მთავარი > ლოცვა > იესოს ლოცვა... ხალხმრავლობაში

იესოს ლოცვა... ხალხმრავლობაში


29-09-2013, 00:04
იესოს ლოცვა... ხალხმრავლობაში

   გონებით ლოცვას ხშირად ეწინააღმდეგებიან ბევრნი და ამბობენ: მეუდაბნოე ხომ არა ხარ, ეს შენი საქმე არაა, შეუძლებელია იესოს ლოცვის აღსრულება ერში, ხალხმრავალ ადგილებში, მეტადრე ერისკაცებისთვის.

   დიდი შეცდომაა ვიფიქროთ, რომ ღვთის მადლის მოსახვეჭად უნდა შეიქმნას რაღაც განსაკუთრებული, იდეალური პირობები. მაცხოვარი ბრძანებს: „შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელ არის ღმრთისა მიერ". (ლუკ. 18,27). ცხონება და ქრისტიანული სრულყოფილების საფეხურებზე ასვლა ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ ვითარებაშია შესაძლებელი, მაგრამ მხოლოდ „გონივრული ღვაწლის" დროს, როცა სიფრთხილით დაიცავ შენ გონებას. როგორც წმიდა იოანე კრონშტადტელი ამბობს: ეს არის წმიდა მამათა გზა, მასშია არსი მართლმადიდებლური ასკეზისა.

   გონების დაცვა ერში მცხოვრებთათვის შეუძლებელი რომ ყოფილიყო, მაშინ სულიწმიდა მოციქულის პირით არ გვეტყოდა: „მოუკლებელად ილოცევდით" (1 თეს. 5, 17) ღმერთი არ მოგვიწოდებს შეუძლებელის შესრულებას, ე. ი. ეს ჩვენ ძალგვიძს. რაკი სულიწმიდის მთაგონებით გვეუწყა ლოცვის შესახებ, შესაბამისად ის ყოველი ჩვენგანისთვის სავალდებულოც გახლავთ. „განუწყვეტელი ლოცვის გარეშე ღმერთთან მიახლება შეუძლებელია". - ამბობს ღირსი ეფრემ ასური (69. სიტყვა).1

   საჭიროა მხოლოდ ცხონების სურვილი და ძალისხმევა, ხოლო სათნო მონდომებისას თავად ღმერთი შეგვეწევა. ამ მოსაზრებას წმიდა მამათა და თანამედროვე მოღვაწეთა თხზულებების ამონარიდებით გავამყარებთ.

   წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ცხოვრების აღმწერელი კონსტანტინოპოლის წმიდა პატრიარქი თეოდოთე ამბობს: „ნურავინ იფიქრებს, ძმანო, ქრისტიანებო, თითქოს მხოლოდ სამღვდელო პირებსა და მონაზვნებს აკისრიათ უწყვეტი და მუდმივი ლოცვის მოვალეობა და ერის ადამიანებს - არა. არა და არა: ჩვენ ყველანი, ქრისტიანენი, ვალდებულნი ვართ განუწყვეტლივ და მუდმივ ვილოცვიდეთ... ასე გვასწავლის გრიგოლ ღვთისმეტყველიც და თითოეულ ქრისტიანს გვმოძღვრავს, რომ უფრო ხშირად გვმართებს ღვთის სახელის ხსენება, ვიდრე ჰაერის შესუნთქვა... არ უნდა დავივიწყოთ უწყვეტი ლოცვის საშუალებაც, კერძოთ, ლოცვა გონების მეშვეობით. ეს კი ყოველთვის შეგვიძლია, თუ ვისურვებთ. როცა ვხელსაქმობთ ან დავდივართ, საკვებს მივირთმევთ თუ ვსვამთ, ყოველთვის ძალგვიძს ვილოცოთ გონებით და აღვსარულოთ ღვთისთვის სათნო, ჭეშმარიტი ლოცვა".2

   წმიდა გრიგოლი ამ თემაზე ხშირად ესაუბრებოდა თავის მეგობარ ბერს - იობს. წმინდანმა სეახსენა მას პავლე მოციქულის სიტყვები: „მოუკლებელად ილოცვიდეთ" (1 თეს. 5, 17), აგრეთვე გონივრული ღვაწლი დავით წინასწარმეტყველისა, რომელიც გონებით ჭვრეტდა უფალს თავის ლოცვებში. (ფს. 15, 8). წინასწარმეტყველი სრულად ემორჩილებოდა ღვთივგანბრძნობილი მამების სწავლებას. მას შეესისხლხორცებინა ის ჭეშმარიტება, რომ არა მარტო მან უნდა ილოცოს გამუდმებით, არამედ მონაზვნებმაც, ერისკაცებმაც, ბრძენმაც, გლეხმაც, კაცმა თუ ქალმა თუ ბავშვმაც, საერთოდ ყველამ უნდა ვისწავლოთ, განუწყვეტელი ლოცვა. მამა იობს რომ შეახსენეს ეს მოსაზრება, თამამ სიახლედ მოეჩვენა ნათქვამი და შეეკამათა წმ. გრიგოლს. ის მიიჩნევდა, რომ განუწყვეტელი ლოცვა მხოლოდ მონაზვნებისა და ასკეტ - განდეგილების ღვაწლია და არა ერისკაცებისა, რომლებიც მრავალ ყოფით საზრუნავში არიან ჩაფლულნი. წმ. გრიგოლმა სხვა მტკიცებულებებიც მოიშველია თქმულის გასამყარებლად, მაგრამ ბერი იობი ვერ დაარწმუნა. მოგვიანებით, როდესაც იობი თავის სენაკში ლოცულობდა, მას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უსაყვედურა, რომ ღვთის ნებასა და მოძღვრის სწავლებაში დაეჭვდა. ბერმა მყისიერად მიაშურა წმინდანს, მუხლი მოიდრიკა მის წინაშე, შეინანა თავისი საქციელი და აუწყა მოძღვარს ყოველი, ანგელოზის მიერ თქმული".3

   წმიდა მამებმა ლოცვას სიცოცხლის სუნთქვა უწოდეს. ლოცვა რაღაც დამატებითი საქმე კი არ არის, არამედ ცხოვრების წესია, ვით ბრძანებს ამას წმიდა წერილი (1 თეს. 5, 17). რაკი ეს ასეა, ადამიანი შეძლებს ლოცვით ცხოვრებას ყველგან და ყოველთვის.

   ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი წერს: „არც საერო ცხოვრება, არც ყოფითი საქმეები არ გვიშლის მცნებების შესრულებაში ხელს, თუკი გვაქვს მოშურნეობა და ვიცით ყურადღებიანი ლოცვა".4 ამ სიტყვების ჭეშმარიტება მრავალი წმიდანის ცხოვრებამ ცხადყო. მაგალითად: სენატორის წოდებიდან პატრიარქის ხარისხში აყვანილი უწმიდესი ფოტი მონაზვნად არ შემდგარა. იგი თავის მაღალ პოსტზე დაეუფლა გონებრივ საქმიანობას და უდიდეს წარმატებას მიაღწია. წმ. სვიმეონ თესალონიკელის თქმით, მისი სახე სულიწმიდის მადლით ისეთ ნათელს გამოსცემდა, მეორე მოსე გეგონებოდათ.

   წმ. სვიმეონის თქმითვე, პატრიარქმა ფოტიმ შეადგინა შესანიშნავი წიგნი გონებრივი ღვაწლის შესახებ. სამეფო ქალაქის პატრიარქებმა წმ. იოანე ოქროპირმა, წმ. ეგნატემ და კალისტემ კი დაწერეს წიგნები შინაგანი ღვაწლის შესახებ.

   ასე რომ, თუ გონებრივი ლოცვის წინააღმდეგი ხარ და ამბობ, რომ მეოუდაბნოე არა ხარ და ეს შენი საქმე არაა, მაშინ შენ გამხელენ:

   ა) პატრიარქი კალისტე (მან გონებრივი ლოცვა ათონის უდიდეს ლავრაში, მზარეულის მძიმე მორჩილებაში ყოფნისას შეისწავლა).

   ბ) პატრიარქი ფოტი (იგი პატრიარქის ხარისხში აყვანის შემდგომ დაეუფლა გულისმიერი ყურადღების ხელოვნებას).5

   მამებისეული სწავლების თანახმად, ყოველი ადამიანი განღმრთოებისთვის არის დაბადებული და მოწოდებული. მონაზვნობას ის უპირატესობა გააჩნია, რომ საამისოდ უფრო შესაფერისი და ხელსაყრელი პირობები აქვს. ერისკაცებისთვის, რა თქმა უნდა, რთულია მიწვდნენ იმ სულიერ სიმაღლეებს, რაც მონაზვნებს, ალბათ ნაკლებ გაუჭირდებათ, მათი ძალისხმევა ხომ მთლიანად ერთი საქმისკენ არის მიმართული. ერისკაცებიც უნდა ვცდილობდეთ და ვმოღვაწეობდეთ ცხონებისაკენ მიმავალ გზაზე.

   მაცხოვარი განღმრთოებისკენ მოწოდებით (იონ. 10, 34), საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელს მიმართავდა. შემდგომ კი უფალი ყველა დროის ქრისტიანს ახსენებდა ამის შესახებ. IV საუკუნეში, ანტონი დიდს მოესმა ხმა უფლისა: „ანტონი, შენ ჯერ კიდევ არ ხარ იმ სულიერ სიმაღლეზე, როგორც ალექსანდრიაში მცხოვრები მეტყავე". იპოვა წმ. მამამ ის ერისკაცი, მიიღო მისგან სასარგებლო რჩევები და წარმოთქვა: „შენ მშვიდად ცხოვრობ შენს სახლში და მოიხვეჭე სასუფეველი, ხოლო მე მთელი ცხოვრება უდაბნოში განვლე, და ვერ მივაღწიე იმ სულიერ დონეს, იმ სულიერ განსჯას, რასაც შენ!" იმავე ანტონი დიდის სხვა დროს უფლისაგან ესმა: „არის ქალაქში ვინმე, პროფესიით ექიმი, ის ურიგებს თავის ქონებას გლახაკებს და ყველა დღე ანგელოზთან ერთად გალობს სამწმიდაოს".6

   ღირსი სილუანე ათონელი გავიხსენოთ. ის წისქვილში მუშაობდა, სადაც ათასი ადამიანის სამყოფი პურის ცომი უნდა მოეზილა. მონასტრის საძმო ხშირად ორი ათასსაც აღწევდა და ასობით მომლოცველი სისტემატიურად, თვეობითა და წლობით იმყოფებოდა მონასტერში. ღირსი მამის ცხოვრება გაცილებით რთული და მშფოთვარე იყო, ვიდრე ჩვენი. სწორედ ამ ვითერებაში გამოეცხადა მას უფალი.

   ესეც შესაძლოა: მოიწყო მყუდრო, უშფოთველი, უწყინარი გარემო, მაგრამ მაინც ვერ მოიხვეჭო მადლი სულიწმიდისა. ბერი იაკობი შენიშნავს: „ადგილი კი არ გვძენს სიწმინდეს, არამედ - ცხოვრების წესი. შეიძლება წმიდა მთაზე იყო, მაგრამ აზრით - მის გარეთ, ხალხში. შეიძლება ფიზიკურად ხალხში იყო, მაგრამ აზრით - ათონზე".7

   წმ. იოანე კრონშტადტელი, რომელიც მუდმივად ხალხში იმყოფებოდა და მსახურობდა, ახერხებდა განუწყვეტელ ლოცვას, როგორ გულმხურვალე ლოცვით ამ ხალხისათვის.

   წმ. სინკლიტიკია ალექსანდრიელი, ერთ - ერთი უმკაცრესი ასკეტი ქრისტიანულ ისტორიაში, ამბობს: „ყველასათვის ყველანაირი ღვაწლი როდია სასარგებლო. ზოგიერთისთვის სასარგებლოა განდეგილური ცხოვრება, ზოგიერთისთვის მონასტრული: ასევე მრავალი ცხონდა ქალაქშიც, ბაძავდნენ რა მეუდაბნოეებს. მეორე მხრივ, მრავალმა უდაბნოშიც წარიწყმიდა სული ამსოფლიური ყოფის მიბაძვით. შესაძლოა ხალხმრავალ საზოგადოებაში შინაგანად იმონაზვნო და შეიძლება განდეგილობაში მყოფმა აზრებით გაიზიარო დაცემულთა ყოფა".8

   ერთი უცნობი წმიდა ერისკაცის ცხოვრებაა ძალიან საგულისხმო.

