და სახელით უხმო წმიდანს. გრიგოლიც შეეხმიანა ჯურღმულის სიღრმიდან. კარისკაცმა საბელი ჩაუგდო ნეტარს და ჩასძახა: „ღმერთსა უბრძანებიეს აღმოყვანებაჲ შენი მაგიერ". 

   სასწაულებრივ გადარჩენილ მარტვილს სხეული თმებით დაჰფარვოდა, ჩამომხმარიყო და გაშავებულიყო, მაგრამ სულის სიმტკიცე არ შერყეოდა. იგი განბანეს, ბრწყინვალე სამოსლით შემოსეს და პატივით წააბრძანეს ქალაქ ვალეროშენში, „რამეთუ მუნ იყო მეფე მათი თრდატ". 

   გრიგოლმა, უპირველეს ყოვლისა, წმიდა ქალწულმოწამეთა უხრწნელი ნაწილები მოიძია, შეკრიბა და პატივით დაფლა. შემდეგ მარტვილთა საფლავზე ტაძარი ააგო. ნეტარმა ეშმაკეულქმნილი, მაგრამ უკვე სინანულში ჩავარდნილი მეფე მიიყვანა ამ საყდარში და უბრძანა, ქალწულმოწამეთა მიმართ ლოცვა აღევლინა. უფალმა შეიწირა თრდატის სინანული, გრიგოლის ლოცვა, წმიდა მოწამეთა მეოხება და მეფე განკურნა. განიკურნნენ მისი სხვა კარისკაცებიც. ამის შემდეგ წმიდანმა კიდევ მრავალი ეკლესია ააგო. 301 წელს აშენდა ეჩმიაძინის სულთმოფენობის სახელობის ტაძარი; 305 წელს ნეტარი გრიგოლი კაბადოკიის კესარიაში გაემგზავრა, სადაც მთავარეპისკოპოსმა ლეონტიმ სომხეთის ეპისკოპოსად დაასხა ხელი. უკან მობრუნებულმა მღვდელმთავარმა ჯერ თრდატსა და მის სახლეულებს, შემდეგ კი მთელ სომეხ ერს სცა ნათელი მდინარე ევფრატზე. თავისი მოციქუ-ლებრივი საქმიანობისთვის წმიდანს სომხეთის განმანათლებელი ეწოდა. მან მეზობელი ქვეყნების - სპარსეთისა და სირიის მრავალი მკვიდრიც მოაქცია ქრისტიანობაზე. სომხეთის ეკლესიის მოწყობის შემდეგ გრიგოლი „მცირედთა თანა მოწაფეთა თჳსთა" უდაბნოში გავიდა, კლდის ნაპრალში დაეყუდა და ლოცვაში ატარებდა დღეებს. პურს ორმოც დღეში ერთხელღა ღებულობდა. თრდატმა მოაძებნინა გრიგოლის ძე, მეუდაბნოე აროსტაკე, სომხეთში ჩააყვანინა იგი და გრიგოლს ევედრა, მისთვის ჩაებარებინა ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტახტი. ამ უკანასკნელმაც „რაჟამს იხილა ყოველივე სათნოებაჲ დანერგული სულსა შინა ძისა თჳსისასა, მეყსეულად დაასხნა წმიდანს ჴელნი თჳსნი და აკურთხა იგი ეპისკოპოსად". მღვდელმთავარი აროსტაკე 325 წელს მონაწილეობას ღებულობდა ნიკეის I მსოფლიო კრებაში, რომელმაც დაგმო არიოზის ერესი. წმიდა გრიგოლ პართეველმა მეუდაბნოეობის ღვაწლში შეჰვედრა სული უფალს 335 წელს. მისი უხრწნელი მარჯვენა და ზოგი სხვა წმიდა ნაწილი სომხეთში, ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული.

   წმიდა გრიგოლის ლოცვით ღმერთმა გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო. ამინ! 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება