მთავარი > საცდურები, მაგია, მისნობა, ჯადოქრობა, მთავარი გვედის ფოტო > "სასწაულები" აღმოსავლურ კულტებში - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

"სასწაულები" აღმოსავლურ კულტებში - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


7-06-2023, 08:27

 

 

 

"ვითარმედ რომელსაც იგი უგებენ წარმართნი, ეშმაკთა უგებენ და არა ღმერთსა; ხოლო მე არა მნებავს თქუენი ეშმაკთა ზიარება”. (1 კორ. 10, 20) 


 


  ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, რომ მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტებაზე მეტყველებს როგორც სწავლების სიწმინდე, ასევე ნიშნები და სასწაულები, მის წიაღში გაცხადებულნი, რომ ვერც ერთი აღმსარებლობის, კერპთაყვანისცემლობისა თუ ჯადოქრობის "სასწაულები” ვერ შეედრება მას თავისი სიდიადითა და ჭეშმარიტებით.

  ამჯერად, აღმოსავლურ კულტებში ბრაჰმანიზმი, ბუდიზმი, აღსრულებულ სასწაულებსა და მათ შინაარსზე ვისაუბროთ. მანამდე მოკლედ ვთქვათ: ბრაჰმანიზმი ინდოელების რელიგიაა, რომელსაც მილიონობით ინდუსი აღიარებს. მისგან იშვა და განვითარდა ბუდიზმი, შემდეგ, ძენ-ბუდიზმი, რომლის მიმდევრები მთელ აზიაში მილიარდს აღემატებიან. ამ რელიგიების ფუძემდებელი ქრისტეს შობამდე 600 წლით ადრე ცხოვრობდა. მთავარ შეხედულებაში, კერძოდ, სამყაროსადმი პესიმისტურ განწყობაში, ძალიან ჰგვანან ეს რელიგიები ერთმანეთს.

   ვისაუბრებთ მხოლოდ მათ წიაღში აღსრულებულ "სასწაულებზე”. ზოგიერთი მათგანი აღწერილი აქვს XIX საუკუნის ფრანგ მოგზაურ ჟაკოლის, რომელიც ამ "სასწაულების” თვითმხილველი გახლდათ. მოვიშველიებთ, აგრეთვე, მღვდელმონაზონ სერაფიმე (როუზის) წიგნს "მართლმადიდებლობა და მომავლის რელიგია”, სადაც აღმოსავლური რელიგიების დამახასიათებელი მედიუმური "ნიჭის” ბუნებაა დახასიათებული.

   თავდაპირველად ჟაკოლის ისტორია შევიტყოთ. 1866 წელს ჟაკოლი ქ. ბენარესში ცხოვრობდა. იქ გაიცნო ერთი ფაკირი, რომელიც არწმუნებდა მას, რომ წინაპართა სულებს ესაუბრებოდა. (შეადარეთ სპირიტიზმთან – ავტ). ჟაკოლი წერს: "მოედანზე წყლით სავსე ბრინჯაოს ქვაბი იდგა, რომელიც ცარიელიც კი ძლივს გადაჰქონდა ორ ადამიანს. ფაკირმა გასწია მისკენ ხელი და რამდენიმე წუთში ქვაბი ამოძრავდა და მას მიუახლოვდა. ფაკირის სურვილისამებრ, ქვაბი ხან მოიწევდა მისკენ, ხან უკან ბრუნდებოდა, ხან კი ჰაერშიც მაღლდებოდა. მოძრაობის მიუხედავად, წყალი მასში გაუნძრევლად იდგა. თავად ფაკირიც ორჯერ ამაღლდა ჰაერში და ირწმუნებოდა, რომ ყოველივე ეს უმაღლესი სულების მეშვეობით ხორციელდებოდა. კიდევ: ფაკირმა გაშალა ქვიშა მიწაზე, ზედ პატარა ჯოხი დადო. ჯოხმა თავისით დაიწყო იმის წერა, რასაც ფრანგი მოგზაური ქაღალდზე წერდა. ჟაკოლი ჩაიფიქრებდა შეკითხვას, ხოლო ჯოხი თავისით წერდა სრულიად ლოგიკურ პასუხებს”1

