მთავარი > კალენდარი, წმ. გრიგოლ ხანძთელი, მთავარი გვედის ფოტო > 18 ოქტომბერი (ახ. სტ.) - ხსენება წმიდისა გრიგოლ ხანძთელისა (+861)
18 ოქტომბერი (ახ. სტ.) - ხსენება წმიდისა გრიგოლ ხანძთელისა (+861)17-10-2024, 17:47 |
წმიდა გრიგოლ ხანძთელი დაიბადა დაახ. 759 წელს, იგი დიდგვაროვანთა წრიდან იყო. ნერსე ერისთავის კარზე იზრდებოდა და „საშოჲთგანვე დედისაჲთ შეწირულ იყო ღმრთისა დედისაგან თჳსისა". ღვთისაგან გამორჩეული ყრმის „გულისხმიერობაჲ სწავლისაჲ განსაკვირვებელი იყო ფრიად, რამეთუ მსწრაფლ ხოლო დაისწავლა დავითნი და ჴმითა სასწავლელი სწავლაჲ საეკლესიოჲ, სამოძღუროჲ ქართულსა ენასა შინა ყოველი დაისწავლა და მწიგნობრობაჲცა ისწავლა მრავალთა ენათა და საღმრთონი წიგნნი ზეპირით მოიწვართნა". აღმზრდელებმა და მშობლებმა ნეტარი გრიგოლის მღვდლად კურთხევა ინებეს. გრიგოლს მღვდლობის სურვილი ჰქონდა, მაგრამ უდიდეს მოვალეობასაც გრძნობდა და უარი შეჰკადრა ერისმთავარს და მშობლებს: „აწ პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინისო". ახლობლებმა მაინც დაითანხმეს: „მორჩილ იქმენ ბრძანებასა ქრისტესსა და ჰმონე მას მღვდლობითა, რომელმან ივნო ჩუენთჳს, მღვდელმან მან საუკუნემან და ჩუენ ყოველნი გუაცხოვნა". სამღვდელო ხელდასხმის დროს უძლურთა მკურნალმა და ნაკლოვანებათა აღმვდებელმა საღვთო მადლმა უფრო საცნაურ-ჰყო წმიდა გრიგოლის პიროვნება, ერი იხარებდა, „რაჟამს წმიდითა ხელითა მისითა ღირს იქმნნეს მიღებად ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა". შემდგომ ეპისკოპოსად კურთხევაც დაუპირეს გრიგოლს, ამან კი ძალზე შეაკრთო მოძღვარი, იგრძნო „თავი თჳსი ჴორციელად დიდებასა შინა" და სასწრაფოდ განერიდა ახლობელთა სურვილს, დატოვა დროებითი, „შეცვალებადი პატივი ქუეყანისა, მოკუდავთა კაცთა სუფევისაჲ, მოჰრიდა ჟამიერთა და ნივთიერთა ბუნებათა, რაჲთა უჟამოჲ იგი ნათელი უძღოდის უცვალებელსა დიდებასა სასუფეველსა ცათასა". გრიგოლმა თან წაიყვანა სამი თანამოსაგრე: დედის დისწული - საბა იშხნელი, თეოდორე ნეძვის მაშენებელი და ქრისტეფორე კვირიკეთის მაშენებელი. ესე ოთხნი ძმანი სარწმუნოებითა და საღმრთო სიყვარულით იყვნენ „ერთზრახვად შეკრულნი, ვითარცა სული ერთი, ოთხთა გუამთა შინა დამტკიცებული". ძმები ქართლიდან მესხეთს ჩავიდნენ, მივიდნენ კლარჯეთს, ოპიზის წმიდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერში და ორი წელი იღვაწეს იქაურ მოძღვარ ამბა გიორგისთან. გრიგოლმა იცოდა კლარჯეთის უდაბნოში მცხოვრები განდეგილი ბერების მოღვაწეობის შესახებ და მათგან სწავლობდა ლოცვასა და მარხვას, სიმდაბლესა და სიყვარულს, სიმშვიდეს, უპოვარებას, მღვიძარებას და მდუმარებას. ამ დროს მურვან-ყრუსაგან მოოხრებული კლარჯეთი გაუდაბურე-ბული იყო. არაბთა რისხვას განრიდებული წმიდა აშოტ კურაპალატი (ხს. 29 იანვარს) ქართლიდან კლარჯეთს ჩავიდა, წმიდა მეფის, ვახტანგ გორგასლის (ხს. 30 ნოემბერს) მიერ აშენებული არტანუჯი სატახტო ქალაქად გამოაცხადა და დაიწყო ძალთა შეკრება საქართველოს გაერთიანებისათვის. ოპიზაში ორწლიანი მოღვაწეობის შემდეგ ღირსი გრიგოლი ხანძთელ მეუდაბნოეს, მართალ და წმიდა ბერს, ხუედიოსს ეწვია. ხუედიოსს ადრევე გამოუცხადა ღმერთმა, რომ ამ ადგილას მონასტერი აშენდება და „ჴელითა გრიგოლ მღვდელისა, კაცისა ღმრთისაჲთა და სულნელებაჲ ლოცვათა მისთაჲ და მოწაფეთა მისთაჲ, ვითარცა კეთილი საკუმეველი, აღიწეოდის წინაშე ღმრთისა". ბერმა ღირს მამა ხანძთის სანახები დაათვალიერებინა. გრიგოლს ძალზე მოეწონა იქაურობა და ძმებთან ერთად დაიწყო მონასტრის მშენებლობა. ბერებს უმძიმეს პირობებში უწევდათ მუშაობა, რადგან უდაბნო მთაგორიანი იყო, ნიადაგი - კლდოვანი, მათი კი სამუშაო იარაღებიც არ ჰქონდათ. ხანძთის მახლობლად ცხოვრობდა სიმდიდრით, სიბრძნით და ახოვნებით შემკული აზნაური გაბრიელ დაფანჩული. გრიგოლმა დახმარებისთვის მიმართა მას. გაბრიელმა სიხარულით მისცა წმიდა მამას ყველაფერი ქვითკირის ეკლესიის ასაშენებლად და კირითხურონიც დაახმარა. ასე აშენდა ხანძთის ძველი ეკლესია. გაბრიელ დაფანჩულმა მეფე აშოტ კურაპალატს წარუდგინა გრიგ-ოლ ხანძთელი. პატივითა და სიყვარულით შეიტკბეს ერთმანეთი წმიდა მეფემ და წმიდა მამამ. აშოტმა „შეწირა ადგილნი კეთილნი და შატბედრისა ადგილი აგარაკად ხანძთისა. მაშინ სამთა მათ დიდებულთა ძეთა კურაპალატისათა - ადარნერსე, ბაგრატ და გუარამ - შეწირეს თითოეულად, რაჲცა საჴმარი მონასტერსა მისსა უჴმდა, ყოველი უხუებით". არაბთა ბატონობისაგან სისხლდაწრეტილ და სასომიხდილ საქართველოში კლარჯეთის უდაბნო იყო სიცოცხლის მომნიჭებელი ოაზისი. აქ თავი მოიყარეს ერის საუკეთესო შვილებმა, საღვთო მადლით აღვსებულმა მამებმა. ღვთივსათნო ცხოვრებისა და მოშურნეობისათვის კლარჯელ მეუდაბნოე მამებს უფლისაგან სასწაულთქმედების ნიჭი ჰქონდათ მიმადლებული. ისინი იყვნენ „ღირსნი და სასწაულთმოქმედნი, მოთმინებისა სუეტნი, შეურყეველნი, ვითარცა განმტკიცებულნი დაუცემლად სუეტნი ცათანი". გრიგოლმა საბა იშხნელთან ერთად კონსტანტინოპოლის წმიდა ადგილები მოილოცა. იქიდან დაბრუნებულებმა ტაოში წმიდა მოწამის აშოტ კურაპატალის მკვლელობის ამბავი შეიტყვეს. „მაშინ ტკივილისა ცრემლითა აღივსნეს ღმრთისმსახურისა მის ჴელმწიფისა დაცემისათჳს და ტირილითა სავანენი ულოცვიდეს მიცვალებულსა მას მეფესა". გზად მიმავალ გრიგოლს და საბას ღვთისგან ეუწყათ კაცთაგან მიუვალ ადგილას მდებარე დანგრეული იშხნის ეკლესიისკენ მიმავა-ლი გზა, აგრეთვე ის, რომ ეს ეკლესია საბას ხელით განახლდებოდა. გახარებულ საბას არ უნდოდა ხანძთას დაბრუნება, მაგრამ გრიგოლის თხოვნით მცირედ ხანს დარჩა სულიერ მამასთან, შემდეგ კი ორ ძმასთან ერთად იშხანს წავიდა ეკლესიის აღსადგენად. ნეტარმა გრიგოლმა „განაწესა წესი თჳსისა ეკლესიისაჲ და მონასტრისაჲ, სიბრძნით განსაზღვრებული და მეცნიერებით განბრწყინვებული და ყოველთაგან წმიდათა ადგილთა გამორჩევით შეკრებული, ვითარცა საფასე დაულევნელთა კეთილთაჲ". მონასტრის ტიპიკონი მკაცრი იყო. მამა გრიგოლი „უდებთაგანს არ შეიწყნარებდა". ძმების ქონებას შეადგენდა მცირე სარეცელი, შეურაცხი საგებელი და თითო სარწყული წყლისათვის. ბევრი მათგანი საერთოდ არ სვამდა ღვინოს, სხვანი კი მცირედს იხმევდნენ. სენაკებში ცეცხლს და სანთელს არ ანთებდნენ. თავად გრიგოლის სათნოებანი მხოლოდ უფალმა უწყოდა. გრიგოლი უდიდესი ავტორიტეტი იყო არა მარტო კლარჯეთის უდაბნოს მამებისათვის, არამედ სრულიად ქართლისათვის. მირიან აზნაურის მძლავრებით ეპისკოპოსთა მცირე კრებამ ქართლის კათოლიკოსად დაადგინა მისი ვაჟი, წმიდა გრიგოლ ხანძთელის აღზრდილი და სულიერი შვილი არსენი (ხს. 25 სექტმბერს). სჯულის კანონის ასეთმა უხეშმა დარღვევამ სამღვდელოებისა და ერისკაცთა გულისწყრომა გამოიწვია. გუარამ მამფალის ხელმძღვანელობით ჯავახეთში საეკლესიო კრება ჩატარდა, რომელსაც არსენი უნდა გადაეყენებინა. საეკლესიო სამართალი გუარამისა და იმ ეპისკოპოსთა მხარეს იყო. ნეტარი გრიგოლის მოსვლამდე სიტყვის თქმა ვერავინ გაბედა. ერუშნელმა ეპისკოპოსმა თქვა: „ოდეს მოვიდეს ვარსკვლავი უდაბნოთაჲ, მაშინ წარემართოს საქმე და განზრახვაჲ ყოველთაჲ". კრებაზე გამოცხადებული გრიგოლი საკვირველი სანახავი იყო: „სამოსელი იგი შეურაცხი, რომელ ემოსა მოხუცებულსა მას, ესრეთ ჩანდა, ვითარცა სამოსელი ნათლისა ბრწყინვალისა განუცდელისაჲ, ხოლო თავსა მისსა კუკული იხილვებოდა, ვითარცა გვირგვინი სამეუფოჲ". მამები მიხვდნენ, რომ მისი სიტყვა ღვთივგამოცხადებული იქნებოდა და მართლაც, როცა წმიდა გრიგოლმა თქვა, რომ „ღმერთსა ებრძანა კათალიკოზობაჲ არსენისი სისრულისა მისისათჳს", - უდრტვინველად მიიღეს მისი ნაბრძანები. ღირსი გრიგოლის მადლმოსილი მოღვაწეობა დასავლეთ საქართველოსაც მისწვდა. ღირსმა მამამ მოიარა მთელი აფხაზეთი, თავისი მადლიანი სწავლებითა და ქადაგებით გაათბო იქაური ქრისტიანები, შემდეგომ კი იმერ-ამერის საზღვარზე ააშენა უბისის მონასტერი. უფალი მრავალ სასწაულს ახდენდა ღირსი გრიგოლის ხელით. ერთხელ დეკანოზმა მნათეს უთხრა: „წადი მამა გრიგოლთან, გაიგე, სძინავს თუ ღვიძავს, ცისკრის ჟამიაო". მნათე მივიდა გრიგოლის კელიასთან და ნახა, რომ სენაკიდან ნათელი გამოდიოდა. მან იცოდა, რომ ღირსი მამა არც ცეცხლს, არც კანდელს არ ანთებდა სენაკში და შეეშინდა, ეგონა ხანძარი იყო გაჩენილი, დეკანოზმა მნათე დაამშვიდა: „ნუ გეშინინ! არა არს იგი ცეცხლი შემწველი, გარნა სული ღმრთისა განმანათლებელი", - მას ბევრჯერ ეხილა ეს დიდებული ხილვა. მართლაც, ხელაპყრობით ლოცვად დამდგარი წმიდანი მზესავით ბრწყინავდა და მისი სხეულიდან ნათლის ისარნი გამოდიოდნენ ჯვრის სახედ. ერთ ზამთარს ძმები ტყეში იყვნენ გასულნი შეშისთვის. მოულოდნელად დიდი ხე მოცურდა და ის-ის იყო მოხუცებული ბერი უნდა გადაეჩეხა, რომ ღირსმა გრიგოლმა ჯვარი გადასახა მას და თქვა: „სახელითა ქრისტესითა დადეგ, ძელო!" სიტყვამან მისმან, ვითარცა კლდემან უძრავმან, დააყენა ადგილსა მას მყაფარსა ზედა მოქანებული საშინელად". ღირსი გრიგოლის ლოცვით მრავალი კურნება აღესრულა. გრიგოლი მკაცრი დამცველი იყო ზნეობისა. მან ამხილა მეფე აშოტ კურაპალატი (ხს. 29 იანვარს), არ შეეპუა მის მაღალ თანამდებობას, იცოდა, რომ მეფის არსწორი ქმედება დამაბრკოლებელი და დამღუპველი იყო ერისათვის. ღირსი გრიგოლი საღმრთო სიყვარულით იხარებდა თანამოსაგრეებთან, მაგრამ იფქლთა შორის ღვარძლიც გამოერია: ანჩის დაქვრივებული კათედრა მძლავრებით მიიტაცა ვინმე ცქირმა, თბილისის ამირა საჰაკის ახლობელმა. უღირსი მღვდელმთავარი მრავალ ბოროტებას ჩადიოდა. მამები, განსაკუთრებით კი გრიგოლი, მკაცრად ამხელდნენ ცქირს, მან კი, ამპარტავნებისგან ძლეულმა, საღმრთო შიში განაგდო და ვიღაც ანჩელი კაცი მოისყიდა ღირსი გრიგოლის მოსაკლავად. მკვლელმა იხილა „სასწაული დიდი წმიდასა მას ზედა ზეგარდამო, რამეთუ სვეტი ნათლისაჲ ფრიად ბრწყინვალე ცად აღწევნული ჰფარვიდა მას. და იყო თავსა მისსა ჯუარი თუალთშეუდგამი გარემო მისა ცისსარტყელის სახედ, შუენიერად რაჲ გამოჩნდის ჟამსა წჳმისასა". მკვლელს მოულოდნელად მკლავი გაუშეშდა და მხოლოდ ღირსი გრიგოლის ლოცვით განიკურნა. ანჩში მოწვეულმა კრებამ პატივისაგან განკვეთა ცქირი. ხარისხაყრილი ცქირი თბილისში წავიდა საჰაკ ამირასთან, მისი დახმარებით ხელახლა ჩაიგდო ხელში ანჩის საყდარი და ხალხი მიუსია ხანძთის მონასტერს დასარბევად. ღირსი გრიგოლი ცრემლებით ევედრებოდა უფალს მონასტრისა და ძმების დაცვას. მას უფლის ანგელოზისაგან ეუწყა, რომ ცქირი დაისჯებოდა. მართლაც, ორი დღის შემდეგ ცქირი მოულოდნელად გარდაიცვალა. ღირს გრიგოლს უფლისგან წინასწარ ეუწყა ხორცთაგან განსვლის დღე. მან კლარჯეთის უდაბნოს მონასტრებში სანთლები დაგზავნა და შეუთვალა, ელოცათ მისთვის. მიცვალების დღეს წმიდანთან მეუდაბნოე მამები მივიდნენ პატივის მისაგებად და კურთხევის გამოსათხოვად. გრიგოლმა აკურთხა მამები, უკანასკნელად დაარიგა და ლოცვით შეჰვედრა სული უფალს. ზეციდან გაისმა ხმა: „ნუ გეშინინ მოსლვად ჩუენ თანა, მსახურო ქრისტესო სანატრელო, რამეთუ ქუეყანისა ანგელოზსა და ზეცისა კაცსაა გიწესს მეუფე ცათაჲ ქრისტე. აწ მოვედ სიხარულით და უფლისა შენისა თანა იხარებდ დაუსრულებელად, რამეთუ ნეტარ ხარ შენ შორის კაცთა ნეტარსა მას დიდებასა დამკვიდრებად განმზადებული და მხიარული საუკუნოდ". ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელი ანდერძისამებს, დაკრძალეს ხანძთის მონასტერში, ძმათა საფლავებს შორის.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |