მთავარი > საცდურები, მაგია, მისნობა, ჯადოქრობა, მთავარი გვედის ფოტო > ამოუცნობი მფრინავი ობიექტები - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
ამოუცნობი მფრინავი ობიექტები - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე11-06-2023, 08:35 |
XX საუკუნის მეორე ნახევრის შემდეგ საზოგადოება კიდევ ერთი ამოუცნობი მოვლენის შესახებ ალაპარაკდა. მას ერთი შეხედვით საერთო არაფერი აქვს რელიგიასთან. ვგულისხმობთ უცნობ მფრინავ ობიექტებს — ამოს, რომელმაც უამრავი მეცნიერის ყურადღება მიიპყრო. ჩამოყალიბდა სამთავრობო კომისიები, ცნობილმა მეცნიერებმა გამოსცეს წიგნები, თუმცა ვერავინ გაარკვია, არსებობს თუ არა ეს ობიექტები, როგორც ფიზიკური რეალობა. საქმე გვაქვს სულიერ მოვლენასთან, რომლის ფენომენიც სულიერ ჭრილში უნდა აიხსნას. თემით დაინტერესდა XX საუკუნის ამერიკელი მოღვაწე, მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი). თავის წიგნში "მართლმადიდებლობა და მომავლის რელიგია” მან საფუძვლიანად განიხილა ამ ფენომენის არსი. წიგნში მოყვანილია ამოს გამოჩენის უამრავი მაგალითი, პიროვნებებთან კავშირის დამყარების შემთხვევები, მეცნიერთა მოსაზრებები და გამოკვლევები, რაც მეტად ვრცელი მასალაა. მხოლოდ ამოს ფენომენის ახსნას შემოგთავაზებთ. "50-იანი წლების დასაწყისში ბევრი მკვლევარი ფიქრობდა, რომ ამო საერთოდ არ არის ფიზიკური აპარატი, არამედ "პარაფიზიკური” ან ფსიქოლოგიური მოვლენაა. შემდეგში ეს აზრი უკუაგდეს, ერთი მხრივ, კულტის მიმდევრებმა, რომლებიც დაბეჯითებით მოითხოვდნენ ამოს "არამიწიერი” წარმოშობის აღიარებას; მეორე მხრივ, ოფიციალურმა სამთავრობო განცხადებებმა, რომ ყოველივე ეს მხოლოდ ადამიანის ფანტაზიის ნაყოფია. მხოლოდ მოგვიანებით აღიარეს სერიოზულმა მეცნიერებმა, რომ ამო, თუმცა მას ზოგიერთი ფიზიკური თვისება აქვს, შეუძლებელია ვინმეს "კოსმოსური ხომალდები” იყოს. იგი აშკარად პარაფსიქოლოგიური ანუ ოკულტური მოვლენების სფეროს განეკუთვნება. მეცნიერი ჟაკ ვალე თავის ბოლო წიგნში "უხილავი კოლეჯი” შენიშნავს: ახლა უკვე ძალიან ახლოს ვართ ამ საიდუმლოს ამოხსნასთან. დედამიწის გარეშე გონიერი ცხოვრების არსებობის იდეა უკანასკნელ ხანს ერთობ პოპულარული გახდა როგორც მეცნიერთა წრეში, ისე მკითხავებშიც. ეს იმის შედეგია, რომ "ადამიანებს სწყურიათ კონტაქტი გონების უმაღლეს ფორმებთან, რომლებსაც ძალუძთ მიუთითონ გზა ჩვენს უბედურ, გაწამებულ, მძიმედ სნეულ პლანეტას” (გვ 195). იდეა კოსმოსიდან მოსულთა შესახებ ჩვენი დროის დიად მითად ანდა "მშვენიერ სიცრუედ” იქცა. "უამრავი ადამიანისათვის კოსმოსელი სტუმრების მოლოდინი საოცრად მნიშვნელოვანი გახდა”... ამ "კარგად დამუშავებული სცენის” გასაღები თავისებურებებშია, რომელიც ამოს მკვლევარებმა შენიშნეს — ყველა სცენა ღრმად აბსურდულია. ამგვარი აბსურდული დეტალის მაგალითია ოთხი კვერი, რომელიც ამოს მკვიდრმა ვისკონსიონის შტატის ფერმერს მისცა (1961წ). კიდევ უფრო საინტერესო: თვითონ ეს კონტაქტები საოცრად უაზროა, მათ არავითარი მიზანი ან ამოცანა არ გააჩნიათ. ერთ-ერთმა პენსილვანიელმა ფსიქიატრმა გამოთქვა მოსაზრება, რომ აბსურდულობა, რომელიც დამახასიათებელია ახლო კონტაქტების თითქმის ყველა შემთხვევისათვის, სინამდვილეში ჰიპნოზის ხერხია და სხვა არაფერი. დოქტორი ვალე ამ ხერხებს ძენ-ბუდიზმის ოსტატების ირაციონალურ "კოანებს": ადარებს და აღნიშნავს მსგავსებას ამოსთან კონტაქტებსა და "ინიციაციის” ოკულტურ სიტუაციებს შორის. ამრიგად, ამოსთან კონტაქტები სხვა არაფერია, თუ არა ოკულტური ფენომენების თანამედროვე ფორმა. ეს ფენომენები მრავალი საუკუნის მანძილზე არსებობდა. ადამიანები განუდგნენ ქრისტეს და დაელოდნენ "მხსნელებს” კოსმოსიდან. ამიტომაც გვიჩვენებს ეს ოკულტური ფენომენი კოსმოსურ ხომალდებსა და უცხოპლანეტელების სახეებს. მაგრამ რას წარმოადგენს თვითონ ეს ფენომენი? ვინ და რა მიზნით შეიმუშავა იგი? დღეს მეცნიერებმა უკვე უპასუხეს ამოსთან დაკავშირებულ მრავალ შეკითხვას. მაგრამ რელიგიურ სფეროში სრული არაკომპეტენტურობის გამო მათ არ ძალუძთ მთლიანად გააცნობიერონ თავიანთი აღმოჩენის მნიშვნელობა.... ჯონ კილი, ურწმუნო აგნოსტიკოსი, რომელიც თავის კვლევას სკეპტიციზმის პოზიციიდან იწყებდა, წერდა: "ამოს ნამდვილი ისტორია – ესაა ისტორია სულებსა და მოჩვენებებზე. უცნაურ გონებრივ აშლილობებზე, უხილავ სამყაროზე. რომელიც გვაკვირვებს და ხანდახან ჩვენს სამყაროშიც იჭრება... ესაა ილუზიების სამყარო, სადაც თვით რეალობა იდუმალი ძალების მიერ მახინჯდება. როგორც ჩანს, ამ ძალებს შეუძლიათ სივრცით, დროითა და ფიზიკური მატერიით მანიპულირება.… კაცმა რომ თქვას, ამოს გამოვლინებები მრავალი საუკუნის მანძილზე ცნობილი დემონოლოგიური ფენომენის უმნიშვნელო ვარიაციებია”. (ამო: ოპერაცია "ტროას ცხენი”. 1970 გვ. 46) ამოს შესახებ გამოცემულ ერთ-ერთ ბიბლიოგრაფიაში აღნიშნულია, რომ "ბევრი ცნობა ამოზე საოცრად წააგავს ეშმაკეულთა ისტორიებს, სხვა ფსიქიკურ ფენომენებს, რომლებსაც კარგად იცნობენ ღმრთისმეტყველები და პარაფსიქოლოგები”. ამოს მკვლევართა უმრავლესობა პრობლემის არსში გასარკვევად დღეს ოკულტიზმის და დემონოლოგიის სფეროს მიმართავს.… იმ ადამიანების ისტორიებში, ვინც ამოსთან დაამყარა კონტაქტი, კარგად იცნობა ტიპიური ხერხები, ოკულტურ სფეროში დემონებთან ურთიერთობას რომ ახასიათებს. მაგალითად: კალიფორნიელმა პოლისმენმა ამო პირველად 1966 წელს ნახა და მას მერე ხშირად ხედავდა, ძირითადად ღამით. ამოს ერთ-ერთი დაჯდომის შემდეგ მან და მისმა ცოლმა მიწაზე სრულიად აშკარა კვალი ნახეს. "უცნაური ხილვების პერიოდში სრულიად შეპყრობილი ვიყავი ამოს იდეით; მეგონა ჩემს თავს რაღაც "დიდი” უნდა მომხდარიყო. თავი დავანებე ბიბლიის კითხვას და ზურგი ვაქციე ღმერთს, რადგანაც ზედიზედ ვკითხულობდი ამოს შესახებ ყველა წიგნს, რასაც კი მოვიხელთებდი.…მრავალი ღამე გავათენე ამაო მოლოდინში, ვცდილობდი აზრობრივი კონტაქტი მქონოდა მათთან, ვისაც არამიწიერ არსებებად მივიჩნევდი. თითქმის ვლოცულობდი მათ წინაშე, რათა გამოჩენილიყვნენ და რაიმე კავშირი მაინც დაემყარებინათ ჩემთან”. ბოლოს და ბოლოს ეს დროც დადგა – გამოჩნდა 80 ფუტის დიამეტრის მქონე ხომალდი, რომელსაც თეთრი, წითელი, მწვანე, მბრუნავი სინათლეები ერტყა გარს. მალე ხომალდი გაქრა და პოლისმენი კვლავ რაღაც "დიდის” მოლოდინში დატოვა, მეტი არაფერი მომხდარა – ამო აღარ გამოჩენილა. ამ იმედგაცრუების შემდეგ პოლისმენი ალკოჰოლს ეძალებოდა, დეპრესიაში ვარდებოდა და თავის მოკვლაზეც კი ფიქრობდა, სანამ ქრისტესკენ არ მოიქცა. ამით დასრულდა მისი ცხოვრების ეს პერიოდი. ადამიანებს, რომლებმაც რეალური კონტაქტი დაამყარეს ამოს მკვიდრებთან, კიდევ უფრო მძიმე განსაცდელები ხვდებათ: ეს არსებები ზოგჯერ პირდაპირ "ეუფლებიან” მათ. თუ ვინმემ წინააღმდეგობის გაწევა სცადა, მოკვლასაც კი დაუპირებენ.ეს შემთხვევები თვალნათლივ გვარწმუნებს: ა) რა მნიშვნელობისაც არ უნდა იყოს ამოს ფენომენი მთლიანობაში, ყოველ "ახალ კონტაქტს” თავისი სპეციფიკური მიზანი აქვს – აცთუნოს კონტაქტში მყოფი ადამიანი. ბ) აქციოს იგი ამოს კულტის გამავრცელებლად ან პირად სულიერ კატასტროფამდე და სრულ დეზორიენტაციამდე მაინც მიიყვანოს... მართლმადიდებლურ ლიტერატურაში ხშირად ვხვდებით დემონთა გამოცხადების შემთხვევებს, რომლებიც მშვენივრად თავსდება ამოს სქემაში. მაგალითად, ,,ხორციელი არსებების, "ხელშესახები” საგნების გამოცხადება, ამ არსებებისა თუ საგნების უეცარი გაჩენა და გაქრობა ადამიანთა შესაძრწუნებლად. წმ. ანტონი დიდისა (IV ს.) და წმ. კვიპრიანეს, ყოფილი მოგვის (III ს.) ცხოვრება სავსეა მსგავსი ამბებით... ამოს ფენომენის სწორი შეფასება მხოლოდ ქრისტიანული გამოცხადებისა და სულიერი გამოცდილების საფუძველზეა შესაძლებელი. მისი შეცნობა ძალუძს თავმდაბალ, მორწმუნე ქრისტიანს, რომელიც ამ ორ წყაროს ეყრდნობა. ცხადია, კაცისათვის მიუწვდომელია ანგელოზებისა და დემონების სამყაროს სრული ახსნა, მაგრამ იმდენი ქრისტიანული ცოდნა კი მოგვცა ღმერთმა, რომ მივხვდეთ, როგორ მოქმედებენ ეს ძალები სამყაროში, როგორ ვუპასუხოთ მათ, განსაკუთრებით — როგორ გავექცეთ ეშმაკის მახეს. ამოს მკვლევარებმა უკვე დაასკვნეს, რომ მათი კვლევის საგანი თავისი ხასიათით ემთხვევა ჩვეულებრივ "დემონურ” სფეროს. მაგრამ ამ დასკვნის მთლიანად გააზრება მხოლოდ ქრისტიანს შეუძლია, მართმადიდებელ ქრისტიანს, ვინც საღმრთო წერილის, წმიდა მამათა განმარტებებითა და უხილავ სულებთან წმინდანთა კონტაქტის 2000 წლიანი გამოცდილებითაა განათლებული”.1 (გაგრძელება...)
1 მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი) "მართლმადიდებლობა და მომავლის რელიგია”. თბ. 1999 წ. გვ. 162-165.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე Xareba.net - ის რედაქცია
უკან დაბრუნება |