მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 11 სექტემბერი (ახ. სტ.) - თავისკვეთა წმიდა იოანე ნათლისმცემლისა

11 სექტემბერი (ახ. სტ.) - თავისკვეთა წმიდა იოანე ნათლისმცემლისა


10-09-2024, 16:00
 

 

   იოანე ნათლისმცემელი უფლის წინამორბედი გახლდათ, რომელმაც მაცხოვარს სამოღვაწეო ასპარეზი განუმზადა, და უდიდესი წინასწარმეტყველი დედამიწაზე შობილთა შორის. ამას თვით იესო ქრისტეს სიტყვები მოწმობს. უფლის ხორციელი ნათესავის მთელი ცხოვრება ღვთისადმი მიძღვნილი ერთი ამოსუნთქვა იყო. იგი იდგა ძველი და ახალი აღთქმის მიჯნაზე. მან დაიწყო, მაგრამ როცა მოვიდა ნათელი სოფლისა, იოანე მზად იყო ამა სოფლიდან განსასვლელად.

   იოანე ნათლისმცემლის სიკვდილი სამუდამოდ დაუკავშირდა ჰეროდე ანტიპას, ჰეროდეადასა და სალომეას სახელებს. სწორედ მათი ხელით აღესრულა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი.

   ჰეროდე ანტიპა იყო ძე ჰეროდესი, დიდად წოდებულისა, რომელმაც ბეთლემში ყრმათა ჟლეტა მოაწყო. მაცხოვარი მასზე მხოლოდ ერთ წინადადებას ამბობს, თუმცა ეს ერთი ფრაზაც ნათელს ჰფენს მის ორგემაგე ბუნებას: "მივედით და არქუთ მელასა მას" (ლუკა 13; 32). ჰეროდე ანტიპამ განსაკუთრებით მას შემდეგ გაითქვა სახელი, რაც დაუოკებელ ვნებათა ღელვას აჰყვა და ცოლად შეირთო თავისი ნახევარძმის არისტობულის ქალიშვილი, ავხორცობით განთქმული ჰეროდეადა, რომელიც ერთ-ერთი გახლდათ მაკაბელთა მცირერიც-ხოვან შთამომავლთაგან - შვილიშვილი ჰეროდე დიდისა და მარიამნა მაკაბელისა, აგრეთვე შვილიშვილი ჰეროდე დიდის დის სალომეასი და შეიხ კოსტობარისა. ასე რომ, ამ ქალის ძარღვებში მრავალი ბოროტი და პატივმოყვარე წინაპრის სისხლი დიოდა.

  ჰეროდეადა გათხოვილი იყო თავის ბიძაზე ჰეროდე ფილიპეზე (ოღონდ ეს ფილიპე მეოთხედმთავარი არ გეგონოთ). ქალი დარწმუნდა, რომ მის პატივმოყვარე ზრახვებს ასრულება არ ეწერა. ჰეროდე დიდმა მისი ქმარი მემკვიდრეობის გარეშე დატოვა (არადა, იქამდე მთელ სამეფოს მას უტოვებდა). თანაც ფილიპე უმეტესწილად რომში ცხოვრობდა უპრეტენზიოდ და მშვიდად, ჰეროდეადა კი დედოფლის გვირგვინზე ოცნებობდა (და ეს არც იყო გასაკვირი - მის ძარღვებში ხომ ლეგენდარული მაკაბელების სისხლი ჩქეფდა). ამიტომ ერთხელ, როცა ჰეროდე ანტიპა ძმას ეწვია, ჰეროდეადამ მასთან დანაშაულებრივი კავშირი გააბა და დაითანხმა, ცოლს გაყროდა და იგი შეერთო.

   ასეთ ქორწინებას რჯული პირდაპირ კრძალავდა და "უწმინდურად" მიიჩნევდა, ამიტომაც ჰეროდე ანტიპას და ჰეროდეადას შეუღლებამ იუდეველები ძლიერ აღაშფოთა, მაგრამ ავხორცმა და პატივმოყვარე ქალმა ყური არავის ათხოვა, თავის ქალიშვილთან ერთად ახალი ქმრის სასახლეში გადაბარგდა, მის ბოროტ გენიად და წყევლად იქცა და საბოლოოდ დაღუპა კიდევაც.

   ანტიპამ თავისი რეზიდენცია მკვდარი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ციხე-დარბაზ მახერუნში გადაიტანა. იქ ტეტრარქი და მისი "რბილ სამოსელში" გამოწყობილი კარისკაცები ახლოს იყვნენ ენონსა და სხვა ადგილებთან, სადაც ქადაგებდა და ნათელს სცემდა წინამორბედი. იოანე ნათლისმცემელი არაერთგზის მიუწვევიათ სასახლეში (ასეთ ინფორმაციას გვაწვდის იოსებ ფლავიუსი "იუდაურ სიძველეებში", თუმცა მართალია თუ არა ეს, ვერავინ იტყვის). ასე იყო თუ ისე, ანტიპა წინამორბედის ქადაგებებით დაინტერესდა და ერთხანს სიამოვნებითაც კი უსმენდა მას. როგორც სახარება მოგვითხრობს, "ისმინოს მისი და მრავალსა პატივსა უყოფდა და ჯეროვნად ისმენდა მისსა" (მარკ. 6:29), სანამ იოანემ იგი ულმობლად არ ამხელდა და არ უთხრა: "არა ჯერ არს შენდა, ვითარმცა ცოლად გესუა ძმისცოლი შენი" (მარკ. 6:17). სავარაუდოდ, სწორედ ჰეროდეადას დაჟინებული მოთხოვნით ჩააგდო ანტიპამ იოანე მახერუნის ჯურღმულში, რომლის ნანგრევები დღესაც შემზარავ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.    

