მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 14 სექტემბერი (ახ. სტ.) - დაწყება საეკლესიო ახალი წლისა

14 სექტემბერი (ახ. სტ.) - დაწყება საეკლესიო ახალი წლისა


14-09-2024, 09:32

14 სექტემბერი (ახ. სტ.) - დაწყება საეკლესიო ახალი წლისა

 

   მართლმადიდებლური ღვთისმსახურებისას, კაცთა ცხონებისათვის განკაცებული ღმერთის, ღვთის ძის მეშვეობით, მორწმუნეთა ცნობიერად ზეცად აღსვლა ხორციელდება. სატაძრო მსახურებაში ჩართული ქრისტიანი, ზეციური ცხოვრების თანაზიარი ხდება. ადამიანის სულის ღვთისმსახურებაში მონაწილეობა აქამდე შეუცნობელი, ახალი ცხოვრების საწინდარია და რამდენადაც ყურადღებით აღიქვამს ყოველივეს, რაც ღვთისმსახურებას უკავშირდება, მით უფრო ეზიარება მიღმიურ სამყაროს. 

   სადღეღამისო, კვირის შვიდეულის დღეთა და წლიური ციკლების დროის საზრისში "განფენილი" ღვთისმსახურება, ერთგვარ გზას სახავს ადამიანის სულის ღმერთთან მიახლებისა. არღვევს რა ფიზიკური დროისა და სივრცის საზღვრებს, მართლმადიდებლური ღვთისმსახურება (ლიტურგიკულ, ევქარისტიულ დროსა და სივრცეში) ადამიანებს ზეცის, ცათა სასუფევლის მცხოვრებლებთან აერთიანებს, მაგრამ ამ გზას, ამ ერთიანობას გაცნობიერება სჭირდება.

   წლიურ საღვთისმსახურო ციკლს რთული შინაგანი აგებულება აქვს და მასში მართლმადიდებლური ღვთისმსახურების მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ ჰპოვა ასახვა. წმიდანთა ხსენება, მარხვები და დღესასწაულები, მაცხოვრისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის უდიდე-სი ათთორმეტი დღესასწაული ურთიერთმონაცვლეობენ, რითაც საეკლესიო ცხოვრების საოცარი დინამიკა ცხადდება.

   წლიურ ციკლში, ჩვენს სულიერ მზერას ღვთაებრივი სიყვარულისა და ადამიანთა ხსნის საღმრთო აღმშენებლობის გზის საიდუმლო წარმოუჩნდება. ამ გზის ძირითადი ეტაპები კი უპირველესად საუფლო და ღვთისმშობლის დღესასწაულთა მსახურებებშია ასახული.

   ადამიანთათვის, რომელთაც მტკიცედ გადაწყვიტეს, შეუდგნენ იესო ქრისტეს მაცხოვნებელ გზას, ყოველი დღესასწაული აღიქმება, როგორც ღვთის მადლის განმაახლებელი მოქმედება, სულიერი ცხოვრების ახალი განცდა, მათი იდუმალი შეერთება ღმერთთან - განღმრთობა. და აი, ადამიანი იძენს უნარს, თავის თავში აღიქვას ის, რაც ობიექტურად განცხადდება ღვთისმსახურებისას.

   ამდენად, საეკლესიო ახალი წელი ძვ. სტილით პირველ სექტემბერს იწყება, რაც პირობითად სამ პერიოდს მოიცავს: პირველი - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობიდან (უფრო ზუსტად, საეკლესიო ახალი წლიდან - ძვ. სტილით პირველი სექტემბრიდან) მაცხოვრის შობამდე, რომელიც ძველი აღთქმის პერიოდს, ანუ დასაბამიდან ძე ღვთისას განკაცებამდე დროის მონაკვეთს შეესაბამება; მეორე - მაცხოვრის შობიდან ამაღლების დღესასწაულის (აღდგომიდან მე-40 დღე) წარგზავნამდე, რომელიც მაცხოვრის ამქვეყნიურ ცხოვრებას ეთანადება და მესამე პერიოდი - სულთმოფენობიდან (აღდგომიდან 50-ე დღე) ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის წარგზავნამდე, ანუ მიწიერი, მებრძოლი ეკლესიის დაარსებიდან ვიდრე მეორედ მოსვლამდე. 

   როგორც ვხედავთ, საეკლესიო წელიწადი, რომელიც (ძვ. სტილით) პირველ სექტემბერს იწყება და 31 აგვისტოს მსახურებით მთავრდება, ქვეყნიერების შექმნიდან მეორედ მოსვლამდე დროის ინტერვალს ეთანადება. 

  საეკლესიო ახალი წლის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გვინდა აღვნიშნოთ ის გარემოება, რომ დღეის მდგომარეობით, არათუ საერთოდ საქართველოში მცხოვრებთათვის, არამედ ეკლესიის მრევლის უმრავლესობისათვისაც კი, სამწუხაროდ, ეს დღე არაფრის მთქმელია. ამას ის გარემოებაც უწყობს ხელს, რომ ხშირად მორწმუნენი და უპირატესად ახალბედები, ნაკლებ ყურადღებას უთმობენ დღესასწაულთა მნიშვნელობას, მათ არსში წვდომას.

   ყველა ქრისტიანს ვულოცავთ საეკლესიო ახალ წელს და ვუსურვებთ სულიერ სიძლიერეს ცათა სასუფევლისაკენ სავალ ვიწრო გზაზე! 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება