მთავარი > ქრისტიანული ოჯახი > დედაკაცი
დედაკაცი4-09-2013, 00:06 |
დანიშნულება ქალისა ქრისტიანობაში ძალიან დიდია. ყოველი ადამიანი პირველ აზრებს, მიდრეკილებებს, პირველ ლოცვას დედისგან სწავლობს, ე. ი. ღირსება, თვისება და ბედნიერება ყოველი ადამიანისა თითქმის ქალზე - დედაზეა დამოკიდებული. დროთა განმავლობაში სახე იცვალა აღზრდამ, მდგომარეობამ და ყოფაქცევამ ქალისა. ადრე უმეტესწილად აღზრდა ქალისა შინაური იყო, შინ ხდებოდა. დედ - მამის ზედამხედველობის ქვეშ. იგი სწავლობდა საღმრთო წერილს, დავითნსა და ჟამნს, საეკლესიო გალობას, შინაურ საქმეებს. ზოგიერთ ქალს ჰგონია, რომ ოჯახის რჩენა მხოლოდ მამაკაცის მოვალეობას წარმოადგენს. ეს შეხედულება უმართებულოა. დიდად საქებელია და მადლიანი ის ქალი, რომელიც თავისი შრომით შეეწევა ქმარს ოჯახისა და შვილების რჩენაში. ბრძენი სოლომონის სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ მხნე ქალი გვირგვინია ქმრისა, ქალი, რომელიც სიზარმაცითა და უსარგებლო სამკაულების სიყვარულით გამოირჩევა, ქმრისთვის ყელზე ჩამოკიდებული ლოდია, რომელიც ახრჩობს მას. ბოროტი დედაკაცის ქმარს პირი მჭმუნვარე აქვს და გული დაწყლულებული, ხოლო კეთილი ქალის ქმარი მხიარულია და დიდხანს ცოცხლობს ქვეყანაზე . ქალის ბუნება მამაკაცისაგან უმთავრესად იმით განსხვავდება, რომ იგი უმეტესად გულითა და გრძნობით ცხოვრობს, ხოლო მამაკაცი - გონებით. ქალი მაშინაა კმაყოფილი და ბედნიერი, როცა ქმრის, ძმის და თუ სხვა მახლობლების მიმართ უხვად იღებს სიყვარულს, ანუ როცა სხვას აბედნიერებს. ღმერთმა მას მამაკაცისაგან განსხვავებული თვისებანი იმიტომ მისცა, რომ მოვალეობაც განსხვავებული აქვს. ძველებური აღზრდა ქალს სწორედ თავისი მოვალეობის, დამნიშნულების აღსრულებისათვის ამზადებდა. პირველ რიგში, გასაოცარი იყო სიყვარული და ერთგულება ქალისა ქმრისადმი იმ შემთხვევაშიც კი, როცა ქმარი უღირსი იყო. დღეს შინიდან გამოსული და განათლებული ქალი ხშირად შეურაცხყოფს მეუღლეს, თუ იგი ქცევითა და ღირსებით მასზე ნაკლებია. მეორე - ასევე გასაოცარი და საკვირველი იყო ძველ წესზე აღზრდილი ქალების თავშეწირული სიყვარული შვილებისადმი. მათი მესამე ღირსება სიმდაბლე და სიმშვიდე იყო. ზოგიერთები იმდენად თავმდაბალნი იყვნენ, რომ თუმცა მთელ სიცოცხლეს მახლობელ და საყვარელ ადამიანებს სწირავდნენ, ამაში ვერაფერს განსაკუთრებულსა და უჩვეულოს ვერ ხედავდნენ. ამას ემატებოდა მათი დაუცხრომელი შრომა და დაუძინებელი ზრუნვა ოჯახისათვის. მსგავსად დაუღალავი ფუტკრისა. ქალს განსაკუთრებით სჭირდება გონიერება და მხნეობა, შეიძლება უფრო მეტადაც კი, ვიდრე მამაკაცს. როგორც ვიცით, ქალი აგებულებით მამაკაცზე ბევრად უფრო სუსტია, ამიტომ ეს სისუსტე, რათა მამაკაცს ძალიან არ ჩამორჩეს, მან გონიერებითა და ხასიათის სიმტკიცით უნდა შეავსოს. მხოლოდ ამგვარ შემთხვევაში არ გახდება ის მამაკაცის ხელში სათამაშო. ქრისტიანობა ქალისგან გონიერებასა და მხნეობას მოითხოვს, იგი ვერ მოითმენს, რომ მამაკაცთან მონური დამოკიდებულება ჰქონდეს, როგორც ეს გაუნათლებელსა და უსჯულო ქვეყნებში ხდება,სადაც ქალი მხოლოდ მამაკაცის პირუტყვულ ვნებათა მსახურად ითვლება. ქრისტიანულ საზოგადოებაში ქალს დიდი პატივი და დანიშნულება აქვს, რადგან ღმერთმა იგი მრავალი განსხვავებული თვისებითა და ნიჭით შეამკო. სამწუხაროდ, გონიერებისა და მხნეობის გამოყენება ბოროტი საქმეებისთვისაც შეიძლება, ქალი კი თავის დანიშნულებას მაშინ შეასრულებს, თუ ამ თვისებებთან ერთად სიმშვიდითა და სიმდაბლითაც იქნება შემკული და თავის ჭკუას და სულიერ სიმტკიცეს ოჯახსა და მახლობლებს მოახმარს.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი უკან დაბრუნება |