მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > ხმა მარადისობიდან (ფიქრები საფლავზე)
ხმა მარადისობიდან (ფიქრები საფლავზე)1-10-2013, 00:02 |
ზაფხულის
წყნარი საღამოს ბინდ - ბუნდში ჩაფიქრებული, მარტოდმარტო ვიდექი ჩემი მეგობრის საფლავზე. იმ დღეს
აღსრულებულ იქნა მისი მოხსენიება და დიდხანს დარჩა საფლავზე მისი ოჯახი. იქ მყოფთა საუბარი თითქმის
არ ისმოდა, ისმოდა მხოლოდ მათი გოდება. ტირილს ცვლიდა ღრმა სიჩუმე და სიჩუმეს ცვლიდა
ტირილი და დიდხანს ენაცვლებოდა ასე ერთმანეთს ტირილი და სიჩუმე, სიჩუმე და ტირილი.
მე მარტოდმარტო, ჩაფიქრებული ვიდექი საფლავზე, ვიდექი იმ დღის შთაბეჭდილებით აღსავსე. უეცრად რაღაც მოულოდნელი, საოცარი შთაგონება დამეუფლა. თითქოსდა მიცვალებულის ხმა გავიგონე და ახლა აკანკალებული ხელით ვცდილობ აღვწერო მისი იმქვეყნიური სიტყვები, საიდუმლო საუბარი, საოცარი ქადაგება, ისე, როგორც აისახა ის ჩემს სულში. ,,ჩემო მამა! ჩემო დედა! ჩემო მეუღლევ! ჩემო დებო! შავი ტანსაცმლით და სხეულითაც და სულითაც ღრმა მწუხარებით შემოსილებმა მოიყარეთ თავი ჩემს განმარტოებულ საფლავზე და თავჩაქინდრულები გარს შემოეხვიეთ მას. უხმოდ, მხოლოდ აზრებით და გრძნობებით ესაუბრებით საფლავის მდუმარე მკვიდრს. თქვენი გულები თითქოსდა განუკურნებელი ნაღველის ფიალებია. ცრემლთა ნიაღვარი გადმოედინება თქვენი თვალებიდან. გადმოდენილი ნიაღვრის ადგილას ცრემლის ახალი ნაკადები ჩნდება. უძიროა ნაღველი , უსასრულოა ცრემლები. ბავშვებო ჩემო შვილებო! თქვენც აქ ხართ, საფლავზე დადებულ ქვასთან! თქვენს თვალებშიც ჩნდება ცრემლები, თუმცა თქვენმა გულმა არ იცის, რატომ ტირიან თქვენი თვალები, რომლებიც ჩემი მამის და ჩემი დედის თვალებს ბაძავენ. თქვენ მოგწონთ საფლავის ქვის მბრწყინავი, სარკესავით პრიალა გრანიტის ყურება, ტკბებით ოქროს ასოებიანი ნაწერის ცქერით, ისინი კი - ეს გრანიტიც და ეს წარწერაც - თქვენი ნაადრევი ობლობის მაუწყებელნი არიან. ჩემო მამა! ჩემო დედა! ჩემო მეუღლევ! ჩემო ნათესავებო და მეგობრებო! რად დგახართ ამდენ ხანს ჩემს საფლავზე, ცივ ქვასთან, რომელიც გულგრილად დარაჯობს საფლავს? დიდი ხანია გაცივდა ჩემი უსულო სხეული. ყოვლისშემძლე შემოქმედის განჩინებით, იგი უბრუნდება მიწას, მტვრად იქცევა. რომელ მძიმე ფიქრებს შეუპყრიხართ, რა გაჩერებთ ჩემს საფლავზე? ღვთისმსახურებმა უკვე აღავლინეს ლოცვები ჩემი სულის მოსახსენებლად, მისურვეს საუკუნო განსვენება და ხსენება ჩემი მაცხოვრის მიერ. ისინი წავიდნენ მდუმარე საფლავიდან. წადით თქვენც! დასვენება სჭირდება თქვენს