მთავარი > საცდურები, მაგია, მისნობა, ჯადოქრობა, მთავარი გვედის ფოტო > ცრურწმენა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ცრურწმენა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


26-05-2023, 08:33

ცრურწმენა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

 

„ეს არარაობაზე აგებული სარწმუნოებაა".  

 

 

   ცრურწმენა საკმაოდ აქტუალურია ყოველ ერში და მეტად სახიფათოა. ცრუმორწმუნე უმნიშვნელო მოვლენასაც დიდ ყურადღებას აქცევს. ცრურწმენა ამახინჯებს სარწმუნოებას, ტყუილს ჭეშმარიტებად აცხადებს. ერთი სიტყვით, ის არარაობაზე აგებული სარწმუნოებაა, ჭეშმარიტ ქრისტიანთათვის აბსოლუტურად შეუფერებელი.

   "მრავალ ქრისტიანს, - ამბობს ბასილი დიდი, - მნიშვნელოვან საქმედ მიაჩნია სხვადასახვა უმნიშვნელო მოვლენის განმარტება. ზოგი ჩიტის მოფრენას აქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას, ზოგს კი ზურგიდან სახელის დაძახება აშინებს. ზოგიერთს ფეხი თუ დაუცდა, ამას უბედურების ნიშნად აღიქვამს. ნათქვამია, ჩიტმა არ იცის საშიშროების შესახებ, რომელიც მას დღის ბოლომდე მოელის. როგორ შეიძლება ის შენთვის წინასწარმეტყველი იყოს? (ლევ. XIX. 26). რა უნდა იყოს იმაზე მეტად ამაზრზენი, როდესაც ადამიანი დილით შეხვდება ხეიბარს ან საკუთარ მოქიშპეს, გინდაც შავ კატას და არ გამოვა სახლიდან, ან არაფერს დაგეგმავს იმ დღისათვის." წმიდა იოანე ოქროპირი თავის ერთ სიტყვაში წერს: "ვინც სახლიდან გამოსვლისას შეხვდება კოჭლს ან მახინჯს და ამას ნიშნად მიიღებს, ის სატანურად ფიქრობს - ადამიანებთან შეხვედრა კი არ მოქმედებს ჩვენს ყოფიერებაზე, არამედ - ცოდვილი ცხოვრება."1

    მრავალი ჩვენგანი წინათგრძნობით არის გატაცებული. ზოგჯერ ადამიანს მართლაც ეძლევა წინასწარ ცოდნის ნიჭი, მაგალითად, საკუთარი თავის აღსასრულის გამოცნობა. მაგრამ, როგორც წესი, ეს დიდი მოღვაწე მამების ცხოვრებაში შეინიშნება.

   ხშირ შემთხვევაში წინათგრძნობა გვატყუებს. ეს ჩვენი ახლობლების მაგალითითაც დასტურდება. ადამის დაცემის შემდეგ, ფართო მასებს აღარ ეძლევათ წინასწარმეტყველების ნიჭი. შესაბამისად - დაუშვებელია წინათგრძნობაზე დაყრდნობა, შენი ან სხვისი მომავლის განჭვრეტა, ამაო შიში თუ ცრუ სიხარული.

   ცრუმორწმუნე ადამიანი ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ სულიერ მდგომარეობას მიხედოს და საღი აზრით იხელმძღვანელოს, წარუმატებლობას რაღაც ნიშნებს აბრალებს. ზოგიერთი ორშაბათობით საქმიანობას სახიფათოდ მიიჩნევს; გარკვეულ კატეგორიას კი რიცხვი ცამეტი აშინებს, ზოგიერთს ჩანგლის დავარდნა სტუმრის მომასწავებელი ჰგონია და ა.შ. ასეთი ტიპის ადამიანებისათვის ორშაბათი მძიმე დღეა. საიდან წარმოიშვა ამგვარი შეხედულება? მარტივი დაკვირვებაც საკმარისია: ვინც კვირადღე გაუთავებელ ჭამა-სმასა თუ ღრეობაში გაატარა, სწორედ მისთვისაა მძიმე დღე ორშაბათი. ამიტომაც ორშაბათის შიშით საქმის გადადება, არა მარტო საღ აზრს მოკლებული ცრურწმენაა, არამედ ღვთის შეურაცხმყოფელიცაა, რამეთუ ყოველი დღე ღვთისაგან კურთხეულია.

   ამრიგად, ვისაც სწამს მძიმე და ბედნიერი დღეების არსებობა, ეშინია მათი, ან წინასწარმეტყველების ნიშნად მიაჩნია, უნდა შეინანოს ღვთის წინაშე. წმიდა იოანე ოქროპირის სიტყვით: "თუ ვინმე განარჩევს "ბედნიერ" და "უბედურ" დღეებს, ის "უბედურ" დღეს მოერიდება კეთილი საქმის გაკეთებას, რამეთუ იფიქრებს, ამაოდ ვირჯები ამ "უბედურ" დღესო."2 (გაგრძელება...)

 

 


1 "Последнее  искушение"   1999წ.  გვ. 89.

2 იქვე. გვ. 90.

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 




უკან დაბრუნება