მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > სიზმრები - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

სიზმრები - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


27-05-2023, 22:03

სიზმრები - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

 

 

 

"თუ გამოჩნდა შენს შორის წინასწარმეტყველი ან სიზმართ-მხილველი და ახდა ის ნიშანი და სასწაული რაც გამოგიცხადათ.... ყურს ნუ დაუგდებ.” (II რჯული 13. 1-4) 


 


   წარმართები მიიჩნევენ, რომ ყველა სიზმარს თავისი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში და მისი დაჯერება სასარგებლოა.

   ქრისტიანობა კი ამბობს: ნუ ენდობით სიზმრებს! ყველა დროში მეტად ფრთხილი იყო სიზმრის მიმართ დამოკიდებულება. იერემია წინასწარმეტყველი ამბობს: "არ შეგაცდინონ თქვენ შორის მყოფმა წინასწარმეტყველებმა ან თქვენმა მისნებმა, არ დაუჯეროთ თქვენს სიზმრებს, რომლებიც გესიზმრებათ”. (იერ. 28.8) უგუნური ადამიანის საქმეა სიზმრების დაჯერება, ვკითხულობთ წიგნში "სიბრძნე ზირაქისა": "ფუჭი და ცრუ იმედები აქვს უგუნურ კაცს და სულელებს ფრთებს ასხამენ სიზმრები. რაღა ჩრდილის შემპყრობელი და ქარის მდევნელი და რაღა სიზმრების მოიმედე. სიზმრების ხილვა ერთიმეორის საწინააღმდეგოა – მსგავსება სახისა სახის პირისპირ.” ზირაქისეული სიბრძნე საბოლოოდ ასკვნის: `მისნობნი, ფრინველებზე მკითხაობანი და სიზმრები ფუჭია”... (სიბრძნე ზირაქისა 34.1-5).

   სიზმრების უმრავლესობა ჩვენი წარმოსახვის ნაყოფია. ბუნებრივია: რაზეც დღისით ფიქრობს, რითაც ძლიერ არის დაინტერესებული, რაც ძალიან სურს ან არ სურს, სწორედ ის ესიზმრება ადამიანს. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ცხოვრებაში მოთხრობილია ამბავი: კაცმა დაიჯერა სიზმარი, რომ იგი დიდხანს, ბედნიერად იცხოვრებდა. რაკი ეს დაიჯერა, სიმდიდრის მოხვეჭა დაიწყო. მაგრამ უეცრად გარდაიცვალა. შესაბამისად, ვერც დაგროვილი სიმდიდრე გამოიყენა და ვერც სათნოებები შეიძინა. სული კი წარიწყმიდა. როგორც ვხედავთ, მრავალი სიზმარი უშინაარსო და მაცდურია, მათ არ უნდა მივაქციოთ ყურადღება.

   წმინდა ეგნატე (ბრიანჩანინოვი) შეგვაგონებს: "სიზმრისათვის ყურისგდება, მით უფრო მათი ნდობა, უგუნურებაა. საშინელი ზიანი შეიძლება მიადგეს მას, ვინც სიზმრებს უჯერებს”.1 წმინდა თეოფანე დაყუდებულიც წერდა: "სიზმრები, სჯობს, უყურადღებოდ დავტოვოთ. ზოგიერთი მათგანი, შესაძლოა, ნიშნავს რამეს, მაგრამ მათი განმარტების უნარი ჩვენ არა გვაქვს. ვარაუდები შეიძლება მცდარი და უსარგებლო აღმოჩნდეს, ამიტომ სჯობს დავივიწყოთ ისინი. ცნობისათვის: სამი სახის სიზმარი არსებობს: ა) ანგელოზებისა და წმინდანებისაგან მოვლენილი, რომლებსაც სულიერი სიმშვიდე მოაქვს ადამიანისათვის; ბ) ეშმაკისეულნი – რომლებიც შინაგანად ანადგურებენ ადამიანს; გ) ბუნებრივი სიზმრები – არაფრის მომცემნი, ქაოსურნი. ეშმაკი უძლურია და ღვთის დაშვების გარეშე ზიანის მოტანა არ შეუძლია. მაგრამ ხანდახან ღმერთი უშვებს მის ზემოქმედებას ადამიანებზე, ნაწილობრივ გამოცდისა და განსწავლისათვის ჩვენდა, ნაწილობრივ კი, თავად ეშმაკების უსუსურობის გამოსავლენად”.2

   სიზმრებს მრავალი ადამიანი ხედავს, მაგრამ უმრავლესობა მას არ იმახსოვრებს. ძილის დროს, როგორც წესი, ადამიანის გონება არ აკონტროლებს ცნობიერებას. ამიტომ, შესაძლებელია, ფანტასტიკური სიზმრები დაგვესიზმროს, რომლებსაც ჩვენი ვერ ვმართავთ, ჩვენ მხოლოდ სიზმრის ცქერა შეგვიძლია.

  წმინდა იოანე კრონშტადტელი ეშმაკისაგან მოწოდებულ სიზმრისეულ ჩვენებებსა და წარმოსახვებს ლოცვით განაგდებდა. ჩვენც წმინდანების მსგავსი დამოკიდებულება უნდა ვიქონიოთ სიზმრებთან. (გაგრძელება...)

 

 


1 "О сновидениях" М. 1998. გვ. 12.

2 იქვე. გვ. 14.

 

 დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 Xareba.net - ის რედაქცია 




 


უკან დაბრუნება