   ბიზანტიის ძველ დედაქალაქში იყო ერთი ხარაზი, ვინმე ზაქარია, ჰყავდა ცოლ - შვილი. ის არა მთებსა და გამოქვაბულში, არამედ შუა ქალაქში საქმიანობდა. მიუხედავად ამისა, თავისი შინაგანი ღვწით იმ სიმაღლეს მიაღწია, რომ ტაძრის საკეტები სასწაულებრივად იხსნებოდა და იკეტებოდა. ეს საოცარი ადამიანი ღამღამობით მიდიოდა წმ. სოფიის ტაძართან. როდესაც იგი ლოცვას იწყებდა, ეკლესიის კარიბჭე თავისთავად გაიღებოდა, ხოლო ლოცვის დასრულების შემდეგ - დაიხურებოდა.

   არანაკლებ გამაოცებელია მისი თავმდაბლობა: „ზაქარია გაურბოდა ხალხის ქებასა და ხოტბას. როდესაც მისი სათნოების შესახებ შეიტყვეს, მან უმალ დატოვა ქალაქი იმის შიშით, რომ ამაო განდიდებით სულიწმიდის მადლი არ დაეკარგა".9

   როდესაც ადამიანის მარადიული ხვედრი წყდება, ცხადია, ამ დროს გარეგანი ცხოვრების წესი და ფორმა კარგავს მნიშვნელობას. იმიტომ რომ, სულიერი ცხოვრების არსი ერშიც და ბერშიც ერთნაირია. განსხვავებები მხოლოდ გარეგნულია. არსობრივად ორივენი ქრისტე ღმერთისაკენ მიილტვიან.

   ყურადსაღებია ერთი რამ: წმ. გრიგოლ პალამას დროს თესალონიკში არსებობდა ისიხასტთა მონაზვნებისა და ერისკაცებისაგან შემდგარი წრეები. ისინი დღენიადაგ შინაგანი ლოცვით ათენებ - აღამებდნენ. მსგავსი პრაქტიკა მოგვიანებით, წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელის ეპოქაშიც იყო გავრცელებული.10

   წმ. გრიგოლ პალამა ამბობდა: „ეს სოფელი სათანადო პირობებს გვიქმნის მოღვაწეობისათვის, რაც გონივრულად უნდა გამოვიყენოთ. მთავარია იყოს სურვილი". უსაფუძვლო არ იყო მისი სიტყვები. წმინდანის მამა - კონსტანტინე პალამა და წმ. ნიკოლოზ კავასილა* გამოჩენილი ისიხასტი ერისკაცები იყვნენ. თავად წმ. გრიგოლმა ეკლესიის მოხმობით დატოვა ათონის მთა, მაგრამ ბოლომდე დარჩა ისიხასტად ხალხმრავალ ქალაქში, საეკლესიო უთანხმოებებსა თუ პატიმრობაში. ის არასდროს ანელებდა ლოცვასა და მღვიძარებას".11

   იმ პერიოდის გამოჩენილი მოღვაწე ნიკოლოზ კავასილა საერთოდ არ საუბრობს მონაზვნების უპირატესობაზე გონებრივი ღვაწლის აღსრულებისას. წმინდანი ამბობს, რომ ნებისმიერ ერისკაცს, რა საქმეშიც არ უნდა იყოს ჩაფლული, ყოველთვის შეუძლია აღასრულოს თავისი მოვალეობა ღვთის წინაშე... ვერც ერთი ქრისტიანი, რომელიც წიგნის ღვაწლს გაურბის, ვერ გაიმართლებს თავს, გინდ ასაკი მოიმიზეზოს, გინდ სამუშაო, სნეულება, ქალაქის ხმაურიანი ყოფა თუ სხვა რამ, რითაც ძირითადად იმართლებენ ხოლმე თავს".12

   ბოლო დროს ისიხაზმის შესახებ ბევრს საუბრობენ აკადემიურ წრეებში, კონფერენციებსა და თეორიულ მოხსენებებში. მაგრამ იშვიათად გვესმის მოძღვრის სიტყვა, საფუძვლიანი განმარტება, მეთოდოლოგია იესოს ლოცვისა. ვინც მიზეზთა გამო არ თუ ვერ გასცდა დამწყების გარეგან ლოცვას, სხვებსაც შთააგონებს, რომ შინაგანი ლოცვის ღვაწლი იშვიათ რჩეულთა ხვედრია.

   ამის საპასუხოდ წმ. თეოფანე დაყუდებული ამბობს: „მიმართე აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონმდებლობას და ცხადად დაინახავ: ყველა უწიგნური შვილისათვის, მონაზვნებისა თუ ერის ადამიანებისათვის, მან დაადგინა და ფსალმუნთგალობები, ლოცვანი შეცვალა იესოს ლოცვის სასენაკო კანონით. მაშ, რაღას ნიშნავს წმიდა წერილის, წმიდა მამებისა და მსოფლიო ეკლესიის კანონმდებლების საწინააღმდეგო სწავლება ზოგიერთი დაბრმავებულისა მიერ, რასაც აიტაცებენ და განადიდებენ ხოლმე მათ მსგავსადვე თვალყურდახშულნი".13

   გამოჩენილი მღვდელმთავარი წმ. ეგნატე (ბრიანჩანინოვი) იგივეს ამბობს: „ნებისმიერი ქრისტიანისათვის არა თუ შეიძლება, არამედ სავალდებულოცაა სინანულით, ღვთის შიშითა და რწმენით იესოს ლოცვის შესრულება: ლოცვის სიტყვებს უნდა წარმოვთქვამდეთ უდიდესი ყურადღებით, გულის შემუსვრილობით".14

   ამ თვალსაზრისით უაღრესად დამახასიათებელია ღირსი სერაფიმე საროველის სიტყვები: „შესაძლებელია ერში მცხოვრებმა ქრისტიანმაც მოიხვეჭოს ისეთივე მადლი, როგორიც განდეგილმა, თუ მან უფალი მთელი სულითა და გულით შეიყვარა... თქვენ რომ ერისკაცი ხართ მე ბერი, ნუ განაღვლებთ. მაცხოვარი ერთნაირად უსმენს მონაზონსაც და ერისკაცსაც, თუ საერო ღვაწლი შერწყმულია სულიერთან".15

   XX საუკუნის დასაწყისში მსგავსი მოსაზრება გამოთქვა ღირსმა სილუანე ათონელმა. ის ამბობდა, რომ დგება ჟამი, როდესაც მრავალი ადამიანი მონაზვნურად იცხოვრებს ერში... საერთოდ, მონაზვნური ცხოვრება იმ ფორმით, რომლითაც ის ძველად არსებობდა, ნაკლებადმისაწვდომი და მოსახერხებელი ხდება; თუმცა მოწოდება და ლტოლვა მონაზვნობისკენ ყოველთვის იქნება".16

   ოპონენტები ხშირად გვიმტკიცებენ, რომ გონებრივი ღვაწლი არ არის ჩვენი დროის ხვედრი. მართალია, დღევანდელობის პირობები რადიკალურად განსხვავდება ძველი დროის მამების ეპოქისაგან, მაგრამ გზა ღვთისაკენ ყველა დროშია მოცემული. ნუ შეგვაშინებს სარწმუნოებისაგან განდგომის მასშტაბები. მართალია, ჩვენ უძლურნი ვართ, მაგრამ ღმერთია ძლიერი. ღმერთს ყოველივე შეუძლია და შესაბამისად მასაც, ვინც მასთანაა ლოცვით. ამრიგად, ჩვენი სისუსტეების მიზეზი ჩვენშივე უნდა ვეძიოთ.

   თანამედროვე ქრისტიანებიც ვიპოვით მრავალ მაგალითს ზემოთქმულის დასადასტურებლად. XX საუკუნის დამდეგს საბერძნეთის ერთ სოფელში ცხოვრობდა ვიქტორია, რომელსაც ოთხი შვილი ჰყავდა. ამ გაუნათლებელმა ქალბატონმა მთელი ცხოვრება ოჯახურ ფუსფუსსა და სამეურნეო საქმიანობაში განვლო.

   ის საოცარი მადლმოსილებითა და ლოცვით გამოირჩეოდა. ამქვეყნიდან გასვლამდე სქემმონაზვნად აღიკვეცა. დაკრძალვის დღეს მის სხეულს კეთილსურნელოვანი ზეთი სდიოდა.17ყველა წმიდანი არ ხდება მსგავსი სასწაულებრივი აღსასრულის ღირსი.

   ახლა თანამედროვე მოღვაწეებსაც მოვუსმინოთ. ბერ იოსებ ვატოპედელს ჰკითხეს: „შეუძლიათ ერში მყოფ ქრისტიანებს დაკავდნენ იესოს ლოცვით?". პასუხი ასეთი იყო: „სრული პასუხისმგებლობით ვამბობ: დიახ!... უდიდეს ხიბლშია ის, ვინც ფიქრობს, რომ შინაგანი ლოცვა მხოლოდ წარმატებული მონაზვნების მოვალეობაა და არა ნებისმიერი მორწმუნისა".

   განდეგილური მოღვაწეობა, ცხადია, მნიშვნელოვანი ღვაწლია, მაგრამ ეს მისი წილია, ვინც იმუშაკა მდაბალ სულიერ საფეხურებზე; და ეს წილი საკმარისია საიმისოდ, რომ მან (განდეგილმა) ხილულად იბრძოლოს დემონების წინააღმდეგ. მანამდე კი მოღვაწე მონაზონმაც და ერისკაცმაც, თუ ის თვითმკვლელი არ არის, უნდა იმუშაკოს ერში ან მონასტრულ ძმობაში, გაიაროს მორჩილება, ისწავლოს მოთმინება და განსაცდელების გადატანა, რომლებიც მოყვასზე ბოროტის ზემოქმედებით ხორციელდება. უგუნურებაა ბრძოლაში დროზე ადრე გამოიწვიო თავად სატანა. რადგან წინასწარ განწირული ხარ მარცხისთვის. სწორედ პირველ საფეხურზე უნდა ჩაიყაროს ფუნდამენტი, საძირკველი. ეს არის ლოცვითი გამოცდილება ერში თუ მონასტრის კედლებში".18

   არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) ამბობს: „გამუდმებით იესოს ლოცვას ყველა წმინდა მამა გვირჩევს, აკრძალვით კი ის ადამიანები კრძალავენ, რომლებიც თვითონ არასწორ სულიერ მოღვაწეობას ეწევიან. თუმცა ისიც უნდა ითქვას: ზოგიერთი მამა გვაფრთხილებდა არა თავად იესოს ლოცვის, არამედ მისი გაუკუღმათებისაგან მომდინარე შედეგების გამო. განსაკუთრებით ბევრი აქვს დაწერილი ამ საკითხზე წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვს. თანამედროვე ბერებიც არ გვირჩევენ გონების გულში ჩაკეტვის ნაადრევ მცდელობას".19

   ცხადია, მსგავსი ღვაწლი დაუშვებელია მათთვის, ვინც მძიმე ცოდვებშია - მრუშობა, ლოთობა, ქურდობა... ჯერ ადამიანს ისიც არ გადაუწყვეტია, საბოლოოდ განშორდეს თუ არა ამ უკეთურებებს. წმ. თეოფანე დაყუდებულის გაფრთხილებაა ასეთი: „იესოს ლოცვის დროს ადამიანი შეიძლება ფსიქიკურადაც შეიშალოს, თუ თავს არ ანებებს მომაკვდინებელი ცოდვებით ცხოვრებას".20

   გულისმიერი იესოს ლოცვის დასაწყებად, პირველყოვლისა, საჭიროა ღრმა გაეკლესიურობა, მოძღვრის ლოცვა - კურთხევით წარმართვა სულიერი ცხოვრებისა, რაც არ უნდა საჭიროებდეს ზედმეტ განმარტებას.

   გარდა ამისა, წმიდა მამები აყენებენ სამ პირობას: მორჩილება, განწმენდილი სინდისი და ასკეზა.

   წმ. მამების მიერ გამოწერილი რეცეპტი არ გახლავთ უბრალო ფორმალობა. ამ მცნებების სწორად შემსრულებელი ადამიანი, ერში იქნება ის თუ მონასტერში, სინდისის დამშვიდებულ მდგომარეობაში შედის. ამის წყალობით მას გულითადი სიმშვიდე ეუფლება, რაც ისიხაზმის საწყისი მდგომარეობაა. მოსამზადებელი პერიოდის გაუვლელად ადამიანი ვერ დაეუფლება ჭეშმარიტ ლოცვას. მოუმზადებელ მოღვაწეს არ ეძლევა განმარტოების უფლება.21სამივე პირობის შესრულება სავსებით შესაძლებელია ერშიც. ამ დროს, სამივე სათნოება შესაძლოა არ შესრულდეს მონასტერშიც.22

   როდესაც ვამბობთ, ლოცვა ყველასათვის მისაწვდომიაო, ეს არ ნიშნავს, რომ მისი შესრულება შეიძლება მყისიერად დაიწყოს ადამიანმა. თუ ზუსტად მივყვებით წმ. მამებისეულ სწავლებას, იმას, რასაც გვეუბნება წმ. გადმოცემა, ჰარმონიულად წარიმართება ლოცვის დაუფლება, მისი განვითარება და... ადამიანი თანმიმდევრულად შევა გონივრულ ღვაწლში.

   შინაგანი ლოცვა, მედიტაციისაგან განსხვავებით, არ მიიღწევა ტექნიკური მეთოდების, ე. წ. ტრენინგებისა თუ ზეძალების გამოყენებით. მაკარი დიდი ამბობს: „ქრისტიანის პირადი ძალისხმევა თავისთავად არ გააკეთილშობილებს მას. ეს ღვაწლი მხოლოდ მოიზიდავს მადლს, რომელიც შემდეგ იწყებს მოქმედებას ადამიანის გულში".23

   ადამიანი მხოლოდ ნიადაგს ამზადებს, ხოლო მადლმოსილ თესლს ღმერთი თესავს.

 

 

1Меч Война. Н. Новиков. 2010. გვ. 97.

2გონებრივი ღვაწლი. იესოს ლოცვის შესახებ. იღ. ხარიტონი. 2006. გვ. 49.

3Букварь школьника. Молитва. М. 2003. გვ. 739.

4Прп. Свимеон Новий Богослов. Т II. 2003. გვ. 271.

5გონებრივი ღვაწლი. იესოს ლოცვის სესახებ. იღ. ხარიტონი. 2006. გვ. 230.

6Св. Игнатий (Брянчанинов). Отечник. М. 1996. გვ. 29.

7ღვთიური სიბრძნის მართლმადიდებლური ენციკლოპედია. თბ. 2007. გვ. 62.

8Св. Свинклитикия Александрийская. М. 2002. გვ. 369.

9Даниил Кутанакский. Ангельское житие. М. 2005. გვ. 173.

10Георгий Капсанис. Афон. СП6. 2008. გვ. 18.

*წმ. გრიგოლ პალამას თანამოღვაწე ანტიპალამისტებთან ბრძოლაში. გამოჩენილი ღვთისმეტყველი    და მოღვაწე. 1353 წ.

11Георгий Капсанис. Арх. Св. Григорий Палама. 2006. გვ. 70.

12Николай Кавасила. О жизни во Христе. М. 2006. გვ. 101.

13გონებრივი ღვაწლი. იღ. ხარიტონი. 2006. გვ. 217.

14Св. Игнатий (Брянчанинов). Т2. 1996. გვ. 112.

15Прп. Серафим Саровский. Записки А. Мотовилова. М. 2005. გვ. 131.

16Софроний Сахаров. Старец Силуан. 2006. გვ. 31.

17Старец Эфрем Катунакский. М. 2002. გვ. 17.

18Старец Иосиф Ватопедский. М. 2001. გვ. 89.

19არქ. რაფაელი (კარელინი). ღმერთთან მიახლების საიდუმლო. 2011. გვ. 313.

20Св. Феофан Затворник. Собрание Писем. 5. № 912.

21Великий Патерик. Паломник. 2001. № 27.

22Прп. Серафим Саровский. Письма к А. Мотовилову. 2002.

23Макарий Великий. У истоков культуры святости. М. 2002. გვ. 383.

 

 

 

მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ 

 


უკან დაბრუნება