  მეორე ისტორიას მამა სერაფიმე (როუზი) გვიამბობს. იგი ეყრდნობა ასევე თვითმხილველის, არქიმანდრიტ ნიკოლოზ დრომიაზგინის მიერ აღწერილს. მამა სერაფიმე წერს: "ინდოეთში გემით მოგზაურობის დროს ერთ-ერთ კუნძულზე შევჩერდით ნახშირის მარაგის ასაღებად. იქ, ერთ ქოხთან, მოხუცი ფაკირი ვიხილეთ. ხმაურიანი ჯგუფის გამოჩენის მიუხედავად, მოხუცი უძრავად იჯდა და ყურადღებას ოდნავადაც არ გვაქცევდა. უცებ საიდანღაც ყმაწვილი გამოვიდა, პოლკოვნიკს მიუახლოვდა და ჩუმად რაღაც ჰკითხა. მალე მან რამდენიმე დაბალი სკამი მოიტანა და ჩვენი ჯგუფი ნახევარწრედ მოეწყო მოხუცის შორიახლოს. მსუბუქი, არომატული კვამლი მაღლა ადიოდა, მოხუცი კვლავ იმავე პოზაში იჯდა, თითქოს ვერავის და ვერაფერს ამჩნევდა. ახლად ამოსულმა მთვარემ ცოტათი გაფანტა ღამის წყვდიადი და მისმა მკრთალმა შუქმა ყველა საგანს ფანტასტიკური მოხაზულობა მიანიჭა. უნებლიეთ ყველა გაყუჩდა და ელოდა, რა მოხდებოდა.

  უეცრად მის მერიმ აღელვებით წამოიძახა: "შეხედეთ, ხეს შეხედეთ!” ყველამ იქეთ მივიხედეთ. ხის უზარმაზარი წვერი თითქოს მთვარის ნაზ შუქს ერთვოდა, თვითონ ხე კი თანდათან ბუნდოვანდებოდა და კარგავდა თავის მოხაზულობას, გეგონება ვიღაცის უხილავმა ხელმა ჰაეროვანი მოსასხამი გადააფარაო... და ეს მოსასხამი  სულ უფრო მყარი და გამჭირვალე ხდებოდა. მალე ჩვენს წინაშე საოცარი სიცხადით გაჩნდა ზღვის ზედაპირი – ტალღები მსუბუქი შრიალით მისდევდნენ ერთმანეთს და თავზე ქაფს იგდებდნენ, ცა უეცრად გალურჯდა და ზედ ღრუბლებმა დაიწყეს ცურვა. გაოგნებულები ვიდექით და თვალს ვერ ვაშორებდით ამ უცნაურ სანახაობას. აი, შორს თეთრი ხომალდიც გამოჩნდა, ორი დიდი მილიდან სქელი კვამლი ამოდიოდა… უცებ უწინდელზე უფრო მეტმა გაოცებამ შეგვიპყრო: ჩვენ ვიცანით გემი – სწორედ ის, რომლითაც კოლომბოს (კუნძული) მივადექით! როდესაც კიჩოზე ოქროს ასოებით ამოკვეთილი სახელი ,,ლუიზა” წავიკითხეთ, ჯგუფში ჩოჩქოლი ატყდა, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც იმან გაგვაოგნა, რომ გემზე ყველამ საკუთარი  თავი დავინახეთ! თანაც, ნუ დაგავიწყდებათ, ყოველივე ეს იმ დროს ხდებოდა, როდესაც კინემატოგრაფი ჯერ არ არსებობდა და რაიმე ამგვარს ვერც კი წარმოვიდგენდით. თითოეული ჩვენგანი გემბანზე მყოფთა შორის საკუთარ თავს ცნობდა – ისინი იცინოდნენ და საუბრობდნენ. მაგრამ ყველაზე საოცარი ის იყო, რომ მარტო საკუთარ თავს კი არ ვხედავდით, არამედ მთელ გემბანს უმცირეს დეტალებში – თითქოს ზემოდან, ჩიტის გაფრენის სიმაღლიდან, რაც სინამდვილეში სრულიად შეუძლებელი იყო.…

  ამასობაში სულ დამავიწყდა, რომ მღვდელი და ბერი ვარ და რომ შემფერებოდა ამგვარ სანახაობაში მონაწილეობა საეჭვოა. უცებ გულში რაღაც შეშფოთება ვიგრძენი, უსიამოვნო განცდა დამეუფლა და აი, ჩემმა ბაგეებმა თითქოს თავისთავად წარმოთქვეს: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი!” უმალვე შვება ვიგრძენი. ლოცვა თანდათან მომძლავრდა და მასთან ერთად ჩემს სულს მშვიდობა დაუბრუნდა. მე ისევ ხეს ვუყურებდი – ანაზდად მთელი ეს სურათი, გეგონება ქარმა დაუბერაო, ნისლმა მოიცვა და გაქრა. თანამგზავრებისთვის ზღვის სურათი არ წაშლილა.

  ამ დროს, როგორც ჩანს, ფაკირს რაღაც დაემართა – იგი გვერდზე გადავარდა. სეანსი მოულოდნელად შეწყდა. ყოველივე განცდილით საოცრად აღელვებული  მგზავრები წამოდგნენ. მათ ვერ გაეგოთ, რატომ დამთავრდა ყველაფერი ასე ერთი ხელის მოსმით. მოწაფემ ეს იმით ახსნა, რომ ფაკირი გადაიღალა.… წასვლის წინ უნებლიეთ უკან მოვიხედე, რათა მეხსიერებაში აღმებეჭდა მთელი ეს სცენა. უეცრად თავიდან ფეხებამდე ჟრუანტელმა დამიარა – ჩემი მზერა ფაკირის თავიდან ფეხებამდე სიძულვილით აღსავსე მზერას წააწყდა. ეს მხოლოდ ერთ წამს გაგრძელდა. მან კვლავ ჩვეული პოზა მიიღო, მაგრამ ამ მზერამ ერთხელ და სამუდამოდ ამიხილა თვალი იმაზე, თუ ვისი ძალით ხდება მსგავსი "სასწაულები”.

  ამ ისტორიის განმარტებისას მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი) ამბობს: "იმ ძალებს, აღმოსავლური რელიგიების პრაქტიკოსები რომ ფლობენ, სათავეში მედიუმის ფენომენი უდგას. მისი მთავარი თავისებურებაა პასიურობა "სულიერი რეალობის” წინაშე; ეს კი ადამიანს არაქრისტიანული რელიგიების "ღმერთებთან” (ანუ დემონებთან) კონტაქტის დამყარების საშუალებას აძლევს. ამგვარი ფენომენი არსებობს აღმოსავლურ მედიტაციაში (მაშინაც კი, როდესაც იგი "ქრისტიანულ” სახელს იჩემებს)”.2

   ამრიგად, ჩვენს მიერ მოხმობილ ისტორიებში ორი სახის "სასწაულს” ვაწყდებით. ერთია არაჩვეულებრივი მოქმედებები, რომლებიც მხილველებისთვის უცნობი, მაგრამ ბუნებრივი კანონებით სრულდება; მეორე სახის "სასწაულები” უკვე სულების (რა თქმა უნდა, ბოროტი სულების) მეშვეობით ხორციელდება.

   რატომ ვართ ამაში დარწმუნებული? იკითხავს მავანი. პირველ ყოვლისა, მათი მცდარი რელიგიური აღმსარებლობის გამო (სადაც არ არის ჭეშმარიტება, არც ჭეშმარიტ სასწაულებთან გვაქვს საქმე); მეორე მხრივ —  სასწაულების თვისებების გამო. ფაკირების მიერ აღსრულებული "სასწაულები” (ნივთების გადაადგილება, გაქრობა-გამოჩენა, ადამიანის აზრების ხედვა და ა.შ.) მხოლოდ მოგზაურთა ცნობისმოყვარეობას აკმაყოფილებდა.

   უფრო რთული სასწაულების აღსრულება მათ არ ძალუძთ. მაგალითისათვის პეტრე მოციქულისა და სიმონ მოგვის პაექრობაც გამოდგება.

  ქრისტეს ეკლესიაში ღვთის სასწაულები მხოლოდ კეთილი მიზნისათვის სრულდება: ავადმყოფის საკურნებლად, ბრმათა თვალის ასახელად, განსაცდელისაგან დასახსნელად და ა.შ. არც ერთი ჭეშმარიტი სასწაული არ აღსრულებულა ცნობისმოყვარეებისათვის არც წმინდა წერილში, არც წმინდა მამათა ცხოვრებაში. ღვთის სასწაული თავისი მადლმოსილებითა თუ ძალმოსილებით ყოველთვის აღემატება წარმართულ სამყაროში აღსრულებულ "სასწაულებს”. მეტიც: ქრისტეს ეკლესიის ისტორიაში არსებობს უამრავი მაგალითი (გნებავთ, წმიდა ნინოს ცხოვრება გავიხსენოთ – ავტ.), როცა წარმართი ღმერთები, — ბოროტი სულები აშკარად აღიარებენ თავიანთ უსუსურობას ქრისტეს ჯვრის ძალის წინაშე და ტოვებენ იმ ადგილს, სადაც მათ (ე. ი. ჯვრებს) თაყვანს სცემენ.

  ზოგიერთი შეიძლება ფიქრობს, რომ არაფერი დაშავდება, თუკი მხოლოდ უტყუარ ინფორმაციას (მაგ. მომავლის, ან სამკურნალო საშუალების შესახებ) გამოიყენებს. ამ კითხვის პასუხს "საქმე მოციქულთაში" (16.18) ვპოულობთ.

  წმიდა ეგნატე განგვიმარტავს: "ისინი (დემონები) ატყუებენ მათდამი ყურადღებიანთ. ამიტომ, თუმცა დემონი სიმართლეს ამბობდა, პავლემ გაჩუმება უბრძანა მას, რათა ეს სიმართლე საბაბად არ ექცია, არ შეერია მასში სიცრუე და ნდობა არ დაემსახურებინა. (მოც. საქმეები 16.18). ეშმაკი ამბობდა: ეს კაცნი უზენაესი ღმერთის მონები არიან, რომლებიც გაუწყებენ ხსნის გზას.” განრისხებულმა მოციქულმა უბრძანა ბოროტ სულს, გამოსულიყო დედაკაცისაგან. განა ცუდს რას ამბობდა სული, როდესაც თქვა: ეს კაცნი უზენაესი ღმერთის მონები არიან (საქმე 16.17); მაგრამ რაკი უცოდინართა უმრავლესობას არ შეუძლია საფუძვლიანად განსაჯოს, რა ითქმება დემონთა მიერ, მოციქულმა გადაჭრით უარყო ყოველგვარი ნდობა მათ მიმართ.…თავად ქრისტემაც, როდესაც დემონები ეუბნებოდნენ, გიცნობთ ვინცა ხარო, მკაცრად აუკრძალა მათ ამის წარმოთქმა. ამითაც მოგვეცა ჩვენ ღმერთის მცნება – არანაირი მიზეზით არ მივენდოთ დემონს, თუნდაც ისინი რაიმე სამართლიანს გვაუწყებდნენ. ამის მცოდნენი, მოვალენი ვართ არაფერში არ ვერწმუნოთ დემონს. თუნდაც სიმართლეს ლაპარაკობდეს იგი, გავექცეთ უნდა, განვეშოროთ მას. ჯანსაღ და მაცხონებელ შემეცნებას ჩვენ უნდა ვსწავლობდეთ არა დემონებისაგან, არამედ საღმრთო წერილიდან”.(გაგრძელება...)

 



1 წიგნ. "О Святой Правасловной Вере" 1995. გვ. 147.

2 ს.როუზი. მართმადიდებლობა და მომავლის რელიგია. 1999 წ. გვ. 85-86.

3 Св. Игнатий (Брианчанинов).  Аскетическая Проповедь. Т.4 გვ. 98.

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 




 


უკან დაბრუნება