მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > ჭეშმარიტების შეცნობა

ჭეშმარიტების შეცნობა


22-11-2013, 00:08
ჭეშმარიტების შეცნობა   ჭეშმარიტების შეცნობა სხვა არაფერია, თუ არა საღმრთო მადლის ჯეროვანი მიღება... ქრისტიანისათვის შეუძლებელია ღვთის წყალობის მოპოვება, თუკი არ შეიცნობს ამ მადლს... სხვა რამ სახითა და საშუალებით ვერავინ იხსნის თავს და ვერ ცხოვნდება: ცხოვნებისათვის ყოვლად აუცილებელია საღმრთო მადლის შეძენა, რომელმაც საბოლოოდ უნდა განაღმრთოვოს ადამიანი, ანუ ღმერთად აქციოს მადლის მიერ.

 

წმიდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი

 

 

* * *

   განუსჯელად გამოყენებული ჭეშმარიტება შესაძლოა, ბოროტმოქმედების მიზეზად იქცეს. ზოგიერთი ჭეშმარიტების სახელით ბოროტებას აღასრულებს.

 

მამა პაისი მთაწმინდელი

 

 

* * *

   ეძიებდე ჭეშმარიტებას - ნიშნავს, ეძიებდე სიყვარულს.

   ეძიებდე ჭეშმარიტებას, რათა იგი იარაღად აქციო - ნიშნავს, ეძიებდე ჭეშმარიტებას მრუშობისათვის; და ვინც მას ამ მიზნით ეძიებს, ჭეშმარიტება მას უგდებს ძვალს, თვითონ კი მისგან ცხრა მთას იქით გარბის; ცხრა მთას იქით, საყვარელნო!

 

* * *

   თუ ჭეშმარიტებას სიყვარულითა და სიყვარულისათვის ეძიებ, იგი თავის ნათელ სახეს გაგიხსნის იმდენად, რამდენადაც შენ მის დატევას შეძლებ ისე, რომ არ დაგწვას. ამასთან ერთად, იგი მოგიტანს ყველაფერს, მაგრამ მიხვდები, რომ მის ბრწყინვალე და უტკბილეს სახეზე მეტი არაფერი გჭირდება.

   როდესაც ცხოვრების შფოთსა და ფუსფუსში მხედველობიდან გამოგრჩება ჭეშმარიტების ნამდვილი სახე, მარტოობასა და ნაღველს შეიგრძნობ თვით ყველაზე ახლობელი ადამიანების - მეგობრებისა და ნათესავების გვერდითაც კი, იქნები ისე, როგორც ბავშვი ძმებსა და დებს შორის, მაგრამ უდედოდ: რამდენი ნათესავიც არ უნდა ეხვიოს გარს, ბავშვისათვის დედაზე ახლობელი არავინაა. ასევე შეიგრძნობ შენც, რომ ჭეშმარიტება ყველაზე ახლობელი და ძვირფასი გახდა იმათ შორის, ვისთანაც შენ ყოველდღიურად ტრაპეზს შეექცევი.

 

წმიდა ნიკოლოზ სერბი

 

 

* * *

   ვინც არ იცის ჭეშმარიტება, ვერც ჭეშმარიტად ირწმუნებს, რადგანაც, ბუნების კანონის თანახმად, ცოდნა წინუძღვის რწმენას.

 

წმიდა მარკოზ განშორებული

 

 

* * *

   ვისაც არ უყვარს ჭეშმარიტება, მას ჯერ კიდევ არ შეუცნია იგი.

 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

 

* * *

   კარგი გონებისათვის სხვათა განსჯისას ბუნებრივია ჭეშმარიტების და არა - სიტყვის სიყვარული.

 

ნეტარი ავგუსტინე

 

 

* * *

   საქართველომ ყველგან უნდა იქადაგოს ჭეშმარიტება, მაგრამ ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, ჯერ ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რა არის ჭეშმარიტება, სად არის სიკეთე და სად - ბოროტება.

 

საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი ილია II

 

 

* * *

   ჭეშმარიტება მოკლედ, ლამის სიტყვაძუნწადაა მოცემული საღმრთო წერილში. შენც ნუ შეუდგები ვრცელ, სიტყვამრავალ კვლევა - ძიებას!

 

წმიდა ეფრემ ასური

 

* * *

   ჭეშმარიტების მაუწყებელი თავის სიწრფელეს აცხადებს, ცრუმოწმე კი - თავის სიყალბეს.

 

იგავნი სოლომონისა, თ. 11-13

 

 

* * *

   ხშირად, ჭეშმარიტების სიყვარულის გზაზე საკუთარი თავის სიყვარული წინააღმდეგობად იქცევა; და მაშინ ხდება ის, რაზეც პავლე მოციქული გვაფრთხილებდა: ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტების სიყვარულს არ მიიღებენ და მისი სახელით თავმოყვარეობას არ უარყოფენ, იმით იქნებიან დასჯილნი, რომ „...მოუვლინოს მათ ღმერთმან შემწე საცთურებისაი რაითა ჰრწმენეს მათ ტყუვილისაი... ყოვლითავე ძალითა და ნიშებითა და სასწაულებითა ტყუილისაითა. რაითა ისაჯნენ ყოველნი, რომელთა არა ჰრწმენა ჭეშმარიტებისაი მის, არამედ სათნო ეყვნეს სიცრუვესა შინა" (მათე. 2, 11-12).

 

* * *

   სამწუხაროდ, ადამიანის ფსიქოლოგია ისეთია, რომ ის როდესაც ისეთ პიროვნულ ღირსებას იძენს, რომელიც სხვების მიერ დადებითად არის აღიარებული (სიმდიდრე, გამოჩენილობა, ავტორიტეტი მეცნიერებაში, პოპულარობა ხელოვნებაში და ა. შ.) და ბრბოსგან გამოარჩევს, მასში ავტომატურად იბადება ამპარტავნება და პატივმოყვარეობა. ჭეშმარიტების შეცნობის გზაზე ეს მისთვის დაბრკოლებად იქცევა, რადგან მისი ცოდვებიდან გამომდინარე, ადამიანისთვის გაუცნობიერებლად არა თავად ჭეშმარიტებაა მნიშვნელოვანი, არამედ ის ნაყოფი, რაც ჭეშმარიტების ფლობით სურს რომ მიიღოს - პრესტიჟი, საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნება, მატერიალური გამორჩენა, დიდება და ა. შ. ასეთი ნაყოფის მიღების სემდეგ თავმოყვარე „მე" ტკბება, საკუთარ თავზე უზომოდ გაბერილი, მცდარი წარმოდგენა ექმნება, როგორც რჩეულზე ან მესიაზე.

 

მღვდელი ვლადიმერ ელისეევი

 

 

* * *


   სხვაგან არ უნდა ვეძიოთ ჭეშმარიტება... რომელსაც ადვილად მივიღებთ ეკლესიისაგან, რადგან მოციქულებმა როგორც საუნჯეში, ისე შეინახეს ეკლესიაში ყველაფერი, რაც ჭეშმარიტებას შეეხება ისე, რომ ყოველი მსურველი იღებს მისგან მაცხოვნებელ სასმელს. სწორედ იგია კარი ცხოვრებისა, ხოლო ყველა სხვა მასწავლებელი მპარავი და ავაზაკია. ამიტომაც უნდა განვერიდოთ მათ: უდიდესი მისწრაფებით ავირჩიოთ ის, რაც ეკლესიას ეკუთვნის და მივიღოთ ჭეშმარიტი მოძღვრება.

 

წმიდა ირინეოს ლიონელი


უკან დაბრუნება