მთავარი > საცდურები > ხიბლს ლოცვა კი არა, ამპარტავნება იწვევს
ხიბლს ლოცვა კი არა, ამპარტავნება იწვევს16-09-2013, 00:09 |
ვიდრე იესოს ლოცვაში ხიბლის საფრთხეზე
ვისაუბრებდეთ, უნდა ითქვას შემდეგი:
თანამედროვე ქრისტიანმა კარგად უნდა გაიაზროს, რომ, როგორც არასდროს აქამდე, ღარიბნი ვართ სულიერებით. ეს ნათლად უნდა გავაცნობიეროთ, თავმდაბლობითა და სინანულით უნდა ვატაროთ ეს შეგნება. ბოლო დროის მამები გვასწავლიან, რომ „კარგად უნდა შევიცნოთ დროის სული, ჩვენი სულიერი მდგომარეობა, ჩვენი შესაძლებლობების ზღვარი. მხოლოდ ეს დაგვიფარავს არასწორი ძიებებისაგან, უბადრუკ ძალთა ტყუილუბრალო ხარჯვისაგან, რომელიც ჯერ კიდევ გაგვაჩნია... შეცნობა ჩვენი დროის სულისა, ერთი მხრივ, გამოგვიყვანს თავის მოტყუების (ხიბლის) მდგომარეობიდან, მკაფიოდ დაგვანახებს საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებს, უფრო მოკრძალებულს გახდის ჩვენს მოთხოვნებს, მეორე მხრივ, გვაიძულებს გამოვცოცხლდეთ, ვიყოთ გონიერნი და ფრთხილნი, არ გავიტეხოთ გული, მაგრამ არც ოცნებით ავიმაღლოთ თავი და არ მოვწყდეთ რეალობას".1 მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი) გვაფრთხილებს: სულიერი ცხოვრების შესახებ მართლმადიდებლური წიგნების თარგმანები სულ უფრო მისაწვდომი ხდება. მართლმადიდებლური ტერმინოლოგიით სულიერი ბრძოლის შესახებ სულ უფრო მეტი ადამიანი საუბრობს. ისინი მსჯელობენ ისიხაზმზე, იესოს ლოცვაზე, ასკეტურ ცხოვრებაზე, ამაღლებულ ლოცვით მდგომარეობაზე, წმიდა მამათაგან ისეთ გამორჩეულ პიროვნებებზე, როგორებიც არიან სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, გრიგოლ პალამა ან გრიგოლ სინელი... - ძალიან კარგია, გვქონდეს წარმოდგენა მართლმადიდებლური სულიერი ცხოვრების ჭეშმარიტად ამაღლებულ მხარეზე, პატივი მივაგოთ ამ უდიდეს წმინდანებს, რომლებიც ნამდვილად ცხოვრობდნენ ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრებით, მაგრამ: თუ ჩვენ არ გვექნება ძალიან რეალისტური და ძალიან თავმდაბალი შეგნება იმისა, რამდენად შორს ვართ ისიხასტების ცხოვრებისაგან და რამდენად მცირედ ვართ მომზადებულნი, რათა თუნდაც ოდნავ მაინც მივუახლოვდეთ მას, ინტერესი მისდამი იქნება კიდევ ერთი გამოხატულება ჩვენი ეგოცენტრული, პლასტმასივით მყიფე (ხელოვნური) ყოფისა".2 უნდა გვახსოვდეს, რომ „წმიდა მამათა გაგება მხოლოდ მათი მსგავსი ცხოვრების გზით შეიძლება, იმ მოვალეობის გზით, რომელიც სულში ღვთის მადლის დამკვიდრებას უწყობს ხელს". წმიდა ასკეტ მამათა წიგნების აღქმა მხოლოდ მუდმივი შინაგანი მოღვაწეობითაა შესაძლებელი, ისეთით, ჩვენს ძალებსა და გარემო პირობებს რომ შეესაბამება. მაგრამ მათი ცხოვრების გადმოღება არამცთუ შეუძლებელი, მეტი - დამღუპველიც კი იქნება ჩვენი სულისათვის".3 მრავალი ადამიანი ერთმანეთისაგან ვერ ასხვავებს, რას ნიშნავს მოიპოვო ლოცვა და რას - წაიკითხო (პირდაპირი გაგებით ან ზეპირად წარმოთქვა) ლოცვა. არსებობს ნიშნები, რომლის მიხედვითაც ადამიანი გარკვეული გამოცდილების მერე ხვდება, რა სახის ლოცვაში იმყოფება: ბაგეებით, გონებრივ თუ გულისმიერ ლოცვაში (ვისაუბრებთ ამის შესახებ მომდევო თავებში). მრავალნი, მსგავს საკითხებში გაუცნობიერებულნი, სამწუხაროდ, მხოლოდ ლოცვის მკითხველები ვართ და არა აღმსულებლები. ეს მოხიბვლის პირველი საფრთხე გახლავთ. მეორე საფრთხე ემუქრება მას, ვინც ბაგეებით ლოცვის პირველ საფეხურს გონებრივ ლოცვად მიიჩნევს. როგორც წესი, ეს მაშინ ხდება, როდესაც ადამიანი ბაგეებით ლოცვის დამახინჯებულ ფორმებს მიმართავს, ასეთია ე. წ. მეოცნებეობა და ცრუ წარმოდგენანი ლოცვისას. ამ დროს მიაჩნიათ, რომ გონებრივ ღვაწლში არიან.4 ხშირად გვსმენია, რომ იესოს ლოცვა ხიბლში აგდებს ადამიანს. არადა არ ისმის კომპეტენტური მოსაზრება ხიბლის იმ სახეობების შესახებ, რომლებიც სწორედ ზედაპირული ლოცვისას ვლინდება. მით უფრო არ ჩანს სერიოზული კონტრარგუმენტი იმისა, რომ „გულითად ლოცვას არ ეშინია ხიბლის".5 ხიბლის უხეში ფორმები - ეშმაკეულობა, ჰალუცინაციაში ყოფნა ხშირად არ გვხვდება. უფრო გავრცელებულია ხიბლის ნაკლებ შესამჩნევი ფორმები. მასში შეიძლება იმყოფებოდეს დამწყები ქრისტიანი, რომელსაც არ გააჩნია ყურადღებიანი ლოცვის ნიჭი. „ნებისმიერი დამწყები ქრისტიანი აუცილებლად იწყებს ზეპირსიტყვიერი ლოცვით. მისი გონება არ არის განშორებული აზრების ზემოქმედებას, ყურადღების მოხვეჭა რთულია. ლოცვის სიმარტივისა და ყოველდღიურობის მიუხედავად, ასეთი ლოცვა საფრთხის შემცველია. სწორედ ლოცვის დაწყებისას ვუხვევთ სწორი გზიდან. მიზეზი ძირითადად გონების კონცენტრაციის ადგილს უკავშირდება - თავში თუ გულში?... ვინც გულშია, ის უსაფრთხოდაა".6 როდესაც ადამიანი სწორი ლოცვის გზას ადგას, დროთა განმავლობაში ხანგრძლივი ძალისხმევის შემდეგ, ბაგეებით ლოცვა ჰარმონიულად გარაიქმნება გულითად ლოცვად. მლოცველის მდგომარეობა უფრო უსაფრთხო ხდება - მას იმ დოზით არ ემუქრება ხიბლისმიერი თვითკმაყოფილებაში ჩავარდნა. თუმცა ამ შემთხვევაშიც გვხვდება თავისებური სირთულეები. ყოველ შემთხვევაში, მამათა გამოცდილება ცხადყოფს, რომ სწორედ გულითადი, შინაგანი ლოცვა ყველაზე ნაკლებად განაწყობს ადამიანს ხიბლისაკენ. „როდესაც გონება შეჩერდება გულში, ამბობს წმ. დიონისე არიოპაგელი, შეუძლებელია