მთავარი > ლოცვა > ლოცვის მასწავლებლები
ლოცვის მასწავლებლები15-09-2013, 00:03 |
სულიერი ცხოვრების სწორად წარმართვისათვის გვჭირდება როგორც პირადი ძალისხმევა, ასევე ღვთის შეწევნა. მოღვაწეობის გარდა აუცილებელია თეორიის შესწავლაც. უამისოდ ინტუიციით, ჭეშმარიტი ლოცვის ათვისება ნაკლებრეალურია. „იესოს ლოცვაში მომუშაკე სულიერი ხელმძღვანელის გარეშე დაზიანდება, თუკი მან არ იცის როგორ შეასრულოს ლოცვა; თუკი ვნებებისაგან განთავისუფლების ნაცვლად, იგი ოცნებას, ან ინტელექტუალურ წარმოსახვებს თხზავს ლოცვაში; თუკი საკუთარ განცდებსა და აზრებს მიიჩნევს ლოცვად. წმ. პაისი ველიჩკოვსკი ამბობს: „გონებით გულში ღვთისადმი აღვლენილი ლოცვა მსხვერპლია, სულიერი ხელოვნებაა, რომელიც განსაკუთრებული შესწავლის გარეშე ვერ აღესრულება".1 წმ. მამათა მიხედვით არის ორი გზა, ლოცვის შესასწავლად: პირდაპირი - გამოცდილი მოძღვრის უშუალო ხელმძღვანელობით და გადატანითი - წმიდა წერილითა და წმიდა მამათა ნაშრომებით. ლოცვის შესწავლის მეორე გზა დამახასიათებელია სულიერი დაკნინებისა და ზნეობრივ ტრადიციათა ნგრევის პერიოდებისთვის. იმ დროს, როცა ცოდნის უშუალოდ, ცოცხლად მიწოდება გაძნელებულია, სულიერი მასწავლებლის ფუნქციას ასრულებენ წიგნები. სწორედ ამ მიზნით იწერებოდა ისინი, რათა ცოცხალი გადმოცემის დანაკლისი აენაზღაურებინათ. „ლოცვის მოხვეჭის ღვთის იმედად მყოფი მსურველი ცოცხალი ხელმძღვანელის ნაცვლად, სარწმუნოებითა და სიყვარულით დაემორჩილოს ღირსი მამების სწავლებას, რომელიც ღვთის მადლითაა განმსჭვალული. წმიდა მამათა ნაშრომებით ხელმძღვანელობისას ადამიანისათვის მისაწვდომია შინაგანი ლოცვა. ღვთის მადლი უდავოდ შეეწევა, შთააგონებს და დამოძღვრავს მას. იმავე წმინდანების მეოხება ასწავლის მას ამ ღვთაებრივ საქმეს".2 წიგნთან მუშაობას წმიდა მამები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. შეუძლებელია ცხონება მათთვის, რომლებიც ხშირად არ კითხულობენ წმიდა მამათა თხზულებებს, - ციტირებს ამბა დოროთეს წიგნს წმ. ეგნატე კავკასიელი... გულისხმიერი კითხვა ღვთაებრივი წიგნებისა ყველა სათნოებაზე აღმატებულია".3 უნდა აღინისნოს, რომ ღვთაებრივ წიგნებში იგულისხმება როგორც წმიდა წერილი, ასევე წმიდა მამათა ნაშრომებიც. ამასვე ადასტურებენ ღირსი ნილოს სორელი და სხვა წმიდა მამები.4 წმ. პაისი მოლდაველი განსაკუთრებულ ფასეულობად მიიჩნევდა წიგნებთან მუშაობას: „გევედრებით, იქონიეთ ღვთაებრივი მოშურნეობა მამებისეული წიგნების კითხვისა და შესწავლისადმი... იყავით მათთან სრულ თანხმობაში ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ვინაიდან - ერთი და იგივე წმიდა სული მოქმედებდა როგორც მსოფლიო მნიშვნელობის მასწავლებლებში, ასევე სხვა