მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > ჯვარი - წმ. მამათა საგანძურიდან
ჯვარი - წმ. მამათა საგანძურიდან27-09-2023, 12:10 |
ადამიანური ჯვრები უბრალოდ პატარა ჯვრებია, რომლებიც ჩვენი სულების ხსნაში შეგვეწევიან. ქრისტეს ჯვარი კი მეტად მძიმე იყო, რადგან ის თავისთვის თავისი ღვთაებრივი ძალით არ სარგებლობდა.
ბერი პაისი
* * * აუცილებელია ყოველ ნივთს, გვაწვდიან თუ ჩვენით ვიღებთ, ჯერ ჯვარი გადავსახოთ, შემდეგ კი ავიღოთ. განსაკუთრებით საჭმელ - სასმელს, რადგან ჯადოს მოქმედების უმეტესი მავნებლობაც ამ გზით ვრცელდება. ჯვარი ყოველივე ბოროტების დამწველია. რადიაციაც კი ძალას კარგავს საკვებზე ჯვრის გადასახვის შემდეგ. მოწამლულიც რომ მოგაწოდოს ვინმემ მისგანაც დაგიფარავს, მაგრამ თუ შენ წინასწარ იცი რომ მოწამლულია, აუცილებელია ისეთისგან თავი შეიკავო, რომ უფლის გამოცდაში არ ჩაგეთვალოს და არ დაიღუპო.
მამა გაბრიელი
* * * ვაღიარებ ჯვარს, რამეთუ ვუწყი მკვდრეთით აღდგომა.
წმიდა კირილე იერუსალიმელი
* * * თითოეულმა მოთმინებით უნდა აიღოს თავისი ჯვარი, ე. ი. ყოველივე, რაც კი სიცოცხლეში შეემთხვევა - შრომა, ჭირი, უბედურება - მოთმინებით უნდა იტვირთოს და ქრისტეს გზასა და კვალს ისე შეუდგეს.
* * * ოდეს შეხედავ ჯვარს ან ემთხვევი, ან გამოისახავ, მაშინვე გოლგოთას მთა და ჯვარზე გაკრული მაცხოვარი წარმოიდგინე და გაიაზრე, რომ ეს შენი განათლებისა, გამოხსნისა და ცხოვნებისათვის მოხდა. ამიტომ ეცადე, რომ შენც გერგოს ეს მადლი და გეშინოდეს, რომ ცუდი ცხოვრებით ჯვარცმა ქრისტესი არ გააუქმო.
* * * ქრისტეს მოყვარე ვერცერთი კაცი ცხოვრებას ჯვრის აღებისა და ზიდვის გარეშე ვერ გაატარებს.
* * * ჯვარი ის სასწავლებელია, სადაც მასწავლებელი უსიტყვოდ გვასწავლის იმ ძელის მიერ, რომელზედაც თვითონაა დამოკიდებული (ნეტ. ავგუსტინე), მაგრამ ამასთანავე იგივე ჯვარი ჩვენი სამსჯავროცაა.
* * * ჯვარი ქრისტესი ის შუაგულია, რომელზეც ჩვენი წმიდა სარწმუნოების ყველა სწავლება და ჭეშმარიტება იკრიბება და ერთდება. ჩვენი დაცემა და აღდგომა, ცოდვა და მადლი, მართლმსაჯულება და მოწყალება - ეს ყოველივე ჯვარზე იკითხება.
* * * ცოდვა და ვნება კაცის გულში ჯვრის ზიდვით მოისპობა. ამქვეყნად შრომა და მოთმინება იმათაც სჭირდებათ, რომელნიც ღმერთს ივიწყებენ და ამაო საზრუნავებით არიან გართულნი. ჭირსა და განსაცდელს ისინიც ითმენენ. ამიტომ, განა უმჯობესი არ იქნება ჭირი და განსაცდელი ღმერთის გულისათვის დავითმინოთ, ვიდრე ამ უმადური და წარმავალი სოფლისათვის; თავის ჯვარს მხრებზე ეს სოფელი გადებს, რომელმაც შეიძლება ერთი წამით სიამონვებაც კი მოგანიჭოს, მაგრამ საბოლოოდ აუცილებლად შეგაწუხებს, მაშინ, როცა ქრისტეს ჯვრის ზიდვა საბოლოოდ დიდ ნეტარებასა და მარადიულ ცხოვრებას მოგიპოვებს.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი
* * * იქნებ რომელიმე თქვენგანს ჯვრის ტარებისაც ეშინია? ეუხერხულება ჯვრით მოვიდეს ექიმთან ან აბანოში? შესთხოვეთ მოწყალე უფალს პატიება იმისთვის, რომ არ გყოფნით გამბედაობა მისი სახელის აშკარად აღსარებისა. ნურასოდეს მოიხსნით ჯვარს, მუდამ ატარეთ იგი, რომელიც მღვდელმა ნათლობის საიდუმლოებისას ჩამოგკიდათ. ჯვრით დაცულები წინ აღვუდგებით მტერს და არ გვეშინია მისი მზაკვრობისა.
არქმინადრიტი იოანე კრესტიანკინი
* * * რა ბეჭედი აქვს ქრისტეს? ნათლობისას მღვდელმსახური ქრისტიანს შუბლზე ჯვრის სახით აცხებს მირონს და ამბობს: - „ბეჭედი მონიჭებულ არს სულისაგან წმიდისა". შემდეგ, ყოველ ჯერზე, როცა ქრისტიანი პირჯვარს გადაიწერს, თაყვანს სცემს უფლის ვნებებს და მოუხმობს ჯვრის ძალას, რომელიც არის ჩვენი ქრისტეს ჯვარზე სიკვდილის ძალა. – „ჯვარო ქრისტესო, გვაცხოვნე ჩვენ ძალითა შენითა". - ამ სიტყვებით მოვუწოდებთ უფლის მიერ ჯვარზე შეწირული მსხვერპლის ძალას, ამიტომ ჯვარს უდიდესი ძალა აქვს.
მამა პაისი მთაწმინდელი
* * * სულიერი ჯვრის გამოსახვა თავისი ცხოვრების წესით - ადამიანის ცხოვრების უმთავრესი მიზანია.
საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი ილია II
* * * ჯვრის გარეშე ვერავინ მოვა სამოთხეში. ოღონდ ჩვენ ჩვენი ჯვარი მაღლა უნდა გვეჭიროს, ძირს კი არ უნდა ვათრიოთ. ხოლო იმისათვის, რომ ჯვარი მაღლა გვეჭიროს, აუცილებელია სულიერ მიზანს ვხედავდეთ.
ბერი იოილი
* * * ჯვრით მსვლელობისას უფალს შევთხოვთ: უფალო შეგვიწყალე! უფალო შეგვიწყალე! უფალო შეგვიწყალე! ყველა ნიშანთა შორის, რომელთაც ჩვენ ვატარებთ, ჯვარი პირველ ადგილზე დგას. რამეთუ მას ჯერ კიდევ ქრისტეს გოლგოთაზე ყოფნისას მიეცა ძალა, რათა განედევნა უწმინდური. გამოეჯანმრთელებინა, განეწმინდა და გაენათლებინა ადამიანები და ცხოველები, საცხოვრებლები და სახლები.
წმ. მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
უკან დაბრუნება |