მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > როგორ უნდა მოიხმაროს ქრისტიანმა ქალმა თავისი გონიერება და მხნეობა
როგორ უნდა მოიხმაროს ქრისტიანმა ქალმა თავისი გონიერება და მხნეობა6-10-2013, 00:05 |
ორი უმთავრესი და უსაჭიროესი თვისება არის, რომლებიც უნდა ამკობდეს ყველა ქრისტიან ქალს. მხოლოდ გონიერებით და მხნეობით შემკულ ქალს შეუძლია აღასრულოს ქვეყნად თავისი მაღალი დანიშნულება. რა საჭიროა ამაზე ლაპარაკი, იფიქრებს ჩემს მსმენელთაგანი ვინმე! ვინ გაიფიქრებს და ვინ იტყვის, რომ ქალისთვის არ არის საჭირო ჭკუა და მხნეობა? მაგრამ მრავალი შემთხვევა და ჩვეულება მეტყველებს იმაზე, რომ მართალია სიტყვით ვამბობთ, საქმით კი სხვაგვარად ვიქცევით. გაიხსენეთ, ქრისტიანნო ძმანო, რას აფასებენ უფრო მეტად მამაკაცები და რა მოსწონთ მათ უმეტესად ქალში? ვინ არ იცის, რომ პირსახე და მშვენიერება ტანისა ყველაზე მეტად მოსწონთ მამაკაცებს ქალში! თუკი პირმშვენიერია ქალი მეტს არაფერს მოითხოვენ მისგან, საკუთარი გარეგნობით ქალი უფრო მოიგებს საზოგადოებაში, ვიდრე ჭკუითა და გონიერებით და უფრო საკვირველი კიდევ აქ ის არის,რომ თვითონ ქალნიც შენატვრიან მშვენიერებას და ამით თავს ბედნიერად თვლიან, ხოლო რაც შეეხება სიმხნეს და გონიერებას, თითქმის ყველგან გავრცელებული არის ის აზრი, რომ ეს ორი თვისება ქალთათვის არ არის ესოდენ საჭირო და მათ შეუძლიათ უამისოდაც კარგად გაატარონ თავიანთი ცხოვრება. ეს აზრი ყოვლად უსაფუძვლო არის! ვფიქრობ, რომ მახვილი და ღრმა გონიერება, აგრეთვე მხნეობა და ხასიათის სულიერი სიმტკიცე ქალს უფრო სჭირდება ვიდრე მამაკაცს. იქნება ვინმეს ეუცხოოს ეს აზრი, მაგრამ ჩვენ ადვილად შეგვიძლია მისი დამტკიცება.პირველ რიგში, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ქალი აგებულებით ანუ სხეულით არის უფრო სუსტი, ვიდრე მამაკაცი, მას არა აქვს ისეთი ფიზიკური ძალა და ღონე, როგორც მამაკაცს, რადგან ამაში იგი ჩამორჩება მამაკაცს ამიტომაც საჭირო არის, გონიერებით და ჭკუით მაინც შეავსოს ეს თავისი ნაკლოვანება, რათა ყოველ მხრივ არ ჩამორჩეს მამაკაცს. ამავე მიზეზით, ესე იგი, რადგანაც ქალი არის აგებულებით სუსტი, საჭირო არის, რომ მას ჰქონდეს სულიერი სიმტკიცე, ხასიათის სიმაგრე. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ქალი ჭკუითაც ჩამორჩა მამაკაცს, ხასიათიც სუსტი და უღონო ექნება, მაშინ იგი პირდაპირ გახდება მამაკაცის სათამაშო და ყოველი მამაკაცი ბოროტად გამოიყენებს მის სისუსტეს და უღონობას. საუბედუროდ, ხშირადაც ვხედავთ ჩვენ ამას. რამდენი ქალი იღუპება ქვეყანაზე იმით, რომ იგი არის უღონო, სუსტი სულიერადაც და ხორციელადაც, არა აქვს სულიერი ძალა, რათა მტკიცედ წინ აღუდგეს განსაცდელებს, არ აჰყვეს ბოროტ მამაკაცთა შეგონებებს, სურვილებსა და მაგალითებს. საზოგადოდ ეს უნდა ვთქვათ, რომ ცოდვა და ნაკლოვანება ქალთა, უმეტესად, ამ წყაროდან მომდინარეობს. ქრისტიანობა არ მოითმენს ამას. ქრისტიანობა მოითხოვს, რომ ქალი იყოს ,,თვით მდგომარი’’, ესე იგი, ისეთი გონიერება და მხნეობა უნდა ჰქონდეს, რომ იქცეოდეს თავისი ჭკუით და ნებით, ქრისტიანობა არ მოითხოვს, რომ ქალს ჰქონდეს მონებრივი დამოკიდებულება მამაკაცთან, თუგინდ მეუღლესთან, თუგინდ მამასთან. გაუნათლებელ და ურჯულო ქვეყნებში ქალი არის მონა, სათამაშო მამაკაცისა და ემსახურება მამაკაცთა პირუტყვულ ვნებებს. ასე არ ხდება განათლებულ, ქრისტიანულ საზოგადოებაში. აქ ქალს აქვს დიდი პატივი და მნიშვნელობა. ღმერთმა ისე შეამკო ქალი მრავალი განსხვავებული თვისებით და ნიჭით, რომ ის დაეხმაროს საზოგადოებას. მაგრამ თუკი მას აკლია გონიერება და მხნეობა, მაშინ ყველა მისი მშვენიერი თვისება გახდება წყარო თავისი უბედურებისა და საზოგადოების წახდენის. რაში უნდა გამოაჩინოს, როგორ უნდა მოიხმაროს ქრისტიანმა ქალმა თავისი გონიერება და მხნეობა? შეიძლება, ძმანო, მან ბოროტად გამოიყენოს ნიჭი და ეს იქნება დიდი უბედურება. ქალი მაშინ აღასრულებს თავის დიდ მნიშვნელობას, როდესაც იგი მხნეობას და ჭკუას მოახმარს ოჯახს, შვილებს და ნათესავებს. ქალის ბუნება განსხვავდება მამაკაცის ბუნებისაგან გულისგრძნობით. გამოცდილება ამტკიცებს, რომ თვითონ ქალი მაშინ არის უფრო ბედნიერი, როდესაც სხვას ანიჭებს ბედნიერებას. ქალის გული მოითხოვს სიყვარულს, თავგანწირვას. იგი ყოველთვის ეძებს ვინმეს შესწიროს თავისი ღონე, სიყვარული. მართალია ზოგიერთნი არიან თავისმოყვარე ქალნი, რომლებიც მარტო საკუთარ ბედნიერებას ეძებენ, მაგრამ ესეთები მოქმედებენ წინააღმდეგ თავისი ბუნებისა. ჭეშმარიტი დედობრივი ბუნების მქონე ქალი ბედნიერი არის მაშინ, როდესაც სხვას აბედნიერებს. ამისათვის ქალმა ყოველთვის უნდა ეძიოს ისეთი შემთხვევა, სადაც საჭირო არის მისი თავგანწირვა, სადაც მას შეუძლია ნუგეშისცემა შეწუხებულისა, შემსუბუქება ადამიანის ტვირთისა, რომელშიც შემწე იყოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ყველა გონიერი, მხნე ქალის. - ამინ.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი უკან დაბრუნება |