   ანტიპას გრძნობები იოანე ნათლისმცემლის მიმართ, როგორც ჩანს, არცთუ მტკიცე იყო. სამაგიეროდ, ურყევი გახლდათ მისი თანამეცხედრე, რომელმაც წინამორბედის მოკვდინება განიზრახა. ჰეროდე ანტიპა გულის სიღრმეში აცნობიერებდა, რომ იოანე მართალი და წმიდა კაცი იყო. ესეც არ იყოს, ნათლისმცემელს დიდი გავლენა ჰქონდა ხალხზე და, ჩანს, ანტიპას ეშინოდა, მის სიკვდილით დასჯას აჯანყება არ მოჰყოლოდა: "არამედ ეშინოდე ერისა მის, რამეთუ ვითარცა წინასწარმეტყველი, ეპყრა მათ იგი" (მათე 14:5). ამიტომაც ორჭოფობდა - არ იცოდა, რა ექნა და ერთხანს, როგორც შეეძლო, იცავდა წინასწარმეტყველს გააფთრებული ცოლისგან. ცხადია, ერჩივნა კიდევაც, საპყრობილეში ჰყოლოდა გამომწყვდეული - იქიდან წინამორბედი ვერაფერს ავნებდა მას, თანაც მახერუნიც აუღებელ ციხესიმაგრედ მიაჩნდა.

  მაგრამ ჰეროდეადას სულ სხვა რამ ჰქონდა განზრახული. თავისი მზაკვრული ჩანაფიქრი მან ერთ-ერთ იმ თავაშვებულ ნადიმზე აღასრულა, რომლითაც ასე იყო განთქმული ჰეროდეების გვარი.

   ჰეროდე ანტიპა ტახტზე ასვლისა თუ დაბადების დღეს ზეიმობდა. ეს დღესასწაული, ლოგიკის თანახმად, დედაქალაქ ტიბერიადაში უფრო უნდა გამართულიყო, ვიდრე მახერუნში; მახარებლები ამაზე არაფერს ამბობენ, მაგრამ იოსებ ფლავიუსის მიხედვით, იოანე ნათლისმცემელს სწორედ მახერუნში მოჰკვეთეს თავი. თუ როგორ მოხდა ეს, ყველამ იცის - სალომეა დედას გაფრთხილებული ჰყავდა, ცეკვის სანაცვლოდ ჰეროდესგან იოანე ნათლისმცემლის თავი მოეთხოვა. ჰრქუა ჰეროდე მეფემან ქალსა მას: "მთხოვე, რაჲცა გნებავს, და მიგცე შენ. და ეფუცა მას, ვითარმედ: რაჲცა ითხოო, მიგცე შენ, ვიდრე ზოგადმდე მეფობისა ჩემისა. ხოლო იგი გამოვიდა და ჰკითხა დედასა თჳსსა, ვითარმედ: რაჲ ვითხოო? ხოლო მან ჰრქუა მას: თავი იოვანე ნათლისმცემელისაჲ. და შევიდა ქალი იგი მსრწაფლ მეფისა და ჰრქუა: მნებავს, რაჲთა აწვე მომცე მე ლაკნითა თავი იოვანე ნათლისმცემელისაჲ." ჰეროდეს მართალია ეშინოდა, რომ წინასწარმეტყველის მოკვლისთვის ღვთისგან ძალიან დაისჯებოდა, მაგრამ არ ისურვა დაერღვია სტუმრების წინაშე დაუფიქრებლად დადებული ფიცი და ბრძანა, ნათლისმცემლის მოკვეთილი თავი სალომეასთვის მიერთმიათ. მართლაც, უფლის წინამორბედის მოკვეთილი თავი სალომეას მიართვეს. "მეყსეულად წარავლინა მეჴრმლე მისი და უბრძანა მოღებად თავი მისი. ხოლო იგი წარვიდა და მოჰკუეთა თავი საპყრობილესა შინა და მოიღო თავი მისი ფეშხუენითა და მისცა ქალსა მას, და ქალმან მან მიართუა დედასა თჳსსა." ამრიგად, ღრეობა, სადაც სალომეას ცეკვის სანაცვლოდ ნებისმიერი სურვილის ასრულება აღუთქვეს, საპყრობილეში ჯალათის წარგზავნითა და იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთით დასრულდა.

   ამ დღიდან ჰეროდე ანტიპას ცხოვრებიდან სამუდამოდ გაქრა სიხარული. გვირგვინოსანს შიში და სინდისის ქენჯნა მოსვენებას არ აძლევდა. სწორედ ამიტომ იყო, რომ როდესაც მან იესო ქრისტეს მოღვაწეობის შესახებ შეიტყო, თქვა: ეს არისო იოანე ნათლისმცემელი, რომელსაც მე თავი მოვკვეთე; "იგი აღდგომილ არს მკვდრეთით და მისთვის იქმნებიან ძალნი ესე მის თანა" (მათე 14:2).

   წმიდა იოანე ნათლისმცემლის ლოცვა შეეწიოს სრულიად საქართველოს! 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება