მთავარი > წერილები სულიერ შვილებს > მშვიდობისა და მოყვასის სიყვარულისათვის
მშვიდობისა და მოყვასის სიყვარულისათვის13-09-2013, 00:01 |
სამყაროს შემოქმედს არ სჭირდება არც რადიო და არც ტელეფონი, რომ ადამიანის სულის ჩურჩული გაიგონოს. ის უსაზღვროდ მოწყალეა უბრალო ხალხის მიმართ და განუწყვეტლივ მისი გულის სადარაჯოზე დგას. სახარებაში არაერთხელაა საუბარი იმის შესახებ, თუ როგორი გულშემატკივარია ქრისტე ხალხისა: „მეწყალის ერი ესე" [მათ. 15, 32]. „და გამოვიდა იესუ და იხილა ერი მრავალი და შეეწყალნეს იგინი, რამეთუ იყვნეს, ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა აქუნ მწყემსი"[მარკ. 6, 34]. „და გამოვიდა იესუ და იხილა ერი მრავალი და შეეწყალნეს იგინი და განკურნა სნეულნი მათნი" [მათ. 14, 14]. გრძნობა და სასოება უბრალო ხალხისა დედამიწაზე მხოლოდ ზოგიერთს ესმის, ყური ზეცისა კი მთლიანად მათკენაა მიპყრობილი. უფალი ხალხის ბედს სიკეთის ან მწუხარებისაკენ მათივე ღვთისმოსაობის მიხედვით მიმართავს. მე დღემდე მაღელვებს ერთი, ჭეშმარიტად სულისშემძვრელი სცენა, რომლის ნახვაც გასულ წელს სამოკოვსკის ძველ მონასტერში მომიწია. ვიღაც უბრალო ხელოსანი ანთებული სანთლით ხელში დაჟინებით შესცქეროდა სერბ და ბულგარელ მღვდელთმსახურებს, საკურთხევლის წინ რომ იდგნენ. როცა წირვა - ლოცვა დასრულდა, მან თვალცრემლიანმა წამოიძახა - „მშვიდობა და მოყვასის სიყვარული! მშვიდობა და მოყვასის სიყვარული! რათა საუკუნოდ დაწყევლილნი არ ვიქნეთ!" მშვიდობა და კაცთმოყვარება - ეს დიდი ხნის საერთო სასოებაა - ჩვენი და თქვენი: უბრალო, მაგრამ უფლისმოყვარე და მრავალრიცხოვანი მართლმადიდებელი ხალხისა. ხალხის გულის სწორედ ამგვარ მისწრაფებებზე, კეთილშობილ გრძნობებზეა დაყრდნობილი მომავალი ბედ - იღბალი ჩვენი ხალხებისა, უფლის განზრახვა რომ წარმართავს. ის, ვინც ამას ეწინააღმდეგება, საკუთარ თავს სირცხვილსა და დამცირებას უმზადებს, რადგანაც საკმეველი, რომელსაც დღეს ეს ორი მოძმე ხალხი საკუთარი გულის სამსხვერპლოზე უკმევს, უკვე აღარაა საკმეველი კაენისა, არამედ წმინდა საბასა და წმინდა იოანე რილელის საკმეველია.
წმიდა ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
უკან დაბრუნება |