წმიდა მამებში. ამიტომ ის სწავლება, რომელიც მოცემულია წმიდათა თხზულებებში, ჭეშმარიტად გვმოძღვრავს ცხონების გზაზე".5 ამთავითვე ვთქვათ: ბოლო ჟამის წმიდა მამათა შეგონებებში რომ ისმის წუხილი ჭეშმარიტად სულიერი, მადლმოსილი ხელმძღვანელების უკიდურესი შემცირების შესახებ, იგულისხმებიან მოძღვრები, რომლებსაც გონივრული ლოცვის სწავლება შეუძლიათ. ამას ამბობდნენ წმ. პაისი ველიჩკოვსკი, წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი, წმ. თეოფანე დაყუდებული და სხვები. XVI საუკუნეში ღირსი ნილოს სორელი წერდა: „ურთულესია ამ საქმისთვის (შინაგანი ლოცვის) იპოვო მოუხიბვლელი ხელმძღვანელი. მოუხიბვლელს ვუწოდებთ მას, ვინც მოღვაწეობს ღვთაებრივი წერილის თანახმად და მოიხვეჭა სულიერი განსჯის უნარი... თუ ასეთებს ვერ იპოვით, წმიდა მამათა თქმით, უნდა ვისწავლოთ წმიდა წერილიდან, ვით ბრძანებს თავად უფალი: „გამოიძიებდით წიგნთა, რამეთუ თქუენ ჰგონებთ, ვითარმედ გაქუს ცხოვრება საუკუნო მათ შინა, და იგინი არიან, რომელნი წამებენ ჩემთვის" (იონ. 5. 38). ამრიგად, ჩვენ გვყავს მოუხიბვლელი მასწავლებელი - ღვთივკურთხეული წიგნები".6 მაგრამ ვიდრე ღირსი ნილოს სორელი იტყოდა, წმ. იოანე ოქროპირმა ბრძანა: „უდიდესი წყალობაა, საყვარელნო, წმიდა წერილის კითხვა... თუნდ არ გყავდეს სულიერი ხელმძღვანელი, თავად უფალი, ჩვენი გულების მჭვრეტელი, განგვინათლებს გონებას, აზრებს, განგვიმარტავს გაურკვეველს, და ამრიგად გახდება ჩვენი მოძღვარი კონკრეტულ ვითარებაში. მხოლოდ ვისურვოთ იმის შესრულება, რაც გვევალება. უფალი ბრძანებს: „ხოლო თქუენ ნუ იწოდებით რაბბი, რამეთუ ერთ არის მოძღუარი თქუენი - ქრისტე" (მათ. 23, 8). ამრიგად, როდესაც ხელში ავიღებთ სულიერ წიგნებს, მოვიხვეჭოთ ყურადღება, განვაგდოთ ჩვენგან ყოველი ამაო საზრუნავი, რათა გავხდეთ ღირსნი სულიწმიდის ხელმძღვანელობისა".7 ბუნებრივია, ისეთ მნიშველოვან საქმეში, როგორიცაა შინაგანი ლოცვის შესწავლა, სულიერი ხელმძღვანელობა, ჭეშმარიტი მორჩილება აუცილებელია. თუმცა აი რას ამბობენ ბოლო ჟამის წმიდა მამები: „ჩვენი დროისათვის სხვა, მრავალ სირთულესთან და დაბრკოლებასთან დაკავშირებული ღვაწლია დაშვებული. ჩვენ გვიწევს მოგზაურობა არა დღისით, არა მზის კაშკაშა სხივქვეშ, არამედ ღამით, მთვარისა და ვარსკვლავების მკრთალ შუქზე. სახელმძღვანელოდ მოგვეცა წმიდა წერილი: ამის შესახებ პირდაპირ წერდნენ წმ. მამები. წმიდა წერილით ხემძღვანელობისას სასარგებლოა მოყვასის რჩევაც, ოღონდ მხოლოდ მათი, რომლებიც თავად ხელმძღვანელობენ წმიდა მამათა ნაშრომებით". სხვა წერილში წმ. ეგნატე განავრცობს ამ აზრს: „სულიერი ცხოვრება, როგორიც ღვთის განგებით წილად ხვდა, ძველი დროის მონაზვნური მორჩილებაა, ფორმით სხვაგვარი, ჩვენი უძლურების შესაფერისი. ძველი დროის მორჩილებს მათი სულიერი მოძღვრები პირდაპირ აუწყებდნენ ღვთის სიტყვას. დღეს ქრისტიანებმა თავად უნდა ეძიონ ღვთის ნება წმიდა წერილში და ამიტომ ხშირ და ხანგრძლივ გაოგნებასა და შეცოდებებში ვარდებიან. მაშინ სულიერი წარმატება სწრაფად მოიპოვებოდა, დღეს ეს ერთობ რთულია. ასეთია ღვთის ნება ჩვენზე: ვალდებულნი ვართ დავემორჩილოთ მას და მადლიერება გამოვხატოთ მის წინაშე. თანამედროვე ბერმონაზვნური ცხოვრება მონაზვნობის მამის - ანტონი დიდის მაგალითით უნდა განათლდეს. ის არ იყო მორჩილებაში ერთ სულიერ ხელმძღვანელთან, არამედ განმარტებით ცხოვრობდა და წმიდა წერილისა და სხვადასხვა მამების, და ძმების დარიგებებით ხელძღვანელობდა. მან ერთისაგან თავშეკავება, მეორისაგან - მოთმინება და თავმდაბლობა, მესამისაგან - მკაცრი სულიერი ცხოვრება და მდუმარება ისწავლა. ის ყველა კეთილმოღვაწე ქრისტიანის სათნოებათა ათვისებას ცდილობდა; შეძლებისამებრ, ყველას ემორჩილებოდა და განუწყვეტლივ ლოცულობდა. შენც ასე მოიქეცი".8 ეკლესიის ცხოვრებაში ცნობილია საოცარი მაგალითები: არ ჰყავდა მოღვაწეს არავითარი ხელმძღვანელი, მაგრამ ის, ღვთის მადლის ქვეშ მყოფი, სწორ გზას ადგებოდა და სულიერ სრულყოფილებას აღწევდა. ამ დროს მისი მასწავლებელი თავად ღვთის მადლი იყო. ასეთი მოღვაწეები იყვნენ წმ. ბასილი დიდი, ღირსი პავლე თიბაიდელი, ანტონი დიდი, მარიამ მეგვიპტელი, ნილოს სორელი და სხვანი. ეს ადამიანები, ღვთის განსაკუთრებული მფარველობით, სწორედ ამგვარი ცხოვრებისათვის იყვნენ მოწოდებულნი. სისტემატურად არავინ ხელმძღვანელობდა ასევე ღირს პაისი ველიჩკოვსკის. მან გულითადი, მადლმოსილი ლოცვა ღვთის განსაკუთრებული წყალობით მიიღო და არა საყოველთაოდ გავრცელებული ფორმით. ამას ამბობდა წმ. ეგნატე კავკასიელი, აგრეთვე წმ. თეოფანე დაყუდებული, რომელიც წერდა: „წმიდა პაისი მრავალი რჩევით ხელმძღვანელობდა, თუმცა სულიერ მორჩილებაში ერთ მოძღვართან არ იმყოფებოდა... ბერი პაისი (ველიჩკოვსკი) ეძებდა შინაგანი ლოცვის მასწავლებელს რუსეთში და ვერ იპოვა. ათონის მთაზე გაემგზავრა, ეძება და იქაც ვერ იპოვა. და დაასკვნა: დღეს ამ საქმეში წინამძღვარი წმიდა მამათა წიგნებია. გადაწყვეტილებების მიღებისას შეცდომა რომ არ დაუშვა, საჭიროა ორი ან სამი ერთსულოვანი მოღვაწის ერთობა და ხელმძღვანელობა ურთიერთ რჩევით წიგნების მითითებისამებრ".9 ფაქტია, რომ ნაკლებად აღიარებული, ნაკლებად ცნობილი სულიერი ხელმძღვანელობის გზით ჩამოყალიბდნენ დიდ მოღვაწეებად თავად წმ. ეგნატე და თეოფანე დაყუდებულიც. სისტემატიური ხელმძღვანელობის გარეშე განვლეს თავიანთი მძიმე და სახიფათო გზა ისეთმა გამოჩენილმა წმინდანებმა, როგორებიც არიან სილუანე ათონელი და ბერი იოსებ ისიხასტი.10 ღირსი სერაფიმე საროველი წერდა: „თუ ვერ პოულობ მოძღვარს, რომელიც გულითად ლოცვას შეგასწავლის, იხელმძღვანელე წმ. წერილითა და წმიდა მამათა ნაშრომებით. რამდენადაც შეძლებ, შეეცადე შეასრულო ის, რასაც გვასწავლიან ისინი. ამრიგად, თანმიმდევრობით მიაღწევ სრულყოფილ ლოცვას.11 წმ. თეოფანე დაყუდებულიც გვირჩევს: „სულიერი ხელმძღვანელობა შეიძლება შეივსოს წმ. მამათა ნაშრომების კითხვით, ერთულოვან მამებთან და ძმებთან საუბრით, ხან კი საკუთარი გამოცდილებით. ყოველივე ამის ერთობლიობით ყალიბდება სულიერი ხელმძღვანელობა". ერთმა ჰკითხა წმ. თეოფანეს, თუ სად ეპოვა ერისკაცს გონივრული ლოცვის ხელმძღვანელი. წმ. მამამ უპასუხა: „იქვე, ერში მყოფ მოძღვრებსა და ერისკაცებს შორის. მართალია, სულ უფრო ნაკლებად შეხვდებით ისეთ გამოცდილ მოღვაწეს, რომელსაც შეგიძლია თამამად, გულმშვიდად მიმართო, მაგრამ ასეთი მოღვაწეები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან. მსურველი ღვთის მადლით ყოველთვის პოულობს მათ. ღმერთი განსაკუთრბეით ზრუნავს მასზე, ვინც ეძებს ამგვარ მოძღვარს. იქონიე მოშურნეობა და იპოვი ყოველი სასარგებლოს შენს ირგვლივ. ამრიგად, ერისკაცებს, სურთ თუ არ სურთ, გონივრულ ლოცვას ვერ გაექცევიან. დაე, შეუდექი ლოცვას და ისწავლე ის... მიმართე ერთ, მეორე, მესამე მოძღვარს. შეგხვდება ისეთი, ვინც დაგამშვიდებს. თუ ვინმემ ვერ მიაღწია ასეთ ლოცვას თავისი გამოცდილებით, მაშინ წიგნები იტყვის თავის სათქმელს".12 სათნოებათა მოსახვეჭად მეტად წარმატებულია რჩევის მიღება არა ერთი, არამედ რამდენიმე მოღვაწისაგან. მაგალითად, ანტონი დიდი მრავალი მოღვაწისაგან ითვისებდა სხვადასხვა სათნოებებს. წმ. ბასილი დიდმა მოიარა ეგვიპტე, პალესტინა, ასურეთი, ისმენდა ყველა იქ მოღვაწე მამის რჩევას. ამგვარად გაიწაფა იგი სიბრძნეში და მოღვაწეობრივი ცხოვრების სისტემაც შექმნა, რომელსაც ხორცი შეასხა კიდეც თავისი ეპარქიის მონასტრებსა თუ სამწყსოში. წმ. ბასილი დიდის ამ ნაღვაწით ვსაზრდოობთ დღეს ჩვენც. ღირსი კასიანე რომაელმა რჩევათა მთელი კრებული შეადგინა. იგივე გააკეთეს ლიმონარის შემქმნელებმა (სოფრონიმ და იოანემ).13 სულიერი ხელმძღვანელობის ზემოაღწერილი მეთოდი დღესაც გამოსადეგია ჭეშმარიტი ლოცვის მაძიებელთათვის. მოღვაწეობის არსი უცვლელი რჩება, ხოლო მისი გარეგანი ფორმა შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს. გავიხსენოთ წმ. იოანე კრონშტადტელი. იგი მთელი ცხოვრება მხოლოდ მადლის მფარველობით საზრდოობდა. მამა იოანე წერდა: „თუ გვერდით არ გყავს გამოცდილი მასწავლებელი, აირჩიე ზეცად გადასახლებული მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა მამა. დაე, ღმერთსა და შენს შორის შუამავალი ყოველთვის იყვნენ წმინდანები".14 XXს - ის სერბი წმინდანი იუსტინე (პოპოვიჩი) ფლობდა საოცარ თვისებას: სულიერ ხელმძღვანელს პოულობდა არა დედამიწაზე, არამედ ზეციურ ეკლესიაში. ღირსი იუსტინე სულიერი დამოძღვრისთვის ახალგაზრდობიდანვე ყოველდღიურად მიმართავდა წმ. იოანე ოქროპირს, რომელიც განსაკუთრებით უყვარდა წმინდანთა დასში. მამა იუსტინე თავის წერილებში ამბობდა: „გული ამოვარდნაზე მაქვს, როდესაც მეოხებას ვითხოვ მისგან". ამ სულიერი განწყობის შედეგად, რამდენიმე წელიწადში მას წმ. იოანე ოქროპირი გამოეცხადა.15 თანამედროვე ქრისტიანების უმრავლესობა იძულებულია ჯეროვანი სულიერი ხელმძრვანელობის გარეშე იმოღვაწეოს. ბერი იოსებ ისიხასტის მოწაფე, არქიმანდრიტი ეფრემი ფილოთეველი ამბობს: „ღმერთმა განგვანათლოს ჩვენ ჭეშმარიტების გზაზე, რადგან აღარ არიან ჭეშმარიტი ხემძღვანელები. ყველა თავისი გზით დადის. დაე, ღმერთი იყოს ყველა ჩვენგანის უცდომელი გზამკვლევი".16 ზემოთ მოყვანილი ამონარიდების გამო, რასაკვირველია იმას არ ვასკვნით, რომ ქრისტიანს აღარ უნდა ჰქონდეს თავისი მოძღვრის მორჩილება. პირიქით: ჩვენ ვამბობთ, რომ სწორედ გულმოდგინე მორჩილს შეუძლია იპოვოს ლოცვის ჭეშმარიტი მასწავლებელი, ასევე წიგნებით ხელმძღვანელობის უნარი. სათნო მორჩილი ყოველივეს ღვთის მადლით ითვისებს. როდესაც იგი საკითხის გასარკვევათ რჩევისთვის თავმდაბლად მიმართავს უფროსებს, გამოცდილებს, იპოვის კიდეც სარგებელს. მეორე მხრივ - ზედმეტად თვითდაჯერებულ ადამიანს, ურჩ მორჩილს, საფრთხე ემუქრება. ასეთისთვის წიგნის სიბრძნეც მიუწვდომელი ხდება, ვინაიდან სულიერი ხედვა მხოლოდ მადლის მეშვეობით მოიპოვება.
1Прп. Паисий Величковский. Автобиография. М. 2004. გვ. 226. 2იქვე გვ. 228. 3Цветник Свещенномученния Дорофея. 2008 გვ. 13. 4Меч Война. Н. Новиков. გვ. 165. М. 2010. 5 Прп. Паисий Молдавский. Трезвомыслие. 2005 Т1. გვ. 308. 6Молитва Иисусова. Н. Новиков. М. 2006. Т1. გვ. 660. 7Св. Иоанн. Злотоуст. Полное собрание Творений. М. 1998. Т4. 373. 8გონივული მორჩილება. წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი, წერილები. თბ. 2006. გვ. 33. 9Молитва Иисусова. Опыт двух тысячилетний. Т2. გვ. 675. 10იქვე. გვ. 256. 11Прп. Серафим Саровский. М. 1993. გვ. 214. 12Св. Феофан Затворник. Творение. М. 2002. გვ. 463. 13Молитва Иисусова. Т1. М. 2010. გვ. 679. Н. Новиков. 14Св. Иоанн Кронштадский. Творение. М. 2002. Т2. გვ. 313. 15 Молитва Иисусова. Н. Новиков. М. 2010. Т2. გვ. 682. 16Арх. Ефрем. Святогорец. Жемчужины подвижнической мудрости. М. 2001. გვ. 25.
მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ უკან დაბრუნება |