გაფანტული ლოცვის მდგომარეობაში აღმოჩნდე". იმავე აზრს იმეორებს წმ. გრიგოლ პალამაც.7 უნდა მივხვდეთ, რომ გონებრივი, გულითადი ლოცვის დაწყება შეუძლებელია ბაგეებით ლოცვის სრულფასოვნად ათვისებამდე. თუ ადამიანი მცდარ გზას ადგება, ლოცვა ზემოთ ნახსენებ დამახინჯებულ ფორმებს იძენს, რის შედეგადაც ადამიანი ჩიხში ემწყვდევა. ფსევდოლოცვით მოხიბლული, იგი ვერ იხვეჭს იმ საწყის მადლს, ურომლისოდაც წარმოუდგენელია სულიერი ზრდა.8 აუცილებლად უნდა აღინიშნოს ხიბლის გამომწვევი ჭეშმარიტი მიზეზი. „ხიბლს ლოცვა კი არა, ამპარტავნება და სიამაყე იწვევს. ხიბლი მოდის თვითნებობიდან, არც იესოს სახელი, არც გონივრული ღვაწლი არანაირად არ იწვევს ხიბლს".9 პაისი მოლდაველი კი დასძენს: „თუ თქუენ ხიბლის საფრთხის გამო უარყოფთ გონივრულ ღვაწლს, მაშინ უარყავით დანაც, რომლითაც ბავშვმა თამაშის დროს შეიძლება გაიჭრას ხელი. გონივრული ლოცვა აქ არაფერ შუაშია. თვითნებობა და ამპარტავნება არის ეშმაკის ხიბლისა და ყოველგვარი სულიერი ზიანის მიზეზი".10 მოლდაველმა ბერმა, სქემმონაზონმა ბასილიმ (XVII ს.) ნათლად გადმოსცა სწავლება იესოს ლოცვის შესახებ და ბრძანა: „ვინც კითხულობს მამათა ნაწერებს ხიბლის შესახებ და მას იესოს ლოცვის საწინააღმდეგო მიზეზად ასახელებს, ის საკუთარ თავს ატყუებს, რადგან არასწორად განმარტავს ხიბლს. იმის მაგივრად, რომ წაკითხულს ჩაწვდნენ, გაიგონ, თუ რა არის ხიბლი და როგორ უფრთხილდნენ მას, ისინი უკუღმა იყენებენ მამათა ნაწერებს. თუ ამ ლოცვისა მხოლოდ მოწიწებისა და უბრალოების გამო გეშინია, რომ ხიბლს გამოიწვევს, არ მეშინია. ეს ცრუ ზღაპრებია. ასეთი შიშით შორს ვერ წახვალ... ღმერთის უნდა გეშინოდეს, მაგრამ ამ შიშის გამო არ უნდა გაექცე და არ უნდა განეშორო მას".11 იესოს ლოცვაზე უკუღმართი აზრების გამავრცელებლებს წმ. ეგნატე კავკასიელმა ღვთის მგმობელები უწოდა: „ამ აზრსა და ამ აკრძალვაში საშინელი ღმრთის გმობა და სავალალო ხიბლია ჩადებული. ჩვენი ცხონების ერთადერთი წყარო და გზაა უფალი იესო ქრისტე. მისმა კაცობრივმა სახელმა მისივე ღმრთაებრივი ბუნებისაგან შეითვისა განუსაზღვრელი ყოვლადწმიდა ძალა ჩვენს საცხოვნებლად მოვლენილი ჩვენსავე დასაღუპად გვექცეს? ეს ხომ უაზრობაა! ეს გახლავთ გულსატკენი, ღმრთისმგმობი, სულის წარმწყმედელი შეცდომა, ხოლო ვინც ეს აზრი შეითვისა, ის მართლაც ეშმაკის ხიბლშია ჩავარდნილი და სატანისაგანაა ცდუნებული".12 ასეთივე აზრებს გამოთქვამს მეცხრამეტე საუკუნის კიდევ ერთი გამოჩენილი ღვთისმეტყველი წმ. თეოფანე დაყუდებული: „ვინც იესოს ლოცვის შესახებ წინასწარ გაითავისა არასასიკეთო შეხედულებები და საერთოდ არ იცნობს მას