მთავარი > თანამედროვე მამები > სიცრუის შესახებ
სიცრუის შესახებ12-10-2013, 00:03 |
ჩემთვის რომ გეკითხათ, თუ ვინ მიმაჩნია მართლმადიდებლობის ყველაზე საშინელ მტრად, მე, რომელმაც ხანგრძლივი ცხოვრება განვვლე, ვიტყოდი: ყველაზე საშინელი მტერი იეზუიტიზმის1 სულია, რომელიც ერთი შეხედვით შეუმჩნეველი სნეულების მსგავსად ეკლესიის სხეულს აძაბუნებს. რაღა თქმა უნდა, იმ ხალხზე ვლაპარაკობ, რომლებიც ეკლესიას ეკუთვნიან და მისი სახელით გამოდიან. თავად ეკლესია, როგორც მადლის მატარებელი და სუფთა იდეა, როგორც ის სულიერი სტიქია, სადაც საუკუნო ცხოვრება აღმშენებლობს - მარადიული, წმიდა და უცვლელია. ჩვენ კი ხილულ ეკლესიაზე - ქრისტიანებზე ვსაუბრობთ. იეზუიტიზმის სული - ეს არის პრაქტიკაში განხორციელებული ჰუმანიზმი, სადაც ჭეშმარიტება მოჩვენებითი სრგებლიანობით არის შეცვლილი, სადაც მიზანი, როგორიც უნდა იყოს ის - სასუფეველი თუ მიწიერი კეთილდღეობა - ნებისმიერი საშუალებით მიიღწევა. უფრო სწორად, მიზანი არ მიიღწევა, მაგრამ მისით საშუალებებს ამართლებენ. იეზუიტიზმი ფარული ურწმუნოებაა, არდაჯერებაა იმისა, რომ ღმერთი ყოვლად ძლიერია და ცრუპენტელას დახმარება არ სჭირდება, ასევე იმისაც, რომ ღმერთი ჭეშმარიტებაა და ყოველგვარი სიცრუე ადამიანს მისგან აუცხოებს. ჭეშმარიტების დაკარგვით ადამიანი სულიწმიდის მადლს კარგავს, სიცრუეს ეჩვევა და თვლის, რომ მის გარეშე ცხოვრება და მოქმედება შეუძლებელია. სიცრუე სიყვარულის დაკარგვაა, ვინც წრფელად უყვართ, მას არ ატყუებენ: არ შეიძლება ორი გული სიცრუით იყოს შეერთებული. სიცრუე ფიქრობს, რომ მეორე მხარე უცხო, მტრული ბანაკია. ის, ვინც ცრუობს, თავის გულში ადამიანისადმი სიყვარულს ანადგურებს. ყოველგვარ ტყუილში ძალადობაა, ცრუს თავისი გეგმის განხორციელება და ამით სხვაზე მბრძანებლობა სურს. ჩვენს ეკლესიაში ადამიანისათვის ერთ - ერთი ყველაზე მძიმე განსაცდელი იმის დანახვაა, თუ როგორ აღწევს მასში იეზუიტიზმის სული. აქ ადამიანი სიმართლეს ეძიებს, ის მზადაა ამისათვის მრავალი რამ გაწიროს, მას მოსძულდა ქვეყნად გამეფებული სიცრუე, იხუთება მასში, ეკლესიაში თითქოსდა სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა უნდა და არა სიცრუის მოწამლული მიაზმებისა. და თუკი ურთიერთობებში აქაც იმავე დიპლომატიას წააწყდება, იმავე უპრინციპობას საშუალებებში, იმავე პირფერობას და უსამართლობას, მაშინ ის, სულიერად ჯერ ისევ განუმტკიცებელი, საკუთარ თავს ეუბნება: აქ არაა ის, რასაც ვეძებდი, აქ არ არის სიყვარული და სიმართლე. ეს, რა თქმა უნდა, ნაჩქარევი დასკვნაა, ეკლესია სიყვარულსა და სიმართლეს ასწავლის და ადამიანებს ცხოვრებაში მათი გატარების ძალას აძლევს, მაგრამ ეკლესიაში ახლად მოსული ადამიანი სკოლაში ახლად მისულ ბავშვს ჰგავს. მას სურათები და თვალსაჩინოებები სჭირდება, სხვაგვარად ვერ მიხვდება, რაზეა საუბარი. სექტანტებს რომ ჰკითხოთ, რატომ წავიდნენ ეკლესიიდან, მას რატომ დაშორდნენ, მნიშვნელოვანი ნაწილი გიპასუხებთ: იმიტომ, რომ ეკლესიაში სიყვარული ვერ ვიპოვეთ, ვერც სიმართლე და თავი უსარგებლოდ ვიგრძენით, ისინი ეკლესიას პროტესტის ტალღაზე მომართულნი ტოვებენ, მაგრამ სექტებშიც იგივე „ქალბატონი სიცრუე" ხვდებათ. „ყოველი კაცი ცრუ არს" 2, - თქვა მეფსალმუნემ, მაგრამ აქ არ არის საუბარი ტყუილზე, როგორც ზნეობრივ სისუსტეზე, რომელსაც ყოველ ჯერზე საკუთარ დაცემად უნდა აღიქვამდეს ადამიანი, აქ იმ თვითკმაყოფილ სიცრუეზეა საუბარი, რომლის დროსაც უბედური ფიქრობს, რომ ამით სიკეთის გაკეთება და ღვთისათვის სათნოყოფა შეუძლია, სიცრუეზე, რომელსაც მისი სინდისია შეგუებული, სხვა სიტყვებით - საკუთარ სიცრუეზე, რომელიც მის სულს უკვე აღარ ტანჯავს. ქრისტიანი მოწამენი ის ხალხია, ვინც სიცრუეს ჭეშმარიტება არჩია, ვინც იმიტომ მოკვდა, რომ არ ინდომა სიცოცხლე, რომელსაც თვალთმაქცობისა და მცირეოდენი გარეგნული სიცრუის ფასად სთავაზობდნენ; მაგალითად: გაჩუმებას იმ დროს, როცა სხვა პირები მათი სახელით წარმართულ რიტუალებში იღებდნენ მონაწილეობას. უფლის ღალატი მათ მდუმარებითაც არ ისურვეს. ჩვენი ეკლესია მოწამებრივი ეკლესიაა. სახარებისეული ცხრა ნეტარება - ეს მოწოდებაა მოწამეობისაკენ. ამისკენ თანამედროვე ქრისტიანებიც მიდიოდნენ და მიდიან, მაგრამ სიცრუე ყოველდღიურ ცხოვრებაშიც კი თავს სულ უფრო მეტად ჩენს. უძლურს მისით უნდა გაძლიერება, რევოლუციონერებს - თავიანთი უტოპიის ხორცშესხმა. ზოგიერთი ქრისტიანი მშვიდობის დამყარებასა და „ადამიანის ნუგეშისცემას" ამითვე ფიქრობს. განსაკუთრებულად მძიმეა, როცა სულიერი მამები ატყუებენ სულიერ შვილებს. გაუგებარია, ფიქრობენ თუ არა ეს თვალთმაქცები, რომ სიცრუე დიდი ხნით დაიფარება? ან იქნებ თავიანთი მდგომარეობით სარგებლობენ? თვლიან, რომ პირისპირ ვერავინ გაბედავს, მათ მატყუარები უწოდოს? მაგრამ სულიერი შვილები ტყუილებში ჩირქის სუნს გრძნობენ. ასეთ დროს შესაძლოა შედეგები ტრაგიკული იყოს: ადამიანი ნდობას კარგავს და საკუთარ თავში იკეტება, მას სული გაუტყდა და სიცრუეს იგი ფსიქოლოგიური ავადმყოფობის მსგავსად ჩიხში შეჰყავს; მეორე - თვითონ იწყებს სულიერი მოძღვრის მოტყუებას; მესამე და ყველაზე უარესი - იწყებს ფიქრს, რომ ტყუილი კარგი საქმეა და მას „ცხოვრებისეულ სტრატეგიად" აქცევს. სწორედ ასე, „კეთილი სიცრუის" მეშვეობით, წარმოიშობიან იეზუიტები და წყალწაღებული არამზადები, რომლებიც ამავდროულად ყველაზე წმინდა სიტყვებს წარმოთქვამენ, ადამიანს აყუებენ და თან ნათელი მზერით ჩასცქერიან თვალებში. სიცრუე ჭაობია, რომელიც თანდათანობით ითრევს. ის მცირედიდან იწყება. „სულ ცოტათი წავიეშმაკებ და კეთილ მიზანს მივაღწევ", - ეუბნება საკუთარ თავს ადამიანი, შემდეგ კი სულ ღრმად და ღრმად იძირება მასში. ამიტომ სულიერმა მოძღვრებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ არა ნუგეში, არამედ სიმართლე მოეთხოვებათ. ჭეშმარიტება თავად უკეთ ანუგეშებს ადამიანს, ვიდრე ალერისანი სიტყვები, რასაც იმედგაცრუება მოსდევს. სიმართლის მთქმელი კაცი დევნილია, მაგრამ ჩვენი ეკლესია მოწამეობის ეკლესიაა, რომელიც მსხვერპლს მოითხოვს. უფალმა დიდი აღთქმა დაგვიდო: სიმართლეს მოწყურებულნი განძღებიან რითი? - ღვთიური მადლით. „ნეტარ არიან წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ" 3. ცრუ ვერ იხილავს ღმერთს, ქრისტე მის გულში არ გასხივოსნდება, ყოველგვარი სიცრუე - ეს სატანის სამეფოს განვრცობაა, როგორც დედამიწაზე, ასევე კაცის გულში. ეკლესია იმდენად იქნება ძლიერი, რამდენადაც მისი მსახურნი იქნებიან სიმართლის ერთგულნი. ჩვენ ერესზე ვსაუბრობთ, როგორც დოგმატურ ცდომილებაზე, მაგრამ იეზუიტიზმი თვითონ ზნეობრივი ერესია, რომელიც ადამიანს სუმიწმიდისაგან, ჭეშმარიტების სულისაგან აუცხოებს და ის საშინელ სამსჯავროზე აღმოჩნდება. სიცრუის მიზეზი მრავლადაა: სიმხდალე, გამორჩენა, სულის არტკენის სურვილი და ა. შ. მაგრამ როგორი მიზეზიც უნდა იყოს, ამ დროს ივიწყებენ ღმერთს, რომელმაც თქვა: „მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხოვრებაჲ" 4. თვით გოლგოთის მსხვერპლი ქრისტესი - ეს სიყვარულისა და ჭეშმარიტების შეერთებაა. სატანაზე გამარჯვება ქრისტეს მხოლოდ ღვთაებრივი სიძლიერითაც შეეძლო, მაგრამ ის ჯვარს ეცვა არა მარტო ჭეშმარიტებისა გამო, არამედ იმიტომაც, რომ თავადაა ჭეშმარიტება. უფალმა სატანაზე თქვა: „ის დასაბამიდან ცრუ და მკვლელია". სატანა ადამიანს სიცრუის მეშვეობით კლავს. იმას, ვისაც სიკეთის კეთება სიცრუის საშუალებით უნდა, დაე ახსოვდეს, რომ მეკავშირედ ძველთაძველ ტყუილს - სატანას ირჩევს, რომელიც ახალ სიკეთედ არასდროს იქცევა, რომ ყველაფერი, რაც სიცრუეზეა დამყარებული, დაიღუპება.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
1იეზუიტი (ლათ.Susus - იესო ქრისტე) - კათოლიკური ეკლესიის ყველაზე მეტად რეაქციული ორდენის, ე. წ. იესოს საზოგადოების წევრი. გადატ. ფარისეველი, ვერაგი, ორპირი ადამიანი, რომლისგანაც მოსალოდნელია ყოველგვარი სისაძაგლე. იეზუიტთა ორდენი შექმნა ეგნატე ლოიოლამ მე - 16 საუკუნეში. 2ფს. 115, 2. 3მთ. 5, 8. 4ინ. 14, 6. უკან დაბრუნება |