მთავარი > კითხვა-პასუხი > კითხვა - პასუხი
კითხვა - პასუხი26-08-2013, 00:06 |
გიორგის შეკითხვა:დამლოცეთ მამაო... მაინტერესებს: ადამიანი როდესაც გრძნობს საკუთარ ცოდვათა სიმძიმეს და სურს გამოსწორების გზას დაადგეს, მაგრამ უჭირს სრულყოფილი სინანული, თუმცა ძალიან უნდა ამას მიაღწიოს, და ასეთ შემთხვევაში გაჭირვებულ ადამიანებს რომ დაეხმაროს იმის სანაცვლოდ, რათა თავისი ცოდვები ნაწილობრივ მაინც წარეცხოს უფლის წინაშე, აი, ეს მიდგომა სწორია თუ არა?
პასუხი: სინანულის პირველი გამოვლინება ცოდვის სიძულვილია, სურვილი და განცდა იმისა, რომ არასოდეს გაიმეორებ ჩადენილ ცოდვას. ამ დროს მონანული გულმხურვალე ლოცვას უნდა მიეცეს იმ განცდით, რომ ყველაზე ცუდი ადამიანია დედამიწის ზურგზე. სინანულის განცდას უნდა მოჰყვეს გულწრფელი აღსარება, ცოდვის შელამაზების გარეშე. შემდეგ მონანულმა უნდა აიღოს ეპიტიმია მოძღვრისაგან და მთელი ყურადღებით შეასრულოს ის. წმ. მამები ამბობენ, თუ ცოდვა კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ არის ჩადენილი, მას შენდობა უნდა სთხოვოს. ზიანის მიყენების შემთხვევაში, აუნაზღაუროს დანაკლისი. ასევე კარგია მოწყალების გაღება, რათა სინანულმა კეთილი ნაყოფი გამოიღოს.
* * * გიორგის შეკითხვა: დამლოცეთ მოძღვარო... როგორც ვიცით, ადამიანის გარდაცვალების შემდეგ მისი სული საზვერეებს გადის. მაინტერესებს ვთქვათ ერთ - ერთი საზვერე ვერ გაიარა ადამიანის სულმა, ამ შემთხვევაში დანარჩენ საზვერეებს მაინც გაატარებენ ანგელოზები თუ იმწამსვე ჯოჯოხეთში აგდებენ განკითხვის დღემდე? ვთქვათ, მეხუთე საზვერე ვერ გაიარა ადამიანმა, დანარჩენ თხუთმეტ საზვერეს მაინც გაივლის? პასუხი: ყველა ადამიანი უნდა ემზადებოდეს თავისი აღსასრულისთვის. საზვერეები ყველაზე შემაძრწუნებელი მოვლენაა, რაც კი შეიძლება ადამიანს ელოდოს იმ ცხოვრებაში. წმ. თეოდორას საზვერეების გავლის შესახებ მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება გახლავთ. იქ ვკითხულობთ, რომ მისი სული დაბრკოლდა რამოდენიმე საზვერეზე, თუმცა მოძღვრის ლოცვით განვლო ისინი. გირჩევთ გაეცნოთ ამ წიგნს. მოიკითხეთ საეკლესიო მაღაზიებში ან ინტერნეტში რელიგიურ საიტებზე.
* * * გიორგის შეკითხვა: დამლოცეთ მამაო... მაინტერესებს ასეთი რამ: როგორც ვიცით, ადამიანის გარდაცვალების შემდეგ მეორმოცე დღე არის მისი სულის განკითხვის დღე, რის შემდეგადაც მისი სული ან ჯოჯოხეთში წავა, ან სამოთხეში ცხონდება. არის თუ არა რაიმე შანსი იმისა, რომ მეორედ მოსვლის შემდეგ რომელიმე ადამიანის სული შეიწყალოს უფალმა (თუნდაც ამ ადამიანის დედის ან მისი ახლობლების ლოცვის გამო) და ეს ადამიანი მეორედ მოსვლის შემდეგ უკვე აყვანილ იქნეს ზეცაში უფალთან? ანუ მეორმოცე დღე საბოლოო სამსჯავროა, თუ მეორედ მოსვლამდე მაინც აქვს გარდაცვლილ ადამიანთა გარკვეულ კატეგორიას ცხონების შანსი? პასუხი: მეორმოცე დღეს ადამიანის სულის განაჩენის დღეა. მაგრამ ვიდრე მაცხოვრის მეორედ მოსვლის დღე დადგება, ჩვენ არ შეგვიძლია ადამიანის საბოლოო ხვედრზე ვისაუბროთ (თუ აშკარა ღვთისმგმობელთან, მკრეხელთან, ერეტიკოსთან ან თვითმკვლელთან გვაქვს საქმე). ჩვენ არ ვიცით როგორი იქნება მისი სინანული სიკვდილის ჯამს. გარდა ამისა, მიცვალებულებისთვის ხშირად ლოცულობენ მოძღვრები, ოჯახის წევრები და ა. შ. შესაბამისად, დასკვნების გაკეთება ნაადრევია. მეორმოცე დღე საბოლოო სამსჯავრო არ არის, მაგრამ ადამიანმა, ამქვეყნიური ცხოვრების დროს, თავისი არჩევანი გააკეთა: იყოს უფალთან თუ ეშმაკთან. სასუფეველიც და ჯოჯოხეთიც იწყება აქ დედამიწაზე და დასრულდება მარადიულობაში. წმ. მამები ამბობენ, რომ ერთის ან მეორეს თვისობრივი მსგავსების მიხედვით განსჯის უფალი. თუმცა, არა ადამიანური სიმართლის, არამედ ღმერთის კაცთმოყვარების იმედი უნდა გვქონდეს.
ღმერთმა დაგლოცოს!
უკან დაბრუნება |