წორი, ხანგრძლივი ვარჯიშის მეშვეობით, მისთვის ბევრად უფრო კეთილგონივრული და უსაფრთხო იქნებოდა ამაზე მსჯელობისაგან (მით უმეტეს მის საწინააღმდეგო ქადაგებისაგან: თითქოს ეს ყოვლადწმიდა ლოცვაა მიზეზი სატანური მოხიბვლისა და სულთა დაღუპვისა) თავი შეეკავებინა და ამ წმიდა ღვაწლში საკუთარი, პიროვნული გაურკვევლობა ეღიარებინა. მათ გასაფრთხილებლად საჭიროდ მიმაჩნია ვთქვა: იესოს ლოცვის დაგმობა და მისი სახელისთვის დამღუპველი მოქმედების მიწერა იმ გმობის ტოლფასია, რომელსაც გამოთქვამდნენ ფარისევლები უფლის მიერ აღსრულებული სასწაულების მიმართ... იესოს ლოცვის წინააღმდეგ მსგავსი არაკეთილგონივრული და ღვთისმგმობი მსჯელობა მთლიანად ერეტიკული აზროვნების მაგალითია".13 და მაინც: რეალურად რა არის ხიბლი? რა იწვევს მას? როგორ დავიცვათ თავი ამ საცთურისაგან? კვლავ წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვს მოვუსმინოთ. „ხიბლი არის კაცობრივი ბუნების სიცრუით დაზიანება. ხიბლი უკლებლივ ყოველი ადამიანის მდგომარეობაა, რომელიც წინაპართა დაცემით გადმოგვეცა. ყველანი ხიბლში ვართ (სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი; სიტყვა მე - 3) - ამის ცოდნა ხიბლისაგან თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა. ყველანი მოტყუებულნი და ხიბლით შეპყრობილნი ვართ. ყველანი ყალბ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ყველას ცრუ წარმოდგენა გვაქვს საკუთარ თავზე და ეშმაკისეული ხიბლი გვატყვევებს. თუკი ამ კუთხით შევხედავთ სიკეთესა და ბოროტებასთან ადამიანის დამოკიდებულებას, შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ ხიბლის საკმაოდ სრული განსაზღვრა: ხიბლი არის კაცის მიერ ჭეშმარიტებად მიღებული ტყუილის შეთვისება. ეს კი იმათავითვე მოქმედებს აზროვნების წესზე. როდესაც კაცი მიიღებს მას და აზროვნების წესი გამრუდდება, ხიბლი მაშინვე გადაეცემა გულს და გრძნობებსაც შერყვნის. კაცის არსებას რომ დაიპყრობს, უკვე მთელ მის საქმიანობას მოიცავს ხიბლი და თვით ხორცსაც წამლავს. შემოქმედმა ხომ განუყოფლად დაუკავშირა ხორცი სულს. ხიბლის მდგომარეობა წარწყმედის ანუ მარადიული სიკვდილის მდგომარეობაა".14 როგორც ვთქვით, გონებრივი ღვაწლის პირველ საფეხურზე (მამები მას სიტყვიერ, ბაგეებით (словесная) ლოცვას უწოდებენ) არსებობს სწორი გზიდან გადახვევის რეალური საფრთხე - ლოცვისას მეოცნებეობა და ცრუწარმოდგენანი. მეოცნებეობა ლოცვაში „არასწორი ლოცვის ყველაზე საშიში ფორმაა", - ამბობს წმ. ეგნატე. მლოცველი თავის წარმოსახვაში თხზავს ოცნებებსა და სურათებს, რომლებსაც თითქოს წმ. წერილიდან იღებს; სინამდვილეში კი ამისი წყარო მლოცველის საერთო მდგომარეობაა, მისი დაცემული ბუნება, ცოდვილობა და თავის მოტყუებისაკენ მიდრეკილება. ამ სურათებით კაცი ხარკს უხდის საკუთარ თავზე მაღალ წარმოდგენას, ცუდმედიდობას, ქედმაღლობას, მოკლედ - თავს იტყუებს. ცხადია, ჩვენი დაცემული ბუნების მიერ შეთხზული სურათები სინამდვილეში არ არსებობს, ეს ყველაფერი ტყუილია და გამონაგონი, ასე რომ ახასიათებს და ასე რომ უყვარს დაცემულ ანგელოზს. ოცნებებს აყოლილი მოღვაწე ლოცვის პირველსავე საფეხურზე სცილდება ჭეშმარიტების სფეროს და ტყუილის - სატანის სფეროში ინაცვლებს, ანუ თავისი ნებით ემორჩილება სატანის გავლენას... პირველი სახის ხიბლი ყოველთვის დაკავშირებულია მეორესთან - „ცრუ წარმოდგენასთან". ის, ვინც წარმოსახვის ბუნებრივი უნარის მეშვეობით მაცთურ სახეებს თხზავს, მერე კი თავის ოცნებებში მათ მომხიბლავ სურათებად გარდაქმნის, ვინც მთელ თავის არსებას ამ გამოგონილი ფერწერის მძლავრ, მიმზიდველ ზეგავლენას უმორჩილებს, სამწუხარო გარდაუვალობის ძალით, უსათუოდ წარმოიდგენს, რომ ეს ფერწერა სულიწმიდის მოქმედების ნაყოფია, მის მიერ აღძრული შინაგანი განცდები კი - მადლისმიერი. მეორე სახის ხიბლი ანუ „ცრუ წარმოდგენა" არ თხზავს მაცთურ სურათებს, იგი იმით კმაყოფილდება, რომ იგონებს ყალბ მადლისმიერ განცდებსა და მდგომარეობას. მათგან იშვება ცრუ, უკუღმართი წარმოდგენა საერთოდ მთელ სულიერ მოღვაწეობაზე. „წარმოდგენის" ხიბლით შეპყრობილს არასწორი შეხედულება ექმნება ყველაფერზე, რაც კი გარს აკრავს, იგი მოტყუებულია შინაგანადაც და გარედანაც".15 წმ. მამები გვაფრთხილებენ, რომ იესოს ლოცვაში დამწყები არ შეიძლება მყისიერად გადავიდეს ბაგეებისმიერი სიტყვიერი ლოცვიდან შინაგან, გონივრულ ლოცვაზე. ზოგიერთი კითხულობს წმ. მამათა წერილებს იესოს ლოცვის მაღალ საფეხურებზე და თავადაც ცდილობს იმის შესრულებას, რაც იქ წერია. მაგალითად, „სიკეთისმოყვარეობაში" (Добротолюбие) აღწერილი ღვაწლი. წმ. ეგნატე გვაფრთხილებს, რომ „სწავლებაში გადმოცემულია საქმის მხოლოდ გარეგანი მოხაზულობა, ხოლო ყოველივეს მიღმა რას გულისხმობს უხუცესი, რომელიც ხედავს შინაგანი წყობის ყველა თავისებურებებს, არ ჩანს. ვინც ასეთ საქმიანობას ცოცხალი სწავლების გარეშე შეეჭიდება, ბუნებრივია, მხოლოდ გარეგანი საშუალებებით იფარგლება. იგი მკაცრად ასრულებს სხეულის მდგომარეობის, სუნთქვის და გულის შეგრძნებების მიმართ დადგენილ წესებს. ასეთ მეთოდებს ბუნებრივად შეუძლიათ ყურადღებისა და სითბოს გარკვეულ ხარისხამდე მიყვანა. ამიტომ საიმედო შემფასებლის გარეშე, რომელიც ეტყოდა მას, თუ რა ღირებულებებისაა მასში მიმდინარე ცვლილებები, იგი მიდის იმ აზრამდე, რომ ეს არის სწორედ ის, რასაც ეძებს, რომ მას ეწვია მადლი - ამ დროს საერთოდ არ გააჩნია იგი. სწორედ ეს არის ხიბლი, რომელიც შემდგომში მისი შინაგანი ცხოვრების მთელ დინებას გაამრუდებს".16 როგორც ვხედავთ, წმ. მამები ხიბლს უკავშირებენ არა იესოს ლოცვას, არამედ ლოცვისადმი არასწორ მდგომარეობას, რომელიც წმ. ეგნატეს თქმით „ლოცვის პირველსავე საფეხურზე" ვლინდება. წმიდა მამები შინაგან გულისმიერ ლოცვას, ეკლესიის საიდუმლოებების შემდეგ, სულიერი ენერგიის ძირითად წყაროდ მიიჩნევდნენ. გონივრულ - გულითადი ლოცვა არის მადლის მოხვეჭისა და გულის განწმენდის ძირითადი საშუალება. გულისმიერი ლოცვის გარეშე საეჭვო ხდება ვნებებისაგან განწმენდა. არ უნდა დაგვავიწყდეს: დამწყების გულითადი ლოცვა და მჭვრეტელობის გულითადი ლოცვა სრულყოფილების სხვადასხვა საფეხურებია. მნიშვნელოვანია არ აგვერიოს ერთმანეთში ამ ორი სულიერი საფეხურის მოქმედება სულში. ყოველივე, რაც დამწყების ლოცვას ახლავს, ქრისტიანისაგან უზარმაზარ ძალისხმევას მოითხოვს. ნებისმიერი მიღწევა ამ საფეხურზე ღვთის შეწევნისა და ადამიანების მოღვაწეობის ნაყოფია. (თუმცა მლოცველმა არ უნდა გაამახვილოს ყურადღება იმაზე, თუ რა სულიერ დონეზე იმყოფება). მხოლოდ ლოცვის მაღალ საფეხურზე მყოფი მჭვრეტელი მამები (რომლებიც დღეს ძალიან ცოტანი არიან მთელ მსოფლიოში) ეუფლებოდნენ ადამიანურ ბუნებაზე ზეაღმატებულ შესაძლებლობებს. ის მხოლოდ სულიწმიდის მოქმედების ნაყოფია. მაშინ ლოცვა ღვთის მიერ მოქმედებს და არა ადამიანის ძალისხმევით. ამის პრეტენზია კი არ შეიძლება გქონდეს.17
1არქ. ლაზარე. შეიცანი ჟამი. თბ. 2006. გვ. 11. 2იქვე გვ. 17. 3არქ. რაფაელი (კარელინი) ღმერთთან მიახლების საიდუმლო. 2011. 4Иисусова молитва. Н. Новиков. М. 2011. გვ. 376. 5Иосиф Исихаст. Изложение монашеского опытя. М. 1998. გვ. 210. 6Св. Феофан Затворник. Начертание. Т2. გვ. 245. 7Св. Григорий Палама. Триады. М. 1995. გვ. 46. 8Меч война. Н. Новиков. М. 2010. გვ. 116. 9Софроний (Сахаров). Силуан Афонский. М. 1996. გვ. 126. 10Паисий Величковский. Об умной молитве. М. 2001. გვ. 14. 11სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა. გ. აროშვილი ტ 4. გვ. 491. 12იქვე გვ. 487. 13გონივრული ღვაწლი. იღ. ხარიტონი 2006. გვ. 224. 14სიტყვა ნუგეშინისცემისა. დეკ. ზაქარია (მარგალიტაძე) 2008. გვ. 176. 15იქვე გვ. 229 – 230. 16Св. Игнатий (Брянчанинов). О иисусовой Молитве. 17Меч Война. Н. Новиков. М. 2011. გვ. 56.
მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ
უკან დაბრუნება |