დამაშვრალ, მწუხარებით გატანჯულ და გაწამებულ სულს და სხეულს. თქვენ არ მიდიხართ!... თქვენ აქ ხართ! თითქოს მიეწებეთ ჩემი დაკრძალვის ადგილს. მდუმარებით - რომელიც ყველაზე ბრწყინვალე მჭერმეტყველებაზე უფრომრავლისმთქმელია, სულით, რომლისთვისაც არ არსებობს ახსნა - განმარტება, გულით, რომელშიც გრძნობათა სიჭარბე შთანთქავს ყოველივეს, თქვენ არ შორდებით საფლავს, რომელიც მრავალი საუკუნე იქნება დაბეჭდილი და ქვას- უგრძნობ ძეგლს. რა გინდათ თქვენ! ამ ქვის ქვემოდან, საფლავის წიაღიდან ჩემი ხმის გაგონებას ხომ არ ელოდებით?! არ არის ეს ხმა! მე მხოლოდ მდუმარედ გესაუბრებით. მდუმარება, აღუშფოთებელი სიწყნარე - ასეთი იქნება საფლავი აღდგომის საყვირამდე. მიცვალებულთა ცხედრები უხმოდ საუბრობენ, რადგან ხმა მიწიერ სიტყვებს ესაჭიროება. ისინი კი თავისი ხრწნილებით ქადაგებენ ხამაღლა და ესაა ყველაზე სარწმუნო შეგონება დედამიწის ზედაპირზე მობობოქრე, მოხმაურე ხრწნილების მაძიებელთათვის. მე კიდევ მაქვს ხმა! გესაუბრებით კიდეც, ვპასუხობ კიდეც თქვენს გაუმხელელ ფიქრებს, თქვენს წარმოუთქმელ, გამოუხატავ კითხვებს. მე მისმინეთ! გაარჩიეთ ჩემი ხმა იმ საერთო ხმაში, რომლითაც მარადისობა მიმართავს დროს! მარადისობის ხმა ერთია -უცვლელი, გარდაუვალი. მასში არ არის ცვალებადობა, მერყეობა. მასში დღეც ერთია, გულიც ერთია, აზრიც ერთია. ყველაფერი ამის გამაერთიანებელი კი - ქრისტეა! ამიტომაც ხმაც ერთია. ამ ხმაში, რომლითაც მარადისობა ლაპარაკობს, ამ მდუმარე და ამასთან ერთად მქუხარე ხმაში გაარჩიეთ ჩემი ხმა. ნუთუ ჩემს ხმას ვერ ცნობთ ახლობლებო?! ჩემს ხმას მარადისობის საერთო ერთ ხმაში თავისი ცალკე ჟღერადობა აქვს, ისევე როგორც ბგერას მრავალხმიანი ფორტეპიანოს საერთო აკორდში. ჩვენ ყველას შეგვაგონებდა მარადისობის ხმა, შეგვაგონებდა ჩვენი არსებობის დაწყების დროიდან. შეგვაგონებდა მაშინ, როცა ჯერ კიდევ უნარი არ გვქონდა ყური გვეგდო ამ შეგონებისთვის. შეგვაგონებდა მოწიფულ ასაკშიც, როცა ჩვენ შეგვეძლო და ვალდებულნიც ვიყავით, ყური გვეგდო და გაგვეგო იგი. მარადისობის ხმა!... ვაი, რომ ცოტაა ვინც შენ ყურს გიგდებს მიწიერ ხმაურიან სასტუმროში!... შენს ყურისგდებას ხან ჩვენი ბავშვობა გვიშლის, ხან ცხოვრებისეული საზრუნავები და გასართობები, მაგრამ შენ არ ჩუმდები. საუბრობ, საუბრობ და ბოლოს მრისხანე დესპანის - სიკვდილის მეშვეობით ყურადღებიან თუ უყურადღებო მსმენელს გამოითხოვ მარადისობის უმნიშვნელოვანესი სიტყვების მოსასმენად და მისთვის ანგარიშის ჩასაბარებლად. იმისთვის, რომ მარადისობის ხმას მაცხოვნებელი სიტყვებისადმი თქვენი გონების მიზიდვის, თწვენს გულში შეღწევის განსაკუთრებული უნარ ჰქონდეს, ღმერთმა მარადისობის მოსაუბრეთა რიცხვში შემიყვანა. ჩემი ხმა შეწყობილ თანაჟღერადობაში მოვიდა ვრცელი, უხილავი სამყაროს საერთო ხმასთან. დედამიწის ყველა მკვიდრისთვის მე მკვდარი ვარ და ყველა მკვდარივით უხმო, მაგრამ თქვენთვის ცოცხალი ვარ. მე მკვდარი ვამბობ მაცხოვნებელ სიტყვას უფრო გულახდილად, უფრო ძლიერად, ვიდრე ამას ვიტყოდი თქვენ შორის რომ დავრჩენილიყავი და თქვენთან ერთად გამოვდევვნებოდი სიკეთის აჩრდილებს, რომლითაც ხრწნილება ატყუებს და ღუპავს სამოთხიდან გაძევებულ, განრისხებულ ღმერთთან შერიგებისთვის მცირე ხნით დედამიწის სასტუმროში მოთავსებულ ადამიანებს. ღმერთი მოწყალეა, უსასრულოდ მოწყალე. სასარგებლო რომ იყოს, საფლავის წყვდიადიდან, მძიმე ქვის ქვემოდან გამოგეხმაურებოდით... მაგრამ, ღმერთმა მარადისობის ცალკეული ხმის გამოძახილი ზედმეტად ჩათვალა, რადგან არა მხოლოდ ანგელოზთა სწორმა ადამიანებმა, არამედ თვით მისმა მხოლოდშობილმა ძემაც ამცნო სამყაროს მისი ნება, აცნობა მორჩილთათვის ნეტარი, ურჩთათვის კი საშინელი, წმინდა და მკაცრი კანონები მარადისობისა-,,... ჰყავთ მოსე და წინასწარმეტყველნი, მათი ისმინონ’’ (ლკ.16.29). - ასეთი იყო ზეცის პასუხი მათ მიმართ, ვინც მიცვალებულთა ხმას ითხოვდა მიწაზე ხორციელად მცხოვრები, სულიერი და მარადიული სიკვდილით მკვდარი ადამიანებისთვის საქადაგებლად. ,, უკეთუ მოსესი და წინასწარმეტყველთაჲ არა ისმინონ, არცაღა, მკვდრეთით თუ ვინმე აღდგეს, ჰრწმენეს მათ’’ (ლკ.16,31). ჩემო მეგობარო, მკვდარო, მაგრამ ბაგეზე ,,ცოცხალი სიტყვის’’ მქონევ! მიიღე ჩემგან დავალება და შეასრულე. აი, ჩემი მამა! აი ჩემი დედა! აი, ჩემი მეუღლე! აი, ჩემი ახლობლები! გარდა მარადისობის საერთო ხმით საუბრისა, მათთან სხვაგვარად საუბარი არ შემიძლია. ამ ხმაში ისინი ჩემი ხმის ბგერებსაც მოისმენენ... დიახ, მოისმენენ!... მაგრამ ცალკე, კერძო სიტყვა მე არ მაქვს... ჩემო მეგობარო! იყავი ჩემი სიტყვა! ჩვენი საერთო საგანძურიდან, წმინდა მარადისობიდან. ჩემი სახელით უთხარი მათ მოკლე, მაგრამ მათთვის ძალზე საჭირო სიტყვა: ,,მიწიერი ცხოვრება წამიერი, ცრუ სიზმარია, მარადისობა - გარდაუვალი. არსებობს ცუდი მარადისობაც... მოიხვეჭეთ ნეტარი მარადისობა ყოვლადწმინდა ღვთის წმინდა კანონებისადმი ყურადღებით და მორჩილებით და მოდით ჩემთან ჭეშმარიტი, უსასრულო ნეტარებისთვის, ღვთის მიერ თითოეულისთვის დადგენილ დროს!’’
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი უკან დაბრუნება |