მთავარი > სპირიტიზმი, მაგია, მისნობა, ჯადოქრობა, მთავარი გვედის ფოტო > სპირიტიზმი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
სპირიტიზმი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე30-05-2023, 12:52 |
"სპირიტიზმი დაუფარავი სატანიზმია"
სპირიტიზმი, როგორც ზემოაღწერილი სხვა ოკულტური სწავლება, ყველა ეპოქასა და ქვეყანაში შეინიშნებოდა. განსაკუთრებული სიმძლავრით ის წარმართულ სამყაროში მოქმედებდა. სპირიტიზმი, მის მიმდევართა განმარტებით, ადამიანებისა და წმინდა სულების ზებუნებრივი შერწყმის სისტემაა. მისი მეშვეობით ამყარებენ კავშირს უხილავ სამყაროსთან, ესაუბრებიან სულებს (ოჯახის წევრებს და სხვ.), ამოძრავებენ მაგიდებსა და სხვა ნივთებს, წინასწარმეტყველებენ მომავალს, ხშირად არაზუსტად, მაგრამ ყოველთვის ძებნიან შესაბამის პასუხს. სპირიტები ასწავლიან, რომ ბოროტი სულები არ არსებობენ, არსებობს მხოლოდ მიცვალებულთა სულები, რომლებიც სპირიტიზმით არ განწმენდილან. ისინი ასევე უარყოფენ ჯოჯოხეთის არსებობას. მათი აზრით, ადამიანის სული რეინკარნაციას განიცდის. თუ ადამიანი მოყვასს ბოროტად ეპყრო-ბოდა, შემდეგ ცხოვრებაში ის იმავე ბოროტების მსხვერპლი გახდება. სამწუხაროდ, დღეს ამ ეშმაკეულმა სწავლებამაც ჰპოვა ფართო გასაქანი ურწმუნო საზოგადოებაში. ეს არ შეიძლება მართლმადიდებელ ქრისტიანს არ აშფოთებდეს. სპირიტიზმის სეანსების დროს, როგორც მაგიის, მისნობისა თუ ჯადოქრობის შემთხვევაში, მართლაც არის სულებთან კავშირი, ხდება ცრუ სასწაულები და ა.შ. ურწმუნო საზოგადოებაში ამ ფაქტის მიმართ დამოკიდებულება ორგვარია: ერთნი მიიჩნევენ, რომ საქმე აქვთ მეცნიერებასთან, მეორენი კი სრულიად უარყოფენ სულების ზემოქმედების ფაქტებს და იაფფასიან ოხუნჯობად ან ცბიერებად მიიჩნევენ. უდავოა, სპირიტული ფენომენი შეიცავს სიცრუეს. მაგრამ შეცდომაა ვიფიქროთ, რომ ყველა მედიუმი (ადამიანი – შუამავალი მიწიერ სამყაროსა და სულების სამყაროს შორის) ცრუობს. არც ამის თქმა შეიძლება დანამდვილებით: თუ მედიუმმა ერთხელ იცრუა, შემდეგშიც იმავეს გაიმეორებს. არა! სპირიტული სეანსის დროს, ხშირ შემთხვევაში, მართლა ხდება სულებთან კონტაქტი. საკითხავი მხოლოდ ის არის, ვინ არიან ეს "სულები"? მეორე მხრივ: სპირიტული ფენომენი ყოველთვის არ სრულდება მედიუმის სურვილისამებრ. ეს არ იძლევა საფუძველს, რომ ის მეცნიერებას მივაკუთვნოთ. ჭეშმარიტი მეცნიერება ზუსტი მეცნიერული შემოწმების მეთოდებით განისაზღვრება. მაგალითისთვის: ადამიანმა შეისწავლა ელექტროენერგიის, ორთქლის თვისებები და შემდეგ გამოიყენა იგი ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს მეცნიერების, კერძოდ, ფიზიკის სფეროა. მაგრამ, როდესაც მაგიდა ერთი შეხებით იძვრის, ერთი მოსურ-ვილებითაც კი ამყარებს კავშირს ადამიანი გარკვეულ არსებებთან, მეტიც, ესაუბრება კიდეც მათ, ეს უდავოდ სულიერი ფენომენია. მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის ნათელია, თუ რა სულებთან აქვთ კავშირი მედიუმებს. ჭეშმარიტი ქრისტიანი არ დაიწყებს სპირიტული სეანსების, თეფშებისა თუ სხვა მაგიური რიტუალების მეშვეობით სულების გამოძახებას. ეკლესიის წევრობით ქრისტიანი ქრისტეს სხეულის სულიერი ორგანიზმის ნაწილი ხდება. მართლმადიდებლურ ტაძარში ხატებთან ლოცვის შედეგად იხსნება სულიერი სამყარო — სწორედ ამ გზით მყარდება კავშირი ღმერთთან, ანგელოზებსა და წმინდანებთან. ეკლესიის საიდუმლოებებში აქტიური მონაწილეობა ქრისტიანს სულიწმიდის მიღების, განღმრთობის საშუალებას აძლევს. ამიტომ ჭეშმარიტი სულიერი სამყარო მხოლოდ სწორი ეკლესიური ცხოვრების შედეგად იხსნება. (იმდენად, რამდენადაც თავად ადამიანი იმუშავებს სულიერად ამისათვის). ვინც სპირიტული მანიპულირებით ცდილობს სულიერი სამყაროს ძიებას, ვერ იპოვის ჭეშმარიტებას. "სულების გამოძახება" აკრძალულია ღვთისგან. ამას არა ერთი წინასწარმეტყველი მოწმობს. სულების გამოძახების შედეგად ადამიანი დემონების ზეგავლენის ქვეშ ექცევა. მათ (დემონებს) ნებისმიერი სულიერი არსების სახე შეუძლიათ მიიღონ: ანგელოზების, ოჯახის წევრების და ა.შ. ამით ხიბლავენ ისინი ეფექტის მოყვარულ ადამიანებს.1 (გაგრძელება...)
1 С. Нилус „Близ Есть при дверях" С-П 1998. გვ. 112.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე Xareba.net - ის რედაქცია
უკან დაბრუნება |